უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა

22
spot_img

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

„ვენეციის კომისია მტკიცე რეკომენდაციას იძლევა კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებაზე, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“, – ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა კომისიის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კანონი უაღრესად სადავოა, რასაც ადასტურებს ქვეყანაში მასობრივი რეაქცია, რომელიც მიღებული იყო პროცედურის ფარგლებში, რომელიც არ ტოვებდა ადგილს ჭეშმარიტი განხილვისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების ღიად უგულებელყოფით.

„ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით დადგენილ ნორმებთან, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისევე, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს“, – წერია დასკვნაში.

ვენეციის კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ სუბიექტად აღიარებას სერიოზული შედეგები აქვს, რადგან ეს ძირს უთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ ოპერაციებს.

„ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და უცხოური მხარდაჭერის მიმღები მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საჯაროდ გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ანგარიში წარადგინონ, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, არ არის მოცემული დამაჯერებელი ახსნა იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები არასაკმარისი აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით ლობირების საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არ იქნება ადეკვატური“, – ნათქვამია დასკვნაში.