Home Blog Page 785

პრეზიდენტმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისათვის ამ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა ექნება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის. ამასთან, პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ არჩევნებში დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოების, ახალგაზრდებისა და დიასპორის მობილიზაციასა და ჩართულობას.

„დელეგაციამ, რომელიც საქართველოში რეგიონში ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა და ევროინტეგრაციის მიმართულებით პრეზიდენტის ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. რუსულ კანონს და აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ ყველა სამართლებრივ მექანიზმის გამოყენებას როგორც საქართველოში ასევე სტრასბურგში, საქართველოს ევროპული გზისთვის ამ მეტად საზიანო კანონის მოქმედების შესაჩერებლად.

პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა, რომ ის ნებისმიერ კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას აზიანებს ვეტოს დაადებს.

საუბარი შეეხო, ასევე მმართველი გუნდის ანტიევროპულ და ზოგადად ანტიდასავლურ რიტორიკას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ასევე ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სფეროს გაძლიერებისთვის დაფინანსების და წვრთნების გაყინვის , რუსეთისთვის ძალიან ცუდი სიგნალია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახლა გადამწყვეტ ეტაპზე იმყოფება და ქართველ ხალხს სჭირდება იგრძნოს მხარდაჭერა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან.

შეხვედრაზე განიხილეს „ქართული ქარტიის მნიშვნელობა” რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმას იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს მის ევროინტეგრაციის გზას და ბრიუსელთან დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში – ბათუმის საზღვაო ნავსადგური – XXIII ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებულია

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოებაზე – 2023-2024 წლის 21 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ კატეგორიაში – უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში – ბათუმის საზღვაო ნავსადგური დაასახელა.

ბათუმის ნავსადგურმა ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში – საინვესტიციო მიმზიდველობა, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, დინამიური ზრდა და განვითარება -“ბათუმის საზღვაო ნავსადგური” და ულან ტლეუგალი დაჯილდოვდა.

ბათუმის ნავსადგური, ევროპა-კავკასია-აზიის კორიდორის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომელიც ევროპას აზიასთან აერთებს.

ნავსადგურის შექმნის ისტორია პრაქტიკულად კავკასიის რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრის ფორმირების ისტორიაა, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი

ბათუმის ნავსადგურის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს მის განვითარებას, ძირითადი საშუალებების განახლებას, ხარისხის მართვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

როგორც ინვესტიცია 2008 წლიდან დღემდე, BSP-მა მოიზიდა 48 მილიონი აშშ დოლარი.

მაღალპროფესიონალური გუნდი, განვითარებული ინფრასტრუქტურა, ხელსაყრელი მდებარეობა და მრავალფეროვნება საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სერვისების ფართო სპექტრი ოპტიმალური პირობებით.

ტვირთბრუნვის დინამიური ზრდა წარმოების ამოუწურავი შესაძლებლობებისა და მიზანმიმართული, აქტიური მუშაობის მტკიცებულებაა. პორტი ახალ საფეხურზე მოდის და განაგრძობს განვითარებას, რადგან მას აქვს პოტენციალი, მიაღწიოს კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს.

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია “ასკანელი ძმები” გახდა.

ჟიურიმ წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად “ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე დაასახელა და Investment Award -ის გარდამავალი ჯილდო (“ზარაფხანას” მიერ შექმნილი ექსკლუზიური კომპოზიცია – (“მერიდიანი”) გადასცა.

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ტრადიციულად, საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური გარდამავალი ჯილდოები.

Investment Award – ის გარდამავალი ჯილდო შემდეგ კომპანიებს გადაეცათ:

1. გარდამავალი ინვესტორის ჯილდო -“ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე

2.უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში – ბათუმის საზღვაო ნავსადგური

3. სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა – “თამ მენეჯმენტი” – პანტიკო თორდია

4. მსხვილი ექსპორტიორი -“ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე

5. წლის საუკეთესო დამსაქმებელი -“ნიკორა სუპერმარკეტი” – თემურ ალექსანდრია/მარინა ნიკოლაიშვილი

6. ყველაზე დიდი იმპორტიორი -“სოკარი” – მაირ მამედოვი

7. მწვანე ეკონომიკის ლიდერი – PSP -ვაჟა ოქრიაშვილი

8. მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებისთვის – კავკასიის ავტოიმპორტი – გიორგი სურგულაძე

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ.

პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

ნატოს ლიდერები ცდილობენ ალიანსი დონალდ ტრამპისაგან დაიცვან – რას წერს უცხოური პრესა

როგორც ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) წერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებისათვის არასასიამოვნო დრო დგება – „ცა იქუფრება და ჩრდილები მუქდება“, ყველა შეშფოთებული ფიქრობს დონალდ ტრამპის სავარაუდო მოსვლაზე. „ეს სიმპტომები ვაშინგტონის სამიტის დროსაც აშკარად შესამჩნევი იყო“ – ასეთი აზრია გატარებული სტატიაში სათაურით „ნატოს ლიდერები ცდილობენ ალიანსი დონალდ ტრამპისაგან დაიცვან“ (ავტორები – მაიკლ ბირნბაუმი და ჯეიმს ჰადსონი).


გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე ვერსიას:


მართალია, თვითონ დონალდ ტრამპი ნატოს სამიტზე არ ესწრებოდა და მიწვეულიც არ ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად, ექს-პრეზიდენტის აჩრდილი სამიტის მონაწილეებს თვალწინ ედგათ. მათი გონება ტრამპით იყო დაკავებული და ამიტომ ისინი ისეთ სტრატეგიას ამუშავებენ, რომ ადაპტირება შეძლონ, თუ ამერიკას ალიანსის მიმართ „სკეპტიკურად განწყობილი“ ადამიანი უხელმძღვანელებს.


სამიტის დროს ყოფილ პრეზიდენტზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ მასზე უწყვეტად ფიქრობდნენ, განსაკუთრებით ევროპელი ლიდერები. ისინი ჩუმად „მკითხაობდნენ, ხომ არ გახდება ეს სამიტი მათი ბოლო შეხვედრა აშშ-ის ისეთ პრეზიდენტთან, რომელიც ტრანსატლანტიკური იდეების ერთგულია.


სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო პრევენციული ზომები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის სავარაუდო არჩევის შემთხვევისათვის. ისინი მზად არიან თვითონ გააკონტროლონ უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარება, რომელსაც ადრე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობა კურირებდა. მათ ხელი მოაწერეს კიევთან ათწლიან თავდაცვით ვალდებულებას და სამხედრო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ზრდიან.


ძალიან ცოტა ევროპელ პოლიტიკოსს სჯერა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკა ნატოს წევრობაზე უარს იტყვის და ალიანსს დატოვებს, მაგრამ იმავდროულად შიშობენ, რომ იგი ალიანსის მიმართ საქმიან, პრაგმატულ დამოკიდებულებას დაიწყებს – გააკონტროლებს, თუ როგორ ასრულებენ ნატოს წევრები თავიანთ ვალდებულებებს ხარჯების გაზრდის თაობაზე და ღირს თუ არა ამერიკა ნატოს იმ წევრებს დაეხმაროს (რომელიმე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში), რომლებიც თავიანთი არმიების გაძლიერებაზე არ ზრუნავენ.


„თუ ჩვენ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად მეორედ ავირჩევთ, მაშინ, ევროპელების აზრით, ეს მკაფიო მინიშნება იქნება მათთვის, თუ საით და როგორ განვითარდება აშშ-ის პოლიტიკა. შესაბამისად, ნატო ემზადება „ტრამპისაგან თავდასაცავად“, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. მატულობს შეშფოთება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეერთებულ შტატებისათვის ევროპა პრიორიტეტული არ იქნება“, – ამბობს ანდრეა კენდალ-ტეილორი – ამერიკული ანალიტიკური ცენტრის (Center for a New American Security) ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პროგრამების დირექტორი – გაზეთის ჟურნალისტებთან საუბარში.


მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც: „მე მუდმივად ვეუბნები ევროპელებს: დონალდ ტრამპისადმი შიშის გამო ჭკუიდან ნუ გადახვალთ. თქვენ ადრეც ასე აკეთებდით, ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ განა ევროპისათვის ცუდი პერიოდი იყო“, – ამბობს რეიჩელ რიცო, ატლანტიკური საბჭოს ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – დიახ, იყო მძაფრი რიტორიკა, მკვეთრი გამონათქვამები, მაგრამ ის პოლიტიკა, რომელსაც დონალდ ტრამპი ატარებდა ნატოს მიმართ, ალიანსს ზიანს არ აყენებდა. პირიქით, სამხედრო ბიუჯეტის ზრდის მოთხოვნით, მას ნატოს გაძლიერება სურდა“.


წყარო

მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რათა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნას უზრუნველყოფილი – ირაკლი ჩიქოვანი 

მე ვარ იმ მთავრობის და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნას უზრუნველყოფილი, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას, პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა და ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოს დაუახლოვდეს: “ეს არის ხელისუფლება, რომელმაც უზრუნველყო, რომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ძალიან დიდი და უზარმაზარი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროკავშირის სტანდარტებთან ურთიერთთანხვედრა. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში არსებობდეს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტი. ეს არის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც არაერთი რამ გაკეთებულა.“
„შემიძლია ქართულ საზოგადოებას ერთი რამ ვუთხრა, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ყიჟინა, შეძახილი, რომ “ქართული ოცნება” ვერ შეძლებდა შედეგების მიღწევას, ამ ხელისუფლებამ მიაღწია იმ შედეგებს, რომელსაც თქვენ აფასებთ. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას და გააკეთებენ არჩევანს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე. დარწმუნებული ვარ, ისინი ამას მიიღებენ”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის ინტერესებს ემსახურება, შეაჩერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი – ანა ნაცვლიშვილი

მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ პირს, რომელსაც აცვია ფორმა და ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვას: ახლა თითოეული თქვენგანის კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ატლანტიკური მომავალი და უსაფრთხოების გარანტიები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ნატო-ს კომუნიკეს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, მოახერხა და შეაჩერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

„საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო – ეს არის ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის და ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია იყო და ეს ასეც უნდა დარჩეს, მაგრამ ნატო-ს მიერ დღეს მიღებულ კომუნიკეში ეს ჩანაწერი აღარ არის. ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, მოახერხა და შეაჩერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. ეს არის რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის უმძიმესი შედეგი. ამიტომ ვეწინააღმდეგებოდით რუსულ კანონს და ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას. ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება საქართველოს გამარჯვებით.

დღეს დამდგარი ძალიან მძიმე შედეგი არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაცვლად საქართველოს ინტერესების დაცვისა, დაკავებულია ქვეყნის ინტერესების საბოტაჟით. კარგი ამბავი არის ის, რომ მხოლოდ 3 თვე რჩება არჩევნებამდე, რომლითაც უნდა შეიცვალოს რუსეთის და არა საქართველოს მსახური ივანიშვილის ძალაუფლებაში ყოფნა.

მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ პირს, რომელსაც აცვია ფორმა და ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვას: ახლა თითოეული თქვენგანის კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ატლანტიკური მომავალი და უსაფრთხოების გარანტიები. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გვქონდეს კომუნიკაცია დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებთან, რათა საქართველოს უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და არ ჩაიკეტოს ევროატლანტიკური მომავალი, რისთვისაც გამალებით მუშაობს კრემლი და მისი მსახური ივანიშვილი. „ლელო“ ემსახურება ქართველ ხალხს და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და ეს ბრძოლა დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით არჩევნებზე და რამდენიც არ უნდა ეცადოს კრემლი, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს უსაფრთხოების უმაღლეს გარანტიას“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებს, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.

“ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

წლის ლიდერი საინჟინრო კომპანია-“იმპოსტი მეპი” “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებულია

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოებაზე – 2023-2024 წლის 21 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა.

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის რიგით XXIII -ე დაჯილდოების ცერემონიალზე “იმპოსტი მეპი” წლის ლიდერ საინჟინრო კომპანიად დასახელდა.

