ლაჩრების დასაშინებელი ამ ქვეყანაში არავინ არის – პირადად რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ყველა დანაშაულზე აგოს პასუხი – ანა ნაცვლიშვილი

15
spot_img

ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის გუშინ ღამე, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პირადად რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მოუწევს ყველა დანაშაულზე აგოს პასუხი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსა და “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარ, გია ჯაფარიძეზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ლაჩრების დასაშინებელი ამ ქვეყანაში არავინ არის.

“ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, გუშინ ღამე, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პირადად რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მოუწევს ყველა დანაშაულზე აგოს პასუხი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დანაშაულის თანამონაწილეა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც გადაქცეულია პარტიის ქვედანაყოფად, მოქალაქეებზე განხორციელებულ დანაშაულებზე მყისიერი რეაგირების ნაცვლად, დაკავებულია დანაშაულის ჩაფარცხვით, ყალბი არაკანონიერი მოქმედებებით.

მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც ხელს აფარებს დანაშაულს და ფორმალური გამოძიების იმედად ტოვებს ძალადობრივ მოქმედებას, რომ პირადად გახდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი, მათაც მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ჩართულია სატელეფონო კამპანიაში, როგორც დამკვეთები, ასევე შემსრულებლები ყველა ინდივიდუალურად იქნებით იდენტიფიცირებულები, მოგიწევთ პასუხი აგოთ დანაშაულზე. რასაც აკეთებთ სისხლის სამართლის დანაშაულია, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქის დავალებას ასრულებთ, ვერ ამოეფარებით მას. მინდა მივმართო მოქალაქეებს, ის რაც ასე აშინებს ოლიგარქს და მის მიერ მართულ ინსტიტუციებს, ეს ხართ თქვენ, ქართველი ხალხის მტკიცე ერთობა, რომელმაც აჩვენა ოლიგარქს, რომ ერთ მხარეს დგანან მართალი, ძლიერი ათიათასობით მოქალაქეები, რომელიც იცავენ სამშობლოს, მეორე მხარეს დგანან ლაჩრები, რომლებიც სახის დამალვით უკნიდან მიპარვით ცდილობენ, რომ დააშინონ ადამიანები. ასეთი ლაჩრების დასაშინებელი ამ ქვეყანაში არავინ არის. გავაგრძელებთ ქვეყნის დაცვას, მტკიცედ დგომას, რომ საქართველო არ დაბრუნდეს რუსეთში, ჩვენ მომავალი ევროპაშია“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება კვლევები. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს.