Home Blog Page 279

“ექიმებს, როგორც კლასს ანადგურებენ!” – სააკაშვილი

ჩვენმა ხალხმა მოიპოვა ის, რომ რესპუბლიკური [საავადმყოფო] ხელიდან გააგდებინეს, მაგრამ დღეს ნახეთ მინისტრად ვინ დანიშნეს? რანაირად შეიძლება? – ე.ი. ექიმებს, როგორც კლასს ანადგურებენ! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, “დიდი ეროვნული დეპრესია, ეს 12-წლიანი სირცხვილი აუცილებლად დასრულება“.

„ისინი გვყოფენ და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ისინი უიმედობისკენ გვიბიძგებენ, ჩვენ უნდა, პირიქით, ვაჩვენოთ ყველას, რომ იმედი ყველა შემთხვევაში დაბრუნდება. დიდი ეროვნული დეპრესია, ეს 12-წლიანი სირცხვილი აუცილებლად დასრულება, ამიტომ ჩემი სიცოცხლე გავრისკე, ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, ამიტომ ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე იმისთვის, რომ საქართველოში უიმედობამ, სიბნელემ, დაცარიელებამდე გენოციდმა ქართველი ერის არ და ვერ იმუშაოს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირდაპირ ახალი მთავრობის პირობებში უნდა მოხდეს: მონოპოლიების გაუქმება, საშუალო ფირმების ჩახსნა და ეგრევე ეს ფასები დაეცემა. ამ მთავრობის პირობებში ინვესტიციები ისევ დაეცა და ინვესტიციების ამოქაჩვა უნდა მოხდეს. ინვესტიციები ამოიქაჩება იქ, სადაც ბიზნესმენი და ოლიგარქი კი არ მართავენ ქვეყანას, არამედ მართავენ პატრიოტები, რომლებისთვისაც ფული არაფერს ნიშნავს. ჩემთვის არასოდეს ფული არ ნიშნავდა არაფერს. არც სახლი მაქვს, არც კარი მაქვს საქართველოში, თუ არ ჩავთვლით დაყადაღებულ ვენახს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში, მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი -ზურაბ აბაშიძე

რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, რისკები არსებობს, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.

„საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო სანქციებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ვაჭრობა მიმდინარეობს, საკმაოდ დიდი მოცულობაა. ამას დიდი ყურადღება სჭირდება, რამეთუ ძალიან ბევრი ქართული კომპანიაა ჩართული ამ სავაჭრო ურთიერთობებში. 2010 წელს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები სრულად მორღვეული იყო ამ ბალანსის თვალსაზრისით. რუსეთიდან იმპორტი 10-ჯერ მეტი იყო ვიდრე ექსპორტი საქართველოდან. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ემბარგო შემოიღო. შემდგომ, რუსეთი გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და მან გარკვეული პასუხისმგებლობა აიღო. ამ ვალდებულებების შესაბამისად და ზოგადად, ჩვენი ძალისხმევითაც მოხერხდა ის, რომ ექსპორტი და იმპორტი, ეს ძალიან დიდი სხვაობა მეტ- ნაკლებად დაბალანსდა. 2010 წელს ჩვენი ექსპორტი იყო 34 მილიონი. იმპორტი იყო 10-ჯერ მეტი. ანუ, იქიდან 10-ჯერ მეტი შემოდიოდა. ახლა ეს შეიცვალა და ასეთი დისბალანსი აღარ არის. ჩვენი ექსპორტი ძალიან გაზრდილია. დიახ, ვთვლი, რომ საქართველოს ექსპორტის გაზრდა ნებისმიერ ქვეყანაში კარგია. ამან მილიარდობით ჩვენი პროდუქციის გატანის საშუალება მოგვცა რუსეთში ამ წლების განმავლობაში. ეს ფული საქართველოში შემოვიდა. რისკები არის, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. ამ რისკებს ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობა დივერსიფიცირებულია. რუსეთის წილი ზოგადად, სავაჭრო ბრუნვაში სადღაც, 11,2%-ია. შარშან ეს ასე იყო, არ არის ეს ძალიან დიდი ციფრი. ყველაზე დიდი პარტნიორი თუკი ავიღებთ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებს, როგორც ერთ ბაზარს, როგორც არის სინამდვილეში, სამჯერ მეტია საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანასთან. მეორე ადგილზე თურქეთია, მესამეზე – რუსეთის ფედერაცია. თუმცა ექსპორტსა და იმპორტს შორის ხშირად არის ცვლილებები, ხან ერთი ქვეყანა ჩაანაცვლებს რუსეთს მესამე – მეოთხე ადგილზე, ხან მეორე ქვეყანა. რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

“ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი და ბრალდებული, ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნების გამართულ ღონისძიებებში არ უნდა მონაწილეობდნენ”

დღეს დილით მქონდა შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, ასევე გერმანიის ელჩთან. ამ შეხვედრების ფორმატში გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მომსწრენიც გავხდით და ვნახეთ ის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ შეხვედრებში მონაწილეობდა, – ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია ზურაბ ადეიშვილთან მიმართებით ცალსახაა.

„ჩვენ მიგვაჩნია და გვაქვს ეს პოზიცია ჩამოყალიბებული, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებული ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი და ბრალდებული, მსგავსი ტიპის საჯარო აქტივობებში არ უნდა მონაწილეობდნენ ჩვენს პარტნიორ, მეგობარ ქვეყნებში. შესაბამისად, მქონდა შესაძლებლობა, ელჩებთან ამ საკითხზე კონკრეტულად მესაუბრა.

ზოგადად, ბოლო პერიოდში, გვახსოვს კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის შიგნით, რომელთა მიმართაც მძიმე პრეტენზიები და მძიმე ბრალდებები არსებობს.

შესაბამისად, აუცილებლად ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის რეაქცია ჩვენს მეგობრებთან უნდა გამოგვეხატა, რადგან ჩვენთვის მიუღებელია ძალიან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები იღებდნენ ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას, ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომლებსაც მართავენ ჩვენი უახლოესი მეგობრები და პარტნიორები“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.

“ჩვენ მივესალმებით თუკი აზერბაიჯანის მხარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და გახსნის საზღვარს” – ილია დარჩიაშვილი

ჩვენ მივესალმებით თუკი აზერბაიჯანის მხარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და გახსნის საზღვარს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თუმცა ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან ამ დროისთვის არ იცის რას უკავშირდება აზერბაიჯანის გადაწყვეტილება, ჩაკეტილი ჰქონდეს სახმელეთო საზღვარი. დარჩიაშვილის თქმით, ამ მხრივ ბევრი ნიუანსი არ არსებობს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ სრულად იყოს საზღვრები გახსნილი იმისთვის, რომ ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან ჩვენ ძალიან ბევრი ვიზიტორი გვყავდა და გვინდა, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს. საზღვართან დაკავშირებით მათ აქვთ კონკრეტული არგუმენტები, ეს არ ეხება საქართველოს მხოლოდ. ზოგადად, მათ კონკრეტული შეხედულებები აქვთ მათი საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, ამიტომ აქ ძალიან რთულია რამე გითხრათ. ჩვენ მივესალმებით თუკი აზერბაიჯანის მხარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და გახსნის საზღვარს.

ბევრი ნიუანსია აქ, მე არ მინდა აზერბაიჯანული მხარის პოზიციებზე გესაუბროთ. ჩვენ ვიცით, რომ კოვიდი იყო ერთი მიზეზი, როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით იყო საზღვრები ჩაკეტილი, შემდგომ, თქვენ იცით, როგორ განვითარდა მოვლენები რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიტომ მე ვერ გეტყვით აზერბაიჯანის პოზიციას, თუ რატომ აქვთ მას ეს გადაწყვეტილება. მივესალმებით თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას და კიდევ უფრო გაუადვილდებათ მათ მოქალაქეებს საქართველოში ჩამობრძანება“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

„ვეტინგთან“ დაკავშირებით ჩვენი პასუხი მკაფიოა, ადეიშვილისა და წოწორიას რეფორმებს საქართველოში არავინ გაატარებს” – შალვა პაპუაშვილი

ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი მკაფიოა, ადეიშვილისა და წოწორიას რეფორმები საქართველოში არასდროს გატარდება, – მის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში ყველა მოსამართლე ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც საჯაროა.

„რაც შეეხება კეთილსინდისიერების შემოწმებას, სინამდვილეში, ყველა მოსამართლე ავსებს ქონებრივ დეკლარაციას და ეს დეკლარაციები არის საჯარო. ბოლო პერიოდში ვატყობ, რომ მედიაც ინტერესდება ამით. კი ბატონო, დაინტერესდით და, დარწმუნებული ვარ, მოსამართლეები გაგცემენ პასუხს თავიანთ ქონებასთან დაკავშირებით. ეს არის შემოწმება, სხვა რამე კი არ გაკეთდა უკრაინასა და მოლდოვაში.

საფუძველი არის ქონების დეკლარაციების წარდგენა და მისი გადამოწმება. ქონების დეკლარაციები წარდგენილია, მათ შორის მოსამართლეების დიდი ნაწილი მოხვედრილია მონიტორინგში არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე და ანტიკორუფციული ბიურო ჩაღრმავებულ მონიტორინგს განახორციელებს როგორც მოსამართლეების, ისე პარლამენტის წევრების მიმართ არის ჩაღრმავებული მონიტორინგი. ყველაფერი არის საჯარო, შეგიძლიათ, მოიკითხოთ. რაც შეეხება ე.წ. ვეტინგს და მაგალითად მოჰყავთ ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინაში ჩატარებული რეფორმა, ასევე ზურაბ ადეიშვილის მიერ მოლდოვაში ჩატარებული რეფორმა, ჩვენი პასუხი არის მკაფიო – ადეიშვილის და წოწორიას რეფორმები საქართველოში არასდროს აღარ ჩატარდება. მათ ეს სცადეს, გააკეთეს 20 წლის წინ და რა შედეგებიც იყო, ეს საქართველომ ნახა. საქართველოს მაგალითად ვინც უსახავს უკრაინასა და მოლდოვას, ადეიშვილს და წოწორიას, ჯერ დაფიქრდეს, ვის მაგალითს გვისახავს და შემდეგ მიიღებენ პასუხს, რომ ადეიშვილისა და წოწორიას რეფორმებს საქართველოში არავინ გაატარებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „რუსული რეჟიმი“ აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის და ამზადებენ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში.

როგორც სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ასევე მთელი რიგი პროვოკაციების მოწყობა იგეგმება.

“მინდა ვთქვა, რომ რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის. ვიცი, რომ ისინი უახლოეს ხანებში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იდეოლოგიურ მზადყოფნაში იყვნენ. ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას“,-განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა გასული წლის 8 მარტის მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმჟამინდელი პროტესტი ძალიან სწორი იყო.

“ 1 წელი გავიდა 8 მარტის გამოსვლებიდან. ესეც უკავშირდება იმას, რომ პროტესტი ყველა მთავრობის დროს ხდებოდა. 8 მარტის პროტესტი იყო ძალიან სწორი მიმართულების პროტესტი. მინდა იმ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც „აგენტების კანონის“ მიღება არ დაუშვა. ჩვენი ბავშვები იმიტომ არიან განსაკუთრებულები, რომ გაიზარდნენ არაკორუმპირებულ საქართველოში, სადაც ფასობდა შრომა და არ იყო ნეპოტიზმი“,-განაცხადა სააკაშვილმა.