ნომინაცია– საინჟინრო კომუნიკაციების სფეროს ლიდერი, ნდობის უმაღლესი ხარისხი, პასუხისმგებლობიანი სტაბილური პარტნიორი- “იმპოსტი მეპი” და ვაკო კუვშინოვი დასახელდა.

“იმპოსტი მეპი” ლიდერი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია ასრულებს რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს. გამოირჩევა მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესით, ინოვაციური გადაწყვეტილებებით და ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით.

კომპანიის მიმართულებებია: პროექტირება, საინჟინრო კომუნიკაციების (MEP) შესრულება და ექსპლუატაციის შემდგომი ტექნიკური მომსახურება.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ექსპერტების რჩეული კომპანიები შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

1. ნომინაციაში – სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ინოვაციური პროექტები და მაღალტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი გუნდის პროფესიონალიზმი- “ავერსი” და პაატა კურტანიძე დასახელდა.

2. ნომინაციაში – წარმოშობის მდიდარი ისტორია, უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები, გუნდის პროფესიონალიზმი – “ასკანელი ძმები”- ირაკლი უგლავა დასახელდა.

3. ნომინაციაში – საინვესტიციო მიმზიდველობა, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, დინამიური ზრდა და განვითარება -“ბათუმის საზღვაო ნავსადგური” და ულან ტლეუგალი დაჯილდოვდა.

4.ნომინაციაში- ბოლნისური ღვინის წარმოების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, საზოგადოებრივი იმიჯი – “გაერთიანება ღვინო ბოლნისი”და გურამ ავქოფაშვილი დაჯილდოვდა.

5.ნომინაციაში – ეროვნული სტანდარტი მსოფლიო ბაზარზე, კორპორატიული მართვის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი – “დუგლაძეების ღვინის კომპანია” და დავით დუგლაძე დაჯილდოვდა.

6. ნომინაციაში ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ლიდერი რთული და სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში -“საზღვაო ხაზი ე- 60” და შალვა წაქაძე დაჯილდოვდა.

7.ნომინაციაში – რადიოგრაფიული სფეროს რევოლუციური ლიდერი, ნდობის მაღალი ხარისხი და მდგრადი საგარანტიო მომსახურება -ენდითი გლობალი და ალბენს ბუშატი დაჯილდოვდა.

8. ნომინაციაში-ეკოლოგიურად სუფთა ინოვაციური პროდუქტი მაღალი კორპორატიული სტანდარტი წლის აღმოჩენა და წარმატებული დებიუტი -ესპო + და მალხაზ იასაშვილი დაჯილდოვდა.

9. ნომინაციაში– საქმიანობის სტაბილურობა, დივერსიფიცირებული ბიზნეს პორტფელი, მანქანათმშენებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის “ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი”და ბადრი წილოსანი დაჯილდოვდა.

10. ნომინაცია- ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, მაღალტექნოლოგიური სტანდარტი, ლიდერი ქართულ ავიამშენებლობაში -“თამ მენეჯმენტი” და პანტიკო თორდია დაჯილდოვდა.

11. ნომინაცია– საინჟინრო კომუნიკაციების სფეროს ლიდერი, ნდობის უმაღლესი ხარისხი, პასუხისმგებლობიანი სტაბილური პარტნიორი- “იმპოსტი მეპი” და ვაკო კუვშინოვი დასახელდა.

12. ნომინაციაში- საუკეთესო დამსაქმებელი, ბაზრის ლიდერი, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი -“კავკასიის ავტოიმპორტი”და გიორგი სურგულაძე დასახელდა.

13.ნომინაციაში-მომხმარებლის არჩევანი, შთამბეჭდავი პროგრესი, ეფექტიანი მარკეტინგი -“ლიბრე” ნანა ხარაული და თემურ ალექსანდრია დაჯილდოვდნენ.

14.ნომინაციაში-მომხმარებლის არჩევანი, შთამბეჭდავი პროგრესი, ეფექტიანი მარკეტინგი -“ლიბრე”  და თემურ ალექსანდრია დაჯილდოვდნენ.

