Home Blog Page 3

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას – ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო უწყებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მათი თქმით გარკვეული ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ.

მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება” – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს.

„საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, – წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.

მოვუწოდებ საერთაშორისო აქტორებს, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედული, ჰქონდეთ კომუნიკაცია, მათ შორის შსს-სთან, საკითხში გარკვევის შემდეგ გააკეთონ განცხადებები -შალვა პაპუაშვილი

მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედული, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

„იმედგამაცრუებელია ზოგიერთი განცხადება როგორც საქართველოში მყოფი საელჩოების, ისე ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან. ეს გარკვეულწილად ქმნის აღქმას, რომ ხდება ყალბი ნარატივის დამკვიდრება, თითქოს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მისი ძალადობრივი გზით შეწყვეტა მოხდა. ყველამ ნახა, სინამდვილეში რა ხდებოდა და, მათ შორის, ნახა პარლამენტის შენობაზე თავდასხმის შედეგები, რომელსაც გუშინწინ, ღამის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ამის ფონზე თქმა, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობა, მეორე მხრივ, საქართველოს პოლიციის დისკრედიტაცია. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, ამ მხრივ იყვნენ უფრო წინდახედული, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება დისკრედიტაციაა ქართული პოლიციის, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს.

ყველას შევახსენებ, რომ 2019 წლის ნოემბრის აქციების დროსაც იყო განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, აშშ-ის საელჩოს მხრიდან. გახსოვთ, ხდებოდა პიკეტირება საქართველოს პარლამენტის შენობის და მაშინაც აქციის დაშლასთან დაკავშირებით პოლიციის ქმედება შეაფასეს გარკვეული შეშფოთებებით. შემდეგ, 2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სრული სტანდარტების დაცვით მოქმედებდა საქართველოს პოლიცია და საელჩოების ეს განცხადება იყო ყალბი ნარატივის დამკვიდრება. ამიტომ, გარკვეული დეჟავიუ არის, როდესაც გუშინ განცხადებებს ვკითხულობდი.

ველოდებოდი ამ განცხადებებს და მაინტერესებდა, რა სახის გამოხმაურება იქნებოდა, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ საელჩოებთან საქართველოს პარლამენტს აქვს პარტნიორული ურთიერთობა, გვაქვს სხვადასხვა სახის საქმიანი ურთიერთობა. როდესაც პარლამენტის შენობაზე ხდება თავდასხმა და ამ თავდასხმის მოგერიებისას საქართველოს პოლიცია შესაბამის ზომებს იყენებს, მათ შორის, პოლიციელები დაშავდნენ, ამის ფონზე ვხედავთ საელჩოების განცხადებას, თითქოს ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და არანაირი მიზეზი არ არსებობდა, საპოლიციო ძალები ყოფილიყო გამოყენებული, რაც, ერთი მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრება, მეორე მხრივ, სამწუხარო განცხადება პარლამენტთან დაკავშირებით. ეს გარკვეულწილად ასევე ზიანს აყენებს ცალკეული საელჩოების დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ. გარკვეული საელჩოების მხრიდან ველოდებოდი მეტ სოლიდარობას პარლამენტის მიმართ. ეს თუ მშვიდობიანი აქცია იყო, ალბათ სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს ჩვენ, რა არის მშვიდობა ამ მხრივ. ჩვენ ვხედავთ აქციებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პოლიციის მოქმედებას, რომელიც არის მეტად მკაცრი, ბრუტალური და ამის ფონზე, იმავე ქვეყნის წარმომადგენელი საელჩო საქართველოს პოლიციის მართლაც ფრთხილ, სტანდარტების შესაბამის მოქმედებას როცა აფასებს, თითქოს მშვიდობიანი აქციის მიმართ ძალის გამოყენება იყო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, სამწუხარო მცდელობაა ყალბი ნარატივის დამკვიდრების. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო აქტორს, განსაკუთრებით საელჩოებს, რომლებიც არიან საქართველოში, გაერკვნენ ვითარებაში, მათ შორის, ჰქონდეთ კომუნიკაცია შსს-სთან და ამის შემდეგ გამოიტანონ დასკვნები, გააკეთონ განცხადებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ „საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება“. აღნიშნულთან დაკავშირებით განცახდება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია: „მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, თუმცა უწყების განცხადება ობიექტურობას მოკლებულია, რაც ახალისებს ძალადობას“.

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, სერიოზული, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს – შალვა პაპუაშვილი

პრემიერის მიმართ ამერიკისგან როდესაც ხდება შეთავაზება და იქვე წინაპირობების დაყენება, ეს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის უარი ხომ არ დააზიანებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, რაზეც მან აღნიშნა:

„არა, რა თქმა უნდა. საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, სერიოზული, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს და დამყარებულია ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე. რაც შეეხება კონკრეტულ შეთავაზებას პრემიერ-მინისტრის მიმართ ვიზიტთან დაკავშირებით, შეთავაზება როდესაც ხდება და იქვე წინაპირობების დაყენება, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და იმ ნდობით ურთიერთობას, რომლითაც ვუყურებთ ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის მიმართ.

ჩვენ, სხვადასხვა დროს გამოგვიჩენია, რას ნიშნავს ჩვენი გაგებით პარტნიორობა. ჩვენს პარტნიორებს გავყევით ომში ავღანეთში და მხარდამხარ ვიბრძოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, არანაირი პირობა არ გვქონდა დაყენებული. ჩვენ გვესმოდა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უსაფრთხოების სახით მსოფლიოს წინაშე და ჩვენ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებდით ამ საკითხზე. მოლოდინია, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულება იქნება და როდესაც არის სურვილი საუბრის, ვიზიტის განხორციელების, წინაპირობები არ იქნება დაყენებული, ვინაიდან ეს გარკვეულწილად, ჩრდილს აყენებს დამოკიდებულებას, იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ხდება ასეთი წინაპირობების დაყენება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე“.

ამასთან, აღნიშნულ განცახდებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: „პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.

დერეკ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო -ირაკლი კობახიძე

დერეკ შოლესთან საუბრისას არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ამასთან, კობახიძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან გამოხატა გულწრფელი იმედგაცრუება „2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა“.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.

„გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-2023 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“, – წერს ირაკლი კობახიძე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.

გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს განხილვა, თან დათქმით, შეჩერდეს კანონი, ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება – გურამ მაჭარაშვილი

გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს ამის განხილვა, თან დათქმით, შეჩერდეს კანონი. ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თუ რამე აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ეს არის მსგავსი განცხადებები და ასეთი ვასალური დამოკიდებულებები. „ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეთავაზება დიპლომატებზე, ამერიკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რაიმე კითხვა თუ ჰქონდათ, ქვეყნის პირველი პირი მზად იყო, კითხვებზე ეპასუხა საჯაროდ, საზოგადოების თანდასწრებით. პრემიერ-მინისტრისგან ელჩების მიმართ ეს შეთავაზება სამჯერ იყო, მაგრამ მათგან იყო უარი. ამ ფონზე, ამერიკისგან პრემიერისთვის შეთავაზება, ვიზიტით ჩამობრძანდი, აქ განვიხილოთ თქვენი კანონი და მანამდე შეაჩერეო, ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება.

გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს ამის განხილვა? ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება, როდესაც ჩვენც გვინდა პარტნიორობა, მაგრამ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს. ახალი ელჩი აქამდე იქცეოდა დიპლომატიურად, როგორც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, მაგრამ როგორც კი ილაპარაკებს, როგორც უფროსი ქვეყნის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიტყვით, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ და არ შეიძლება, ასე თავხედურად თქვა უარი ქვეყნის პირველი პირის შეთავაზებაზე, როცა ქართული კანონი მიიღება.