“საით მიდის რუსეთ-უკრაინის ომი?” -რას წერს უცხოური პრესა

თურქეთის გაზეთმა „იენი საფაკმა“ (Yeni Safak), რომელიც სტამბოლში იბეჭდება და ხელისუფლებისადმი ლოიალურად არის განწყობილი, გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საით მიდის რუსეთ-უკრაინის ომი?“ (ავტორი – ომერ ათასოი, სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვინმემ უნდა უთხრას პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ომს სხვა იწყებს, არავითარი სარგებლობა არ მოაქვს მის გაგრძელებას, როცა ხედავ, რომ მტერს წინააღმდეგობას ვეღარ უწევ. ეს ქვეყნის მეთაურმა უნდა გააცნობიეროს. როგორც ჩანს, უკრაინას და მის ხელმძღვანელს გარკვეული დროის განმავლობაში კიდევ შეუძლიათ საომარი მოქმედებების გაგრძელება, თუმცა შედარებით მცირე ინტენსიურობით – აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის იარაღისა და ფულის დახმარებით. მაგრამ შეძლებს კი უკრაინელი ლიდერი ისეთი შედეგების მიღწევას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ძლევამოსილი მხედართმთავრის სახით დაჯდეს? პასუხი ამ კითხვაზე ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის.

მიზეზები, რომელთა გამო ამერიკამ და დასავლეთმა უკრაინას მხარი დაუჭირეს, გასაგები გახდა ომის გვიანდელ ეტაპებზე. ამერიკას სურს თავისი მსოფლიო ჰეგემონია შეინარჩუნოს ისე, რომ რუსეთის ძლიერებას ძირი უკრაინის ომის მეშვეობით გამოუთხაროს, საკუთარი ტერიტორიისაგან მოშორებით. მაგრამ პაიკის როლი, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინას მიაკუთვნა, კიევისათვის კატასტროფის მეტი არაფერი არ მოუტანია.

უკრაინელებმა თავიანთი გმირობა დაამტკიცეს…

რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში რუსებმა ბევრი უკრაინული ქალაქი დაბომბეს, მათ შორის კიევიც. ნგრევა და მსხვერპლი ყოველდღიურად მატულობდა, უკრაინის ეკონომიკა კი გიგანტურ ვალებში ეფლობოდა. მილიონობით უკრაინელი – ქალები, ბავშვები, მოხუცები და ახალგაზრდები, რომლებსაც არმიაში სამსახური არ სურდათ, მიგრანტები და ლტოლვილები გახდნენ, მათ თავი შეაფარეს ევროპას, ამერიკას და სხვა ქვეყნებს, რომლებიც უსაფრთხოდ ითვლებიან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ისინი სამშობლოდან მოშორებით თავს ბედნიერად გრძნობენ და ცხოვრებით კმაყოფილნი არიან.

უკრაინელი ლტოლვილები იმედოვნებენ, რომ სახლში მალე დაბრუნდებიან და თავიანთ ოჯახებს გაამთლიანებენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი – ოჯახთან განშორება – მეომრების განწყობაზეც ნეგატიურად მოქმედებს. როგორც ჩანს, ომში, რომელსაც აშშ და ევროკავშირი „სულს უბერავს“, უკრაინის მხრიდან გადამწყვეტი შედეგების მოპოვება ძალიან რთულია – მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა ომის პირველივე დღეებიდან მთელ მსოფლიოს აჩვენეს თავიანთი გმირული შემართება და მეომრული სულისკვეთება.

…მაგრამ გამარჯვება მხოლოდ შორეული იმედია

კონფლიქტის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლება და მოქალაქეები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერით, რომელსაც სათავეში აშშ ედგა და მათი თანამედროვე იარაღის მეშვეობით შეძლებდნენ რუსეთის დაჯაბნას და გამარჯვებას მოიპოვებდნენ. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და დასავლელი მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის დაიმედებას და იარაღის მიწოდებას ჰპირდებიან, დაპირების შესრულება სულ უფრო ძნელი ხდება, რასაც ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოზიციები მოწმობენ.

