Home Blog Page 281

ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მთავრობის კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ევროპაში.

როგორც პაპუაშვილი წერს, ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და „მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა.

„ამ რეიტინგით საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატო-ს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.

შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა.

აღნიშნული რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის და გაფლანგვის სიმცირე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მთავრობის კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას -შალვა პაპუაშვილი

მოთხილამურე „ინფლუენსერები“ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან 5 მოთხილამურე „ინფლუენსერს“ უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ინფლუენსერებმა“ გუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელებში „პოსტები“, „რილსები“ და „სთორები“ მოამზადეს.

„ინფლუენსერები“ საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ, რომლის ჩვენებაც საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალზე „Highfive“ გაიმართება.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვიწვია. საქართველოში 2 კვირით ვართ, ჩვენ სხვადასხვა რეგიონში ვმოგზაურობთ, ძალიან კარგ გამოცდილებას ვიღებთ და ვეცნობით საქართველოს“,-აცხადებს სებატიან დარლე ტურის მონაწილე.

„საქართველოში პირველად ვარ და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი ბუნება, კულტურა, მთები და კერძები გაქვთ, ძალიან მომწონს ქართული სტუმარმასპინძლობა, საქართველოში ძალიან თბილი ხალხია“,-ამბობს ტურის მონაწილე სელასთ პამერლანი.

ტურის მიზანია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

29 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან კონტროლს 24-საათიან რეჟიმში განახორციელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას.

„ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 თებერვალს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ჭიათურაში უნალექო დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +9, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე 0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ომალოშიც. დღისით +1, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

ლილოს დასახლებაში, გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია – შსს

ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული გარდაცვლილის ნაცნობი, 21 წლის მამაკაცია და ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს – 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მოკლული ქეთი ჯავახიშვილი გუშინ დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული და ორმოში იყო ჩაგდებული.

 

ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

დოკუმენტში, რომელსაც ანა ფოტიგა ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ამ შესწორების მიხედვით, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კონსტიტუციური უფლება. ეს კი, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“.

ანა ფოტიგას შესწორების თანახმად, დოკუმენტში ასევე „მკაცრად გმობენ რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, კონკრეტულად კი ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის აშენებას და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის დასასჯელად“.

„მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ციხეში მოკვდეს.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს.

დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღო ჩემ მიერ შეტანილი ორი ცვლილება“,- წერს ანა ფოტიგა „ტვიტერში“.

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა.

 

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა

ევროპარლამენტში ორ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული.

ანგარიშები 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებ მომზადებულია ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ.

დოკუმენტებში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. დევიდ მაკალისტერის რეზოლუციას 338 ხმით 86-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, სვენ მიქსერის რეზოლუციას კი 350 დეპუტატი 91-ის წინააღმდეგ მიემხრო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში განიცადა; დოკუმენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მავნე მცდელობები ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების იძულებით შეცვლის თაობაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას; მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ უსაფრთხოების თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ საბრძოლველად.

დოკუმენტი დადებითად აფასებს ევროპული საბჭოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი „იმ დათქმით, რომ შემდგომი ზომები იქნება მიღებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის, საპარლამენტო ზედამხვედველობის განხორციელების გაუმჯობესებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციისა და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით. ხაზს უსვამს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებსა და, შესაბამისად, აღნიშნავს ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნისთვის, აქცენტით სამოქალაქო საზოგადოების აქტორებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე მუშაობენ. მიუთითებს, მასტაბილიზებელ პოტენციურ როლზე, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიაში შეუძლია, შეასრულოს“.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო. კერძოდ, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განთავსება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეუფერხებელი წვდომა მიანიჭოს; ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, კიდევ უფრო გააძლიერონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესაძლებლობები და გააფართოონ მისი მანდატი; ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ ტერმინი „ოკუპაცია“, როგორც ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი დადგენილებებითა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებით, საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომლებიც უკანონოდ არის ოკუპირებული და რუსეთის ეფექტურ კონტროლქვეშაა.

ასევე, დოკუმენტი მკაცრად გმობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და მავრთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მოწყობას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს მოქალაქეების ხშირ უკანონო დაკავებას და გატაცებას და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს ადგილზე;

ანგარიში კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირს, განაგრძოს ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ყველა არსებული ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენებით, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გამოყენებით; მიესალმება ევროკავშირის დახმარებას საქართველოს მიმართ ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში და მოუწოდებს ევროკავშირს, შემდგომშიც ჩაერთოს საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში, პრიორიტეტულ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიულ კომპასში, კერძოდ, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მდგრადობა კრიზისების მართვის სფეროში, ჰიბრიდული საფრთხეების აღმოფხვრასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში.

დოკუმენტი მიესალმება ევროპული საბჭოს 2023 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებას, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ; ხაზს უსვამს ამ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის შემდგომი გაზრდის აუცილებლობას მათი საჭიროებების შესაბამისად.

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს, – ინფორმაციას ბელგიის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. ალექსანდრ დე კროოს ცნობით, ბრიუსელი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას უერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ კვირებში უკრაინაში მეტი საბრძოლო მასალა ჩავა.

„ვერასდროს ვერ შევედრებით იმ მსხვერპლს, რაზეც უკრაინა ყოველდღიურად მიდის, მაგრამ შეგვიძლია პრეზიდენტ ზელენსკის მივცეთ ის, რასაც ითხოვს – მეტი იარაღის რუსი აგრესორისგან დაცვისთვის“, – წერს დე კროო.

