ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია – თამთა მეგრელიშვილი

22
spot_img

ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მეგრელიშვილი გამოეხმაურა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო, რომელმაც 4 წლის წინ არჩევნებზე უამრავი ხარვეზი გამოავლინა და ბევრ მათგანზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო, საქართველოს ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, ეს არის კონკრეტული კონგრესმენის მიერ დაანონსებული მეგობარი აქტი, რომელიც წინაპირობებს ითვალისწინებს: შევამციროთ ანტიდასავლური რიტორიკა, გავიწვიოთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი,“ არ მივიღოთ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი და ასევე, მნიშვნელოვანი საკითხი – არჩევნები უხარვეზოდ ჩავატაროთ.

არჩევნები საქართველოში, რა თქმა უნდა, ძალიან გამართულად ტარდება, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ შევთანხმდეთ იმაზე, რომ არც ერთ შემდგარ სახელმწიფოში არჩევნები უხარვეზოდ არ ტარდება. ავიღო ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ხარვეზის სახით, 2020 წელს არჩევნების ჩატარებისას, დაახლოებით 1499 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან, 1275-ზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა. გავიხსენოთ ისიც, რომ აშშ-ს ერთ-ერთ შტატში არჩეულ იქნა ე.წ. მკვდარი სული, როდესაც დემოკრატი კანდიდატი აირჩიეს ხმათა 85%-ით.

ამ გამოცდილების მქონე სახელმწიფოს წარმომადგენელი, კონგრესმენი არ შეიძლება ქართულ სახელმწიფოს ასეთი ულტიმატუმით ესაუბრებოდეს – ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.