მთავრობის სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

18
spot_img

ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისებას და არსებული გამოწვევების დაძლევას ითვალისწინებს. სტრატეგიის 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმა არსებული გამოცდილების და მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიქმნა. პროექტის განხორციელების ჯამური ღირებულება 4 276 021 657 ლარს შეადგენს, საიდანაც 4 155 293 570 ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებებით გათვალისწინებული სახსრებია, ხოლო 118 868 087 ლარი დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდულ თანხებს შეადგენს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 3 ძირითად ამოცანას ისახავს მიზნად:

კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების ხელშეწყობა, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებასა და ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს სოფლად და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცაა: ბაზრის დივერსიფიკაცია, ფერმერთა/მეწარმეთა ბაზარზე ინტეგრაცია, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესება, სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;

ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიმართულების ისეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს, როგორიცაა: ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ტყის რესურსების მდგრადი გამოყენება, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

სურსათის/ცხოველის კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს: ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის მიწოდებული პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფას სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას და სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფას.

2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით შემუშავდა და სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საბჭოს მიერ იქნა მოწონებული. გეგმა 88 აქტივობას ითვალისწინებს და მის განხორციელებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროები არიან პასუხისმგებლები.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.