Home Blog Page 4

“ევროპარლამენტის არჩევნები: როგორ გავლენას მოახდენს მისი შედეგები უკრაინისადმი დახმარებაზე”-Deutsche Welle

„ევროპის პარლამენტის არჩევნებში, რომელიც 6-9 ივნისს უნდა ჩატარდეს (პირველად „ბრექსიტის“ შემდეგ), მემარჯვენე პოპულისტების გამარჯვებას პროგნოზირებენ“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW – Deutsche Welle) გამოაქვეყნა სათაურით: “ევროპარლამენტის არჩევნები: როგორ გავლენას მოახდენს მისი შედეგები უკრაინისადმი დახმარებაზე“ (ავტორი – ვიქტორია ვლასენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევროკავშირის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება პოლიტიკური ძალების ლანდშაფტი, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გავლენას მოახდენს არა მარტო ევროკავშირის საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკაზეც, მათ შორის უკრაინისადმი მხარდაჭერაზეც.

ევროპის პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს – იმიტომ, რომ ასეთი უფლება ეროვნული პარლამენტების პრეროგატივას წარმოადგენს. თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკავშირის წარმომადგენლობითი ორგანო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინიცირებული კანონპროექტებისა და საკანონმდებლო რეზოლუციების მიღებაში, გავლენას ახდენს ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ამტკიცებს ევროკომისიის შემადგენლობას, ანუ ხმას აძლევს ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელების კანდიდატურებს.

ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობის მიერ მიღებულ რეზოლუციებში, რომელიც კიევის მიმართ სამხედრო, ფინანსური-ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა იყო გამოხატული, ყოველთვის აუცილებელ მხარდაჭერას იღებდა უმრავლესობის მხრიდან. მათზე არსებით გავლენას ვერ ახდენდნენ ის პროკრემლური პოზიციები, რომლებსაც ულტრამემარჯვენე ფრაქციის „იდენტურობისა და დემოკრატიის“ წევრები და ზოგიერთი ცალკეული დეპუტატები გამოხატავდნენ.

მაგრამ უკვე სულ მალე შეიძლება სიტუაცია მკვეთრად შეიცვალოს.

პოპულისტთა გავლენის საფრთხე

საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) მონაცემების მიხედვით, ივნისის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში შეიძლება მნიშვნელოვანი გადახრა მოხდეს მარჯვნისაკენ – იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრ ბევრ ევროპულ ქვეყანაში წარმატებას აღწევენ მემარჯვენე-პოპულისტური და მემარჯვენე-რადიკალური პარტიები, ხოლო მემარცხენე-ცენტრისტები და „მწვანეები“ გავლენას კარგავენ.

