„ვეტინგთან“ დაკავშირებით ჩვენი პასუხი მკაფიოა, ადეიშვილისა და წოწორიას რეფორმებს საქართველოში არავინ გაატარებს” – შალვა პაპუაშვილი

23
spot_img

ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი მკაფიოა, ადეიშვილისა და წოწორიას რეფორმები საქართველოში არასდროს გატარდება, – მის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში ყველა მოსამართლე ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც საჯაროა.

„რაც შეეხება კეთილსინდისიერების შემოწმებას, სინამდვილეში, ყველა მოსამართლე ავსებს ქონებრივ დეკლარაციას და ეს დეკლარაციები არის საჯარო. ბოლო პერიოდში ვატყობ, რომ მედიაც ინტერესდება ამით. კი ბატონო, დაინტერესდით და, დარწმუნებული ვარ, მოსამართლეები გაგცემენ პასუხს თავიანთ ქონებასთან დაკავშირებით. ეს არის შემოწმება, სხვა რამე კი არ გაკეთდა უკრაინასა და მოლდოვაში.

საფუძველი არის ქონების დეკლარაციების წარდგენა და მისი გადამოწმება. ქონების დეკლარაციები წარდგენილია, მათ შორის მოსამართლეების დიდი ნაწილი მოხვედრილია მონიტორინგში არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე და ანტიკორუფციული ბიურო ჩაღრმავებულ მონიტორინგს განახორციელებს როგორც მოსამართლეების, ისე პარლამენტის წევრების მიმართ არის ჩაღრმავებული მონიტორინგი. ყველაფერი არის საჯარო, შეგიძლიათ, მოიკითხოთ. რაც შეეხება ე.წ. ვეტინგს და მაგალითად მოჰყავთ ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინაში ჩატარებული რეფორმა, ასევე ზურაბ ადეიშვილის მიერ მოლდოვაში ჩატარებული რეფორმა, ჩვენი პასუხი არის მკაფიო – ადეიშვილის და წოწორიას რეფორმები საქართველოში არასდროს აღარ ჩატარდება. მათ ეს სცადეს, გააკეთეს 20 წლის წინ და რა შედეგებიც იყო, ეს საქართველომ ნახა. საქართველოს მაგალითად ვინც უსახავს უკრაინასა და მოლდოვას, ადეიშვილს და წოწორიას, ჯერ დაფიქრდეს, ვის მაგალითს გვისახავს და შემდეგ მიიღებენ პასუხს, რომ ადეიშვილისა და წოწორიას რეფორმებს საქართველოში არავინ გაატარებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.