Home Blog Page 4

პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძემ პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი მიულოცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.

„ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელი ყველამ კარგად იცის, რაც დღევანდელ ბობოქარ მსოფლიოში შეიძლება ევროპის გადარჩენას მოასწავებდეს“ – უცხოური პრესა

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) დღევანდელ, 9 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელი ყველამ კარგად იცის, რაც დღევანდელ ბობოქარ მსოფლიოში შეიძლება ევროპის გადარჩენას მოასწავებდეს“ (ავტორები – ქეთრინ დე ფრიზი, მილანის უნივერსიტეტის პროფესორი და იზაბელ ჰოფმანი, გერმანიის ბერტელსმანის ფონდის უფროსი ექსპერტი). მასში განხილულია ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური პერსპექტივა ევროპის პარლამენტის არჩევნების შემდეგ: დარჩება თუ არა იგი თავის თანამდებობაზე და თუ დარჩება, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირის განმტკიცების მიზნით, დღევანდელი კრიზისული პროცესების ფონზე.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

იმ დროს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 400 მილიონი მოქალაქე ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მისაცემად ემზადება, საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა ყურადღება მიპყრობილი არის ევროკომისიის ხელმძღვანელისაკენ – თანაც ისე როგორც არასდროს.

გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმრავლესობამ იცის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის კომისიის პრეზიდენტია, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენს. ევროკომისიის წინა ხელმძღვანელები საზოგადოებისათვის ძირითადად უცნობ ადამიანებად რჩებოდნენ, ახლა კი ევროკავშირის მოსახლეობის 75% სწორად გამოთქვამს დღევანდელი ლიდერის სახელს და სახითაც კარგად იცნობს.  ხუთი წლის წინ, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინამორბედს – ჟან-კლოდ იუნკერს გამოკითხულთა მხოლოდ 40% თუ იცნობდა.

ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობა სულ უფრო საჭირბოროტო ხდება. უკრაინაში და პალესტინაში (ღაზას სექტორში) მიმდინარე ბობოქარი ომების ფონზე, აგრეთვე აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობის გაუარესების პირობებში ევროკავშირს სულ უფრო მეტად ესაჭიროება ღრმა ინტეგრაცია თავდაცვის სფეროში, რიგი გეოპოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. დღევანდელი ეკონომიკური და სავალუტო კავშირი მჭიდრო ფისკალური ინტეგრაციისა და საერთო ბაზრსი განმტკიცების გარეშე შეიძლება მყიფე და არასტაბილური აღმოჩნდეს. აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების უწყვეტად დანერგვა, რათა მომავალი თაობა ცხოვრების მაღალი დონით უზრუნველყოფილი იყოს. გარდა ამისა, ევროკავშირი, რომელიც დღეს 27 სახელმწიფოსაგან შედგება, გაფართოებას აპირებს და, სავარაუდოდ, წევრთა რიცხვი 30-მდე მოიმატებს.

ამასთან, ხელშემშლელია ის გარემოება, რომ ევროკავშირში დემოკრატიული ანგარიშვალდებულება სუსტი რჩება:  ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნების მიმართ – ხუთ წელიწადში ერთხელ – ინტერესი და მასში მონაწილეობა დაბალია, არჩევნების შედეგებს მხოლოდ შეზღუდული გავლენა აქვს ევროპის კომისიაზე, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკას აყალიბებს და პრაქტიკულად ახორციელებს. თუმცა ახლა, როცა ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე პირველად 2019 წელს იქნა დანიშნული, მეორე ხუთწლიანი ვადით ბალოტირებს, მის წინაშე ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იღება. როგორც ცნობილია, ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ ინიშნება, თუმცა კანდიდატურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები ასახელებენ.

ევროკავშირის მოსახლეობას კარგად ახსოვს კორონავირუს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული ამბები და ევროკომისიის მიერ გადადგმული მტკიცე ნაბიჯები, ახლა კი ისინი რუსეთ-უკრაინის ომის მოწმენიც არიან. ეს ორივე კრიზისი ურსულა ფონ დერ ლაიენის პირველ 5-წლიან ვადას დაემთხვა, რის შედეგადაც მისმა ავტორიტეტმა, წინამორბედთაგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად მოიმატა. ევროპელმა ლიდერებმა ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლონ.

