პრეზიდენტმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

12
spot_img

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისათვის ამ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა ექნება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის. ამასთან, პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ არჩევნებში დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოების, ახალგაზრდებისა და დიასპორის მობილიზაციასა და ჩართულობას.

„დელეგაციამ, რომელიც საქართველოში რეგიონში ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა და ევროინტეგრაციის მიმართულებით პრეზიდენტის ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. რუსულ კანონს და აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ ყველა სამართლებრივ მექანიზმის გამოყენებას როგორც საქართველოში ასევე სტრასბურგში, საქართველოს ევროპული გზისთვის ამ მეტად საზიანო კანონის მოქმედების შესაჩერებლად.

პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა, რომ ის ნებისმიერ კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას აზიანებს ვეტოს დაადებს.

საუბარი შეეხო, ასევე მმართველი გუნდის ანტიევროპულ და ზოგადად ანტიდასავლურ რიტორიკას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ასევე ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სფეროს გაძლიერებისთვის დაფინანსების და წვრთნების გაყინვის , რუსეთისთვის ძალიან ცუდი სიგნალია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახლა გადამწყვეტ ეტაპზე იმყოფება და ქართველ ხალხს სჭირდება იგრძნოს მხარდაჭერა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან.

შეხვედრაზე განიხილეს „ქართული ქარტიის მნიშვნელობა” რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმას იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს მის ევროინტეგრაციის გზას და ბრიუსელთან დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.