Home Blog Page 1093

ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ – რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე

ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ [საპენსიო ფონდი] – პოლიტიკური მოტივი ისაა, რომ დახარჯოთ ფული, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს, მერე თქვათ, ანაკლიასა და ნამახვანში ჩავდე და გული მოიგოთ; კორუფციული ინტერესი კი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესებში შეიძლება წავიდეს ეს ფული – რეალურად, ფულის დაკარგვის რისკებია, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

გოცირიძემ მომხსენებელს დაუსვა კითხვა, რატომაა კანონპროექტში დასახელებული ცვლილებები. მან კორუფციულ რისკებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სტრუქტურის ცვლილება ძალიან ცუდია“.

„დღეს 5 მილიარდია, წლის ბოლოს, თუ ამონაგებს გავითვალისწინებთ, ეს ფონდი 6 მილიარდი გახდება, აქედან დამატებით მილიარდზე მეტი ლარი შეიძლება წარიმართოს სარისკო დაბანდებებში. რატომ? მეორე კითხვა – თქვენ ამბობთ, რომ გარდა აქციებისა და ობლიგაციებისა, საჯარო შეთავაზების გარდა, შესაძლოა ინვესტირება მოხდეს კერძო აქციებში. რა გამოდის, გამოუშვებს რომელიმე კომპანია კერძო აქციებს და წილში შევა. შევა თუ არა საპენსიო ფონდი რომელიმე კომპანიის წილში? მაგალითად, ფონდს ნაყიდი აქვს „ნიკორას“ აქციები. ნიკორამ გამოუშვა ობლიგაციები და იყიდა [საპენსიო ფონდმა] ეს 3 მილიონ ნახევარი. თუ არ ვცდები, ნიკორა შპს-ა. წარმოვიდგინოთ ის სამშენებლო კომპანიები, რომელსაც ფლობენ დეპუტატებით დაწყებული, დამთავრებული „ქართული ოცნების“ დამფინანსებლებით, რომლებიც ყველა ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში მონაწილეობენ. გამოუშვებს რომელიმე კომპანია ობლიგაციებს, გააკეთებს საჯარო შეთავაზებას და ადგება და ეს ფონდი იყიდის. ანუ, კორუფციული მომენტიცაა.

მესამე – ამ ფულის განთავსება შეიძლება თუ არა ნამახვანში, ნენსკრაში, ანაკლიაში, ხუდონში? თუ იტყვით, რომ შეიძლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის გრძელვადიანი ამოგების ვადის მქონე. ამ დროს, აქ ჩადებული ფული მკვდარია, ვინაიდან სწრაფი შემოსავლიან აქტივებში არაა განთავსებული. თუ თქვენ მიპასუხებთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ამ პროექტებში არის მოზიდული საერთაშორისო ორგანიზაციების სახსრები – EBRD, მსოფლიო ბანკი, რომლებიც ყველა ამ პროექტში იქნებიან აუცილებლად – ასეთი პროექტების საბაბი ხდება, რომ საპენსიო ფონდმა ჩადოს ფული, ოღონდ ერთი დამიზუსტეთ – ამ ორგანიზაციების ჯამური ინვესტირების 20%-ის ფარგლებში შეეძლებათ?

მინდა გკითხოთ, ეს ისეთივე ინსტრუმენტი იქნება როგორც დავუშვათ EBRD-მა რომ დაადასტუროს ანაკლია? ანუ, სესხად უნდა მისცეს, თუ წილში უნდა შევიდეს? ასევე, EBRD-ის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის კრედიტები არის შეღავათიანი, 1%-ია. რა პროცენტით უნდა მისცეს საპენსიო ფონდმა?“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტში გათვალისწინებული ცვლილებით, რომლის მიხედვითაც საპენსიო ფონდის ადმინისტრაციულ ხარჯები იზრდება, ბიუროკრატიის მიერ ადმინისტრაციულ ხარჯების მითვისება ხდება.