15.ნომინაციაში -დარგის ლიდერი, საქმიანობის სტაბილურობა, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის “ნიკორა სუპერმარკეტი” და თემურ ალექსანდრია დაჯილდოვდა.

16. ნომინაციაში -დარგის ლიდერი საქმიანობის სტაბილურობა დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის – “ნიკორა სუპერმარკეტი”და მარინა ნიკოლაიშვილი დაჯილდოვდა.

17.ნომინაციაში – მაღალტექნოლოგიური სტანდარტი, ეფექტიანი მართვის სტილი, საერთაშორისო აღიარების ქართული ბრენდი -“ომნო” და კახა გელაშვილი დასახელდა.

18. ნომინაციაში -შთამბეჭდავი პროგრესი, პროდუქტის მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი, -“პანე” და ტატო ივანიაშვილი დასახელდა.

19. ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის- PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა.

20.ნომინაციაში– ბიზნეს ტურიზმი შეტანილი წვლილისთვის, გლობალური, სტრატეგიული პარტნიორი, საერთაშორისო ბაზარზე საქმიანი რეპუტაცია – “პრემიუმ ღონისძიებები” და ნიკოლოზ კობახიძე დასახელდა.

21.ნომინაციაში -უახლესი ტექნოლოგიები, მომხმარებელზე ზრუნვა, ღრუბლოვანი სერვისების ლიდერი – “პროსერვისი” და რევაზ ნატროშვილი დასახელდა.

22.ნომინაციაში – რეგიონის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული როლისთვის -სოკარი და მაირ მამედოვი დაჯილდოვდა.

23.ნომინაციაში – მაღალტექნოლოგიური საწარმოო ბაზა,უმაღლესი ქართული სტანდარტი ევროპისათვის, საერთაშორისო აღიარება -“ჯორჯიან პროდაქტსი” და დავით ბარდაველიძე დაჯილდოვდა.

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.
ბიზნეს  რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს, მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად,   საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები,საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, პოლიტოლოგები, ექსპერტები,  ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა – ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ს და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე, „არის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილება“.

თავდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ ორივე მხარე ძალიან მალე გადაწყვეტილებას შეცვლის.

ასევე, ჩიქოვანის მტკიცებით, „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გარდა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„რაც შეეხება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების გადადებას, მეორე მხრივ, ევროკავშირის მხრიდან „მშვიდობის ფონდის“ რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი. შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. საერთაშორისო წვრთნებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი ატარებენ, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებს, რადგანაც ერთი მხრივ, ეს ხელს უწყობს ჩვენი თავსებადობის გაზრდას, მეორე მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, საშუალებას იძლევა, რომ თვალი გავუსწროთ ახალ გამოწვევებს და შესაბამისად, ამაზე გვქონდეს რეაგირება. ამასთან, გეტყვით იმას, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესაც გვაქვს ძალიან ბევრი ფორმატი, რომელშიც ვთანამშრომლობთ აშშ-სთან და ასევე, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე განცხადებები აშშ-ს მხრიდან გაკეთდა. თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ასევე, ჩვენ გეტყვით იმას, რომ ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის.

რაც შეეხება „ევროპის მშვიდობის“ ფონდიდან რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება. ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა ძირითადად არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო.

გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განაცხადებთ, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. მისივე თქმით, „ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“.

გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი. ამ ყველაფერმა მოგვცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება. მთლიანობაში 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე ვიმსჯელეთ ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი; 100 მლნ დაემატება თავდაცვის სამინისტროს; 80 მლნ დაემატება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; 33 მლნ-ით გაიზრდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი; 10 მლნ დაემატება შსს-ს; 10 მლნ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 6 მლნ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტს დაემატება; ცესკო-ს 3 მლნ დაემატება; 60 მლნ ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ბიუჯეტი და 102 მლნ გადაეცემა მუნიციპალიტეტებს.

