მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ბიჭებს, რომლებიც ამდენს იტანენ და ამდენს ითმენენ – მამუკა მდინარაძე პოლიციელებზე

15
spot_img

წახალისებაა გირაოს ფულის გადახდის დაპირება და აი, ამ ფულზეც იქნება საიდან მოდის. გამჭვირვალობის კანონი როგორც კი ამოქმედდება, გავიგებთ რა ფულია და ვინ ახალისებს ძალადობას,- ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას გააკეთა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის დაპირებას იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის გადაიხადოს გირაოს ფული, თუკი აქციის მონაწილეებს დააკავებენ.

მისივე თქმით, ეს დაპირებაც კიდევ ერთი არგუმენტია იმის, რომ გამჭვირვალობის კანონი კარგია.

„გარდა ამისა, მე მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ბიჭებს, რომლებიც ამდენს იტანენ და ამდენს ითმენენ. ერთი კადრი ვნახე, რაც იყო ძალიან ნიშანდობლივი- თვითონ დედას აგინებდა, მომიტინგე და მერე იმანაც შეაგინა, არ ღირს ამის დაფარვა, პოლიციელმაც შეაგინა, ერთი ათჯერ ამან რომ შეაგინა, იმანაც შეაგინა. შენ პოლიციელი ხარ თუ ვინ ხარო, როგორ მაგინებო. ის პოლიციელი ადამიანი არ არის? ოჯახი არ ჰყავს? ქართველი არ არის? სისხლი არ უდუღს? რთულია. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოუწოდა, ჩვენ მოვუწოდეთ, მაგრამ, არ არის ასე მარტივი დედის გინების ატანა ქართველი კაცისთვის, ვაჟკაცი, გმირი პოლიციელისთვის. დგახარ დედას აგინებ, ბოთლს თავში ურტყამ, აგურს ესვრი და ეს ყველაფერი უნდა მოითმინოს ისე, რომ არ უნდა გაინძრეს ეს ადამიანი. მერე უნდა მიხვიდე ჩაარტყა, გაზი უნდა შეასხა სახეში და მაინც უნდა მოგითმინოს? ჯერ ერთი, ყველანი ადამიანები ვართ, მგონი მხოლოდ პოლიტიკოსები არ ვართ მარტო ადამიანები, რკინის ნერვები გაგვიხდა და ადამიანებში აღარ ვიწოდებით, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ადამიანია პოლიტიკოსიც, ადამიანია პოლიციელიც, ყველა ადამიანები ვართ, მომიტინგეც და ა.შ.

ამ ხალხმა ჯერ მთელი ღამე გაათენა, მერე რა შეურაცხყოფას აყენებდნენ, მერე როგორ აგინებდნენ, ესროდნენ ქვებს, სხვადასხვა ნივთებს, მერე როგორ აწვებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ მათი წყობიდან გამოსაყვანად და მერე ვრცელდება მარტო კადრებს, ავრცელებენ ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტები და ბრაზდებიან, როგორ შეეხო ხელით პოლიციელი. ანუ, მანამდე პოლიციელის დაზიანების მცდელობა, უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაზის სახეში შესხმა, ეს არაფერი არ არის და დაკავების დროს როგორ შეეხო, როგორ გაანეიტრალა, ბალეტი რატომ არ ეცეკვა ამ დრო, ამაზე ბრაზდებიან, გიჟდებიან და იმაზე არ ბრაზდებიან მანამდე რასაც აკეთებდნენ მომიტინგეები მათ წინააღმდეგ. რანაირი სტანდარტია, ორმაგიც აღარ ჰქვია ამას. ამ პოლიციელებმა რა გააკეთონ. სცემენ და პოლიციელმა უნდა მიმართოს, ძვირფასო მოქალაქე, ახლა თქვენ დედას კი მაგინებთ, მცემთ, გაზს მასხამთ სახეში, მაგრამ დიდი ბოდიში, მე ახლა ხელი უნდა მოგკიდოთ, ცოტა უხეშად შეიძლება მომივიდეს, იმიტომ, რომ არ მემორჩილებით თქვენ და ასე უნდა დაგაკავოთ. ანუ, ეს წარმოუდგენიათ? მართლა რა ხდება გინდაც აშშ-ში, გინდაც ევროპის ქვეყნებში, ამ დროს თავპირს ალეწავენ და ყველა ამბობს, რომ ეს არის ლეგიტიმურიო“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.