„საოპერაციო ხარჯების გაზრდა გიწერიათ – 0.5% იყო და სწევთ 0.75%-მდე. ავიღოთ 6 მილიარდი. 6 მილიარდის 0.75% არის 45 მილიონი ლარი. ამ ფონდის მართვას 45 მილიონი რაში სჭირდება? როდესაც 9 კაციანი კომისიაა და აპარატი უნდა იყოს 10 კაციანი, 45 მილიონამდე ზრდით ადმინისტრაციულ ხარჯებს? რატომ? წარმოუდგენელია. რატომ ხდება პენსიონერების ფულის მითვისება ბიუროკრატიის მიერ? და ბოლო შეკითხვა – პარლამენტმა შეარჩია 5 უცხოელი, ახლა შევარჩიეთ 1 უცხოელი, ქულები დავუწერეთ, მერე გაუქმდა ეს. როგორი სუსტიც არ უნდა იყოს, ვერასდროს უცხოელს ვერ დაავალებ იმას, რასაც ახალ 9-კაციან კომისიაში „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს. თანაც, ვითომ დაცულია ეს კომისია, მაღალი იმუნიტეტი აქვს, 3-ჯერ თუ გააცდინე სხდომა, გაგაგდებენ კომისიიდან. პრემიერ-მინისტრს შეუძლია დაითხოვოს საბჭოს წევრი თუ ის არასათანადოდ ასრულებს მოვალეობას. ყურებით დაჭერილი მმართველობითი ორგანო, რომელსაც არავითარი იმუნიტეტი არა აქვს, განსხვავებით იმისგან, რაც უცხოელებს ჰქონდათ, პარლამენტში დამტკიცებულ საინვესტიციო კომისიის სახით. ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ, პოლიტიკური მოტივი ისაა, რომ დახარჯოთ ფული, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს, მერე თქვათ, ანაკლიაში ჩავდე, ნამახვანში ჩავდე და გული მოიგოთ, კორუფციული ინტერესი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესებში შეიძლება წავიდეს ეს ფული. რა აუცილებლობით არსი გამოწვეული ეს?“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით,“საპენსიო სააგენტოს“ სახელი შეიცვლება დასახელებით – „საპენსიო ფონდი“. კანონის პროექტის თანახმად, იცვლება მმართველობითი სისტემა – კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად, ერთი ორგანო “მმართველობითი საბჭო“ იქმნება. პროექტის გათვალისწინებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭო არანაკლებ 9, მაქსიმუმ კი 15 წევრისგან უნდა შედგებოდეს. 9 წევრის შემთხვევაში 1 თანამდებობრივი წევრია, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში – 2 თანამდებობრივი წევრი. ამავე კანონპროექტით განისაზღვრა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესი, აღნიშნულის განხორციელება „საპენსიო ფონდის“ საინვესტიციო კომიტეტს დაეკისრა, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ამავე მუხლში ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილების მიღება მმართველობით საბჭოს დაექვემდებარა. კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილის თანახმად, საპენსიო ფონდში თანხების გადანაწილება შესაძლებელი იქნება პროექტების ფინანსირებაზე; იზრდება ლიმიტებიც, მაგალითად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15%-იანი ლიმიტი, იზრდება 20%-მდე, ხოლო მაღალპროცენტიანი საინვესტიციო პორტფელი 25%-მდე. გარდა ამისა, იზრდება “საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე.

დღეიდან თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ

თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად აისახება.

მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით. 

გადარიცხვა შესაძლებელია:  

  1. თიბისის ბარათიდან ნებისმიერი სხვა საქართელოში მოქმედი ბანკის ბარათზე 
  2. სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის ბარათზე.  
  3. სხვა ბანკის ბარათიდან ისევ სხვა ბანკის ბარათზე. 
  4. ციფრული საფულიდან, apple pay/google pay-ს მეშვეობით თანხის დამატება თიბისის ბარათზე.

 

თანხის გადარიცხვა ან გადმორიცხვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებიდან იქნება შესაძლებელი 24/7-ზე.

 

გადარიცხვა აუცილებლად უნდა შესრულდეს “საკუთარ ანგარიშზე” ღილაკის გამოყენებით, რომ თანხა მომენტალურად აისახოს. გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ლარის ვალუტაში და თითო გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარია.