ამერიკაში რატომ უნდა განიხილებოდეს გამჭვირვალობის კანონი და თან იმ დათქმით, რომ შეაჩერე ეს კანონი. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ამაზე განმარტება და ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორი ქვეყნის ელჩი და არა მეფისნაცვალი. მეფისნაცვალი გვყავდა რუსეთიდან და ამაზე უარი ვთქვით. ახლა ჩვენ გვინდა პარტნიორი ქვეყნის ელჩი, რომელიც მობრძანდება ქვეყნის პირველ პირთან და კითხვებს დასვამს სახალხოდ, სახალხოდ გასცემს პასუხს პრემიერ-მინისტრი და დათქმას არ ეტყვის, რომ ეს კანონი გააჩერე, ჩადი ახლა იქ, როგორც ადრე იბარებდნენ ჩვენს მეფეებს ხან ურდოში და ხან სხვა სახელმწიფოში და შემდეგ ხარკებს უწესებდნენ. ეს რა დამოკიდებულებაა. ეს არის ზუსტად მონური დამოკიდებულება და ამას  არ დავუშვებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, ეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეს ხომ არ შეუქმნის, მაჭარაშვილმა აღნიშნა:

„ამერიკაში საზოგადოების უმეტესი ნაწილი და ძალები არიან, რომლებიც, იმედი გვაქვს, საქართველოსთან გააგრძელებენ პარტნიორულ ურთიერთობას. როგორ ჩანს, დღევანდელი ადმინისტრაცია და დღევანდელი ელჩი სხვანაირად, ცუდად უყურებს ამ საკითხს. მეტი როგორ გითხრას იმ ხალხმა, რომ შენ არ ხარ სუვერენული ქვეყანა. დასაფიქრებელიც კი არაფერი ჰქონდათ, როდესაც გვითხრეს, ისედაც შეზღუდულ ვიზებს კიდევ უფრო შევზღუდავთო. ეს არის პირდაპირ გაცხადებული ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. თუ ჩვენ ახლა შევძლებთ და სუვერენიტეტს შევინარჩუნებთ, შემდეგ ყველა მოგვექცევა, როგორც თანაბარს. თუ ვერ შევინარჩუნებთ, მერე ნახეთ დაბარებები. კანონის შეჩერებას კი არ მოგვთხოვენ, საერთოდ იმ კანონების მიღებას, რასაც ჰქვია ლგბტ პროპაგანდა. გეტყვიან, მოსამართლეს ჩვენ დაგინიშნავთ, ცესკო-ს თავმჯდომარეს, სად არის მერე სუვერენიტეტი? დავემშვიდობებით შემდეგ სუვერენიტეტს. ჩვენ არაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ. ისინი არა მარტო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, არამედ, მგონი, ძახილის ნიშანი დასვეს – ან ვასალობა ან ჩვენი ურთიერთობა. სამწუხაროდ, საკითხი ასე დააყენეს. ჩვენ ვასალობაზე არ ვართ თანახმა, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ იქნებიან იქ ძალები, რომლებიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გააგრძელებენ. თუ რამე აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ეს არის ასეთი განცხადებები და ასეთი ვასალური დამოკიდებულებები ჩვენი ქვეყნის მიმართ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე“.

“როგორც არ უნდა იყვირონ “არა რუსულ კანონს”, აქ კანონი არაფერ შუაშია. შუბი ხალთაში არ დაიმალება”- ბიძინა გიორგობიანი

“1991 წელს სექტემბერში საქართველოს სტუმრობდა აშშ კონგრესის დელეგაცია. 2 სექტემბერს ისინი უნდა შეხვედროდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას, ზუსტად ამ დღეს მოხდა კინოს სახლთან მიტინგზე, ჰაერში სროლა და დარბევა. 15 სექტემბერს გამსახურდიამ განაცხადა შემდეგი.