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ისინი, ვისაც სჯერათ, რომ ომში კიევი მოსკოვს დაამარცხებს, მხოლოდ 10%-ს შეადგენს. გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ მეომარ მხარეებს შორის კომპრომისების მიღწევა შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნება ცეცხლის შესაწყვეტად.

მოლაპარაკებას ისევ თურქეთი სთავაზობს

რა როლის შესრულება შეუძლია ასეთ პირობებში თურქეთს? მოახერხებს თუ არა თურქეთის უმაღლესი ხელისუფლება, ანკარაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ვიზიტთან დაკავშირებით (რომელიც, როგორც ამბობენ, მალე განხორციელდება), ხელის შეწყობას უკრაინაში მშვიდობის დამყარებისათვის დიპლომატიური გზით, საშუამავლო მისიით – ისე, როგორც ადრე? შეძლებს თუ არა უკრაინის ადმინისტრაცია, რომელსაც ბევრად იმედი გაუცრუვდა აშშ-საგან ქმედითი დახმარების მიღებაზე, მწვანე შუქი აუნთოს მიდგომას პრინციპით – „ვინც დამარცხებას აღიარებს, მას შეუნდობენ?“

აშკარა რეალობა ისეთია, რომ ომის პირველ წელს აშშ-საგან და ევროკავშირისაგან მიღებული მხარდაჭერა უკრაინისათვის სტიმული გახდა წინააღმდეგობის გასაწევად, ახლა, ომის მესამე წელს კი კიევმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გაგრძელება სასურველ შედეგს არ გამოიღებს და კიდევ უფრო მეტ დანაკარგებს და ნგრევას გამოიწვევს. სიტუაციის აწონ-დაწონა და რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილების მიღება უკრაინისთვის ღირსეული, ჰუმანური და პატრიოტული ნაბიჯი იქნება მშვიდობის გზაზე.

დასავლეთი უკრაინის წაქეზებას უნდა მოეშვას

ამერიკის და ევროპის მხარდაჭერა ისრაელისადმი ღაზას სექტორში, რომელმაც თითქმის გენოციდი გამოიწვია და 30 ათასი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა, ასევე ისრაელის პირდაპირი თუ ირიბი წაქეზება ომის გასაგრძელებლად იმის მაგალითია, თუ როგორი ორმაგი სტანდარტები არსებობს „ადამიანის უფლებების“ დაცვის სფეროში. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართაც: შეერთებული შტატები და ევროკავშირი უკრაინელ პოლიტიკოსებს და ხალხს მოტყუებით ჰპირდებიან დახმარებას და საბრძოლველად აქეზებენ. უკრაინა დროა მიხვდეს, რომ ამერიკისგან და დასავლეთისგან „მხრებზე ხელის მეგობრული წამორტყმით“ მას არანაირი სარგებლობა არ ექნება.
ამრიგად, გვინდა იმედი გვქონდეს, რომ დიპლომატიური მოლაპარაკება, რომელიც ვლადიმერ პუტინთან თურქეთში გაიმართება რეჯეფ ერდოღანის მიწვევით, უზრუნველყოფს შესაფერისი ფონის შექმნას იმ კონფლიქტის შეწყვეტისათვის, რომელსაც არავისთვის სასარგებლო არ არის და ამით თავიდან იქნება აცილებული ადამიანთა მსხვერპლი.

მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:

“როგორც ვხედავ, რომის პაპი დასავლეთს სთხოვს, გვერდით გადადონ რუსეთის დამარცხების ამბიციები და აღიარონ, რომ ეს შეცდომა იყო” – მარია ზახაროვა

მოსკოვში მიაჩნიათ, რომის პაპის მოწოდება ომის დასრულების შესახებ კიევისკენ და კიევის დასავლელი მოკავშირეებისკენ არის მიმართული, რათა დაივიწყონ რუსეთის დამარცხების ამბიციები და აღიარონ დაშვებული შეცდომები. მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

„როგორც მე ვხედავ ამას, პაპი დასავლეთს სთხოვს, გვერდით გადადონ ამბიციები და აღიარონ, რომ ეს შეცდომა იყო“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, დასავლეთი უკრაინას რუსეთის დამარცხების ამბიციის ინსტრუმენტად იყენებს.

რომის პაპის ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აღნიშნულ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“. ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, რომელსაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები, დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“, – განაცხადა რომის პაპმა ინტერვიუში.

“ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები” – შალვა პაპუაშვილი

ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებაში. ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.

„გარდა ამ შეხვედრებისა კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო გერმანიისა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გასულ კვირას. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი საელჩოების მხრიდან იმის გამო, რომ ასეთი შეხვედრები შედგა და მოგვესმინა განმარტებები, თუ რასთან გვქონდა საქმე, მათმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ზურაბ ადეიშვილთან, კრიმინალთან, ამ დონეზე შეხვედრების ნორმალიზებისა. ეს რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან ვწუხვარ, რომ საელჩოებს ჰქონდათ ასეთი რეაქცია იმ სამართლიან აღშფოთებაზე, რომელიც იყო საზოგადოებაში. ქართველი ხალხი მოელის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირთან და რომლის გამოც ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, იქნება გაზიარებული ევროპის ყველა ქალაქში, ყველა დონეზე და შესაბამისად, იქნება რეაგირებები. ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებაში. ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები და არ უნდა მოხდეს ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა იმ ადამიანების, რომლებმაც საქართველოში შექმნეს წამების, ღირსების შელახვის, ბიზნესის რეკეტის სისტემა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

“უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით”

უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„რამდენიმე ადამიანმა მომმართა ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხზე. იყო კონკრეტული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ რეგიონებში, ხეობებში იჭრებოდა ტყეები. მე არ მაქვს ფაქტები და მტკიცებულებები, ვერ ვიტყვი ვერაფერს იმაზე, რამდენად არის ეს ფაქტები ნამდვილი, თუმცა ყველა შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისათვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულის პრევენცია. ბატონი ოთარ შამუგია დღეს არ ესწრება მთავრობის სხდომას, არის შვებულებაში და მასთან გვექნება მოგვიანებით კომუნიკაცია ამ საკითხზე. მინდა, რომ სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს, ასევე ძალოვანმა უწყებებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალიან მძიმე დანაშაულია ზოგადად ხე-ტყის უკანონო ჭრა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრას. სხვა მძიმე დანაშაულებებს რომ შევადაროთ, ეს არანაკლებ მძიმე დანაშაულია, გამომდინარე იქიდან, რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის და მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, აქაც გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური სიმკაცრე, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტზე დავიწყებთ დაუყოვნებლივ მუშაობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ ხმას ვერავინ ვერსად წაიღებს, ჩვენ გვექნება 700 ათასზე მეტი ხმა ამ არჩევნებში” – პაატა მანჯგალაძე

არავისთან კონკურენციის პრობლემა არ გვაქვს. მოუნდებათ პარტნიორობა, ვიქნებით პარტნიორები, მოუნდებათ კინკურენცია, ვიქნებით კონკურენციაში. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, დანარჩენი, ვინ რომელზე გავა, სიტუაცია გამოაჩენს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე გვარამია-მელიას შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას ამბობს, რომ ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