ექსპერტების პროგნოზით, ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობის ორი ძირითადი ფრაქცია – „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალისტ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ არჩევნების შედეგად ევროპარლამენტში, ალბათ, ადგილებს დაკარგავენ, თუმცა „სახალხო პარტიელები“ მაინც შეინარჩუნებენ ყველაზე დიდი ფრაქციის პოზიციას. ეს ნიშნავს, რომ მათ ისევ ექნებათ უფლებამოსილება დღის წესრიგის განსაზღვრისა და ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელის შერჩევაში (ანუ შესაძლოა მის პრეზიდენტად ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენი დარჩეს). იმავდროულად მოსალოდნელია, რომ პოზიციებს დაკარგავენ ცენტრისტები ფრაქციიდან „გაანახლე ევროპა“, აგრეთვე დასუსტდება ფრაქცია „მწვანეები//ევროპის თავისუფალი ალიანსი“.
მაგრამ როგორც პროგნოზებით ჩანს, მომავალ არჩევნებში მთავარი გამარჯვებული, სავარაუდოდ, გახდება მემარჯვენე-რადიკალური ფრაქცია „იდენტურობა და დემოკრატია“. არ არის გამორიცხული, რომ თავისი წევრების რაოდენობით ის ევროპარლამენტში მესამე ფრაქცია იქნება „სახალხო პარტიელებისა“ და „სოციალისტ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ შემდეგ. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წევრთა რიცხვს ფრაქცია „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტებიც“ (მემარჯვენე „რბილი“ ევროსკეპტიკოსები) გაზრდიან და მას ზოგიერთი ფრაქციის გარეშე მყოფი დეპუტატებიც (ნაციონალისტური პარტიის წევრები თავიანთ ქვეყნებში) შეუერთდებიან, მაშინ ულტრამემარჯვენე და მემარჯვენე პოპულისტების გავლენა ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში შესამჩნევად მოიმატებს.
რაც არ უნდა მოხდეს, უკიდურეს შემთხვევაშიც კი, როგორც „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ (ЕРС) ექსპერტები პროგნოზირებენ, „ნაციონალისტური და მემარჯვენე რადიკალური ევროდეპუტატები ადგილების მეოთხედს დაიკავებენ. „ასეთი პერსპექტივა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ ევროკავშირის მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია ხელი შეუშალოს ინტეგრაციას და ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას იმ დროს, როცა გეოპოლიტიკა და მუდმივი კრიზისები ევროპარლამენტისაგან უფრო მეტი ერთობისა და სიმტკიცის გამოვლენას მოითხოვს“, – გამაფრთხილებლად ამბობენ ექსპერტები..
რამდენად სერიოზულია იმის საფრთხე, რომ არჩევნების შედეგად ევროპარლამენტი უკრაინისადმი მხარდაჭერას შეამცირებს? და ეს შეიძლება თუ არა მოხდეს იმ დროს, როცა კიევი რუსეთთან ომშია ჩაბმული და ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს?
„ამის მუქარა ძალიან დიდია“, – აღიარებს ნატალი ტოჩი, რომის (იტალია) საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტის დირექტორი. როგორც მან განმარტა DW-სთვის გაკეთებულ კომენტარში, მემარჯვენე პარტიები უფრო მეტ ყურადღებას საშინაო საკითხებს უთმობენ, ღიად თუ ფარულად ატარებენ პროკრემლურ პოლიტიკას და იგნორირებენ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის“. გარდა ამისა, ისინი ნაკლებად დამთმობნი არიან და კომპრომისებზე არ თანხმდებიან ევროკავშირის შიგნითაც, ისინი ხელს უშლიან გადაწყვეტილების მიღებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სანქციების გამოცხადება, თავდაცვითი პოლიტიკა ან ევროკავშირის გაფართოება. სწორედ ამიტომაც, თუ რადიკალები ევროპარლამენტში ადგილების მაღალ რაოდენობას მიიღებენ, მათი წარმატება ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი დახმარებას რისკებს უქმნის“, – ხაზს უსვამს ნატალი ტოჩი.

მემარჯვენეთა იძულებითი კომპრომისები

თუმცა იმის ვარაუდები, რომ მემარჯვენე რადიკალური პარტიების ანტიუკრაინული პოზიცია ავტომატურად გადაიქცევა მათ პოლიტიკად ევროპარლამენტის ლეგისლატურულ პერიოდში, ალბათ, შეცდომა იქნებოდა. ასეთ თვალსაზრისს გამოხატავს როჯერ ჰილტონი, სლოვაკური ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის მეცნიერ-თანამშრომელი: „ივნისის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტებმა მაღალი შედეგები რომც აჩვენონ, უკრაინისადმი მხარდაჭერის კრახი მაინც არ მოხდება, ევროკავშირში მაინც იქნება კიევის საკმარისი მომხრე“, – აღნიშნა ექსპერტმა DW-სთან საუბარში.
როჯერ ჰილტონი ამას იმით ხსნის, რომ მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლების საქმიანობა, თუ ევროპარლამენტში იქნებიან არჩეულნი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოახერხებენ ისინი თავიანთ პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხების განხორციელებას, მაგალითად, მიგრაციისადმი მკაცრ კონტროლს: „მხარდაჭერის მისაღებად ისინი იძულებულნი იქნებიან ითანამშრომლონ ევროპარლამენტის სხვა დეპუტატებთან, ვთქვათ, „სახალხო პარტიელებთან“. ანუ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მემარჯვენე-რადიკალ ევროდეპუტატებსაც მოუწევთ, რაც დადებით გავლენას მოახდენს უკრაინის მხარდამჭერი აქტების მიღებაზე“.
თავის მხრივ, ნატალი ტოჩი დასძენს, რომ ევროპარლამენტში მემარჯვენე-რადიკალების მიერ ძლიერი ანტიუკრაინული ლობის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის ის ფაქტის, რომ თვით ამ პარტიებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს უკრაინასთან მიმართებით. „მათ სხვადასხვა ხედვები აქვთ ძალიან ბევრ საკითხზეც – ტრანსატლანტიკური ურთიერთობაზე, მიგრაციაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და ა.შ.“, – განმარტავს ექსპერტი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ნეგატიური გავლენა
გარდა ამისა, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოთქმული ანტიუკრაინული რიტორიკა ყოველთვის არ რეალიზდება მათ კონკრეტულ მოქმედებებში.

„ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ, რომ პოპულიზმი ძალიან ხშირად ადგილს პრაგმატულ მიდგომებს უთმობს. ავიღოთ, ვთქვათ, „დიდი შვიდეულის“ მაგალითი, თუ როგორ უჭერენ მხარს მისი წევრები უკრაინას იტალიის პრემიერ-მინისტრის, მემარჯვენე პოპულისტის ჯორჯია მელონის თავმჯდომარეობით, ან გავიხსენოთ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი, რომლის ძალისხმევით განხორციელდა უკრაინისადმი 61-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღება… „თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვარაუდების იმედზე ყოფნა არ ღირს. მთავარი რეალური მოვლენა წინ არის: ევროპარლამენტში რადიკალური პარტიების პოლიტიკა ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში“, – ამბობს ნატალი ტოჩი, – „მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგიერთი ევროპელი მემარჯვენე ნაციონალისტი მეტ-ნაკლებად მაინც მხარს უჭერს უკრაინას, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ისინი, სავარაუდოდ, სწრაფად შეიცვლიან თავიანთ პოზიციას – უკრაინის საწინააღმდეგოდ“.

წყარო:

„რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“ და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“ – უცხოური პრესა

„რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“, და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი მირორში“ (The Daily Mirror) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – ჩარლი ჯონსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

 „რუსეთის გეგმებშია „თეთრ სახლში თავისი კაცი დასვას“ ნატოს დასუსტების მიზნით, მესამე მსოფლიო ომის შესაძლო გაჩაღების ფონზე“, – აცხადებს ბრიტანელი მწერალი და რუსეთის სპეციალისტი, პოლიტოლოგი კირ ჯაილსი, რომელიც თავისი აკადემიური კარიერის დაწყებამდე სამხედრო მფრინავი იყო, 1990-იანი წლების დასაწყისში მოსკოვში ცხოვრობდა, ამჟამად კი არის კონფლიქტების კვლევითი ცენტრის დირექტორი, თანამშრომლობს „ჩეთემ ჰაუსთან“.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართ ევროპელ ლიდერებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ მისი მკვეთრი „ანტიუკრაინული განწყობისა“ და „პრორუსულ პოზიციებთან“ დაკავშირებით.

კირ ჯაილსმა „დეილი მირორისადმი“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაანალიზა მოსკოვის პოტენციური სტრატეგია ნატოს მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ. მან მწვავედ გააკრიტიკა დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ გამოხატული მუდმივი მხარდაჭერის გამო. სწორედ დონალდ ტრამპის – რესპუბლიკური პარტიის ლიდერის – მითითებით აჭიანურებდნენ რესპუბლიკელები კონგრესში უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებას

ვარაუდები დონალდ ტრამპის რუსეთის სასარგებლოდ მუშაობის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი თავის „რუსოფილობას“ უარყოფს.

კიმ ჯაილსის თქმით, რუსეთისათვის აუცილებელი არ არის ამერიკისათვის დარტყმების მიყენება. თუ კრემლი მოახერხებს და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „თავის კაცს“ – დონალდ ტრამპს გაამარჯვებინებს, იგი წარმატებით იმუშავებს თეთრ სახლში და ამერიკას (ჩათვალე: ნატოს) ძირს შიგნიდან გამოუთხრის.

„ნატოს ძალა მისი მობილურობა და წევრების ერთიანობა წარმოადგენს, მაგრამ ნატოს ერთიანობაში ალიანსის სისუსტეც იმალება: აგრესორისადმი კოლექტიური პასუხის ჩაშლა ალიანსის ყოველ ცალკეულ წევრ ქვეყანას შეუძლია. ბევრი შეშფოთებულია იმით, რომ ეს ქვეყანა შეიძლება თვით ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდეს, რომელიც ნატოსთვის საყრდენი და უძლიერესი სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოა. სამწუხაროდ, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის კაცი“ გაიმარჯვებს, მაშინ რუსეთს უკრაინაში ომის მოგება შეუძლია. შესაბამისად, მოსკოვის წინაშე მოქმედებისათვის ფართო სივრცე იხსნება, რუსეთს შეუძლია ბევრი ვარიანტით იმოქმედოს“, – ამბობს კიმ ჯაილსი.

