დერეკ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო -ირაკლი კობახიძე

51
spot_img

დერეკ შოლესთან საუბრისას არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ამასთან, კობახიძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან გამოხატა გულწრფელი იმედგაცრუება „2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა“.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.

„გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-2023 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“, – წერს ირაკლი კობახიძე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.