რა თქმა უნდა, პერსონალიზებული სისტემის არსებობის დროს, ცნობადობისა და საზოგადოებრივი აღიარების პირობებში ნათელი ეფინება ადამიანების ნაკლოვანებებსაც, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენის უარყოფით მხარეებსაც – მაგალითად, მის მიდრეკილებას იმოქმედოს პერსონალურად, მხოლოდ თვითონ. ეს გარემოება ევროკომიიის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას აძლიერებს. ისრაელში დაუგეგმავი ვიზიტის დროს, 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ, მან ებრაული სახელმწიფოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ალბათ, ასეთი ნაბიჯი მართებული იქნებოდა, იგი რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილიყო, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია ამ საკითხში ერთნაირი არ აღმოჩნდა. ევროკავშირის მაღალჩინოსანი დიპლომატი ჯოზეპ ბორელი მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ურსულა ფონ დერ ლაიენის მოქმედების მიმართ და განაცხადა, რომ იგი სხვების დაუკითხავად მოიქცა – გაბედა და ასეთ რთულ და პრობლემატურ საკითხზე ევროკავშირის სახელით ილაპარაკა.

უფრო მეტიც – ურსულა ფონ დერ ლაიენს თავისი მაღალი ავტორიტეტი შეიძლება სამტროდ შეუბრუნდეს და ნეგატიური როლი შეასრულოს ევროპარლამენტის არჩევნების დროს. თავის დროზე, ხუთი წლის წინ, როცა ევროპარლამენტის არჩევნებში სოციალ-დემოკრატების, კონსერვატიული და ლიბერალური პარტიების „დიდი კოალიცია“ მონაწილეობდა, მათ მხარი დაუჭირეს გერმანელი პოლიტიკოსის კანდიდატურას და ახლაც მის მხარეს დაიკავებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია შეცვლილი პოლიტიკური სიტუაცია. დღეს, ალბათ, ევროპარლამენტის შემადგენლობაში დავინახავთ უკიდურესად მემარჯვენე ძალებსაც და, შესაბამისად, ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ერთიანება ისეთი მყიფე იქნება, როგორც არასდროს. ამას თავისი მიზეზები აქვს: ამომრჩევლები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ქვეყნების ლიბერალური ლიდერების მიმართ, რომლებიც კონტინენტის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაში უუნარობას იჩენენ. ეს გარემოება, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მემარჯვენე რადიკალური პოპულისტებისა და ნაციონალისტების ბლოკის შექმნას ახალ ევროპარლამენტში, რომლებიც ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგნი იქნებიან

თუმცა, რადგან ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც ცნობილია, გერმანელი ქრისტიან-დემოკრატებისა და ევროპის სახალხო პარტიის „წამყვან კანდიდატად“ ითვლება, ამიტომ მას გარკვეული გარანტიები აქვს – არსებობს საფუძვლიანი აზრი, რომ დეპუტატების უმრავლესობა მას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე 2029 წლამდე დატოვებს. და თუ ამას ევროკავშირის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების თანხმობაც დაემატება, ურსულა ფონ დერ ლაიენს პოსტის შენარჩუნება განაღდებული აქვს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ახალი მანდატით დაბრუნებულ ურსულა ფონ დერ ლაიენს თავისი ძველი წინამორბედის, ფრანგი სოციალისტის ჟაკ დელორის გამოცდილების გაზიარება მოუწევს, რომელმაც თავის დროზე ევროგაერთიანების რეფორმის გეგმა შეიმუშავა და ეს ორგანიზაცია მაასტრიხტის 1992 წლის ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიიყვანა. ურსულა ფონ დელ ლაიენსაც იგივენაირი ამბიციური რეფორმის გეგმის შემუშავება მოუწევს, რომელიც მოკლე და საშუალოვადიან მომავალში შეიძლება უკვე 30 ქვეყანაზე გავრცელდეს.

უეჭველია, რომ ამჟამინდელ 27-წევრიან ევროკავშირში რეფორმის განხორციელება უფრო რთულია, ვიდრე ჟაკ დელორის დროინდელ 11-წევრიანში, მაგრამ დელორისაგან განსხვავებით, ფონ დერ ლაიენს შეუძლია განაცხადოს, რომ მას მხარს უჭერენ ევროპელი ამომრჩევლები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

იმის ნაცვლად, რომ მომდევნო კრიზისს დაელოდნონ, ევროპელმა ლიდერებმა აუცილებელია ახლავე შეიმუშაონ და მოიწონონ ევროკავშირის რეფორმირების გეგმა, ორგანიზაციის შემდგომი განმტკიცების მიზნით. მით უმეტეს, რომ მათ, დიდი ალბათობით, გავლენიანი და ავტორიტეტიანი ევროკომისიის თავმჯდომარე ეყოლებათ.

თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ურსულა ფონ დერ ლაიენს მხარს დაუჭერენ, ევროპის კონტინენტის მომცველი ორგანიზაციის განმტკიცება გარანტირებული იქნება. ეს ძალზე აუცილებელია დღევანდელი მშფოთვარე მსოფლიოსათვის.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოლშევიკური მოძრაობა, მოსხმული აქვთ ევროკავშირის დროშა და ამ დროშის ქვეშ ცდილობენ განახორციელონ თავიანთი ბოლშევიკური იდეები – რატი ბრეგაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოლშევიკური მოძრაობა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ამჟამად აქვთ მოსხმული ევროკავშირის დროშა. ამ დროშის ქვეშ ცდილობენ განახორციელონ თავიანთი ბოლშევიკური იდეები. არაერთი ზეწოლა ვიხილეთ უკვე ფეხბურთელებზე,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, „სპორტსმენებზე და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელზე მიმდინარეობს აქტიური ფსიქოლოგიური ზეწოლა“.

„ზოგადად სპორტსმენებზე და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელზე მიმდინარეობს აქტიური ზეწოლა. პირველ რიგში, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, რომელთა აზრსაც რომელიმე სპორტსმენი შეიძლება არ იზიარებდეს, არ აწყობთ ეს ყველაფერი და ცდილობენ, რომ განახორციელონ პირდაპირ ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანებზე, რომლებიც მათ აზრს არ იზიარებენ. ბევრჯერ მითქვამს და არც ახლა მომერიდება იმის თქმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოლშევიკური მოძრაობა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ამჟამად აქვთ მოსხმული ევროკავშირის დროშა. ამ დროშის ქვეშ ცდილობენ განახორციელონ თავიანთი ბოლშევიკური იდეები. არაერთი ზეწოლა ვიხილეთ უკვე ფეხბურთელებზე”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გარდა ამ თემისა, მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც ფიგურირებენ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი და პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, “ყველამ ვიცით, რა დამოკიდებულება აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” ეკლესიის მიმართ”.

„ნაციონალურ მოძრაობას” რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიასთან და ნებისმიერ ადამიანთან, ყველამ ვიცით. ასევე, რა დამოკიდებულება აქვთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან, ესეც ვიცით. საერთოდ რაზეა საუბარი? ადამიანებს აწამებდნენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. შესაბამისად, საზოგადოებისთვის აქ უცხო არაფერი არ არის. ახლა ცდილობენ საზოგადოებას თავი ანგელოზებად მოაჩვენონ. ეს არის ის რეჟიმი, რომელმაც დაამკვიდრა, რომ სისტემას ჰქონოდა უფლება გაეუპატიურებინა ადამიანები”,- განაცხადა მინისტრმა.

ლაჩრების დასაშინებელი ამ ქვეყანაში არავინ არის – პირადად რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ყველა დანაშაულზე აგოს პასუხი – ანა ნაცვლიშვილი

ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის გუშინ ღამე, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პირადად რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მოუწევს ყველა დანაშაულზე აგოს პასუხი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსა და “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარ, გია ჯაფარიძეზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ლაჩრების დასაშინებელი ამ ქვეყანაში არავინ არის.

“ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, გუშინ ღამე, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პირადად რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მოუწევს ყველა დანაშაულზე აგოს პასუხი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დანაშაულის თანამონაწილეა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც გადაქცეულია პარტიის ქვედანაყოფად, მოქალაქეებზე განხორციელებულ დანაშაულებზე მყისიერი რეაგირების ნაცვლად, დაკავებულია დანაშაულის ჩაფარცხვით, ყალბი არაკანონიერი მოქმედებებით.

მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც ხელს აფარებს დანაშაულს და ფორმალური გამოძიების იმედად ტოვებს ძალადობრივ მოქმედებას, რომ პირადად გახდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი, მათაც მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ჩართულია სატელეფონო კამპანიაში, როგორც დამკვეთები, ასევე შემსრულებლები ყველა ინდივიდუალურად იქნებით იდენტიფიცირებულები, მოგიწევთ პასუხი აგოთ დანაშაულზე. რასაც აკეთებთ სისხლის სამართლის დანაშაულია, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქის დავალებას ასრულებთ, ვერ ამოეფარებით მას. მინდა მივმართო მოქალაქეებს, ის რაც ასე აშინებს ოლიგარქს და მის მიერ მართულ ინსტიტუციებს, ეს ხართ თქვენ, ქართველი ხალხის მტკიცე ერთობა, რომელმაც აჩვენა ოლიგარქს, რომ ერთ მხარეს დგანან მართალი, ძლიერი ათიათასობით მოქალაქეები, რომელიც იცავენ სამშობლოს, მეორე მხარეს დგანან ლაჩრები, რომლებიც სახის დამალვით უკნიდან მიპარვით ცდილობენ, რომ დააშინონ ადამიანები. ასეთი ლაჩრების დასაშინებელი ამ ქვეყანაში არავინ არის. გავაგრძელებთ ქვეყნის დაცვას, მტკიცედ დგომას, რომ საქართველო არ დაბრუნდეს რუსეთში, ჩვენ მომავალი ევროპაშია“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება კვლევები. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს.

“უკრაინაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტ-გამომძიებლების დაშინება ხდება“ – რას წერს „პოლიტიკო“

„უკრაინაში ნებისმიერ ჟურნალისტზე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელთა წრეებში არსებული კორუფციის შესახებ წერს, რეპრესიებს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახრიციელებენ“, – წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ გამოცემაში (ოფისით ბრიუსელში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტ-გამომძიებლების დაშინება ხდება“ (ავტორი – ჯეიმი დეტმარი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მე 15 წელია ჟურნალისტური გამოძიებით ვარ დაკავებული, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. ჩემი საქმიანობა ყოველთვის მძიმე და სარისკო იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჟურნალისტებისათვის ბევრად უფრო მძიმე დრო არის დამდგარი“, – ამბობს უკრაინელი რეპორტიორი იური ნიკოლოვი, ანტიკორუფციული კვლევითი-საგამომძიებლო პროექტის „ჩვენი ფულის“ რედაქტორი და თანადამაარსებელი.

„ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს ჟურნალისტებს ყველანაირი საშუალებით აშინებენ, რომ მათ პირი აკრული ჰქონდეთ და არაფერი მთავრობის საწინააღმდეგო მასალა არ გამოამზეურონ. გარდა ამისა, ისინი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნით იმუქრებიან“, – ამბობს იგი.

დღევანდელ უკრაინაში იშვიათია ისეთი ჟურნალისტი, რომელსაც ანგარიშსწორებით ემუქრებიან, ის კი ამ დროს ოპტიმიზმით არის გამსჭვალული. სწორედ მან გამოიკვლია თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციული სქემები, რასაც შედეგად რიგი თანამდებობის პირები პოსტიდან გათავისუფლდნენ და დაისაჯნენ, მინისტრი კი გადადგა.

მაგრამ ჟურნალისტების აქტიურობა ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს. მსგავსი მასალების გამოქვეყნება სახელმწიფოს მტრად გამოცხადების ტოლფასია.

„ჩვენ, როცა ხელისუფლებაში არსებულ უკანონობასა და დარღვევებზე ვწერთ,  სამთავრობო გამოცემები რუსეთის აგენტებს და უკრაინის მოღალატეებს გვეძახიან“, – ამბობს იური ნიკოლოვი, რომელსაც უცნობი პირები ბინაში მიეჭრნენ და მისი ოჯახის წევრებს დაშინება დაუწყეს. მისთვის შემაშფოთებელი ფაქტია, რომ ზოგიერთი რეპორტიორი და მასმედიის წარმომადგენელი საკუთარი ნებით ახორციელებს თვითცენზურას – ჟურნალისტურ ეთიკაზე მაღლა პატრიოტიზმს აყენებს.

„სხვათა შორის, მეც მეპარებოდა ეჭვი, სწორად ვიქცევი თუ არა, როცა ომის დროს თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციაზე ვწერ-მეთქი. მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი: შეიძლება პატრიოტიც იყო და იმავდროულად პრინციპული და პატიოსანი ჟურნალისტიც… მინდა, რომ ჩვენ ხალხის ფულით იარაღი და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები შევიძინოთ და არა მავანმა ჯიბეები დაიტენოს. უკრაინას პატიოსანი და ღირსეული ჟურნალისტიკა ჭირდება“, – აცხადებს იური ნიკოლოვი.

