გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს განხილვა, თან დათქმით, შეჩერდეს კანონი, ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება – გურამ მაჭარაშვილი

14
spot_img

გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს ამის განხილვა, თან დათქმით, შეჩერდეს კანონი. ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თუ რამე აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ეს არის მსგავსი განცხადებები და ასეთი ვასალური დამოკიდებულებები. „ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეთავაზება დიპლომატებზე, ამერიკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რაიმე კითხვა თუ ჰქონდათ, ქვეყნის პირველი პირი მზად იყო, კითხვებზე ეპასუხა საჯაროდ, საზოგადოების თანდასწრებით. პრემიერ-მინისტრისგან ელჩების მიმართ ეს შეთავაზება სამჯერ იყო, მაგრამ მათგან იყო უარი. ამ ფონზე, ამერიკისგან პრემიერისთვის შეთავაზება, ვიზიტით ჩამობრძანდი, აქ განვიხილოთ თქვენი კანონი და მანამდე შეაჩერეო, ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება.

გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს ამის განხილვა? ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება, როდესაც ჩვენც გვინდა პარტნიორობა, მაგრამ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს. ახალი ელჩი აქამდე იქცეოდა დიპლომატიურად, როგორც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, მაგრამ როგორც კი ილაპარაკებს, როგორც უფროსი ქვეყნის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიტყვით, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ და არ შეიძლება, ასე თავხედურად თქვა უარი ქვეყნის პირველი პირის შეთავაზებაზე, როცა ქართული კანონი მიიღება.

ამერიკაში რატომ უნდა განიხილებოდეს გამჭვირვალობის კანონი და თან იმ დათქმით, რომ შეაჩერე ეს კანონი. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ამაზე განმარტება და ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორი ქვეყნის ელჩი და არა მეფისნაცვალი. მეფისნაცვალი გვყავდა რუსეთიდან და ამაზე უარი ვთქვით. ახლა ჩვენ გვინდა პარტნიორი ქვეყნის ელჩი, რომელიც მობრძანდება ქვეყნის პირველ პირთან და კითხვებს დასვამს სახალხოდ, სახალხოდ გასცემს პასუხს პრემიერ-მინისტრი და დათქმას არ ეტყვის, რომ ეს კანონი გააჩერე, ჩადი ახლა იქ, როგორც ადრე იბარებდნენ ჩვენს მეფეებს ხან ურდოში და ხან სხვა სახელმწიფოში და შემდეგ ხარკებს უწესებდნენ. ეს რა დამოკიდებულებაა. ეს არის ზუსტად მონური დამოკიდებულება და ამას  არ დავუშვებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, ეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეს ხომ არ შეუქმნის, მაჭარაშვილმა აღნიშნა:

„ამერიკაში საზოგადოების უმეტესი ნაწილი და ძალები არიან, რომლებიც, იმედი გვაქვს, საქართველოსთან გააგრძელებენ პარტნიორულ ურთიერთობას. როგორ ჩანს, დღევანდელი ადმინისტრაცია და დღევანდელი ელჩი სხვანაირად, ცუდად უყურებს ამ საკითხს. მეტი როგორ გითხრას იმ ხალხმა, რომ შენ არ ხარ სუვერენული ქვეყანა. დასაფიქრებელიც კი არაფერი ჰქონდათ, როდესაც გვითხრეს, ისედაც შეზღუდულ ვიზებს კიდევ უფრო შევზღუდავთო. ეს არის პირდაპირ გაცხადებული ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. თუ ჩვენ ახლა შევძლებთ და სუვერენიტეტს შევინარჩუნებთ, შემდეგ ყველა მოგვექცევა, როგორც თანაბარს. თუ ვერ შევინარჩუნებთ, მერე ნახეთ დაბარებები. კანონის შეჩერებას კი არ მოგვთხოვენ, საერთოდ იმ კანონების მიღებას, რასაც ჰქვია ლგბტ პროპაგანდა. გეტყვიან, მოსამართლეს ჩვენ დაგინიშნავთ, ცესკო-ს თავმჯდომარეს, სად არის მერე სუვერენიტეტი? დავემშვიდობებით შემდეგ სუვერენიტეტს. ჩვენ არაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ. ისინი არა მარტო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, არამედ, მგონი, ძახილის ნიშანი დასვეს – ან ვასალობა ან ჩვენი ურთიერთობა. სამწუხაროდ, საკითხი ასე დააყენეს. ჩვენ ვასალობაზე არ ვართ თანახმა, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ იქნებიან იქ ძალები, რომლებიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გააგრძელებენ. თუ რამე აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ეს არის ასეთი განცხადებები და ასეთი ვასალური დამოკიდებულებები ჩვენი ქვეყნის მიმართ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე“.