ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან

110
spot_img

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საჭიროა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ. ამის შესახებ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მინისტრმა ლუქსმბურგში მიმდინარე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

მინისტრები საზღვარზე კონტროლის გამკაცრებაზე და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე მსჯელობენ ბელგიასა და საფრანგეთშიმოხმდარი თავდასხმების შემდეგ.

„მე დავაყენებ იმ პირების დაბრუნების დაჩქარების საკითხს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში დარჩენის უფლება. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ ამ მიმართულებით. უკვე წელს ვნახეთ დაბრუნებული პირების რაოდენობის 25%-ით ზრდა. ასე რომ, ჩვენ ახლა უფრო მეტ ადამიანს ვაბრუნებთ უკან, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პირები, რომლებიც შესაძლოა, წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი კავშირისთვის, დაუყოვნებლივ იძულებით უნდა გააბრუნონ“, – განაცხადა საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანენსონმა მინისტერიალზე მისვლისას.

განცხადებები გააკეთეს ასევე საფრანგთისა და ბელგიის მინისტრებმა, რომელთა ქვეყნებში თავდასხმები განხორციელდა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, განსაკუთრებით ჩვენი საზღვრების კონტროლითს კუთხით. მიგრაციის პაქტი ამისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების იდენტიფიცირებას, უსაფრთხოების მიზნით გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობას, რათა მოხდეს პოტენციურად საშიში პირების გამიჯნვა. აღვნიშნავ, რომ ბელგიაში, ასევე საფრანგეთში ეს თავდასხმები ჩაიდინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ასე რომ ჩვენ პრაქტიაკში უნდა განვახორციელოთ მიგრაციის პაქტი საზღვრების კონტროლისთვის, ადამიანების აღრიცხვისთვის და თავშესაფრის მთხოვნის განაცხადის მიღებამდე უსაფრთხოების მიზნით დაკითხვისთვის“, -აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.

„ჩვენ ვერ გავარძელებთ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. სამწუხაროდ, ადამიანები დაიღუპნენ ქუჩაში ბრიუსელში, ისინი იყვნენ ადამიანები,რომლებიც ბელგიაში ბედნიერი საღამოს გასატარებლად და ფეხბურთის მატჩის საყურებლად ჩამოვიდნენ. ჩემი პასუხისმგებლობაა, ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების დაცვის ბალანსით, რათა თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი სახის ინციდენტები“, – ამბობს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრი ანელის ვერლინდენი.

შვედეთის შს მინისტრი ასევე საჭიროდ მიიჩნევს იმ პირთა ევროკავშირიდან გაბრუნებას, ვინც უსაფრთხოების პოტენციურ რისკს წარმოადგენს.

„მჯერა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ვალდებულებაა, უკან გააბრუნონ ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს. ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ეს ეფექტინიად გაკეთდეს“, – განაცხადა შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გუნარ შტრომერმა.