უკრაინაში კორუფციას ფესვები ღრმად აქვს გადგმული – მექრთამეობა ღრღნის ქვეყანას დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ, 1991 წლიდან. კორუფციამ თავის აპოგეას ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს მიაღწია, რომლის ხელისუფლება 2014 წელს დაემხო. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ყოფილმა ხელისუფლებმა 37 მილიარდი დოლარი მიითვისეს, თუმცა არის უფრო უარესი ვარაუდიც – 100 მილიარდი დოლარის მისაკუთრების თაობაზე. ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მიტაცებული სახსრები განთავსებულია ავსტრიის, ლატვიის, კვიპროსის, იტალიის, ნიდერლანდების ბანკებში გამოგონილი პირების სახელზე, რომელთა მოხმარება „ფულის გათეთრების“ საკმაოდ ეშმაკურად შემუშავებული სქემის მიხედვით ხდება.

„დღეისათვის მექრთამეობის დონე შედარებით შემცირდა, მაგრამ ჟურნალისტთა დაშინება თითქმის ისეთია, როგორიც ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს იყო“, – ამბობს იური ნიკოლოვი.

და მაინც, ბრძოლას აზრი აქვს: კორუფციამ შემცირება დაიწყო პეტრე პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს, პროცესი გაგრძელდა ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც, შემცირდა ოლიგარქების რაოდენობა. „დღეისათვის სახელმწიფო ხარჯების სფეროში სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ კვლავ არის პრობლემები შესყიდვების სფეროში, ჯარში გაწვევის საკითხში, პოლიციაში, საგადასახადო სფეროში. ფასებმა, მართალია დაიკლო, მაგრამ მაფია არსად არ წასულა. კორუფციონერები მიმალულები არიან და თავიანთ საათს ელოდებიან“.

„ძველი ბიუროკრატიული სკოლის წარმომადგენლები ცვლილებებს წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ ჩვენი, ჟურნალისტების ვალია არ დავუშვათ მათი აღმასვლა“, – მტკიცედ აცხადებს ანტიკორუფციული კვლევითი-საგამომძიებლო პროექტის „ჩვენი ფულის“ რედაქტორი და თანადამაარსებელი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

არასდროს ვიკადრებ, ვიღაცას განსხვავებული აზრი ჰქონდეს და მას დავემუქრო ოჯახით, შვილებით, შეურაცხყოფა მივაყენო – მე მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ გამითიშავს, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები – კახა კალაძეთქვენ გაგზავნეთ

არასდროს არ ვიკადრებ და არ გავბედავ იმას, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და მას დავემუქრო ოჯახით, შვილებით, შეურაცხყოფა მივაყენო – მე პირადად მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ გამითიშავს, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იმ ადამიანების საჯარო ბაზის შექმნის საჭიროება შეაფასა, ვინც სოციალურ ქსელში მუქარითა და სიძულვილის ენის გავრცელებით გამოირჩევიან.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში პრეტენზია გვაქვს ევროპულობაზე, მაგრამ განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და მიმღებლობა არ გვაქვს.

„მე მაქვს ყველა მასალა იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა ჩვენს ფეხბურთელებზე, თავისი „სქრინებით“, სახელებითა და გვარებით. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს არის ის, რასაც ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ და ყველა უნდა დავუპირისპირდეთ. როგორ შეიძლება განსხვავებული მოსაზრების გამო, ადამიანს უწოდო მოღალატე, ან „დააბულინგო“ იმისთვის, რომ რაღაც აზრი დააფიქსიროს – შეიძლება მას დისტანცირება უნდა რაღაც კონკრეტული თემისგან ან საკითხისგან, შეიძლება ვერ ერკვევა, შენ რატომ ძალადობ ფსიქოლოგიურად და რატომ გინდა, რომ ეს ადამიანი “დააბულინგო”, შეურაცხყოფა მიაყენო, დაემუქრო?