 

ამ ფუნქციონალით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელი სარგებლობდეს თიბისის მობაილბანკით.  

 (R)

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, თანდართულ კანონპროექტთან ერთად განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, თანდართულ კანონპროექტთან ერთად განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

სალომე ზურაბიშვილის ვეტო პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა, რომელმაც საკითხი იურიდიულ კომიტეტს გადასცა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

“ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.

შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე”, – წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.

“მათ ცხოვრება მიუძღვნეს  ხალხისადმი სამსახურს” – ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადება

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ქვეყნის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „მათ ცხოვრება მიუძღვნეს  ხალხისადმი სამსახურს და მათმა წვლილმა წარუშლელი კვალი დატოვა ირანის ისტორიასა და ამ ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე“.

„ღრმა მწუხარებით და დიდი გულისტკივილით ვიუწყებით ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის აიათოლა სეიედ ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის მოწამეობრივ დაღუპვას 2024 წლის 19 მაისს, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის დროს.

პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მდინარე არასზე კაშხლის გახსნის ოფიციალური ცერემონიიდან ბრუნდებოდნენ. მათ ცხოვრება მიუძღვნეს  ხალხისადმი სამსახურს და  მათმა წვლილმა წარუშლელი კვალი დატოვა ირანის ისტორიასა და ამ ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე.

ამ სამწუხარო ინციდენტის დროს ასევე მოწამეობრივად დაიღუპნენ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალექ რაჰმათი, თავრიზის პარასკევის იმამი მუჰამედ ალი ალ-ჰაშემი, პრეზიდენტის დაცვისა და  ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები.

ირანის საელჩო ამ მწუხარების დროს, გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ირანელ ხალხს. ჩვენ, როგორც მგლოვიარე ერი ერთად ვდგავართ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა მემკვიდრეობას, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა  ირანის ისლამური რესპუბლიკის წინსვლასა და კეთილდღეობას.

ამ მწუხარების დროს, ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ერთიანობა და მონდომება  გარდაცვლილი ლიდერების გზის გასაგრძელებლად, ირანისა და ამ ქვეყნის ხალხის მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის.

დაიმკვიდრონ სამუდამო განსასვენებელი მათმა სულებმა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაღუპვასთან დაკავსირებით ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.

დროებითი პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოჰბერი იქნება. პრეზიდენტის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 50 დღისა ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი გუშინ, 19 მაისს ირანის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანის საზღვართან, მთიან რეგიონში ჩამოვარდა.

ფაშისტების ახალი ტაქტიკაც გამოაშკარავდა – ნინო წილოსანი

კიდევ ერთხელ გვარწმუნებთ, თქვენს ხელში მეტი ძალაუფლება რომ იყოს, უკან არაფერზე დაიხევდით, ფიზიკურ ძალადობაზეც გადახვიდოდით, ადამიანებისთვის სიცოცხლის მოსწრაფებაზეც, – ასე მიმართავს სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.

„ფაშისტების ახალი ტაქტიკაც გამოაშკარავდა. ისინი უამრავ ჩვენს მხარდამჭერს, განსაკუთრებით მათ, ვისაც გარკვეული ავტორიტეტი აქვთ ხალხში, პირადში წერენ და აშეიმინგებენ. მათზე მანიპულაციის მოხდენას ცდილობენ, თანაც ვითომ შეფარვით, კეთილის მსურველის მანტიით. რეალურად კი, პირდაპირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ, იმის გამო, რომ გამჭვირვალობის კანონს და ხელისუფლებას უჭერენ მხარს, იწონებენ ჩვენს პოსტებს და ა.შ.

თითოეულ ასეთ მანიპულატორს მინდა საჯაროდ მოგმართოთ – ამ თქვენი ამაზრზენი ქმედებებით პირველ რიგში თქვენ თავს ავლენთ, ყველას კიდევ ერთხელ გვაჩვენებთ თქვენს რეალურ სახეს. კიდევ ერთხელ გვარწმუნებთ, თქვენს ხელში მეტი ძალაუფლება რომ იყოს, უკან არაფერზე დაიხევდით, ფიზიკურ ძალადობაზეც გადახვიდოდით, ადამიანებისთვის სიცოცხლის მოსწრაფებაზეც და საერთოდ, ალბათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს არსებობის უფლებასაც შეუზღუდავდით
ჩემი რჩევა იქნება, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და რეპუტაციას, ნუ დაკარგავთ ადამიანურ სახეს.

