Home Blog Page 4

საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათი მიზანია რადიკალიზმის ზრდა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა შემოშვებას-ხალხის ძალა

საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას.

„რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია). ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი. მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის „დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას. ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად მოიძებნება. მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს:

გაბრელიუს ლანდსბერგისი: „სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ სამკურნალოდ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“; მაიკლ როთი: „საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა“; ჯეიმს ო’ბრაიენი: „საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემებს იწვევენ“; ჟიგიმანტას პავილიონისი: „დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს“.

ეს არის სრულიად არაევროპული თავდასხმები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე, თუმცა ხსენებული განცხადებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ ადამიანებს აქვთ ნათქვამი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესზე. განსაკუთრებული აგრესიით, ტრადიციულად, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოირჩევა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ „გამოიჩინა“ თავი, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია გადააყენეს მისმა პატრონებმა, რათა ამით რევოლუციური პროცესების ფორსირება მოეხდინათ. მაშინ ბატონმა პავილიონისმა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრებულ ძებნილ ნიკა მელიას მიაკითხა, შემდეგ კი თურქეთში ჩავიდა და მეორე ძებნილს, რევოლუციის მოსაწყობად საქართველოს საზღვართან მომდგარ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მას ღიად აღმოუჩინა პოლიტიკური მხარდაჭერა. არადა, ჟიგიმანტას პავილიონისი ის პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ პოლიტიკურ გუნდთანაც ჰქონდა პრობლემები, ხოლო ლიეტუვის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მისი განცხადებების გამო. ამ ფაქტების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ზემოთ ხსენებული დასავლელი პოლიტიკოსების სტუმრობა მათ მიერ ხსენებულ მიზანს, ანუ „დასავლური კურსის“ მხარდაჭერას ემსახურებოდეს.

აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება, რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა. როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან. უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს და „მათი რწმუნებულები კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა მოძიებას მათთან გასაუბრების“.

ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს.

სახალხო დამცველის რწმუნებულები კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა მოძიებას მათთან გასაუბრების და მათი ფიზიკური მდგომარეობისა თუ დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“,- ნათქვამია განცხადებაში.

გომბორის მოსამზადებელ ცენტრში მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება გაიმართა

”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” ძალისხმევით,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს გენერალთა კლუბის მხარდაჭერით, გომბორის მოსამზადებელი ცენტრში, 11 მაისს, მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება შედგა.

შეკრებამ,რომელიც რეკრუტირების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით,100-მდე მოხალისე გააერთიანა, რომელთა უმეტეს ნაწილს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები წარმოადგენენ. მათ შორის არიან ახალგაზრდებიც. ამ ნაკადის მოსამზადებელი სემინარები და წვრთნები, 9 დღეს გასტანს.

როგორც მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორი, მალხაზ ქარაზანიშვილი და დირექტორის მოადგილე, გენერალი გიორგი სურმავა აცხადებენ, დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას, მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფები არა ერთი გამოწვევის წინაშე აყენებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის ბრძოლაში გამოცდილ ვეტერანებთან ერთად, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში. გულანთებულმა ახალგაზრდებმა, საზოგადოებას არა ერთხელ აჩვენეს ქვეყნისთვის ერთიანობის, გამოწვევების ერთიანი ძალებით დაძლევის მაგალითი. თუმცა, მათი შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, მათი პოტენციალის ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემაში, ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილ ვეტერანებთან ერთად ჩართვა არსებითად მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ „ტოტალური თავდაცვის” კონცეფციაში ერთ-ერთი უმთავრესი ძალისხმევის ხაზია „თავდაცვის ძალების სამოქალაქო მხარდაჭერა” და, მათ შორის, მოხალისეების მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამ პრინციპის რეალიზების ფარგლებში, ასევე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ – „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის” და ა(ა)იპ – ,,საქართველოს გენერალთა კლუბის” მიერ დაფუძნდა მოხალისეთა ორგანიზაცია, ა(ა)იპ – ,,ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის”. მოხალისეთა ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს, ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მოხალისეთა მეორე ნაკადის შეკრებისთვის, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, მოსამზადებელი სამუშაოები მაისის მესამე დეკადაში განახლდება.

მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ბიჭებს, რომლებიც ამდენს იტანენ და ამდენს ითმენენ – მამუკა მდინარაძე პოლიციელებზე

წახალისებაა გირაოს ფულის გადახდის დაპირება და აი, ამ ფულზეც იქნება საიდან მოდის. გამჭვირვალობის კანონი როგორც კი ამოქმედდება, გავიგებთ რა ფულია და ვინ ახალისებს ძალადობას,- ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას გააკეთა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის დაპირებას იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის გადაიხადოს გირაოს ფული, თუკი აქციის მონაწილეებს დააკავებენ.

მისივე თქმით, ეს დაპირებაც კიდევ ერთი არგუმენტია იმის, რომ გამჭვირვალობის კანონი კარგია.

„გარდა ამისა, მე მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ბიჭებს, რომლებიც ამდენს იტანენ და ამდენს ითმენენ. ერთი კადრი ვნახე, რაც იყო ძალიან ნიშანდობლივი- თვითონ დედას აგინებდა, მომიტინგე და მერე იმანაც შეაგინა, არ ღირს ამის დაფარვა, პოლიციელმაც შეაგინა, ერთი ათჯერ ამან რომ შეაგინა, იმანაც შეაგინა. შენ პოლიციელი ხარ თუ ვინ ხარო, როგორ მაგინებო. ის პოლიციელი ადამიანი არ არის? ოჯახი არ ჰყავს? ქართველი არ არის? სისხლი არ უდუღს? რთულია. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოუწოდა, ჩვენ მოვუწოდეთ, მაგრამ, არ არის ასე მარტივი დედის გინების ატანა ქართველი კაცისთვის, ვაჟკაცი, გმირი პოლიციელისთვის. დგახარ დედას აგინებ, ბოთლს თავში ურტყამ, აგურს ესვრი და ეს ყველაფერი უნდა მოითმინოს ისე, რომ არ უნდა გაინძრეს ეს ადამიანი. მერე უნდა მიხვიდე ჩაარტყა, გაზი უნდა შეასხა სახეში და მაინც უნდა მოგითმინოს? ჯერ ერთი, ყველანი ადამიანები ვართ, მგონი მხოლოდ პოლიტიკოსები არ ვართ მარტო ადამიანები, რკინის ნერვები გაგვიხდა და ადამიანებში აღარ ვიწოდებით, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ადამიანია პოლიტიკოსიც, ადამიანია პოლიციელიც, ყველა ადამიანები ვართ, მომიტინგეც და ა.შ.

ამ ხალხმა ჯერ მთელი ღამე გაათენა, მერე რა შეურაცხყოფას აყენებდნენ, მერე როგორ აგინებდნენ, ესროდნენ ქვებს, სხვადასხვა ნივთებს, მერე როგორ აწვებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ მათი წყობიდან გამოსაყვანად და მერე ვრცელდება მარტო კადრებს, ავრცელებენ ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტები და ბრაზდებიან, როგორ შეეხო ხელით პოლიციელი. ანუ, მანამდე პოლიციელის დაზიანების მცდელობა, უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაზის სახეში შესხმა, ეს არაფერი არ არის და დაკავების დროს როგორ შეეხო, როგორ გაანეიტრალა, ბალეტი რატომ არ ეცეკვა ამ დრო, ამაზე ბრაზდებიან, გიჟდებიან და იმაზე არ ბრაზდებიან მანამდე რასაც აკეთებდნენ მომიტინგეები მათ წინააღმდეგ. რანაირი სტანდარტია, ორმაგიც აღარ ჰქვია ამას. ამ პოლიციელებმა რა გააკეთონ. სცემენ და პოლიციელმა უნდა მიმართოს, ძვირფასო მოქალაქე, ახლა თქვენ დედას კი მაგინებთ, მცემთ, გაზს მასხამთ სახეში, მაგრამ დიდი ბოდიში, მე ახლა ხელი უნდა მოგკიდოთ, ცოტა უხეშად შეიძლება მომივიდეს, იმიტომ, რომ არ მემორჩილებით თქვენ და ასე უნდა დაგაკავოთ. ანუ, ეს წარმოუდგენიათ? მართლა რა ხდება გინდაც აშშ-ში, გინდაც ევროპის ქვეყნებში, ამ დროს თავპირს ალეწავენ და ყველა ამბობს, რომ ეს არის ლეგიტიმურიო“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია -დევიდ კამერონი

ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა Sky News-თან ინტერვიუში, საქართველოში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იმეორებს ამას, ცდილობენ დახურონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, აწარმოებენ კამპანიებს იმ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ასეთი შეტევა“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს – ანა ბუჩუკური

ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს – მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რაც ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ხდება, ტერორია და თუ ვინმეს ჰქონდა კითხვა, „რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ“.

„მე თვითონ შევესწარი, შემოსვლისას, ჩემს თვალწინ ხდებოდა ძალადობის ფაქტი. თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა, რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად იმიტომ, რაც ხდება ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ყველას, ვინც არ არის მათიანი ანუ „ოცნების“ მხარდამჭერი, ყველას გვეძახიან მოღალატეებს, ყველას გვეძახიან აგენტებს, “ზონდერები” ღამ-ღამობით ადამიანებს ჩუმად თავს ესხმიან და სცემენ და ივანიშვილს, ფაქტობრივად, ტერორში ჰყავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები. ყოჩაღ, მართლა ყოჩაღ! ეს არის ყველაზე მკაფიო და ნათელი მაგალითი, როგორ იქცა ეს ადამიანი იმის გაგრძელებად, რაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის თქმა მომიწევდა 12 წლის თავზე. ახლა რაც ხდება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას ჰქვია ტერორი. თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა – რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ – ეს კანონი უკვე ამოქმედებულია. ახლა არ არის პანიკის დრო, მესმის, რომ ყველანი გაბრაზებულები ვართ, მესმის, რომ ბევრი ემოცია გვაქვს ყველას, მაგრამ ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს. უნდა ვაჯობოთ მათ ჭკუით, თავი ავიყვანოთ ხელში, ჩვენი ემოციები ავიყვანოთ ხელში, რომ მშვიდად ეს ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე, იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

როგორც მაწვდიან ინფორმაციას, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის, ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა. დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ -ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის ცნობითაც, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა.

ექსპერტის თქმით, დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებიც საქართველოში და შემდეგ აქციაზე ტყუილად არ მივიდოდნენ.

“როგორც მაწვდიან ინფორმაციას, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა. მაქვს გამოცდილება და ვიცი, რომ დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებიც საქართველოში და შემდეგ აქციაზე ტყუილად არ მივიდოდნენ. კარგია, რომ დაკავებულები არიან, დანარჩენი უახლოეს პერიოდში გაირკვევა”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს

პარლამენტიდან, კერძოდ კი, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს. ტერიტორიიდან გაყვანილი არიან ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც.

მათი ნაწილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს.

სამართალდამცავების ტერიტორიიდან გაყვანას ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებდნენ: „მონებო“, „წადით“.

ამ დროისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები როგორც პარლამენტის წინ, ასევე გვერდითა შესასვლელებთან – ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზეც რჩებიან.

“გვაქვს პოზიცია, თუ ვინმეს სურს ვეტომდე შინაარსში შეცვლა, მზად ვართ კომუნიკაციისთვის”-ანრი ოხანაშვილი

პრეზიდენტის ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი გამჭვირვალობის პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერი კრიტიკა არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.

„გვაქვს პოზიცია, თუ ვინმეს სურს ვეტომდე შინაარსში შეცვლა, მზად ვართ კომუნიკაციისთვის, შესაბამისად ჩვენი ეს პოზიციაც უცვლელია. ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი გამჭვირვალობის პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული. გავაკეთეთ შეთავაზება, რომ მზად ვართ კომუნიკაციისთვის, თუ ამის ინტერესი იქნება. რაღაცას როცა აკრიტიკებ და არ მოგწონს, ეს უბრალოდ შენი სუბიექტური აზრი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს არგუმენტი, დასაბუთება. ნებისმიერი კრიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის, კანონპროექტთან დაკავშირებით პარტნიორებთან იმსჯელოს, გამართონ დისკუსია საზოგადოების თვალწინ.