“თელავის აეროპორტის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ქვეყანაში შიდა ავიაციის განვითარების კუთხით” -ლევან დავითაშვილი

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში  შპს ,,ხმალაძე არქიტექტორებმა” გაიმარჯვა. კონკურსში  13 კომპანია მონაწილეობდა, ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს – ის 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს გამარჯვებული კომპანია – ,,ხმალაძე არქიტექტორებმა” კონკურსზე თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს, მათ შორის – შენობების ექსტერიერის დიზაინი  სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება, შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.
„თელავის აეროპორტის პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ზოგადად შიდა ავიაციის განვითარების კუთხოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით – ეს საშუალებას მოგვცემს, პირდაპირი კავშირები გვქონდეს ქუთაისის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტებთან, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან. თელავში თანამედროვე სტანდარტების აეროპორტის არსებობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ტურიზმის განვითარების კუთხით – ის ცალსახად ხელს შეუწყობს ტურისტების მობილობის ზრდას, მათ საშუალება ექნებათ, უფრო სწრაფად და კომფორტულად შეძლონ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის თუ ტურისტული ლოკაციების მონახულება”, – აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.

ოპოზიციიდან საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს -სოზარ სუბარი

ის რომ ყველანი „ნაცები“ არიან სინამდვილეში, ეს ფაქტია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ არის ათამდე სხვადასხვა პარტიაში გაშლილი, მაგრამ ამ პარტიებიდან ბარიერის გადალახვის შანსი, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ვერცერთი პარტია ამ შანსს ვერ მოიპოვებს, ეს ნათელია და ამას აჩვენებს ყველა კვლევა. რატომ უნდა მისცენ ხმა ნიკა გვარამიას, როდესაც ნიკა გვარამია 100 პროცენტით „ნაცმოძრაობასთან“ არის გაიგივებული. ვისაც „ნაცმოძრაობა“ უნდა, „ნაცმოძრაობას“ მისცემს ხმას“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, გამოვა თუ არა ოპოზიცია ერთი საარჩევნო სიით, სუბარი ასე პასუხობს:

„ასეთ გაერთიანებას ბევრი რამე უშლის ხელს, პირველ რიგში პიროვნული ამბიციები. თუ ერთიანი სია იქნება, შემდეგ ამ სიაში ადგილისთვის თავგადაკლული ბრძოლა დაიწყება, ერთმანეთს ცოცხლად შეჭამენ. ამ 30 კაცში ვინ მოხვდება, ძნელია, რომ ამაზე შეთანხმება შედგეს. ამბიციების და არასწორი გათვლების ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. წინა არჩევნებზე „ლელო“ დარწმუნებული იყო რომ იგებდა, თუმცა 4 კაცი ძლივს გაიყვანეს და მაშინაც რომ ყოფილიყო 5%-იანი ბარიერი, საერთოდ ბარიერს მიღმა დარჩებოდა. იგივე, სალომე ზურაბიშვილი როდესაც 2006 წელს არჩევნებში დამოუკიდებლად თავისი პარტიით გავიდა, 100%-ით დარწმუნებული იყო, რომ აბსოლუტურად ყველა საკრებულოში უმრავლესობას მოიპოვებდა, საბოლოოდ კი ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ გაიყვანა ვერცერთი კანდიდატი. ეს ამბიციები და არასწორი გათვლები უშლით მათ ხელს, რომ რაციონალური ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა სუბარმა.

,,სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე გაილაშქრა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”- სუბარი

სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, მორიგ ჯერზე გაილაშქრა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ კონსტიტუციის დარღვევა, თან იმ ადამიანის მიერ, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, არის ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ხალხის ძალის“ წევრის თქმით, პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას კვლავ დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს და საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრით, საფუძველს უქმნის იმას, რომ 2024 წელს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„საქართველოში პრორუსულ ძალებს არ აქვთ მხარდაჭერა. საქართველოს მოსახლეობა აცრილია რუსულ პროპაგანდაზე, ის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ პროპაგანდას მხარდაჭერა არ აქვს და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად“, – აცხადებს სუბარი.

ის ასევე გამოეხმაურა იმ კითხვის ნიშნებს, რომლებიც პრეზიდენტის განცხადებებში მთავრობის პროევროპული კურსის მიმართ ისმის.

„რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულობას, პროევროპულობას თუ პროქართულობას – საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ქვეყანას აქვს ისეთი დონის სუვერენიტეტი, როგორიც არასოდეს ჰქონია. ამ სუვერენიტეტის განმტკიცება არის უმთავრესი მიზანი. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დაბრუნდა პოლიტიკაში, განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროკავშირში გაწევრიანება და ამის ბოლო ვადად 2030 წელი დაითქვა. ხოლო ამ ამოცანების დასახვამდე, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა სუბარმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან შეცდომა იყო.

,,ჩინეთთან ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ”- პრეზიდენტი

ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში, ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის დროს ჩინეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდა ამისა, ჩინეთი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამიტომაც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა სჭირდება.

სალომე ზურაბიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არსებითი მნიშნველობა აქვს, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება გლობალურად ყველას ეხება.

“ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ უფრო და უფრო აქტიური გახდა. ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. ჩვენ, ასევე, გუშინ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მივიღეთ.

გარდა ამისა ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, ვინაიდან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები.

ალბათ, მეტი ჩართულობა გვჭირდება დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საკითხია, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ – ანაკლიის პორტი. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, შავი ზღვრის უსაფრთხოება არის საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველას გვეხება სამომავლოდ. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, და ა.შ.,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.