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის 60 % გამჭვირვალობის კანონს უჭერს მხარს და თქვენი მცდელობა, უმცირესობამ უმრავლესობაზე იბატონოს, აშკარად განწირულია“, – წერს წილოსანი.

დავალებას პირადად კეზერაშვილისგან იღებს – ზურაბ ქადაგიძე ვატო ქავთარაძეზე

თურმე ეს ქავთარაძე აბულინგებს „რეკლამშიკებს“ და ყველას აწვება, ვინც აქციაზე არ წავა და წინააღმდეგობას არ გამოთქვამს გამჭვირვალობის კანონის მიმართ – საჯარო ბულინგით ემუქრება, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და ერთ-ერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის თანამფლობლის, ვატო ქავთარაძის ფოტოს აქვეყნებს.

ქადაგიძის თქმით, ვატო ქავთარაძე დავალებას პირადად კეზერაშვილისგან იღებს და მისგან ყოველ თვე 15 000 ევროც ერიცხება ხელფასის სახით.

„დღეს შეხვედრა მქონდა ჩემს ერთ ერთ უახლოეს მეგობართან, რომელმაც მთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი არ მეთქვა. სარეკლამო კომპანიაში მუშაობს და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. მთხოვა – საჯარო გამეხადა ინფორმაცია, რაც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. ესე იგი რა ხდება – ფოტოზე წარმოდგენილი ადამიანი არის ვატო ქავთარაძე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის თანამფლობელია. გაოგნებული დავრჩი ამ თავხედის მიერ დაორგანიზებული კამპანიით – თურმე ეს ქავთარაძე აბულინგებს “რეკლამშიკებს” და ყველას აწვება, ვინც აქციაზე არ წავა და წინააღმდეგობას არ გამოთქვამს გამჭვირვალობის კანონის მიმართ – საჯარო ბულინგით ემუქრება. ახლა საქმე რაშია – რეკლამის მწარმოებლებს ძალიან სერიოზული კონტრაქტები აქვთ სახელმწიფო უწყებებთან და ცხადია, მათი უმეტესობა არაფერს ცუდს არ ფიქრობს ამ კანონზე, მაგრამ ბულინგს ვერ უძლებენ. ეს ვაჟბატონი კი, როგორც მეუბნებიან ყოველ თვე 15 000 ევროს იღებს კეზერაშვილისგან ხელფასის სახით და ფეხზე ჰკიდია, ვის რა შემოსავალი ექნება. აი ეს კაცი აშანტაჟებს ყველას, რომ როგორმე მოახერხოს და სარეკლამო კომპანიებს ჩაუხსნან კონტრაქტები, დავალებას კი პირადად კეზერაშვილისგან იღებს. ხმა ამოიღეთ – ნუ ბულინგდებით!!!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ოპოზიციის ველზე გამსხვილებას მივესალმებით, რადგან გვინდა, ამომრჩეველთან ის რეალობა მივიდეს, რაც არსებობს-იაგო ხვიჩია

საკმაოდ რთულია, როცა ერთიანობა პრინციპების გარეშე ხდება, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური რეალობა ცოტა განსხვავებულია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, გულშემატკივრობს, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს.

„ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე სულ სამი პარტია არსებობს, „ქოცები“, რომლებიც ამბობენ, ბიძინამ იცის, „ნაცები“, რომლებიც ამბობენ, მიშამ იცის და ჩვენ, „გირჩი“, რომლებიც პრინციპებით ვმოქმედებთ. ოპოზიციის ველზე გამსხვილებას მივესალმებით, რადგან გვინდა, ამომრჩეველთან ის რეალობა მივიდეს, რაც არსებობს. პრეზიდენტს და მეგობრებს წარმატებას ვუსურვებ, რადგან ამაზე დიდ საქმეს ვერ გააკეთებენ. როგორც ვიცი, პრეზიდენტი აქტორებს ელაპარაკება, რომ ნაბიჯების გადადგმა ნუ მოერიდებათ. ვგულშემატკივრობთ, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ტერმინის „რუსული კანონის“ გამოყენება არასწორი და არაკორექტულია – ლევან დავითაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ხელისუფლების ურთიერთობაზე აშშ-სა და ევროპის პოლიტიკურ წრეებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათ დამოკიდებულებაზე კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას და პარტნიორობას გავაგრძელებთ მომავალ წლებშიც და ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება და მოემსახურება ორი ქვეყნის ინტერესებს. თანამშრომლობა დამყარებული იქნება ნდობასა და პატივისცემაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა, ალბათ არ იქნება მიღებული. მოვლენებს ნუ გავასწრებთ წინ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ტერმინის „რუსული კანონის“ გამოყენება არასწორი და არაკორექტულია და ეს არის „კლიშე“ და მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შევიდეს შეცდომაში. მისი თქმით, ოპოზიციას და პოლიტიკურ ძალებს შეჰყავთ შეცდომაში მოსახლეობა და ეს, შემდგომში, სამწუხაროდ, გაზიარებული იქნა რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან. „როდესაც მასიურად ხდება ადამიანების არასწორი ინფორმირება, ტერმინის დამკვიდრება, ეს გამეორებულ იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ. თუმცა, სამწუხაროდ, არ იყო შინაარსზე მსჯელობა, მათ შორის, პრინციპულ განსხვავებებზე, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა ძალიან დეტალურად და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის გასაგები“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი შეფასებით, კანონი ცალსახად არ არის რუსული. მას კავშირი არ აქვს რუსულთან.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონის „რუსულად“ მონათვლა იყო საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. მისი თქმით, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ შესაძლებელი იქნებოდა კანონის შინაარსობრივი განხილვა – გადახედვა, მაგრამ ქართულ მხარეს მათგან მსგავსი არგუმენტები არ მიუღია.

მან ასევე გააკრიტიკა ცალკეული მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომ ისინი მიზანმიმართულად ამკვიდრებენ ტერმინს „რუსული კანონი“ და ამით შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სამაგალითო, საუკეთესო თანამშრომლობა აქვს.

„საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია მშვიდობა და სტაბილურობა იმისთვის, რომ მოხდეს ეკონომიკური წინსვლა და განვითარება და ამას, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობასთან ერთად, საკმაოდ კარგად აღწევს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისებას და არსებული გამოწვევების დაძლევას ითვალისწინებს. სტრატეგიის 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმა არსებული გამოცდილების და მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიქმნა. პროექტის განხორციელების ჯამური ღირებულება 4 276 021 657 ლარს შეადგენს, საიდანაც 4 155 293 570 ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებებით გათვალისწინებული სახსრებია, ხოლო 118 868 087 ლარი დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდულ თანხებს შეადგენს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 3 ძირითად ამოცანას ისახავს მიზნად:

კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების ხელშეწყობა, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებასა და ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს სოფლად და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცაა: ბაზრის დივერსიფიკაცია, ფერმერთა/მეწარმეთა ბაზარზე ინტეგრაცია, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესება, სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;

ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიმართულების ისეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს, როგორიცაა: ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ტყის რესურსების მდგრადი გამოყენება, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

სურსათის/ცხოველის კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს: ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის მიწოდებული პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფას სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას და სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფას.

