ოპოზიციონერი დეპუტატები იდგნენ და მიზანმიმართულად არ შემოდიოდნენ. კამერებით იყვნენ, კამერები ჰქონდათ ჩართული და აშუქებდნენ. დაკავებულები იყვნენ კადრების გადაღებით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, კომიტეტის სხდომა 09:00 საათზე ძალიან ბევრჯერ დაწყებულა.
„რას მეუბნებით, რომ ოპოზიციას ჩვენ უნდა დავლოდებოდით დათქმულ ვადაზე მეტად, რომ კეთილი ენებათ და შემოსულიყვნენ? ამ პრეტენზიას გვიყენებთ? ვინ აქცევდათ ალყაში მერე, კითხვას ამაზე რატომ არ სვამთ? ალყაში რატომ აქცევენ და რატომ სურთ პიკეტირება, რატომ სურთ ისეთი ქმედებები, რომელიც შესაძლოა დანაშაულს შეიცავდეს?
მარტივად არის საკითხი, თუ ვინმეს სურს გაპროტესტება, არის ამის სივრცე, არის პარლამენტის წინა მხარე, არის ასევე უკანა მხარე, გააპროტესტონ, გამოხატონ თავისი აზრი, ვინ უშლის ხელს? მაგრამ როდესაც ხდება კანონდარღვევა, პიკეტირება, უხერხულობას იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს უნდა უქმნიდეს. თქვენ თუ ქაოსი გინდათ, ქაოსის საშუალებას არ მოგცემთ“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.