„მიუღებელია, როცა ვხედავთ, რომ არ არის არგუმენტი, დასაბუთება. მზად ვართ და გვექნება დამატებით შეხვედრებიც, კომუნიკაციაც  პარტნიორებთან და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვართ ღია. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა შეთავაზება. რაღაცას არასწორად თუ ვაკეთებთ, დავსხდეთ საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში, გავმართოთ დისკუსია. დებატებს კი არ ვეუბნებით პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, არამედ დისკუსიას. ხომ ამბობენ, რომ რაღაც არასწორია, საზოგადოებამ იხილოს ეს ჯანსაღი დისკუსია, მსჯელობა კანონპროექტთან დაკავშირებით და საზოგადოება ნახავს, რომ ჩვენს მხარეს, „ქართული ოცნების“ მხარეს, ჩვენი ხალხის მხარეს არის სიმართლე. სამწუხაროა, როდესაც ამბობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, მაგრამ არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს“.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში -ხატია დეკანოიძე  

“ვეროპტიმისტების” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში. რაც მისი თქმით, იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ახლა ქვეყნისთვის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტია, რაც ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

„ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, საშუალება არ მოგვეცა, რომ სხდომას დავსწრებოდით, რადგან პოლიციელებმა გარეთ შეგვაყოვნეს. სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ანუ ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და რამდენიმე ადამიანი, ვითომ, ლეგიტიმაცია მიანიჭეს. ეს არის არალეგიტიმური სხდომა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ახლა გარეთაა, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პარლამენტი, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ამ კანონის მიღებას და გათრევას აპირებს არალეგიტიმაციით, არალეგიტიმური სხდომებით, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. გუშინ, ღამე, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შემიშვეს საქართველოს პარლამენტის წევრი, სამაგიეროდ, უშვებდნენ „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებს, ასეთი უკანონობა და არასამართლიანობა ხდება. მესმის, რომ წვიმაა, სიცივეა, მთელი ღამე გარეთ ვიდექით, იდგნენ ადამიანები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა არის ისტორიული დრო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ისტორიული დრო არის ყველას, ჩვენი თანამონაწილეობით, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამონაწილეობა ჩვენი გამარჯვებით უნდა იყოს დასრულებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატები იდგნენ და მიზანმიმართულად არ შემოდიოდნენ – ანრი ოხანაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატები იდგნენ და მიზანმიმართულად არ შემოდიოდნენ. კამერებით იყვნენ, კამერები ჰქონდათ ჩართული და აშუქებდნენ. დაკავებულები იყვნენ კადრების გადაღებით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, კომიტეტის სხდომა 09:00 საათზე ძალიან ბევრჯერ დაწყებულა.

„რას მეუბნებით, რომ ოპოზიციას ჩვენ უნდა დავლოდებოდით დათქმულ ვადაზე მეტად, რომ კეთილი ენებათ და შემოსულიყვნენ? ამ პრეტენზიას გვიყენებთ? ვინ აქცევდათ ალყაში მერე, კითხვას ამაზე რატომ არ სვამთ? ალყაში რატომ აქცევენ და რატომ სურთ პიკეტირება, რატომ სურთ ისეთი ქმედებები, რომელიც შესაძლოა დანაშაულს შეიცავდეს?

მარტივად არის საკითხი, თუ ვინმეს სურს გაპროტესტება, არის ამის სივრცე, არის პარლამენტის წინა მხარე, არის ასევე უკანა მხარე, გააპროტესტონ, გამოხატონ თავისი აზრი, ვინ უშლის ხელს? მაგრამ როდესაც ხდება კანონდარღვევა, პიკეტირება, უხერხულობას იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს უნდა უქმნიდეს. თქვენ თუ ქაოსი გინდათ, ქაოსის საშუალებას არ მოგცემთ“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.