პოლიტიკური უმცირესობა ვერ იბატონებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, ეს დაიმახსოვრეთ – ანრი ოხანაშვილი

12
spot_img

პოლიტიკური უმცირესობა ვერ იბატონებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, ეს დაიმახსოვრეთ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური უმცირესობა თავს ვერ მოახვევს თავის პოზიციებს ისე, რომ ის არის ყოველთვის მართალი და არა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა.

„ეს ასე ამ ქვეყანაში ვერ იქნება. თქვენ იცით, რომ მესამე მოსმენა არის რედაქციული განხილვა, აქ საუბარია სიტყვების გადანაცვლებაზე და ა.შ. როგორც ჩანს, ამიტომ არ სურდა შემოსვლა ოპოზიციას და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ხელი შეეშალათ შემოსვლაში, რათა შექმნან განცდა, რომ ნახეთ, თურმე ვიღაც ვერ შემოვიდა და ისე განიხილეს. ეს არის ტყუილი. ოპოზიციონერი დეპუტატები კართან იდგნენ და არ შემოდიოდნენ საკომიტეტო დარბაზში.

რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ჩვენ ვთქვით და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ამის შესახებ, რომ მზად ვართ, თუ ამის ინტერესი არსებობს, ვეტოს ფარგლებში, ვიდრე ვეტო იქნება წარმოდგენილი, კომუნიკაცია იყოს. იცით, რომ ჩამოდიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ჩვენ ამ საკომუნიკაციო სივრცეს ვქმნით. თუ ამის ინტერესი არის საქმიანი და ობიექტურად თუ ეს იქნება შემდეგ ვეტოში ასახული, ჩვენ ამას განვიხილავთ.

არგუმენტი ზოგადად, რომ ვიღაცის სტიგმატიზება ხდება თურმე, ვიღაცას არ უნდა რეგისტრაცია, ეს არ არის არგუმენტი. ამას ყველაფერს სჭირდება დასაბუთება და თუ იქნება დასაბუთება წარმოდგენილი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ეს პროცესი გვიჩვენებს სად შეიძლება პოზიციების დაახლოება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.