ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს – მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რაც ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ხდება, ტერორია და თუ ვინმეს ჰქონდა კითხვა, „რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ“.
„მე თვითონ შევესწარი, შემოსვლისას, ჩემს თვალწინ ხდებოდა ძალადობის ფაქტი. თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა, რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად იმიტომ, რაც ხდება ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ყველას, ვინც არ არის მათიანი ანუ „ოცნების“ მხარდამჭერი, ყველას გვეძახიან მოღალატეებს, ყველას გვეძახიან აგენტებს, “ზონდერები” ღამ-ღამობით ადამიანებს ჩუმად თავს ესხმიან და სცემენ და ივანიშვილს, ფაქტობრივად, ტერორში ჰყავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები. ყოჩაღ, მართლა ყოჩაღ! ეს არის ყველაზე მკაფიო და ნათელი მაგალითი, როგორ იქცა ეს ადამიანი იმის გაგრძელებად, რაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის თქმა მომიწევდა 12 წლის თავზე. ახლა რაც ხდება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას ჰქვია ტერორი. თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა – რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ – ეს კანონი უკვე ამოქმედებულია. ახლა არ არის პანიკის დრო, მესმის, რომ ყველანი გაბრაზებულები ვართ, მესმის, რომ ბევრი ემოცია გვაქვს ყველას, მაგრამ ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს. უნდა ვაჯობოთ მათ ჭკუით, თავი ავიყვანოთ ხელში, ჩვენი ემოციები ავიყვანოთ ხელში, რომ მშვიდად ეს ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე, იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება“,- განაცხადა ბუჩუკურმა.