მე პირადად მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ გამითიშავს, არ იფიქროთ, რომ გავთიშე, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ამ ადამიანის შესახებ. მე არასდროს არ ვიკადრებ და არ გავბედავ იმას, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და მას დავემუქრო ოჯახით, დავემუქრო შვილებით, შეურაცხყოფა მივაყენო – არ არის ეს სწორი ფორმა და სწორი დამოკიდებულება. მაგრამ ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, ბრძოლას, სადაც წესები არ არსებობს. ყველაფერს კადრულობენ, ეს არის ფაშიზმი, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ქვეყანაში“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

“რაც არ უნდა სახელები გადაირქვან, შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იგივე ადამიანებად რჩებიან” – კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე

რაც არ უნდა სახელები გადაირქვან, ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იგივე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით, დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც აქვთ, იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ და აკეთებენ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი და პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია.

კახა კალაძის შეფასებით, ეს ადამიანები ძალიან დიდ ბოროტებას ავრცელებდნენ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და არ შეცვლილან არც ახლა, უბრალოდ მათი შესაძლებლობები შეზღუდულია.

„ჩვენ ხომ ვიცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ამ ადამიანებისთვის არაფერი ძვირფასი არ არსებობს. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, თუკი რაიმე ბოროტება არსებობს, შეიძლება ყველაფერი იკადრონ და ყველაფერი გააკეთონ. ასეთები იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი ბოროტებით, უდიდესი სიბინძურით, რასაც აკეთებდნენ და როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ქართველი ხალხის მიმართ და დღესაც არ შეცვლილან, იმავეს აგრძელებენ. რაც არ უნდა სახელები გადაირქვან, ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იგივე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით, დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც აქვთ, იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ და აკეთებენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ, საპატრიარქოს მიმართ, წარმატებული ადამიანების მიმართ. ყოველთვის დამარცხებული იქნება ფაშიზმი, ყოველთვის დამარცხებული იქნება რადიკალიზმი“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ლიდერების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით ფარული ჩანაწერები ვრცელდება.

ერთადერთი სიმღერა, რომელიც თავში მომდის არის: „დაბრუნება სსრკ-ში“ – მაიკლ გალერი თბილისში მომხდარ თავდასხმებზე

ერთადერთი სიმღერა, რომელიც თავში მომდის, როდესაც ასეთი დანაშაულები ხდება, არის: „დაბრუნება სსრკ-ში“, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი თბილისში წუხელ მომხდარ თავდასხმებს.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის გვიან, საქართველოში ერთიანი კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობის გზით ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ალტერნატივა იქნება.

„ჯერ არ არის გვიანი საქართველოში მოხდეს რეაგირება ერთიანი კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობის გზით, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებას გამოიწვევს, რომელიც არჩევნებში „ქართული ოცნების“ ალტერნატივა იქნება“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

“არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე, ყველანაირ თავდასხმას ვგმობ”

არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე – ყველანაირ თავდასხმას ვგმობ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება მყისიერად დაიწყო.

„გუშინ, გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. გამოძიებას მივყვებით და ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს, გამოძიება დაწყებულია“, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს.

„რა თქმა უნდა, არავის არ მოსწონს ძალადობა, არავისზე ძალადობა არ მომწონს – არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე, რომლებსაც მომიტინგეები ახორციელებდნენ, არც ჟურნალისტებზე და თქვენს კოლეგებზე. მე არ მინახავს თქვენს ეთერში, რაც „პოსტივის“ ჟურნალისტს გაუკეთეს დაგეგმოთ და გამოსულიყავით და გეთქვათ – „ბატონო ვახტანგ, არ გრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ჟურნალისტზე {ზეწოლა იყო}“. მარტო ცალ მხარეს ნუ ხართ. ყველანაირ თავდასხმას ვგმობ!“ – განაცხადა გომელაურმა.

გარდა ამისა, გომელაური „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 6 პირის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთა სხვა პირებიც, მათი დაკავებაც მოხდა.

„რაც შეეხება დაკავებულებს, იცით, რომ ჩვენ გამოძიება დაწყებული გვაქვს. რაც გამოაშკარავდა ეს 6 ადამიანი, მათი დაკავება მოხდა. სასამართლოში განჩინება ავიღეთ და დავაკავეთ. გამოძიებას ვაგრძელებთ, ძალიან ზღვა კადრებს ვამუშავებთ, ასევე ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, კიდევ თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, მათი დაკავება მოხდება, სხვა პირების“, – აღნიშნა გომელაურმა.

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა – მიხეილ სააკაშვილი

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს“.

