რადიკალური ოპოზიცია რაც მეტს ილაპარაკებს, მით უფრო უკეთ მოხდება ოპოზიციის ლუსტრაცია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, უპასუხისმგებლობას, რადიკალიზაციას, დეზინფორმაციას საზოგადოება ყოველთვის ეტყვის უარს.
„მთავარ ოპოზიციურ პარტიობაზე როცა გაქვს პრეტენზია და ისე მიმდინარეობს ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში, შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე სხდომებს არც კი ესწრება, ეს უკვე ამ პოლიტიკური ჯგუფისგან თუ პარტიისგან კაპიტულაციაზე ხელმოწერის აღიარებაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის განცხადებით, როგორც არ უნდა ეცადონ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, დესტრუქციული როლი შეასრულონ, დააზიანონ საქართველოს ევროინტეგრაცია, ამას მმართველი გუნდი არ დაუშვებს.
„მეათე მოწვევის პარლამენტს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პერიოდში მოუწია მუშაობა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რაც ამ პერიოდში უნდა დამდგარიყო, ეს იყო, მიიღებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა კონკრეტულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ეს მიზანი მიღწეულია. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამ პროცესში ერთ-ერთი ფლაგმანი იყო საქართველოს პარლამენტი. პარლამენტმა უზრუნველყო იმ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროაქტიულ დღის წესრიგს, ცხრა ნაბიჯზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებების კარის გაღებისთვისაც ჩვენი პარლამენტი შექმნის ობიექტურ, სანდო, ძლიერ კრიტერიუმებს, რასაც დაეფუძნება გადაწყვეტილება, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ევროპელი პარტნიორები მიიღებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.