ასევე, აღვნიშნავ, რომ ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით და ასევე, ეფექტიანი მართვის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. ყველას გახსოვთ როგორც ცდილობდნენ ოპოზიცია და მათი მფარველები, მეგობრები, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით. არც მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დღეს ეროვნული ბანკი სწორედ ოპოზიციის კადრებით დაკომპლექტდებოდა. გვახსოვს ასეთი პროცესები წინა წლებიდან, რა თქმა უნდა, ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ. გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი. გვაქვს კარგი ტენდენციები, ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს, პირველი ორი კვარტლის მონაცემებიც კარგი და დამაიმედებელია. ასეთ პირობებში, გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯორჯ კლუნი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოსვლას მოუწოდებს – BBC-ი

„ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ ფულის შეგროვების მიზნით გამართული ღონისძიებების ერთ-ერთ აქტიურ ორგანიზატორს წარმოადგენს, მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წინასაარჩევნო რბოლიდან გამოსვლა ურჩია, რის შესახებაც მსახიობმა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) სტატია გამოაქვეყნა“, – ნათქვამია ბრიტანული BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მას დროსთან ბრძოლაში გამარჯვება არ შეუძლია“: ჯორჯ კლუნი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოსვლას მოუწოდებს“.


როგორც მსახიობი წერს, ჯო ბაიდენს მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ძალიან ბევვრი ბრძოლა აქვს მოგებული, „მაგრამ მას დროსთან ბრძოლაში გამარჯვება არ შეუძლია“.
ჯორჯ კლუნი სტატიაში საკუთარ თავს „ერთგულ და მტკიცე“ დემოკრატს უწოდებს და საზოგადოებას ახსენებს, რომ იგი მრავალ ღონისძიებაში მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიისა და პირადად ჯო ბაიდენის სასარგებლოდ. მისი ტქმით, სამი კვირის წინ ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე ჯო ბაიდენის გვერდით იდგა და მიხვდა, რომ დღევანდელი პრეზიდენტი ისეთი ადამიანი აღარ არის, როგორიც 2010 წელს ან 2020 წელს იყო.
„იმ დღეს ჯო ბაიდენი უკვე მე ისეთ ადამიანად ჩავთვალე, რომელიც მოგვიანებით, ტელედებატების დროს ყველამ დაინახა. ჩვენი [დემოკრატიული] პარტიის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ იმაზე ლაპარაკი, რომ 51 მილიონმა ამერიკელმა ვერ შეამჩნია ის, რაც ჩვენ დავინახეთ“, – აღნიშნავს ჯორჯ კლუნი.


მსახიობის თქმით, „ყველაფერი ასაკს უკავშირდება“. იგი დარწმუნებულია, რომ თუ დემოკრატიული პარტია ჯო ბაიდენთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიას გააგრძელებს, არჩევნებს ვერ მოიგებს.


ჯორჯ კლუნის ნათქვამი გაისმა რამდენიმე საათით ადრე იმ ფონზე, როცა კონგრესის ქვედა სტრუქტურის – წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს მცირე დრო დარჩა, რათა გადაწყვიტოს – ღირს თუ არა საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა სამარცხვინო ტელედებატების შემდეგ.


81 წლის ჯო ბაიდენი ძალიან ცუდად გამოვიდა დონალდ ტრამპთან გამართულ დებატებში, რომელშიც მან, ფაქტიურად, მარცხი განიცადა. იგი გამოიყურებოდა დაბნეულად და რიგ მომენტებში აზრი ეფანტებოდა. მოგვიანებით მან თავისი მდგომარეობა დაღლილობით ახსნა, მაგრამ ვერავინ დააჯერა.


ტელედებატების შემდეგ დემოკრატიული პარტიის რამდენიმე სპონსორმა საჯაროდ გააკეთეს გამაფრთხილებელი განცხადება, რომ თუ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას არ შეწყვეტს, ისინი პარტიის დაფინანსებაზე უარს იტყვიან.


ორშაბათს ჯო ბაიდენი შეეცადა დაერწმუნებინა დამფინანსებლები, რომ თავს კარგად გრძნობს და მას დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია, მაგრამ უშედეგოდ. მომდევნო დღეს ექვსი დემოკრატი კონგრესმენი განცხადებით გამოვიდნენ და თანაპარტიელ ჯო ბაიდენს კიდევ ერთხელ მოუწოდეს გვერდზე გადგომა. „დღეს ქვეყანას ასე ჭირდება“, – ხაზი გაუსვეს კონგრესის წევრებმა.


