Home Blog Page 1156

“მარიუპოლის აღდგენაში აქტიურად მონაწილეობს გერმანული კომპანია Knauf-ი და მისი მთავარი აქციონერი, რუსი ბიზნესმენი ბუდარინია, თუმცა არც ის და არც კომპანია არ დასანქცირებულა”

„რუსული მარიუპოლის“ (უკრაინა) აღდგენაში აქტიურად მონაწილეობს, როგორც მინიმუმ, ორი გერმანული კომპანია: Knauf და WKB Systems – აღნიშნული კომპანიის მთავარი აქციონერი, რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუდარინია. დგინდება, რომ WKB Systems GmbH წლების განმავლობაში, ბეტონის ბლოკებს აწარმოებს და აწვდის მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, არც WKB Systems GmbH-ს და არც ბუდარინის მიმართ სანქციები არ იქნა გამოყენებული“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი საკუთარ ფეისბუკზე წერს.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ გერმანული ტელეარხ ARD-ის ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ რუსეთში მოქმედ გერმანულ კომპანია Knauf-ს, რუსეთის ბაზარზე მილიარდობით ბრუნვა გააჩნია.

მისი განმარტებით, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, როდერიჰ კიზევეტერმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გერმანული კომპანიის ბიზნესსაქმიანობა მკაცრად დაგმო და ამას საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა უწოდა.

„რუსული კანონი” არა? – „რუსული მარიუპოლის” (უკრაინა) აღდგენაში აქტიურად მონაწილეობს, როგორც მინიმუმ, ორი გერმანული კომპანია: Knauf და WKB Systems – ამაზე იუწყება გერმანული ტელეარხ ARD-ს ჟურნალსუტური გამოძიება. 3 აპრილს, ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეგადაცემა Monitor-მა გამოააშკარავა ცემენტის წარმოების გერმანული ფირმა Knauf-ის სანქტ-პეტერბურგის ქარხნის პროდუქცია მარიუპოლის სამშენებლო ობიექტებზე. გადაცემა დეტალურად შეეხო რუსეთში დღემდე მოღვაწე გერმანულ კომპანია Knauf-ს, რომელშიც დასაქმებულია 4 ათასი თანამშრომელი და რუსეთის ბაზარზე მილიარდობით ბრუნვა გააჩნია. გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვას, კომპანიის მესვეურებმა უპასუხეს, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ გმობენ და ითვალისწინებენ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ ყველა სანქციას. მათი განმარტებით, Knauf-ის პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ რუსეთის შიდა ბაზრისთვის. შეკითხვაზე: წარმოადგენს თუ არა მარიუპოლი რუსეთის ტერიტორიას, კომპანიის პრესსამსახურმა პასუხი ვერ გასცა.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, როდერიჰ კიზევეტერმა (Roderich Kiesewetter) მკაცრად დაგმო გერმანული ბიზნესის საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. გარდა ამისა, ARD-ს მიერ მოპოვებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს გერმანული კომპანია WKB Systems-ის წარმოების ბეტონის ბლოკები მწვანე შეფუთვაში და შესაბამისი წარწერით: „ვესტფალია, ჩრდილოეთ რეინი, მიუნსტერლანდის რეგიონი.“ აღნიშნული კომპანიის მთავარი აქციონერი, რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუდარინია. ARD-ს ხელთ არსებული საბაჟო დოკუმენტაციით დგინდება, რომ WKB Systems GmbH წლების განმავლობაში, ბეტონის ბლოკებს აწარმოებს და მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე აწვდის. მიუხედავად ამისა, არც WKB Systems GmbH-ს და არც ბუდარინის მიმართ სანქციები არ იქნა გამოყენებული“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“დღეს მსოფლიოს უფრო მეტად სჭირდება ნატო, ვიდრე ოდესმე” – ლოიდ ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის უგუნურმა და უკანონო შეჭრამ უკრაინაში ევროპაში ომი გააჩაღა, სწორედ ამიტომ დღეს, მსოფლიოს უფრო მეტად სჭირდება ნატო, ვიდრე ოდესმე. აღნიშნულის შესახებ ოსტინის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ნატოს დაარსებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„21-ე საუკუნეში ნატო რჩება ჩვენი საერთო უსაფრთხოების საყრდენად და ამ დიდი თავდაცვის ალიანსისადმი ერთგულება რჩება ამერიკის შეერთებული შტატების წმინდა მოვალეობად“, – ნათქვამია ოსტინის განცხადებაში.
მისი თქმით, დღეს 32-წევრიანი ალიანსი უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე.

„პუტინის უგუნურმა ქმედებამ და უკანონო შეჭრამ უკრაინაში დააბრუნა ომი ევროპაში. დღეს მსოფლიოს უფრო მეტად სჭირდება ნატო, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ოსტინმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, განიხილონ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე, როგორც თავდასხმა ყველაზე.

„ჩვენი ვალდებულება მეხუთე მუხლის მიმართ ურყევი რჩება“, – დასძინა ლოიდ ოსტინმა.

“საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ” – გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ავრცელებს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი „სერიოზული საფრთხეა“ გამოხატვის თავისუფლებისთვის.

“საქართველო: ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

“გვახსოვს, რომ იყო სახალხო დამცველი, თუმცა რეალურად იყო ნიკა გვარამიას ასისტენტი” – ანრი ოხანაშვილი ლომჯარიაზე

ეს ადამიანი შევა ისტორიაში, როგორც არა როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი რიგითი აქტივისტი, – ამის შესახებ ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„ეს ადამიანი გვახსოვს, რომ იყო სახალხო დამცველი, თუმცა რეალურად იყო ნიკა გვარამიას ასისტენტი. ჩაისვამდა გვარამია და დირექტივებს აძლევდა, თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინა.

გვახსოვს მისი ე.წ. დასკვნა, „ობიექტური დასკვნა“, რომ სააკაშვილი, თურმე წამების მსხვერპლი იყო. ეს ადამიანი შევა ისტორიაში, როგორც არა როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი რიგითი აქტივისტი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ნინო ლომჯარიას შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, „ღია საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობოების შეკრებისას, იქ მყოფი ლომჯარია მაშველ რგოლს ითხოვდა და ამბობდა – „თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება”.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

“ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უკრაინას ნატოს წევრობისკენ ხიდის აშენებაში” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა საბოლოოდ შეუერთდება ნატოს, რადგან ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კვლავ მყარია.

„უკრაინა გახდება ნატოს წევრი. [ვაშინგტონის] სამიტზე ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უკრაინას ამ წევრობისკენ ხიდის აშენებაში“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

“ქართველი ხალხის ფულს არ ხარჯავენ, ისე მავნებლობენ და ფულს სხვისას ხარჯავენ ამ მავნებლობაში” – ხვიჩია „ენჯეო“ სექტორის რეიტინგზე

ჩემი აზრით, მთავარია მათი არაადეკვატურობა, ზოგადად აქედან გამომდინარეობს ყველა მათი პრობლემა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ენჯეო“ სექტორის რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ენჯეოებს არსებული რეიტინგიც იმიტომ აქვთ, რომ ქართველი ხალხის ფულს არ ხარჯავენ და მარტო ისე მავნებლობენ ქართველ ხალხთან.

„ხალხი ბეწვზეა გადარჩენილი, რომ ქართველი გადამხდელის ფულით არ ფინანსდება და სხვები აფინანსებენ, თორემ ისე ხალხს რატომ უნდა უყვარდეს? ის რეიტინგიც იმიტომ აქვს, რომ ქართველი ხალხის ფულს არ ხარჯავენ მაინც, მარტო ისე მავნებლობენ ქართველ ხალხთან, ფულს სხვისას ხარჯავენ ამ მავნებლობაში, თორემ ისე რეიტინგი კი არა, ჩემი აზრით, სიარული გაუჭირდებოდათ. ჩემი აზრით, მთავარი მათი არაადეკვატურობა, ზოგადად აქედან გამომდინარეობს ყველა მათი პრობლემა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ რეიტინგის დრამატული ვარდნის შესახებ იუწყება. ერთ წელში 50 პუნქტით გაუარესებული მონაცემები ასახავს არასამთავრობოთა მიმართ ხალხის ნდობას და იმას, თუ რამდენად პასუხობს საზოგადოების ინტერესებს სამოქალაქო საზოგადოება.

სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს 8 აპრილს პარლამენტთან პროტესტისკენ მოუწოდებენ

x

აქტივისტები მოქალაქეებს 8 აპრილს პარლამენტთან პროტესტისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის წინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზაციებმა – “ტალღა” და “ჯიუტი” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს.

დღევანდელ შეკრებაზე ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდეს, ორშაბათს პარლამენტის შენობისკენ ბანერებით მივიდნენ, რადგან მათი ინფორმაციით, შესაძლოა, პარლამენტმა სწორედ 8 აპრილს, განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.