„ჩვენ არც არავისთან პარტნიორობის და არც არავისთან კონკურენციის პრიბლემა არ გვაქვს. რასაც გადაწყვეტენ, ჩვენ ისეთი ნაბიჯები გვექნება. მოუნდებათ პარტნიორობა? შესაძლებელია. მოუნდებათ კინკურენცია? შესაძლებელია. წარმატებებს ვუსურვებ. როგორც ვიშრომებთ, როგორც მივალთ ხალხთან, რამდენადაც გავახმოვანებთ ხალხის ტკივილს, შედეგიც იმის მიხედვით იქნება. ჩემი საქმე არ არის, ვინ გადალახავს ბარიერს და ვინ – არა. დავაკვირდეთ, არ ვიცი, რას იტყვიან, ალბათ რაღაცაზე შეთანხმდებიან და კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ არავისთან კონკურენციის პრობლემა არ გვაქვს, როგორც გადაწყვეტენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. მოუნდებათ პარტნიორობა, ვიქნებით პარტნიორები, მოუნდებათ კინკურენცია, ვიქნებით კონკურენციაში. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, დანარჩენი, ვინ რომელზე გავა, სიტუაცია გამოაჩენს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯაგალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ ხმას ვერავინ ვერსად წაიღებს.

„პირიქით, ჩვენ დავამატებთ ხმებს და უფრო მეტიც, ჩვენ გვექნება 700 ათასზე მეტი ხმა ამ არჩევნებში. ოღონდ მარტო არ და ვერ მოვალთ ხელისუფლებაში. საჭირო იქნება კოალიციური მთავრობა. მზად ვართ, ხალხის გადაწყვეტილების მიხედვით, ვისაც რამდენ მანდატს მისცემს, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პარტიასთან, გარდა „ქართული ოცნების“ რუსებისა და კორუმპირებული ხალხისა. მთავარი არის არა მე რას ვფიქრობ, არამედ რას იფიქრებს ხალხი. ვნახოთ, ჯერ არ ვიცი, დაველოდით მოვლენებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძის განმარტებით, მელიასა და გვარამიას პარტიული სტრატეგიების შეფასება მისი საქმე არ არის.

„თავად რაც სწორი ჰგონიათ, ის უნდა გააკეთონ. ხალხის დაკვეთა არის ერთიანობა და არა – გამიჯვნა, მაგრამ ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ყველასთან მოლაპარაკება გვექნება იმის მიხედვით, რა მანდატსაც მიიღებენ, მათ შორის გახარიასთანაც. ვნახოთ, მთავარია ბარიერი გადალახონ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების მინისტრებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი, განახლებული გეგმის შემუშავება დაავალა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ძალოვანი უწყებების მინისტრებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი, განახლებული გეგმის შემუშავება დაავალა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, საჭიროა მომხმარებლებზე ზრუნვა იმისთვის, რომ მათ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი თქვან.

„მინდა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა, მოხდა რეალიზატორების იდენტიფიცირება, ქსელების იდენტიფიცირება, თუმცა კიდევ უფრო მეტია საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავაც სახეზეა ნარკოტიკების რეალიზაციის, მოხმარების ფაქტები, არის გარკვეული სისტემური მოვლენებიც, რაც ამას უკავშირდება. არის ასეთი დამკვიდრებული ტერმინი „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რაც იმ იდეოლოგიის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას. ანუ ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება მისაღები იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის და რომელიც შეიძლება წაადგეს ჩვენს საზოგადოებას. ნარკოტიკები ანადგურებს არამხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ანადგურებს ღირებულებებსაც. ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში ღირებულებები განადგურდეს, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ. ერთი პერიოდი ამ ადამიანებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას ამ მიმართულებით, ამ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით, თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე, ჩვენ გვჭირდება მომხმარებლებზე ზრუნვა იმისთვის, რომ მათ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი ვათქმევინოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. რაც შეეხება რეალიზაციას და რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა.

ასევე ყურადღება არის მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე. ამას ხაზი უნდა გაესვას. მინდა ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი განახლებული გეგმა, იმისთვის, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“, – განაცხადა კობახიძემ.