ინტერვიუში პოლიტოლოგი გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს „უაზრო ორგანიზაციად“ გადააქცევს:

„ნატოს დასასუსტებლად ალიანსის შემადგენლობიდან აშშ-ის გასვლა აუცილებელი არ არის. დონალდ ტრამპს ნატოდან გაუსვლელადაც შეუძლია ალიანსის არსებობის  განეიტრალება. იმიტომ, რომ მას როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ეროვნულ ლიდერს, შეუძლია თავის არმიას უბრძანოს, რომ საომარ მოქმედებებში არ ჩაერიოს. მორჩა და გათავდა. ნატო თავისი არსებობის აზრს დაკარგავს. ამისათვის სულაც არ არის საჭირო ქვეყნის ალიანსიდან გასვლა, საკმარისია უარის თქმა თანამშრომლობაზე და სხვების დახმარებაზე. სხვათა შორის, ასეთი ნაბიჯის გადადგმა სხვა წევრ-სახელმწიფოსაც შეუძლია“, –  ამბობს ინტერვიუში კიმ ჯაილსი.

როგორც ცნობილია, ნატო ანუ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია სამთავრობოთაშორისო სამხედრო ალიანსს წარმოადგენს, რომლის წევრი ამჟამად 32 სახელმწიფოა: 30 ევროპული და 2 ჩრდილოამერიკული ქვეყანა (აშშ და კანადა). ნატო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას ქმნის – მისი წევრები ეტანხმებიან პრინციპს, რომ მესამე მხარის აგრესიის შემთხვევაში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან და დაიცავენ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

პოლიტიკური უმცირესობა ვერ იბატონებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, ეს დაიმახსოვრეთ – ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკური უმცირესობა ვერ იბატონებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, ეს დაიმახსოვრეთ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური უმცირესობა თავს ვერ მოახვევს თავის პოზიციებს ისე, რომ ის არის ყოველთვის მართალი და არა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა.

„ეს ასე ამ ქვეყანაში ვერ იქნება. თქვენ იცით, რომ მესამე მოსმენა არის რედაქციული განხილვა, აქ საუბარია სიტყვების გადანაცვლებაზე და ა.შ. როგორც ჩანს, ამიტომ არ სურდა შემოსვლა ოპოზიციას და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ხელი შეეშალათ შემოსვლაში, რათა შექმნან განცდა, რომ ნახეთ, თურმე ვიღაც ვერ შემოვიდა და ისე განიხილეს. ეს არის ტყუილი. ოპოზიციონერი დეპუტატები კართან იდგნენ და არ შემოდიოდნენ საკომიტეტო დარბაზში.

რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ჩვენ ვთქვით და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ამის შესახებ, რომ მზად ვართ, თუ ამის ინტერესი არსებობს, ვეტოს ფარგლებში, ვიდრე ვეტო იქნება წარმოდგენილი, კომუნიკაცია იყოს. იცით, რომ ჩამოდიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ჩვენ ამ საკომუნიკაციო სივრცეს ვქმნით. თუ ამის ინტერესი არის საქმიანი და ობიექტურად თუ ეს იქნება შემდეგ ვეტოში ასახული, ჩვენ ამას განვიხილავთ.

არგუმენტი ზოგადად, რომ ვიღაცის სტიგმატიზება ხდება თურმე, ვიღაცას არ უნდა რეგისტრაცია, ეს არ არის არგუმენტი. ამას ყველაფერს სჭირდება დასაბუთება და თუ იქნება დასაბუთება წარმოდგენილი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ეს პროცესი გვიჩვენებს სად შეიძლება პოზიციების დაახლოება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათი მიზანია რადიკალიზმის ზრდა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა შემოშვებას-ხალხის ძალა

საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას.

„რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია). ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი. მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის „დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას. ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად მოიძებნება. მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს:

გაბრელიუს ლანდსბერგისი: „სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ სამკურნალოდ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“; მაიკლ როთი: „საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა“; ჯეიმს ო’ბრაიენი: „საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემებს იწვევენ“; ჟიგიმანტას პავილიონისი: „დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს“.