სხვათა შორის, ვაშინგტონში, 9 ივლისს, ნატოს სამიტის გახსნისას ჯო ბაიდენმა 13-წუთიანი გამოსვლის დროს, ტელედებატებისაგან განსხვავებით, გასაგებად და მკაფიოდ ილაპარაკა. როგორც ჩანს, ამით მან აჩვენა ოპონენეტებს, რომ იგი ნორმალურ მდგომარეობაშია. თუმცა, ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტმა გამოსვლის დროს ტელესუფლიორით ისარგებლაო.


ასეა თუ ისე, ჯო ბაიდენის თავზე შავი ღრუბლები იკრიბება. სიტუაციას ამძაფრებს ინფორმაციის გაჟონვა: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნევროლოგი და პარკინსონის დაავადების სპეციალისტი კევინ კანარდი თეთრ სახლში თურმე რვაჯერ გამოუძახიათ ჯო ბაიდენის მდგომარეობის შესამოწმებლად.


თეთრი სახლი მუდმივად ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ჯო ბაიდენი ჯანმრთელია და მას დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია. თვითონ ჯო ბაიდენიც აცხადებს, რომ არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს და „ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ უფალი არ ეტყვის, შეწყვიტეო“.


„მე ვკითხულობ და ვუსმენ ყველა იმ ისტორიებს, რომლებშიც ჩემს ასაკზე და მოხუცებულობაზე ლაპარაკობენ. განა მე მოხუცი ვიყავი, როცა 15 მილიონი სამუშაო ადგილი შევქმენი? განა მე ძალიან ასაკოვანი ვიყავი იმ დროს, როცა 5 მილიონ ამერიკელს სტუდენტობის დროს დაგროვილი ვალები ჩამოვაწერე? განა მე მოხუცი ვარ იმისათვის, რომ დონალდ ტრამპზე გავიმარჯვო? – იკითხა ჯო ბაიდენმა ვისკონსინის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, რაზედაც შეკრებილმა ერთხმად უპასუხეს: „არა“.


წყარო

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია

11 ხმით, საპროკურორო საბჭომ, დღევანდელ სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია.

საბჭომ საბოლოო არჩევანი ვიქტორ ახალბედაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძესა და გიორგი გაბიტაშვილს შორის გააკეთა.

კენჭი სამივე კანდიდატს ცალ-ცალკე და ფარულად ეყარა.

საპროკურორო საბჭოს 12 მოქმედი წევრი ჰყავს. სხდომას დაესწრო საბჭოს ყველა წევრი „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას გარდა.

საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერება სამწუხარო და კონტრპროდუქტიულია ურთიერთობების გადატვირთვისთვის – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე, „არის სამწუხარო“.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილებები კონტრპროდუქტიულია ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით.

„მინდა გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობების ნამდვილად გადატვირთვა სჭირდება. ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე არის მზად. ასევე, ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები. სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ჩვენ ამისათვის თავიდან ბოლომდე მზად ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო.

გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განაცხადებთ, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. მისივე თქმით, „ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც”.

საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში წარმატებით გავართმევთ თავს – ვიქტორ დოლიძე

საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად, რასაც დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში წარმატებით გავართმევთ თავს, – განაცხადა ნატოს საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით ნატოში საქართველოს ელჩმა ელჩმა ვიქტორ დოლიძემ.

„პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს ნატოს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, სადაც ალიანსის წევრები კონკრეტიკაში არ შესულან და აქ იყო ზოგადი ხასიათის პოლიტიკური განაცხადი იმ საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა ნატოს დაარსების 75 წლის იუბილეს. თუმცა, ბუნებრივია აქაც საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა და ვფიქრობ, არა მხოლოდ პარტნიორობის, არამედ სხვა ჭრილში და სხვა თემებთან დაკავშირებით, მათ შორის არის პარტნიორი ქვეყნების გაღებული წვლილი და მსხვერპლი ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად, რასაც დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში წარმატებით გავართმევთ თავს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.