სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს 8 აპრილს პარლამენტთან პროტესტისკენ მოუწოდებენ

52
x
spot_img

აქტივისტები მოქალაქეებს 8 აპრილს პარლამენტთან პროტესტისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის წინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზაციებმა – “ტალღა” და “ჯიუტი” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს.

დღევანდელ შეკრებაზე ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდეს, ორშაბათს პარლამენტის შენობისკენ ბანერებით მივიდნენ, რადგან მათი ინფორმაციით, შესაძლოა, პარლამენტმა სწორედ 8 აპრილს, განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.

“ორშაბათს შესაძლებელია ამ კანონპროექტის განხილვა იყოს, ამიტომ მაქსიმალური ხმაურით და ბანერით მივიდეთ. კამპანია უნდა ვაწარმოოთ და მინდა, რომ ყველანი იყოთ მზად დიდი, გრძელი კამპანიისთვის, რომელიც იქნება კარგად ორგანიზებული”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.

სამოქალაქო მოძრაობის “ჯიუტი” ერთ-ერთი წევრის, ლაშა ჯანჯღავას განცხადებით, მათი პროტესტი იქნება თანმიმდევრული და დემოკრატიული.

“ერთიანობით უნდა შევძლოთ ის რუსული ჭანჭიკი, რაც არის “ქართული ოცნების” სახით დღეს ხელისუფლებაში, მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მოვიშოროთ.

ჩვენ გვექნება დემოკრატიული პროცესი. შექმნილი გვაქვს ჯგუფი “ფეისბუქზე”, სადაც იმ ადამიანებს , რომლებიც დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს ასე დემოკრატიულად გადავწყვეტთ. ყველაფერს დაინახავთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს გადაწყვეტს ის ქართული საზოგადოება, რომლის ისტორიული არჩევანია ევროპა. დღეს იქნება საორგანიზაციო ხასიათის შეკრება”, – განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.