„ამ რთულ დღეებში საჭიროა შემდეგი მომენტების გათვალისწინება:

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა.

არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ. შემოდგომაზე არჩევნებია აშშ-ში და საქართველოსთვის აღარავის ეცლება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილს აქვს იმედი, რომ ის მოუხსნის მას სანქციებს, თუ კიდევაც სახ. დეპარტამენტი მანამდე მას დაასანქცირებს.

რუსეთი უფრო სუსტია მოკლე დისტანციაზე, მას აბნევს და აშინებს მოულოდნელობა, სპონტანურად შექმნილი ვითარება, ისეთი, ჩვენთან რომ არის ახლა. გრძელ დისტანციაზე, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, ინფორმაციის გაყალბებით, ადამიანების მოსყიდვით რუსეთი ძალას იკრებს და მისი გამარჯვების შანსი იზრდება. ჩვენთვის ეს წაგებულ თამაშში შესვლაა. არ უნდა მივცეთ ეს შანსი რუსეთს.

თავის დროზე იანუკოვიჩმა დასავლეთს მიმართა თხოვნით, მიეცათ მისთვის არჩევნების ექვსი თვით გადავადების უფლება. დასავლეთი დათანხმდა, დათანხმდა უკრაინის ხელისუფლებაც. ერთადერთი, ვინც არ დათანხმდა, იყო აჯანყებული „მაიდანი“ და შედეგად იანუკოვიჩი გაიქცა.

ასე რომ არ მომხდარიყო, უკრაინა დიდი ხნის უკან, იმ ექვს თვეში, გადაყლაპული ექნებოდა პუტინს.

აუცილებელია ყველა ამ პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს.

ხალხს დიდი ძალა აქვს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

არაკეთილსინდისიერი ჯო „ჰამასის“ ტერორისტების მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს – დონალდ ტრამპი

არაკეთილსინდისიერმა ჯო ბაიდენმა, იცის თუ არა ეს, განაცხადა, რომ შეუჩერებს იარაღის მიწოდებას ისრაელს, რომელიც ღაზაში „ჰამასის“ ტერორისტების აღმოსაფხვრელად იბრძვის, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას.

მისი თქმით, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.

„ჰამასმა“ მოკლა ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ჩვილები და ჯერ კიდევ მძევლად ჰყავს ამერიკელები, თუ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მიუხედავად ამისა, არაკეთილსინდისიერი ჯო ამ ტერორისტების მხარესაა. ბაიდენი არის სუსტი, კორუმპირებული და მსოფლიო პირდაპირ III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. გახსოვდეთ – ეს ომი ისრაელში, ისევე, როგორც ომი უკრაინაში, არასდროს დაიწყებოდა, მე რომ თეთრ სახლში ვყოფილიყავი. მაგრამ ძალიან მალე, ჩვენ დავბრუნდებით და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მშვიდობას ძალით!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ნაცმოძრაობა“ ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა” – მიხეილ ყაველაშვილი

2012 წელს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მივეცით შესაძლებლობა, გაეაზრებინათ თავიანთი დანაშაულები, ღირსეულად ეღიარებინათ და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი გაეგრძელებინათ – საქართველოს განვითარებაში შეეტანათ წვლილი, მაგრამ დავინახეთ მათი ქმედებები, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა.

„დღეს გავრცელდა ჩანაწერები, რომელთა მთავარი მოქმედი პირები არიან „ნაცმოძრაობის“ დავიწყებული სახეები. მაგალითად, ონიანი, რომელიც პირდაპირ არბევდა „ნაცმოძრაობის“ დროს აქციებს. მინაშვილზე აღარ ვლაპარაკობ, მგონი, ერთ-ერთია, ვინც [რუსეთისთვის სასარგებლო იმ] რეზოლუციას მოაწერა ხელი. მელია, გვარამია… ეს ადამიანები შეუძლებელია, რომ შეიცვალონ. 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მივეცით შესაძლებლობა, გაეაზრებინათ თავიანთი დანაშაულები, ღირსეულად ეღიარებინათ და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი გაეგრძელებინათ – საქართველოს განვითარებაში შეეტანათ წვლილი, მაგრამ დავინახეთ მათი ქმედებები.

უფრო მეტსაც გეტყვით – ეს ძალა, „ნაცმოძრაობა“, ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა. ამის ფაქტებია, თუ როგორ სულდგმულობენ უცხოური ძალებით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.