,,მე მგონია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას გამჭვირვალობის კანონზე”- გიორგი კახიანი

24
spot_img

ჩვენ თავიდანვე მზად ვიყავით დისკუსიისთვის. დღემდეა ასეა, მაგრამ სამწუხაროა, რომ აქამდე ამის მზაობა ჩვენ ვერ დავინახეთ ვერავის მხრიდან. ვისმენდით მხოლოდ ზედაპირულ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი არგუმენტები არ ახლდა თან, – ამის შესახებ გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, პრეზიდენტის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე მსჯელობის ბოლო შანსი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი იმდენად დესტრუქციული აღმოჩნდა, რომ ის ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ, იმიტომ რომ პრეზიდენტმა გვითხრა, რომ „კანონთან შენიშვნები არ მაქვს, უბრალოდ ეს კანონი მაინც არ უნდა მიიღოთ“. დაახლოებით ასევე ვეტო გამოაგზავნა. მე მგონია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას. თითქოს თავიდან მოიცილა ეს პასუხისმგებლობა. დააკვირდით, როგორი მოწონება ჰქონდა ამ ყველაფერს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან. ანუ, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც უნდოდა რადიკალურ ოპოზიციას.

ამ ეტაპზე ეს ბოლო შანსი ხელიდან არის გაშვებული. ალბათ მომდევნო კვირას ვიმსჯელებთ უკვე ვეტოს დაძლევაზე და აუცილებლად დავძლევთ მას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახავთ რა შენიშვნები იქნება“, – განაცხადა კახიანმა.