“როდესაც ამერიკის კონგრესის დელეგაცია ჩამოდის თბილისში. დრო, როდესაც მე მას ვხვდები… ამ დროს გაისმის სროლა რუსთაველის პროსპექტზე. რა ჰქონდა მიზნად დასახული ყოველივე ამის ჩამდენს და მომწყობს, გეკითხებით მე! მე მგონი დღესავით ნათელია, მეგობრებო, მზადდებოდა ცნობა ჩვენი ქვეყნისა მრავალი უცხო ქვეყნების მიერ, დელეგაციის ჩამოსვლა მისადაგებული იყო, სწორედ ამასთან და ეს უნდა ჩაშლილიყო. ნუთუ ამის მიხვედრა ასე ძნელია, მეგობრებო?!.”.

მაშინ საქართველოში დესტაბილიზაცია მხოლოდ მოსკოვის ინტერესებში იყო, დღე თბილისში დესტაბილიზაციის ინტერესი მრავალმხრივია. შეადარეთ დღეს თბილისში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა 4000 დელეგატით, ზემოთ მოყვანილ ისტორიას. დღეს თბილისში შეხვედრაზე განიხილება ახალი მეგაპროექტები, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მისი მონაწილენი ყოველდღიურად ხედავენ ქუჩაში არსებულ ქაოსს. თუ შევხედავთ აშშ სახდეპის განცხადებას, ძნელი მისახვედრი არაა ვინ და რა მიზნით გამოფინა ქუჩაში “სპონტანურად” დემონსტრანტები.

პ.ს. როგორც არ უნდა იყვირონ “არა რუსულ კანონს”, აქ კანონი არაფერ შუაშია. შუბი ხალთაში არ დაიმალება”-წერს სოციალურ ქსელში ბიძინა გიორგობიანი.

https://www.facebook.com/bidzinagiorgobiani/posts/pfbid0qXuvYvWBAH5AbuPxvBATa1kfiWopyw3Nm6GtSfw92fc5VfDYJyT3DkUrhTuoFFtLl

3 მაისის დილის მდგომარეობით, რწმუნებულებმა იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს – გრძელდება დაკავებულთა მოძიება და მათთან გასაუბრება – ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი გასული ღამის განმავლობაში აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას ადგენდნენ, ხვდებოდნენ დაკავებულებს და პირადად იგებდნენ ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირია მონახულებული.

„3 მაისის დილის მდგომარეობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს.

ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას. განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“-წერია გავრცელებულ განცხადებაში.

“გუშინ “ნაცმოძრაობის” დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა, ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს-ლადო მგალობლიშვილი

გუშინ ნაცმოძრაობის დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა. ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს. ვიხილეთ ეგზალტირებული „პატარა ადამიანების“ ფაშისტური ქცევა, როგორ ეპყრობოდნენ საცობში მყოფ უკმაყოფილო მოქალაქეებს, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ – საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს რომ ნეიტრალური ხალხი დგას აქციაზე, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაცები“ არ მოსწონთ, მაგრამ ევროპა უნდათ, სწორედ მათ შვილებს დაერევა ოპოზიცია ძალაუფლების ხელში აღების შემდგომ.

„გუშინ „ნაცმოძრაობის“ დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა. ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს. ვიხილეთ ეგზალტირებული „პატარა ადამიანების“ ფაშისტური ქცევა „როგორ ეპყრობოდნენ საცობში მყოფ უკმაყოფილო მოქალაქეებს. სიმსივნიანი პაციენტი და ფეხმძიმე ქალიც კი არ გაატარეს. ღმერთმა არ ქნას ამ კომპლექსიან კაცუნებს ოდესმე ძალაუფლება მიეცეს, მიშაზე უარესს იზამენ. ახლა ნეიტრალური ხალხი რომ დგახართ აქციებზე, „ნაცები რომ არ მოგწონთ, მაგრამ ევროპა გინდათ“ ზუსტად თქვენ შვილებს დაერევიან ესენი ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში“, – წერს ლადო მგალობლიშვილი.