ეს არის სრულიად არაევროპული თავდასხმები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე, თუმცა ხსენებული განცხადებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ ადამიანებს აქვთ ნათქვამი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესზე. განსაკუთრებული აგრესიით, ტრადიციულად, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოირჩევა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ „გამოიჩინა“ თავი, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია გადააყენეს მისმა პატრონებმა, რათა ამით რევოლუციური პროცესების ფორსირება მოეხდინათ. მაშინ ბატონმა პავილიონისმა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრებულ ძებნილ ნიკა მელიას მიაკითხა, შემდეგ კი თურქეთში ჩავიდა და მეორე ძებნილს, რევოლუციის მოსაწყობად საქართველოს საზღვართან მომდგარ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მას ღიად აღმოუჩინა პოლიტიკური მხარდაჭერა. არადა, ჟიგიმანტას პავილიონისი ის პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ პოლიტიკურ გუნდთანაც ჰქონდა პრობლემები, ხოლო ლიეტუვის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მისი განცხადებების გამო. ამ ფაქტების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ზემოთ ხსენებული დასავლელი პოლიტიკოსების სტუმრობა მათ მიერ ხსენებულ მიზანს, ანუ „დასავლური კურსის“ მხარდაჭერას ემსახურებოდეს.

აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება, რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა. როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან. უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს და „მათი რწმუნებულები კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა მოძიებას მათთან გასაუბრების“.

ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს.

სახალხო დამცველის რწმუნებულები კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა მოძიებას მათთან გასაუბრების და მათი ფიზიკური მდგომარეობისა თუ დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“,- ნათქვამია განცხადებაში.

გომბორის მოსამზადებელ ცენტრში მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება გაიმართა

”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” ძალისხმევით,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს გენერალთა კლუბის მხარდაჭერით, გომბორის მოსამზადებელი ცენტრში, 11 მაისს, მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება შედგა.

შეკრებამ,რომელიც რეკრუტირების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით,100-მდე მოხალისე გააერთიანა, რომელთა უმეტეს ნაწილს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები წარმოადგენენ. მათ შორის არიან ახალგაზრდებიც. ამ ნაკადის მოსამზადებელი სემინარები და წვრთნები, 9 დღეს გასტანს.

როგორც მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორი, მალხაზ ქარაზანიშვილი და დირექტორის მოადგილე, გენერალი გიორგი სურმავა აცხადებენ, დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას, მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფები არა ერთი გამოწვევის წინაშე აყენებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის ბრძოლაში გამოცდილ ვეტერანებთან ერთად, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში. გულანთებულმა ახალგაზრდებმა, საზოგადოებას არა ერთხელ აჩვენეს ქვეყნისთვის ერთიანობის, გამოწვევების ერთიანი ძალებით დაძლევის მაგალითი. თუმცა, მათი შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, მათი პოტენციალის ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემაში, ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილ ვეტერანებთან ერთად ჩართვა არსებითად მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ „ტოტალური თავდაცვის” კონცეფციაში ერთ-ერთი უმთავრესი ძალისხმევის ხაზია „თავდაცვის ძალების სამოქალაქო მხარდაჭერა” და, მათ შორის, მოხალისეების მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამ პრინციპის რეალიზების ფარგლებში, ასევე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ – „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის” და ა(ა)იპ – ,,საქართველოს გენერალთა კლუბის” მიერ დაფუძნდა მოხალისეთა ორგანიზაცია, ა(ა)იპ – ,,ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის”. მოხალისეთა ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს, ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მოხალისეთა მეორე ნაკადის შეკრებისთვის, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, მოსამზადებელი სამუშაოები მაისის მესამე დეკადაში განახლდება.

მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ბიჭებს, რომლებიც ამდენს იტანენ და ამდენს ითმენენ – მამუკა მდინარაძე პოლიციელებზე

წახალისებაა გირაოს ფულის გადახდის დაპირება და აი, ამ ფულზეც იქნება საიდან მოდის. გამჭვირვალობის კანონი როგორც კი ამოქმედდება, გავიგებთ რა ფულია და ვინ ახალისებს ძალადობას,- ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას გააკეთა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის დაპირებას იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის გადაიხადოს გირაოს ფული, თუკი აქციის მონაწილეებს დააკავებენ.

