პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების მინისტრებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი, განახლებული გეგმის შემუშავება დაავალა

13
spot_img

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ძალოვანი უწყებების მინისტრებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი, განახლებული გეგმის შემუშავება დაავალა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, საჭიროა მომხმარებლებზე ზრუნვა იმისთვის, რომ მათ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი თქვან.

„მინდა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა, მოხდა რეალიზატორების იდენტიფიცირება, ქსელების იდენტიფიცირება, თუმცა კიდევ უფრო მეტია საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავაც სახეზეა ნარკოტიკების რეალიზაციის, მოხმარების ფაქტები, არის გარკვეული სისტემური მოვლენებიც, რაც ამას უკავშირდება. არის ასეთი დამკვიდრებული ტერმინი „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რაც იმ იდეოლოგიის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას. ანუ ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება მისაღები იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის და რომელიც შეიძლება წაადგეს ჩვენს საზოგადოებას. ნარკოტიკები ანადგურებს არამხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ანადგურებს ღირებულებებსაც. ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში ღირებულებები განადგურდეს, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ. ერთი პერიოდი ამ ადამიანებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას ამ მიმართულებით, ამ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით, თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე, ჩვენ გვჭირდება მომხმარებლებზე ზრუნვა იმისთვის, რომ მათ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი ვათქმევინოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. რაც შეეხება რეალიზაციას და რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა.

ასევე ყურადღება არის მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე. ამას ხაზი უნდა გაესვას. მინდა ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი განახლებული გეგმა, იმისთვის, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“, – განაცხადა კობახიძემ.