Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ცესკო-ს თავმჯდომარე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკო-ში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობების, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. მან ასევე ისაუბრა საუბნო-საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობებს. ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, რა თქმა უნდა, აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ საარჩევნო მთლიანობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. თანამშრომლობა ODIHR-თან ამ მხრივ გადამწყვეტია და მზად ვართ, მისიის წარმომადგენლებს მივაწოდოთ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ცესკო-ს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს ODIHR-ის მისიასთან და ხაზი გაუსვა მუდმივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ფასდაუდებელია ODIHR-ის მიერ გაწეული მხარდაჭერა და ზედამხედველობა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ გამჭვირვალობაზე და ღია ვართ კონსტრუქციული გამოხმაურებისთვის, რომელიც დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ ჩვენი პრაქტიკა“.

დღევანდელ შეხვედრას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეგან ფიცჯერალდი, უფროსი მრჩეველი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების საკითხებში ვლადიმირ მისევი, მრჩეველი/ოფიცერი საარჩევნო საკითხებში ქსენია დაშუტინა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ადმინისტრაციული და პროგრამის მთავარი ოფიცერი ტიმ ნობლაუ ესწრებოდნენ. შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკო-ს წევრი დიმიტრი ჯავახაძე და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

„ვენეციის კომისია მტკიცე რეკომენდაციას იძლევა კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებაზე, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“, – ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა კომისიის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კანონი უაღრესად სადავოა, რასაც ადასტურებს ქვეყანაში მასობრივი რეაქცია, რომელიც მიღებული იყო პროცედურის ფარგლებში, რომელიც არ ტოვებდა ადგილს ჭეშმარიტი განხილვისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების ღიად უგულებელყოფით.

„ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით დადგენილ ნორმებთან, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისევე, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს“, – წერია დასკვნაში.

ვენეციის კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ სუბიექტად აღიარებას სერიოზული შედეგები აქვს, რადგან ეს ძირს უთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ ოპერაციებს.

„ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და უცხოური მხარდაჭერის მიმღები მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საჯაროდ გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ანგარიში წარადგინონ, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, არ არის მოცემული დამაჯერებელი ახსნა იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები არასაკმარისი აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით ლობირების საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არ იქნება ადეკვატური“, – ნათქვამია დასკვნაში.

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები“- ხუნდაძე

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ დასავლეთის გაგებით პარტნიორობა თანასწორუფლებიანობა და პატივისცემაა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტის დაიცვას. თუმცა საქართველოს ინტერესების დაცვა რატომღაც საქართველოს პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქუჩაში პროტესტი შესუსტდა, აქციების ორგანიზატორებისთვის მაშველი რგოლი იქნა მიწოდებული. „მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ,“ – აღნიშნა მან.

„კონგრესში საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია არასწორ დროს არის წარდგენილი. ამას ჩვენი ოპონენტები და მათი პატრონებიც ხედავენ, თუმცა
ამჯერად მოდით ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებზე – ხედავენ რომ ქუჩაში პროტესტი შესუსტდა და როგორც მაშველი რგოლი ისე იქნა მიწოდებული, რომ მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ.

მათი ქცევა ემსგავსება ვაჭრობას. უხერხულია, როცა ქვეყანას მუშტრის თვალით უყურებენ და ეს არის ქვეყანა, რომელიც იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და დასავლეთში აპრობირებულ ინსტრუმენტს – გამჭვირვალობას იყენებს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ყველაფერს კი ცუდ ქცევაში გვითვლიან და ახლა გამოგვიცხადეს, რომ თუ კარგად მოვიქცევით გვექნება ვიზები და თუ ცუდად მოვიქცევით, მაშინ გვექნება სანქციები.

მათი გაგებით ჩვენ ცუდად უკვე მოვიქეცით, იმიტომ, რომ არ ჩავერთეთ ომში, არ მიუერთდით სანქციებს და არ გავასხვისეთ სასამართლო დამოუკიდებლობა.

ახლა გვახსენებენ, რომ ისევ ცუდად არ მოვიქცეთ – ამისთვის კი უნდა დავთმოთ ფასეულობები, არ შევუშალოთ ხელი ლგბტ პროპაგანდას და თურმე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეკლესიასთან ერთად ჩვენ პერსპექტივა არ გვაქვს. ამის შესახებ დასავლელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხმამაღლა განაცხადეს.

უნდა ითქვას სიმართლე, ნახევარი სიმართლე საქმეს არ წაადგება, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად. არასრულფასოვნების განცდაა – არადა გვქვია პარტნიორები. პარტნიორობა დასავლეთის გაგებით ეს არის თანასწორუფლებიანობა, პატივისცემა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს მინიმუმ აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვას. ჩვენი ინტერესების დაცვა კი, რატომღაც ჩვენი პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს,“ -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.

 ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე – ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეთანხმება ალტერნატიული პლატფორმის ჩამოყალიბების იდეას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

მისი თქმით, ალტერნატიული ცენტრის შექმნის თაობაზე „ლელო“ მუშაობას აგრძელებს და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგმულია, თუმცა მეტ დეტალზე ამ ეტაპზე, ვერ ისაუბრებს.

„მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს და მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება.მე არ მინდა ასოცირებული ვიყო ძალასთან, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ქვეყანა, ყველამ კარგად ვნახეთ. არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. მეტ დეტალს ახლა სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. ეს იქნება ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის“ეთერში.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიან სიაში არ იქნება. მისი თქმით, სხვა პროდასავლური ოპოზიციური ძალების “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება საჩუქარი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ამასთან, ხაზარაძის განცხადებით, ძალიან პოზიტიურად უყურებს სალომე ზურაბიშვილის როლს პროცესში.

„მას მხარს ვუჭერ. პირად საუბარშიც დავადასტურე. ის ასრულებს საკმაოდ სერიოზულ როლს და შეასრულებს უახლოეს მომავალში კონსოლიდაციისკენ“, – დასძინა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ახლა, როგორც არასდროს ნამდვილი, პატრიოტული ძალების, რომელიც ნიშნავს პროევროპულ ძალებს გაერთიანების დრო დადგა.

,,მზად ვართ, ამერიკასთან პარტნიორობა შევავსოთ კონკრეტული ნაბიჯებით, მაგრამ უკმაყოფილებას წარმოშობს, როდესაც ამბობენ, რომ ამის სანაცვლოდ, ხმა არ უნდა ამოიღო”- ვოლსკი

მზად ვართ, ამერიკასთან პარტნიორობა შევავსოთ კონკრეტული ნაბიჯებით, მაგრამ უკმაყოფილებას წარმოშობს, როდესაც ამბობენ, რომ ამის სანაცვლოდ, ხმა არ უნდა ამოიღო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კანონპროექტის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.

„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელი მაღალჩინოსანი ო’ბრაიენი იმყოფებოდა საქართველოში, გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან ვინმე განაცხადებდა, რომ გამჭვირვალობაში არავითარი პრობლემა არ არის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში ჩართვა დაუშვებელია. მით უმეტეს, ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს და ყველა ნიშნით ახლოსაა დესტაბილიზაციასთან. რასაკვირველია, არჩევნებიც ჩატარდება მაღალ დონეზე და არაფერი არაევროპული, არადასავლური ამ კანონს არ აქვს. საქართველოს ხელისუფლება არასდროს დაუშვებს, რომ რუსული ინტერესების გათვალისწინებით რაიმე ნაბიჯი გადადგას.

ჯერჯერობით, ეს შეუმდგარი და განუხილველი პროექტი არაფერს წარმოადგენს იმ საფრთხეებთან შედარებით, რასაც გაუმჭვირვალობა წარმოშობს. აქ დაისვა საკითხი სამხედრო დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რაც ასევე საკმაოდ სერიოზულ შეკითხვას წარმოშობს, ვინაიდან განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იქნება დახმარება, შეიარაღება, რომელიც საქართველოს დაიცავს, აარიდებს რუსულ აგრესიას, რაც მართლაც რეალურია. ამავე დროს, ვისმენთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ შეიარაღება აგვიანებს და ამ ვითარებაში უკრაინის მიერ გაღებული მსხვერპლი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ საჭირო შეიარაღება დროულად არ იყო მიღებული. ესეც წარმოშობს გაურკვევლობის თემას და შეკითხვებს. მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა შევავსოთ კონკრეტული ნაბიჯებით, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, თუნდაც სამხედრო სფეროში დახმარება, სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლა. ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ გარკვეულ უკმაყოფილებას წარმოშობს, როდესაც ამბობენ, რომ ამის სანაცვლოდ, ხმა არ უნდა ამოიღო იმის გამო, რომ რევოლუციას მოწყურებული არასამთავრობო ორგანიზაციები იმ პროგრამებს განახორციელებენ, რაც უნდათ და სჭირდებათ “, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას – გერმანიის ელჩი

სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ , – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

გერმანიის ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სტანდარტზე დაბლაა, რომელიც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რაც იმას ნიშნავს, თუ კანონპროექტი არსებული ფორმით იქნება მიღებული, გერმანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს.

“ეს დინამიური პროცესია. შემიძლია, საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ ევროპული გზიდან უკვე გადაუხვია.

