ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ – რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე

12
spot_img

ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ [საპენსიო ფონდი] – პოლიტიკური მოტივი ისაა, რომ დახარჯოთ ფული, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს, მერე თქვათ, ანაკლიასა და ნამახვანში ჩავდე და გული მოიგოთ; კორუფციული ინტერესი კი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესებში შეიძლება წავიდეს ეს ფული – რეალურად, ფულის დაკარგვის რისკებია, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

გოცირიძემ მომხსენებელს დაუსვა კითხვა, რატომაა კანონპროექტში დასახელებული ცვლილებები. მან კორუფციულ რისკებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სტრუქტურის ცვლილება ძალიან ცუდია“.

„დღეს 5 მილიარდია, წლის ბოლოს, თუ ამონაგებს გავითვალისწინებთ, ეს ფონდი 6 მილიარდი გახდება, აქედან დამატებით მილიარდზე მეტი ლარი შეიძლება წარიმართოს სარისკო დაბანდებებში. რატომ? მეორე კითხვა – თქვენ ამბობთ, რომ გარდა აქციებისა და ობლიგაციებისა, საჯარო შეთავაზების გარდა, შესაძლოა ინვესტირება მოხდეს კერძო აქციებში. რა გამოდის, გამოუშვებს რომელიმე კომპანია კერძო აქციებს და წილში შევა. შევა თუ არა საპენსიო ფონდი რომელიმე კომპანიის წილში? მაგალითად, ფონდს ნაყიდი აქვს „ნიკორას“ აქციები. ნიკორამ გამოუშვა ობლიგაციები და იყიდა [საპენსიო ფონდმა] ეს 3 მილიონ ნახევარი. თუ არ ვცდები, ნიკორა შპს-ა. წარმოვიდგინოთ ის სამშენებლო კომპანიები, რომელსაც ფლობენ დეპუტატებით დაწყებული, დამთავრებული „ქართული ოცნების“ დამფინანსებლებით, რომლებიც ყველა ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში მონაწილეობენ. გამოუშვებს რომელიმე კომპანია ობლიგაციებს, გააკეთებს საჯარო შეთავაზებას და ადგება და ეს ფონდი იყიდის. ანუ, კორუფციული მომენტიცაა.

მესამე – ამ ფულის განთავსება შეიძლება თუ არა ნამახვანში, ნენსკრაში, ანაკლიაში, ხუდონში? თუ იტყვით, რომ შეიძლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის გრძელვადიანი ამოგების ვადის მქონე. ამ დროს, აქ ჩადებული ფული მკვდარია, ვინაიდან სწრაფი შემოსავლიან აქტივებში არაა განთავსებული. თუ თქვენ მიპასუხებთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ამ პროექტებში არის მოზიდული საერთაშორისო ორგანიზაციების სახსრები – EBRD, მსოფლიო ბანკი, რომლებიც ყველა ამ პროექტში იქნებიან აუცილებლად – ასეთი პროექტების საბაბი ხდება, რომ საპენსიო ფონდმა ჩადოს ფული, ოღონდ ერთი დამიზუსტეთ – ამ ორგანიზაციების ჯამური ინვესტირების 20%-ის ფარგლებში შეეძლებათ?

მინდა გკითხოთ, ეს ისეთივე ინსტრუმენტი იქნება როგორც დავუშვათ EBRD-მა რომ დაადასტუროს ანაკლია? ანუ, სესხად უნდა მისცეს, თუ წილში უნდა შევიდეს? ასევე, EBRD-ის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის კრედიტები არის შეღავათიანი, 1%-ია. რა პროცენტით უნდა მისცეს საპენსიო ფონდმა?“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტში გათვალისწინებული ცვლილებით, რომლის მიხედვითაც საპენსიო ფონდის ადმინისტრაციულ ხარჯები იზრდება, ბიუროკრატიის მიერ ადმინისტრაციულ ხარჯების მითვისება ხდება.

„საოპერაციო ხარჯების გაზრდა გიწერიათ – 0.5% იყო და სწევთ 0.75%-მდე. ავიღოთ 6 მილიარდი. 6 მილიარდის 0.75% არის 45 მილიონი ლარი. ამ ფონდის მართვას 45 მილიონი რაში სჭირდება? როდესაც 9 კაციანი კომისიაა და აპარატი უნდა იყოს 10 კაციანი, 45 მილიონამდე ზრდით ადმინისტრაციულ ხარჯებს? რატომ? წარმოუდგენელია. რატომ ხდება პენსიონერების ფულის მითვისება ბიუროკრატიის მიერ? და ბოლო შეკითხვა – პარლამენტმა შეარჩია 5 უცხოელი, ახლა შევარჩიეთ 1 უცხოელი, ქულები დავუწერეთ, მერე გაუქმდა ეს. როგორი სუსტიც არ უნდა იყოს, ვერასდროს უცხოელს ვერ დაავალებ იმას, რასაც ახალ 9-კაციან კომისიაში „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს. თანაც, ვითომ დაცულია ეს კომისია, მაღალი იმუნიტეტი აქვს, 3-ჯერ თუ გააცდინე სხდომა, გაგაგდებენ კომისიიდან. პრემიერ-მინისტრს შეუძლია დაითხოვოს საბჭოს წევრი თუ ის არასათანადოდ ასრულებს მოვალეობას. ყურებით დაჭერილი მმართველობითი ორგანო, რომელსაც არავითარი იმუნიტეტი არა აქვს, განსხვავებით იმისგან, რაც უცხოელებს ჰქონდათ, პარლამენტში დამტკიცებულ საინვესტიციო კომისიის სახით. ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ, პოლიტიკური მოტივი ისაა, რომ დახარჯოთ ფული, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს, მერე თქვათ, ანაკლიაში ჩავდე, ნამახვანში ჩავდე და გული მოიგოთ, კორუფციული ინტერესი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესებში შეიძლება წავიდეს ეს ფული. რა აუცილებლობით არსი გამოწვეული ეს?“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით,“საპენსიო სააგენტოს“ სახელი შეიცვლება დასახელებით – „საპენსიო ფონდი“. კანონის პროექტის თანახმად, იცვლება მმართველობითი სისტემა – კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად, ერთი ორგანო “მმართველობითი საბჭო“ იქმნება. პროექტის გათვალისწინებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭო არანაკლებ 9, მაქსიმუმ კი 15 წევრისგან უნდა შედგებოდეს. 9 წევრის შემთხვევაში 1 თანამდებობრივი წევრია, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში – 2 თანამდებობრივი წევრი. ამავე კანონპროექტით განისაზღვრა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესი, აღნიშნულის განხორციელება „საპენსიო ფონდის“ საინვესტიციო კომიტეტს დაეკისრა, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ამავე მუხლში ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილების მიღება მმართველობით საბჭოს დაექვემდებარა. კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილის თანახმად, საპენსიო ფონდში თანხების გადანაწილება შესაძლებელი იქნება პროექტების ფინანსირებაზე; იზრდება ლიმიტებიც, მაგალითად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15%-იანი ლიმიტი, იზრდება 20%-მდე, ხოლო მაღალპროცენტიანი საინვესტიციო პორტფელი 25%-მდე. გარდა ამისა, იზრდება “საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე.