ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის ინტერესებს ემსახურება, შეაჩერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი – ანა ნაცვლიშვილი

13
spot_img

მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ პირს, რომელსაც აცვია ფორმა და ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვას: ახლა თითოეული თქვენგანის კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ატლანტიკური მომავალი და უსაფრთხოების გარანტიები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ნატო-ს კომუნიკეს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, მოახერხა და შეაჩერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

„საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო – ეს არის ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის და ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია იყო და ეს ასეც უნდა დარჩეს, მაგრამ ნატო-ს მიერ დღეს მიღებულ კომუნიკეში ეს ჩანაწერი აღარ არის. ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, მოახერხა და შეაჩერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. ეს არის რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის უმძიმესი შედეგი. ამიტომ ვეწინააღმდეგებოდით რუსულ კანონს და ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას. ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება საქართველოს გამარჯვებით.

დღეს დამდგარი ძალიან მძიმე შედეგი არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაცვლად საქართველოს ინტერესების დაცვისა, დაკავებულია ქვეყნის ინტერესების საბოტაჟით. კარგი ამბავი არის ის, რომ მხოლოდ 3 თვე რჩება არჩევნებამდე, რომლითაც უნდა შეიცვალოს რუსეთის და არა საქართველოს მსახური ივანიშვილის ძალაუფლებაში ყოფნა.

მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ პირს, რომელსაც აცვია ფორმა და ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვას: ახლა თითოეული თქვენგანის კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ატლანტიკური მომავალი და უსაფრთხოების გარანტიები. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გვქონდეს კომუნიკაცია დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებთან, რათა საქართველოს უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და არ ჩაიკეტოს ევროატლანტიკური მომავალი, რისთვისაც გამალებით მუშაობს კრემლი და მისი მსახური ივანიშვილი. „ლელო“ ემსახურება ქართველ ხალხს და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და ეს ბრძოლა დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით არჩევნებზე და რამდენიც არ უნდა ეცადოს კრემლი, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს უსაფრთხოების უმაღლეს გარანტიას“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებს, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.

“ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.