“რაც არ უნდა სახელები გადაირქვან, შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იგივე ადამიანებად რჩებიან” – კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე

10
spot_img

რაც არ უნდა სახელები გადაირქვან, ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იგივე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით, დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც აქვთ, იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ და აკეთებენ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი და პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია.

კახა კალაძის შეფასებით, ეს ადამიანები ძალიან დიდ ბოროტებას ავრცელებდნენ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და არ შეცვლილან არც ახლა, უბრალოდ მათი შესაძლებლობები შეზღუდულია.

„ჩვენ ხომ ვიცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ამ ადამიანებისთვის არაფერი ძვირფასი არ არსებობს. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, თუკი რაიმე ბოროტება არსებობს, შეიძლება ყველაფერი იკადრონ და ყველაფერი გააკეთონ. ასეთები იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი ბოროტებით, უდიდესი სიბინძურით, რასაც აკეთებდნენ და როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ქართველი ხალხის მიმართ და დღესაც არ შეცვლილან, იმავეს აგრძელებენ. რაც არ უნდა სახელები გადაირქვან, ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იგივე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით, დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც აქვთ, იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ და აკეთებენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ, საპატრიარქოს მიმართ, წარმატებული ადამიანების მიმართ. ყოველთვის დამარცხებული იქნება ფაშიზმი, ყოველთვის დამარცხებული იქნება რადიკალიზმი“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ლიდერების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით ფარული ჩანაწერები ვრცელდება.