„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, თანდართულ კანონპროექტთან ერთად განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

20
spot_img

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, თანდართულ კანონპროექტთან ერთად განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

სალომე ზურაბიშვილის ვეტო პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა, რომელმაც საკითხი იურიდიულ კომიტეტს გადასცა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

“ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.

შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე”, – წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.