მისივე თქმით, ეს დაპირებაც კიდევ ერთი არგუმენტია იმის, რომ გამჭვირვალობის კანონი კარგია.

„გარდა ამისა, მე მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ბიჭებს, რომლებიც ამდენს იტანენ და ამდენს ითმენენ. ერთი კადრი ვნახე, რაც იყო ძალიან ნიშანდობლივი- თვითონ დედას აგინებდა, მომიტინგე და მერე იმანაც შეაგინა, არ ღირს ამის დაფარვა, პოლიციელმაც შეაგინა, ერთი ათჯერ ამან რომ შეაგინა, იმანაც შეაგინა. შენ პოლიციელი ხარ თუ ვინ ხარო, როგორ მაგინებო. ის პოლიციელი ადამიანი არ არის? ოჯახი არ ჰყავს? ქართველი არ არის? სისხლი არ უდუღს? რთულია. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოუწოდა, ჩვენ მოვუწოდეთ, მაგრამ, არ არის ასე მარტივი დედის გინების ატანა ქართველი კაცისთვის, ვაჟკაცი, გმირი პოლიციელისთვის. დგახარ დედას აგინებ, ბოთლს თავში ურტყამ, აგურს ესვრი და ეს ყველაფერი უნდა მოითმინოს ისე, რომ არ უნდა გაინძრეს ეს ადამიანი. მერე უნდა მიხვიდე ჩაარტყა, გაზი უნდა შეასხა სახეში და მაინც უნდა მოგითმინოს? ჯერ ერთი, ყველანი ადამიანები ვართ, მგონი მხოლოდ პოლიტიკოსები არ ვართ მარტო ადამიანები, რკინის ნერვები გაგვიხდა და ადამიანებში აღარ ვიწოდებით, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ადამიანია პოლიტიკოსიც, ადამიანია პოლიციელიც, ყველა ადამიანები ვართ, მომიტინგეც და ა.შ.

ამ ხალხმა ჯერ მთელი ღამე გაათენა, მერე რა შეურაცხყოფას აყენებდნენ, მერე როგორ აგინებდნენ, ესროდნენ ქვებს, სხვადასხვა ნივთებს, მერე როგორ აწვებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ მათი წყობიდან გამოსაყვანად და მერე ვრცელდება მარტო კადრებს, ავრცელებენ ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტები და ბრაზდებიან, როგორ შეეხო ხელით პოლიციელი. ანუ, მანამდე პოლიციელის დაზიანების მცდელობა, უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაზის სახეში შესხმა, ეს არაფერი არ არის და დაკავების დროს როგორ შეეხო, როგორ გაანეიტრალა, ბალეტი რატომ არ ეცეკვა ამ დრო, ამაზე ბრაზდებიან, გიჟდებიან და იმაზე არ ბრაზდებიან მანამდე რასაც აკეთებდნენ მომიტინგეები მათ წინააღმდეგ. რანაირი სტანდარტია, ორმაგიც აღარ ჰქვია ამას. ამ პოლიციელებმა რა გააკეთონ. სცემენ და პოლიციელმა უნდა მიმართოს, ძვირფასო მოქალაქე, ახლა თქვენ დედას კი მაგინებთ, მცემთ, გაზს მასხამთ სახეში, მაგრამ დიდი ბოდიში, მე ახლა ხელი უნდა მოგკიდოთ, ცოტა უხეშად შეიძლება მომივიდეს, იმიტომ, რომ არ მემორჩილებით თქვენ და ასე უნდა დაგაკავოთ. ანუ, ეს წარმოუდგენიათ? მართლა რა ხდება გინდაც აშშ-ში, გინდაც ევროპის ქვეყნებში, ამ დროს თავპირს ალეწავენ და ყველა ამბობს, რომ ეს არის ლეგიტიმურიო“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია -დევიდ კამერონი

ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა Sky News-თან ინტერვიუში, საქართველოში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იმეორებს ამას, ცდილობენ დახურონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, აწარმოებენ კამპანიებს იმ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ასეთი შეტევა“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს – ანა ბუჩუკური

ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს – მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რაც ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ხდება, ტერორია და თუ ვინმეს ჰქონდა კითხვა, „რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ“.

