“საით მიდის რუსეთ-უკრაინის ომი?” -რას წერს უცხოური პრესა

129
spot_img

თურქეთის გაზეთმა „იენი საფაკმა“ (Yeni Safak), რომელიც სტამბოლში იბეჭდება და ხელისუფლებისადმი ლოიალურად არის განწყობილი, გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საით მიდის რუსეთ-უკრაინის ომი?“ (ავტორი – ომერ ათასოი, სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვინმემ უნდა უთხრას პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ომს სხვა იწყებს, არავითარი სარგებლობა არ მოაქვს მის გაგრძელებას, როცა ხედავ, რომ მტერს წინააღმდეგობას ვეღარ უწევ. ეს ქვეყნის მეთაურმა უნდა გააცნობიეროს. როგორც ჩანს, უკრაინას და მის ხელმძღვანელს გარკვეული დროის განმავლობაში კიდევ შეუძლიათ საომარი მოქმედებების გაგრძელება, თუმცა შედარებით მცირე ინტენსიურობით – აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის იარაღისა და ფულის დახმარებით. მაგრამ შეძლებს კი უკრაინელი ლიდერი ისეთი შედეგების მიღწევას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ძლევამოსილი მხედართმთავრის სახით დაჯდეს? პასუხი ამ კითხვაზე ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის.

მიზეზები, რომელთა გამო ამერიკამ და დასავლეთმა უკრაინას მხარი დაუჭირეს, გასაგები გახდა ომის გვიანდელ ეტაპებზე. ამერიკას სურს თავისი მსოფლიო ჰეგემონია შეინარჩუნოს ისე, რომ რუსეთის ძლიერებას ძირი უკრაინის ომის მეშვეობით გამოუთხაროს, საკუთარი ტერიტორიისაგან მოშორებით. მაგრამ პაიკის როლი, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინას მიაკუთვნა, კიევისათვის კატასტროფის მეტი არაფერი არ მოუტანია.

უკრაინელებმა თავიანთი გმირობა დაამტკიცეს…

რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში რუსებმა ბევრი უკრაინული ქალაქი დაბომბეს, მათ შორის კიევიც. ნგრევა და მსხვერპლი ყოველდღიურად მატულობდა, უკრაინის ეკონომიკა კი გიგანტურ ვალებში ეფლობოდა. მილიონობით უკრაინელი – ქალები, ბავშვები, მოხუცები და ახალგაზრდები, რომლებსაც არმიაში სამსახური არ სურდათ, მიგრანტები და ლტოლვილები გახდნენ, მათ თავი შეაფარეს ევროპას, ამერიკას და სხვა ქვეყნებს, რომლებიც უსაფრთხოდ ითვლებიან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ისინი სამშობლოდან მოშორებით თავს ბედნიერად გრძნობენ და ცხოვრებით კმაყოფილნი არიან.

უკრაინელი ლტოლვილები იმედოვნებენ, რომ სახლში მალე დაბრუნდებიან და თავიანთ ოჯახებს გაამთლიანებენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი – ოჯახთან განშორება – მეომრების განწყობაზეც ნეგატიურად მოქმედებს. როგორც ჩანს, ომში, რომელსაც აშშ და ევროკავშირი „სულს უბერავს“, უკრაინის მხრიდან გადამწყვეტი შედეგების მოპოვება ძალიან რთულია – მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა ომის პირველივე დღეებიდან მთელ მსოფლიოს აჩვენეს თავიანთი გმირული შემართება და მეომრული სულისკვეთება.

…მაგრამ გამარჯვება მხოლოდ შორეული იმედია

კონფლიქტის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლება და მოქალაქეები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერით, რომელსაც სათავეში აშშ ედგა და მათი თანამედროვე იარაღის მეშვეობით შეძლებდნენ რუსეთის დაჯაბნას და გამარჯვებას მოიპოვებდნენ. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და დასავლელი მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის დაიმედებას და იარაღის მიწოდებას ჰპირდებიან, დაპირების შესრულება სულ უფრო ძნელი ხდება, რასაც ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოზიციები მოწმობენ.

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ისინი, ვისაც სჯერათ, რომ ომში კიევი მოსკოვს დაამარცხებს, მხოლოდ 10%-ს შეადგენს. გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ მეომარ მხარეებს შორის კომპრომისების მიღწევა შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნება ცეცხლის შესაწყვეტად.

მოლაპარაკებას ისევ თურქეთი სთავაზობს

რა როლის შესრულება შეუძლია ასეთ პირობებში თურქეთს? მოახერხებს თუ არა თურქეთის უმაღლესი ხელისუფლება, ანკარაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ვიზიტთან დაკავშირებით (რომელიც, როგორც ამბობენ, მალე განხორციელდება), ხელის შეწყობას უკრაინაში მშვიდობის დამყარებისათვის დიპლომატიური გზით, საშუამავლო მისიით – ისე, როგორც ადრე? შეძლებს თუ არა უკრაინის ადმინისტრაცია, რომელსაც ბევრად იმედი გაუცრუვდა აშშ-საგან ქმედითი დახმარების მიღებაზე, მწვანე შუქი აუნთოს მიდგომას პრინციპით – „ვინც დამარცხებას აღიარებს, მას შეუნდობენ?“

აშკარა რეალობა ისეთია, რომ ომის პირველ წელს აშშ-საგან და ევროკავშირისაგან მიღებული მხარდაჭერა უკრაინისათვის სტიმული გახდა წინააღმდეგობის გასაწევად, ახლა, ომის მესამე წელს კი კიევმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გაგრძელება სასურველ შედეგს არ გამოიღებს და კიდევ უფრო მეტ დანაკარგებს და ნგრევას გამოიწვევს. სიტუაციის აწონ-დაწონა და რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილების მიღება უკრაინისთვის ღირსეული, ჰუმანური და პატრიოტული ნაბიჯი იქნება მშვიდობის გზაზე.

დასავლეთი უკრაინის წაქეზებას უნდა მოეშვას

ამერიკის და ევროპის მხარდაჭერა ისრაელისადმი ღაზას სექტორში, რომელმაც თითქმის გენოციდი გამოიწვია და 30 ათასი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა, ასევე ისრაელის პირდაპირი თუ ირიბი წაქეზება ომის გასაგრძელებლად იმის მაგალითია, თუ როგორი ორმაგი სტანდარტები არსებობს „ადამიანის უფლებების“ დაცვის სფეროში. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართაც: შეერთებული შტატები და ევროკავშირი უკრაინელ პოლიტიკოსებს და ხალხს მოტყუებით ჰპირდებიან დახმარებას და საბრძოლველად აქეზებენ. უკრაინა დროა მიხვდეს, რომ ამერიკისგან და დასავლეთისგან „მხრებზე ხელის მეგობრული წამორტყმით“ მას არანაირი სარგებლობა არ ექნება.
ამრიგად, გვინდა იმედი გვქონდეს, რომ დიპლომატიური მოლაპარაკება, რომელიც ვლადიმერ პუტინთან თურქეთში გაიმართება რეჯეფ ერდოღანის მიწვევით, უზრუნველყოფს შესაფერისი ფონის შექმნას იმ კონფლიქტის შეწყვეტისათვის, რომელსაც არავისთვის სასარგებლო არ არის და ამით თავიდან იქნება აცილებული ადამიანთა მსხვერპლი.

მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: