არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას – ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო უწყებას

9
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მათი თქმით გარკვეული ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ.

მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება” – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს.

„საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, – წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.