ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე – ხაზარაძე

14
spot_img

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეთანხმება ალტერნატიული პლატფორმის ჩამოყალიბების იდეას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

მისი თქმით, ალტერნატიული ცენტრის შექმნის თაობაზე „ლელო“ მუშაობას აგრძელებს და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგმულია, თუმცა მეტ დეტალზე ამ ეტაპზე, ვერ ისაუბრებს.

„მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს და მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება.მე არ მინდა ასოცირებული ვიყო ძალასთან, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ქვეყანა, ყველამ კარგად ვნახეთ. არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. მეტ დეტალს ახლა სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. ეს იქნება ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის“ეთერში.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიან სიაში არ იქნება. მისი თქმით, სხვა პროდასავლური ოპოზიციური ძალების “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება საჩუქარი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ამასთან, ხაზარაძის განცხადებით, ძალიან პოზიტიურად უყურებს სალომე ზურაბიშვილის როლს პროცესში.

„მას მხარს ვუჭერ. პირად საუბარშიც დავადასტურე. ის ასრულებს საკმაოდ სერიოზულ როლს და შეასრულებს უახლოეს მომავალში კონსოლიდაციისკენ“, – დასძინა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ახლა, როგორც არასდროს ნამდვილი, პატრიოტული ძალების, რომელიც ნიშნავს პროევროპულ ძალებს გაერთიანების დრო დადგა.