“მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება” – გიული ალასანია

16
spot_img

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი და ის პოზიციას არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის. ამის შესახებ ალასანიამ დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა “დასავლეთის ვექტორი“ და ukraina.ge-მ „საქართველო-გზა ევროპისკენ“ პროექტის ფარგლებში გამართეს.

„დღევანდელი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ მისგან არ იქნება. ყველას საყურადღებოდ, მისი არჩევანი რჩება ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დავინახე და გავიგე, ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით, მიდიან ხალხთან და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ისინი მიშა სააკაშვილის გვერდით არიან. ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის ხუთიანი, ეს ყველამ იცოდეს“, – განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ნიკა მელია იყენებს მიხეილ სააკაშვილის სახელს ცუდად? გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ „ვინც იყენებს, იმ ადრესატების საყურადღებოდ ვამბობ და გაითვალისწინონ“.

„ხუთიანი იქნება მისი არჩევანი, როგორც იყო, არაფერი შეცვლილა ამ თვალსაზრისით მის ცხოვრებაში. ასე რომ ყველამ კარგად იცოდეს, ჩემი შვილი ამ პოზიციაზე ძალიან მყარად იქნება“,-განაცხადა გიული ალასანიამ.