არის სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით თუ იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს [საქართველოსთვის] გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს მის ევროინტეგრაციის გზაზე უკან დაწევს.

სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არა და ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ”, – განაცხადა ფიშერმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების სრული უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღება, შესაბამისად, კანონის დღევანდელი ფორმით მიღების შემთხვევაში გერმანია თანხმობას ვერ განაცხადებს.

„გერმანიას წარმოვადგენ. ერთი სახელმწიფო ვართ ევროკავშირში. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი მოსახლეობა გვაქვს და ასე შემდეგ. ევროკავშირმა რომ საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი გადაწყვიტოს – ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა – ერთსულოვნება უნდა იყოს, ყველა სახელმწიფომ თანხმობა უნდა განაცხადოს. გერმანიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ თანხმობას არ ვიტყვით თუ ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული”, – დასძინა მან.

,,მე მგონია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას გამჭვირვალობის კანონზე”- გიორგი კახიანი

ჩვენ თავიდანვე მზად ვიყავით დისკუსიისთვის. დღემდეა ასეა, მაგრამ სამწუხაროა, რომ აქამდე ამის მზაობა ჩვენ ვერ დავინახეთ ვერავის მხრიდან. ვისმენდით მხოლოდ ზედაპირულ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი არგუმენტები არ ახლდა თან, – ამის შესახებ გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, პრეზიდენტის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე მსჯელობის ბოლო შანსი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი იმდენად დესტრუქციული აღმოჩნდა, რომ ის ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ, იმიტომ რომ პრეზიდენტმა გვითხრა, რომ „კანონთან შენიშვნები არ მაქვს, უბრალოდ ეს კანონი მაინც არ უნდა მიიღოთ“. დაახლოებით ასევე ვეტო გამოაგზავნა. მე მგონია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას. თითქოს თავიდან მოიცილა ეს პასუხისმგებლობა. დააკვირდით, როგორი მოწონება ჰქონდა ამ ყველაფერს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან. ანუ, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც უნდოდა რადიკალურ ოპოზიციას.

ამ ეტაპზე ეს ბოლო შანსი ხელიდან არის გაშვებული. ალბათ მომდევნო კვირას ვიმსჯელებთ უკვე ვეტოს დაძლევაზე და აუცილებლად დავძლევთ მას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახავთ რა შენიშვნები იქნება“, – განაცხადა კახიანმა.

თურქეთის პარლამენტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტი ივლისში წარედგინება

თურქეთი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვას გეგმავს.

კანონპროექტის თურქეთის პარლამენტისთვის წარდგენა 2024 წლის 1 -ელ ივნისს იგეგმება.

მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი საკანონმდებლო შესწორებას მოიცავს, რომელიც “შპიონაჟისა” და “ჯაშუშობის” განმარტებებს აფართოებს, ამასთან სისხლის სამართლის პასუხისგება შემოდის ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტებისთვის”.

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) თანახმად, “აღნიშნული კანონმდებლობა საშუალებას მისცემს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არა უბრალოდ გააგრძელოს სიტყვისა და მედიის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრა თურქეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, ვინაიდან, შესწორება, ასევე, ეხება თურქეთის მოქალაქეებს, ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში იმყოფებიან.”

ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, ნაცმოძრაობის სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით – ვიღაცამ თქვა, რომ ფუფალას ქოლგას უფრო ჰგავს ეს – გია ვოლსკი

“ნაცმოძრაობა” იყო, არის და მომავალშიც იქნება, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, არ აქვს მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ თვალთმაქცობას და სიყალბეს თავი დაანებონ და მართლაც ერთიანი სიით წარმოდგნენ, როგორც ამას სააკაშვილი მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, რომ ამ სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით , – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანება და საერთო სიით წარდგენა მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, “რადიკალურმა ოპოზიციამ” გადაწყვიტა, რომ საზოგადოების ფენებიდან ადამიანები გამოყონ მათ მხარდასაჭერად.

“რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც გაერთიანებულია პირობითად ერთი სახელის ქვეშ, ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, გადაწყვიტა, რომ ყველა მიმართულებით საზოგადოების ფენებიდან გამოყონ ადამიანები, რომლებიც მათ მხარს დაუჭერენ. აქედან გამომდინარე, ვითომ ეს თავისუფლების და ახალგაზრდობის ინტერესების გათვალისწინებით “გირჩისა” და “დროას” კონგლომერატი შექმნეს. იქით “ლელოა”, რომელიც ვითომ ბიზნესს მიხედავს და ვითომ, “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგია. გახარია, რომელმაც ყველა თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო “ნაცმოძრაობას” და პირიქით, როდესაც ყველაზე მეტის რესურსის მქონე პიროვნება იყო, პრემიერ-მინისტრი, სწორედაც მაშინ ჩაუდგა სათავეში დესტაბილიზაციის პროცესს. შეკვეთები შეასრულეს კოლექტიური. “ნაცმოძრაობა” იყო, არის და მომავალშიც იქნება, რა სახელიც არ უნდა დაირქვან, მნიშვნელობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ თვალთმაქცობას და სიყალბეს თავი დაანებონ და მართლაც ერთიანი სიით წარმოდგნენ, როგორც ამას სააკაშვილი მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, რომ ამ სიას სათავეში ჩაუდგეს თავისი ქოლგით, რომლის ქვეშ გაერთიანდებიან ყველანი. რა ქოლგაა ეს ჯერ არ ვიცით. ვიღაცამ ენამოსწრებულად თქვა, რომ ფუფალას ქოლგას უფრო ჰგავს ეს ქოლგაო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არანაირი კავშირი “ნაციონალური მოძრაობის” “სისხლიან რეჟიმთან”.

“ამ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანია, რომელსაც პირდაპირი კავშირი არანაირად არ ჰქონდა იმ სისხლის ღვრასთან და ადამიანის უფლებებზე გადავლასთან, რაც აი, ამ ფაშისტურმა რეჟიმმა იმ პერიოდში მოახერხა. სისტემური დანაშაულის ატმოსფერო შექმნა [რეჟიმმა] და სახელისუფლებო რესურსი დათრგუნვისაკენ გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილს ამასთან კავშირი არ გააჩნია. რადგან კავშირი არ გააჩნდა, რადგან იყო დამოუკიდებელი, რადგან არის დიასპორის წარმომადგენელი და ა.შ. სწორედ ეგ იყო შერჩეული მხარდასაჭერად “ქართული ოცნების” მიერ.

ამიტომ, შეირჩა სალომე ზურაბიშვილი. ერთი იყო გახარიას კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ ის აშკარად იყო ჩართული “ნაცმოძრაობასთან” პირდაპირ კავშირში. აქედან გამომდინარე, ყველა ნიშნით ჯერ-ჯერობით სალომე ზურაბიშვილი სჯობნის”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემის გეგმას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ვარაუდობენ, გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა ყოველწლიურად 2,5-3 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხის 90 პროცენტი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე დაიხარჯება, ათი პროცენტი კი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.

ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია – თამთა მეგრელიშვილი

ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მეგრელიშვილი გამოეხმაურა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო, რომელმაც 4 წლის წინ არჩევნებზე უამრავი ხარვეზი გამოავლინა და ბევრ მათგანზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო, საქართველოს ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, ეს არის კონკრეტული კონგრესმენის მიერ დაანონსებული მეგობარი აქტი, რომელიც წინაპირობებს ითვალისწინებს: შევამციროთ ანტიდასავლური რიტორიკა, გავიწვიოთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი,“ არ მივიღოთ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი და ასევე, მნიშვნელოვანი საკითხი – არჩევნები უხარვეზოდ ჩავატაროთ.

არჩევნები საქართველოში, რა თქმა უნდა, ძალიან გამართულად ტარდება, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ შევთანხმდეთ იმაზე, რომ არც ერთ შემდგარ სახელმწიფოში არჩევნები უხარვეზოდ არ ტარდება. ავიღო ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ხარვეზის სახით, 2020 წელს არჩევნების ჩატარებისას, დაახლოებით 1499 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან, 1275-ზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა. გავიხსენოთ ისიც, რომ აშშ-ს ერთ-ერთ შტატში არჩეულ იქნა ე.წ. მკვდარი სული, როდესაც დემოკრატი კანდიდატი აირჩიეს ხმათა 85%-ით.

ამ გამოცდილების მქონე სახელმწიფოს წარმომადგენელი, კონგრესმენი არ შეიძლება ქართულ სახელმწიფოს ასეთი ულტიმატუმით ესაუბრებოდეს – ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ, საგარეო – ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკის კუთხით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს არც აქამდე უშლიდა არაფერი ხელს, ამ პაკეტების რეალიზაციისთვის. საქართველო დიდი ხანია, ითხოვს თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში, თავისუფალ ვაჭრობას, სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ათეული წლების განმავლობაში განხორციელებადი იყო. დღეს ამ თემაზე საუბარი, და თან შანტაჟის ენით, მცდელობაა, ქვეყანაში ვითარების დაძაბვას შეეწყოს ხელი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის შესახებაც გამოცემა „პოლიტიკომ“ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.