„მე თვითონ შევესწარი, შემოსვლისას, ჩემს თვალწინ ხდებოდა ძალადობის ფაქტი. თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა, რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად იმიტომ, რაც ხდება ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ყველას, ვინც არ არის მათიანი ანუ „ოცნების“ მხარდამჭერი, ყველას გვეძახიან მოღალატეებს, ყველას გვეძახიან აგენტებს, “ზონდერები” ღამ-ღამობით ადამიანებს ჩუმად თავს ესხმიან და სცემენ და ივანიშვილს, ფაქტობრივად, ტერორში ჰყავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები. ყოჩაღ, მართლა ყოჩაღ! ეს არის ყველაზე მკაფიო და ნათელი მაგალითი, როგორ იქცა ეს ადამიანი იმის გაგრძელებად, რაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის თქმა მომიწევდა 12 წლის თავზე. ახლა რაც ხდება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას ჰქვია ტერორი. თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა – რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ – ეს კანონი უკვე ამოქმედებულია. ახლა არ არის პანიკის დრო, მესმის, რომ ყველანი გაბრაზებულები ვართ, მესმის, რომ ბევრი ემოცია გვაქვს ყველას, მაგრამ ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს. უნდა ვაჯობოთ მათ ჭკუით, თავი ავიყვანოთ ხელში, ჩვენი ემოციები ავიყვანოთ ხელში, რომ მშვიდად ეს ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე, იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

როგორც მაწვდიან ინფორმაციას, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის, ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა. დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ -ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის ცნობითაც, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა.

ექსპერტის თქმით, დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებიც საქართველოში და შემდეგ აქციაზე ტყუილად არ მივიდოდნენ.

“როგორც მაწვდიან ინფორმაციას, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა. მაქვს გამოცდილება და ვიცი, რომ დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებიც საქართველოში და შემდეგ აქციაზე ტყუილად არ მივიდოდნენ. კარგია, რომ დაკავებულები არიან, დანარჩენი უახლოეს პერიოდში გაირკვევა”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს

პარლამენტიდან, კერძოდ კი, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს. ტერიტორიიდან გაყვანილი არიან ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც.

მათი ნაწილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს.

სამართალდამცავების ტერიტორიიდან გაყვანას ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებდნენ: „მონებო“, „წადით“.

ამ დროისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები როგორც პარლამენტის წინ, ასევე გვერდითა შესასვლელებთან – ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზეც რჩებიან.

“გვაქვს პოზიცია, თუ ვინმეს სურს ვეტომდე შინაარსში შეცვლა, მზად ვართ კომუნიკაციისთვის”-ანრი ოხანაშვილი

პრეზიდენტის ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი გამჭვირვალობის პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერი კრიტიკა არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.

„გვაქვს პოზიცია, თუ ვინმეს სურს ვეტომდე შინაარსში შეცვლა, მზად ვართ კომუნიკაციისთვის, შესაბამისად ჩვენი ეს პოზიციაც უცვლელია. ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი გამჭვირვალობის პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული. გავაკეთეთ შეთავაზება, რომ მზად ვართ კომუნიკაციისთვის, თუ ამის ინტერესი იქნება. რაღაცას როცა აკრიტიკებ და არ მოგწონს, ეს უბრალოდ შენი სუბიექტური აზრი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს არგუმენტი, დასაბუთება. ნებისმიერი კრიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის, კანონპროექტთან დაკავშირებით პარტნიორებთან იმსჯელოს, გამართონ დისკუსია საზოგადოების თვალწინ.

„მიუღებელია, როცა ვხედავთ, რომ არ არის არგუმენტი, დასაბუთება. მზად ვართ და გვექნება დამატებით შეხვედრებიც, კომუნიკაციაც  პარტნიორებთან და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვართ ღია. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა შეთავაზება. რაღაცას არასწორად თუ ვაკეთებთ, დავსხდეთ საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში, გავმართოთ დისკუსია. დებატებს კი არ ვეუბნებით პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, არამედ დისკუსიას. ხომ ამბობენ, რომ რაღაც არასწორია, საზოგადოებამ იხილოს ეს ჯანსაღი დისკუსია, მსჯელობა კანონპროექტთან დაკავშირებით და საზოგადოება ნახავს, რომ ჩვენს მხარეს, „ქართული ოცნების“ მხარეს, ჩვენი ხალხის მხარეს არის სიმართლე. სამწუხაროა, როდესაც ამბობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, მაგრამ არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს“.