“ორშაბათს შესაძლებელია ამ კანონპროექტის განხილვა იყოს, ამიტომ მაქსიმალური ხმაურით და ბანერით მივიდეთ. კამპანია უნდა ვაწარმოოთ და მინდა, რომ ყველანი იყოთ მზად დიდი, გრძელი კამპანიისთვის, რომელიც იქნება კარგად ორგანიზებული”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.

სამოქალაქო მოძრაობის “ჯიუტი” ერთ-ერთი წევრის, ლაშა ჯანჯღავას განცხადებით, მათი პროტესტი იქნება თანმიმდევრული და დემოკრატიული.

“ერთიანობით უნდა შევძლოთ ის რუსული ჭანჭიკი, რაც არის “ქართული ოცნების” სახით დღეს ხელისუფლებაში, მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მოვიშოროთ.

ჩვენ გვექნება დემოკრატიული პროცესი. შექმნილი გვაქვს ჯგუფი “ფეისბუქზე”, სადაც იმ ადამიანებს , რომლებიც დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს ასე დემოკრატიულად გადავწყვეტთ. ყველაფერს დაინახავთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს გადაწყვეტს ის ქართული საზოგადოება, რომლის ისტორიული არჩევანია ევროპა. დღეს იქნება საორგანიზაციო ხასიათის შეკრება”, – განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

“ქართული ოცნება” ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა”

“უცხოური აგენტების კანონის” ხელახლა შემოტანით “ქართული ოცნება” ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი სოციალურ ქსელში წერს.

„უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანით პარტია “ქართული ოცნება” შლის უფრო ღრმა ევროპული ინტეგრაციისადმი ქართველების მისწრაფებებს და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა”, – წერს მიქსერი სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

“ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ”

ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ, რადგან ეს წინააღმდეგობაშია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ძალისხმევასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს ნატო-ს და ევროკავშირს.

„ევროკავშირსაც ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ ვსტუმრობდი თბილისს და ჩემი მთავარი გზავნილი შეეხებოდა რეფორმების მნიშვნელობას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. ასევე მკაფიოდ ვთქვი, რომ ქართველ ხალხს სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ნებისმიერი კანონი, რომელიც წარადგენს უცხოეთის აგენტის იდეას, ვშიშობ, იმოქმედებს ძალიან ბევრ მედიასაშუალებაზე, რომლებიც ოპერირებენ საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოშიც, და ძირის გამოუთხრის საქართველოს ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად გადაქცევის იდეას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

“ივანიშვილის პარტია ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ისინი ებრძვიან განსხვავებულ აზრს” – თინა ბოკუჩავა

ივანიშვილის პარტია ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ისინი ებრძვიან განსხვავებულ აზრს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მთავრობის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ლიეტუვაში ვიზიტზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნება“, პრეზიდენტთან ერთად, ასევე ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუტს ებრძვის.

„ივანიშვილის პარტია ებრძვის და დევნის ქალებს პარლამენტიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან მათ შორის იძულებით ემიგრაციაში და ასევე ებრძვის დამოუკიდებელ ინსტიტუციებს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ის ებრძვის ყველა განსხვავებულ აზრს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. პრეზიდენტმა მთავრობას ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა.

როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავს.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადას რუსეთი სამიზნეში ამოიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადას რუსეთი სამიზნეში ამოიღებს. აღნიშნულის შესახებ მაკრონმა პარიზში ახალი ოლიმპიური საწყლოსნო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა.

„არანაირი ეჭვი არ მეპარება, მათ შორის ინფორმაციის კუთხით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

ემანუელ მაკრონმა გასულ თვეებში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა რუსეთის წინააღმდეგ. ის აცხადებს, რომ მოსკოვი უნდა დამარცხდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს ევროპული ჯარები უკრაინაში წავიდნენ. საფრანგეთის მთავრობამ ასევე მიიღო უფრო მკაცრი ზომები ევროპაში სავარაუდო რუსული დეზინფორმაციის მცდელობების წინააღმდეგ.

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველებმა 400-მდე ადამიანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს

ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა კუნძულის ერთ-ერთი კურორტიდან 400-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ.

ამასთან, სამაშველო ვერტმფრენმა 6 მაღაროელი გადაარჩინა, რომლებიც კლდეების ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებში მოყვნენ.

ბოლო მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10-ს მიაღწია, სხვადასხვა დაზიანება კი 1 100-მდე ადამიანმა მიიღო. ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 3 აპრილს მოხდა. ტაივანის ოფიციალური უწყების ცნობით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში დაფიქსირდა.