ვთქვით, რომ აქციები აუცილებლად გადაიზრდებოდა ძალადობაში, იქ დგანან ოპოზიციონერები, რომლებსაც არეულობის მოწყობის დიდი გამოცდილება აქვთ – არჩილ თალაკვაძე 

ვამბობდით, რომ ლობისტებმა, პატრონებმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ჩაიქნიეს ხელი, უთხრეს, რომ ისინი უკანა რიგებში უნდა გადაიმალონ. ზუსტად ასე მოხდა. „ნაციონალური მოძრაობა“ გადამალეს უკანა რიგებში, დაშალეს, ამ პატარა ნაშალებით შექმნეს პოლიტიკური ჯგუფები და მათ შეუქმნეს პარალელური „ენჯეოები“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ჯერჯერობით ერთი-ერთში სრულდება ხელისუფლების პროგნოზები. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ რასაც ეუბნებოდა საზოგადოებას, არის გულწრფელი და ყველა პროგნოზი გამართლდა. „დღეს თუ რამე აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, ეს არის „ენჯეოების“ პოლიტიზება და დესტაბილიზაციის პროცესში პირდაპირი ჩართვა. ვინ არიან ეს ფონდები, რა თანხებით ფინანსდება მარგინალური ჯგუფები – ზუსტად ამას ეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონი. წინა დღეებში ვთქვით, რომ აქციები, რომლებსაც ჯერჯერობით მშვიდობიანი ფორმა ჰქონდა, აუცილებლად გადაიზრდებოდა ძალადობაში. ასეც მოხდა, რადგან ამის უკან და ამ პროტესტის მონაწილეთა რიგებში დგანან ოპოზიციონერები, რომლებსაც არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის დიდი გამოცდილება აქვთ. არც დააყოვნეს. დღეს პირდაპირ გააკეთეს ბრიფინგი და თქვეს, ჩვენ ვართ ამ მიტინგის წარმმართველებიო, პირდაპირ აიღეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში-გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლტერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევისკენ და სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებთან დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს დედაქალაქ თბილისში დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების გამო.

ათასობით ქართველი დღეების განმავლობაში აპროტესტებს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი და დაიცვას მათი უფლებები გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესახებ. ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა გარდაუვალი საფრთხის წინაშე.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდებაზე საპროტესტო აქციების დროს, მის შემდეგ ან დაკავებისას. ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უნდა მოხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიც“,, – აღნიშნულია ვოლტერ თურქის განცხადებაში.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად“ მარკირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს.

„ასევე მოვუწოდებ მომიტინგეებს და პროტესტის ორგანიზატორებს, ისარგებლონ თავიანთი უფლებებით მშვიდობიანი გზით და არ მიმართონ ძალადობას. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედია ორგანიზაციებთან. უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად“ მარკირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის სასახლეში 3-4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაფერისი დროა ემოციური გადატვირთვისთვის – შეგიძლიათ სახლი დაასუფთაოთ, ინტერიერი შეცვალოთ, მაღაზიებში იშოპინგოთ. მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, ადრე დაწყებული ბევრი საქმე დაასრულოთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და საყვარელ ადამიანებთან საკამათო საკითხები მშვიდად განიხილოთ.

კურო

ამ დღეს ყველაფერი კარგად გამოგდით, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ ინტუიციას მოუსმინოთ და გამოცდილ ადამიანებს რჩევა ჰკითხოთ. ჩართეთ საქმიანობაში საყვარელი ადამიანები ან სანდო კოლეგები.. ისინი დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებიან.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. სამუშაოსთვის აირჩიეთ თემები, რომლებიც მოგებას მოგიტანთ ან მომავალ ბიზნესპროექტებში გამოგადგებათ. შეიძლება წინ წაიწიოთ ძველი, რთული საკითხების მოგვარების მიმართულებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თაროზე შემოდებული გქონდათ. ეცადეთ, შეცდომების თავიდან ასაცილებლად საკუთარი რესურსები ობიქტურად შეაფასოთ.