2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით შემუშავდა და სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საბჭოს მიერ იქნა მოწონებული. გეგმა 88 აქტივობას ითვალისწინებს და მის განხორციელებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროები არიან პასუხისმგებლები.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა – პრეზიენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონელ კოლეგას, ალარ კარისს ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

„ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ეს არის ფორმალური პრეზიდენტის ფორმალური ვეტო, რომელსაც ფორმალურადაც სჭირდება დაძლევა-ანრი ოხანაშვილი

ეს არის ფორმალური პრეზიდენტის ფორმალური ვეტო, რომელსაც ფორმალურადაც სჭირდება დაძლევა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ეს არ არის კლასიკური შინაარსის მატარებელი ვეტო, რომელიც მოტივირებული შენიშვნებით არის გაჯერებული. ეს არის ფორმალური ხასიათის ვეტო. თუ ასეთი მართლები არიან, ამდენი არგუმენტია მათ მხარეს, რატომ გაუჭირდათ, ვეტოში მოტივირებული შენიშვნები დაეწერათ. ამ ვეტოში მოტივირებული შენიშვნების გარდა ყველაფერს ნახავთ. სწორედ ამიტომ არის ფორმალური, რომ იმ სტანდარტის დასაბუთებას არ შეიცავს, რომელიც საჭიროა. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად ფორმალურად ითვლება, რადგან ის ყველანაირ კონსტიტუციურ ჩარჩოს გაცდა. რა თქმა უნდა, შინაარსობრივ შენიშვნად ვერ წარმოადგენდა, თუმცა მოწოდებების ფონზე მოლოდინი იყო, რომ საკითხებს შინაარსობრივად წარმოადგენდა, რაზეც მსჯელობა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა როცა მათ მხარეს სიმართლე არ არის, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოვიდნენ. ვერ ბედავენ მოტივირებული არგუმენტების წარმოდგენას. ეს ადამიანები პარლამენტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას მოუწოდებენ და როცა ამას სხვას მოუწოდებენ, თავად რატომ არ დაელოდნენ პასუხს? – ევროპელობა და ევროპული ღირებულება ნიშნავს უნარს, შეგეძლოს დისკუსიაში შესვლა და განსხვავებული აზრის მოსმენა. რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ანტიევროპულია.

 გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამაზე მიუთითებს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც -გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მხოლოდ მიზეზია ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების წარმართვისთვის.

ვოლსკის თქმით, აღნიშნულ კანონში არაფერია რუსული და ამ თემას სპეკულაციებისთვის იყენებენ.

ამასთან, გია ვოლსკის განმარტებით, არ არსებობს კანონის აუცილებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი და ამაზე მიუთითებს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც.

„ეს არის დამოკიდებულება და ევროდირექტივა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ევროპის ქვეყნებმა. გერმანია ამის წინააღმდეგია, საფრანგეთმა უკვე სენატში წარადგინა და ითვალისწინებს უსაფრთხოების სამსახურების ჩართვას ამ საკითხებში, მათ შორის ფარული მიყურადებით. არის მეორე საკითხი, რომელსაც ჰქვია ორმაგი სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მთავარი არაა ამ კანონის აუცილებლობაზე საუბარი, საქართველოში მთავარია იმ გზის გაყოლა, რაც თავიდანვე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ესაა პროცესების რევოლუციური გზით, დესტაბილიზაციისკენ წარმართვა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და შემდეგ იმის განხორციელება, რაც ჯერ კიდევ 2022 წელს მოითხოვა ზელენსკიმ, როდესაც მიმართა საპროტესტო აქციას და რისთვისაც ელჩი გაიწვია. ესაა ჩვენი ჩართვა იმ პროცესებში, რასაც საომარი მდგომარეობა ჰქვია. საქართველოს უკრაინიზაცია, როგორც უკრაინას, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, არის ის ამოცანა, რისი რეალიზაციის მცდელობასაც ახლა ვადევნებთ თვალს.

არ იქნება ეს კანონი, იქნება სხვა მიზეზი, მაგრამ დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს არც პათოსი, არც ფორმულირება, არაფერი რუსული აქვს და ეს ყბადაღებული თემაც სპეკულაციებისთვისაა გამოყენებული. არ შეიძლება, გულწრფელი ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთისკენ მიდის. 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის სასარგებლოდ არცერთი ნაბიჯი არ გაუკეთებია. ვინც ითხოვს ხელისუფლების შეცვლას, ყველას ჩადენილი აქვს მთავარი დანაშაული ხალხის მიმართ, ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსეთს უპირატესობა ჰქონოდა და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტები განლაგებული ყოფილიყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ „ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ცდილობს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს“.