კირჩხიბი

კარგი განწყობა და ოპტიმიზმი რთული საკითხების გადაჭრაში და იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. დროა, რჩევისა და მხარდაჭერისთვის საყვარელ ადამიანებს მიმართოთ, ისინი უარს არ გეტყვიან. უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მით უმეტეს, რომ ხვალ ამ სიტუაციას სხვა თვალით შეხედავთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფეხით მეტი იარეთ და სწორად იკვებეთ.

ლომი

ამ დღეს აქტიურობას უნდა მოერიდოთ. ნუ ცდილობთ, რომ ყველას გაასწროთ. თუ შესაძლებელია, განმარტოვდით და სამომავლო გეგმებზე იფიქრეთ. შემოქმედებითი მიდგომა და წარმოსახვის უნარი საშუალებას მოგცემთ, მოსაწყენ და რუტინულ საქმეებს გაუმკლავდეთ. ეცადეთ, თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ. საბოლოო შედეგი თქვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება ყველაზე რთულ დავალებებს გაუმკლავდეთ. რაც არ უნდა დაგეგმოთ, იღბალი თქვენს მხარეს იქნება. თქვენი რჩევა ახლობელ ადამიანს პრობლემის დაძლევაში დაეხმარება. შეგიძლიათ გამოცდილება გაუზიაროთ, მაგრამ ნუ აიძულებთ ისე მოიქცეს, როგორც თქვენ გსურთ. მოსალოდნელია შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან, რომლებიც მოგვიანებით კარიერაში ან სხვა, რთულ საქმეებში დაგეხმარებიან.

სასწორი

ამ დღეს ემოციები უნდა დაივიწყოთ და რაციონალურად იმოქმედოთ. გუნდური აქტივობა დღეს საუკეთესო შედეგს გამოიღებს. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები და გაუგებრობები, რასაც ორივე მხარის სიჯიუტე კიდევ უფრო აღრმავებს.

მორიელი

ვარსკვლავების დახმარებით საშუალება გექნებათ, რომ საქმიანი, ოჯახური თუ პირადი პრობლემები წარმატებით მოაგვაროთ. ეცადეთ, ბრაზი საყვარელ ადამიანებზე არ იყაროთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, ემოციები და წვრილმანებზე ნუ გაბრაზდებით. გირჩევთ სტრესი ვარჯიშით ან ფიზიკური მუშაობით მოიხსნათ.

მშვილდოსანი

საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარებული დღე განწყობას აგიმაღლებთ და სამსახურის პრობლემებს დაგავიწყებთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და ახალი, მოგებიანი შესაძლებლობები იპოვოთ. ვიღაცას თქვენი მოტყუება სურს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ უნდა გადაამოწმოთ.

თხის რქა

გირჩევთ, გარშემომყოფთა სურვილებს და განწყობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და შეძლებისდაგვარად, მოერგოთ. ამ გზით შეძლებთ, მათი კეთილგანწყობა მოიპოვოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. საკუთარი გეგმების შესახებ კი არავის უამბოთ.

მერწყული

აქტიურობა საშუალებას მოგცემთ, დაგეგმილ დავალებებს გაუმკლავდეთ. გამონახეთ დრო ოჯახთან და შვილებთან ურთიერთობისა და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის. უარი თქვით სარისკო ავანტიურებში ჩართვაზე და სამოქმედო გეგმა შეადგინეთ, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ.

თევზები

ამ დღეს ინტუიცია არ გიღალატებთ, ამიტომ შეგიძლიათ, ყველა რთული საკითხი სწრაფად და უყოყმანოდ გადაწყვიტოთ. 3 მაისს გარემოებები თქვენ სასარგებლოდ იმუშავებს და ეცადეთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ. მოერიდეთ ხორციან კერძებს და თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან. შესაფერისი დღეა ორგანიზმის გაწმენდისთვის.