Home Blog Page 2610

საქართველოში თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში, როგორც ყოველთვის – ჯეიმს აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოში გამართული შეხვედრები შეაჯამა.

ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რჩება ერთგული ღია კარის პოლიტიკის, მან ისაუბრა რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზეც:

“საქართველოში ვიმყოფები ძირითადად 3 მიზეზით: პირველი მიზეზი არის რუსული აგრესია უკრაინაში, რომელმაც რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია გააძლიერა. განსაკუთრებით ევრო-ატლანტიკური სივრცე. დემოკრატიულად განვითარებული საერთო აზრის მქონე ქვეყნები ერთად დგანან. თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. საქართველო ერთ-ერთია ამ ქვეყნებსა და ნატოს მოკავშირეებს შორის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ არასტაბილურ დროს ერთად ინტენსიურად მუშაობა. თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში როგორც ყოველთვის. მეორე მიზეზი ჩემი აქ ყოფნის არის საკითხი თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უფრო მეტი ერთობლივად. ძალიან ბევრი ნატოა საქართველოში და ძალიან ბევრი საქართველო ნატოში, მაგრამ ჩვენ ორივეს უფრო მეტი გვინდა.

წარმატებასთან ერთად პრაქტიკულ თანამშრომლობასაც განვიხილავთ სხვადასხვა სფეროში. ეს არის ენერგო უსაფრთხოება. იქიდან გამომდინარე რადგან ნატოს ქვეყნებს მოუწიათ ენერგორესურსების დივერსიფიცირება და უარის თქმა რუსულ გაზსა და ნავთობზე ჩვენთვის და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საქართველო და ეს რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში. რადგან არსებობს ძალიან ბევრი პროექტი რომელიც წინ მოიწევს. საქართველოს როლი ენერგიის ტრანზიტზე შავი ზღვის გავლით – შესაბამისად ჩვენ გვსურს ერთად მუშაობა. კრიტიკული ზღვის ქვეშა ინფრასტრუქტურა რისკის ქვეშაა.

განვიხილეთ ასევე პრაქტიკული თანამშრომლობა კიბერ უსაფრთხოების კუთხით. ახლა ვიყავი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, გვსურს ამ სამუშაოს მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა. ასევე განვიხილეთ ადმინისტრაციული თავდაცვის საკითხები, იმისათვის რომ შევჯერდეთ იმ ბერკეტებზე რომლითაც საქართველო წინ წავა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. იმისათვის რომ თავისი შედეგებით წვლილი შეიტანოს უფრო ფართოდ კიბერ უსაფრთხოებაში.

მესამე საკითხი ჩემი აქ ყოფნის რეფორმების განხილვაა. ვიყავი პარლამენტში. ოპოზიციასაც და მთავრობის წარმომადგენლებსაც ჩემი გზავნილი გადავეცი, რომელიც მარტივია – რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ცხადია გაქვთ ძალიან ბევრი პროგრესი, თუმცა ჩვენ ასევე ძალიან შეშფოთებულები ვართ პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რომელიც რეფორმების იმპლემენტაციას აფერხებს. გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას პრემიერ მინისტრს განუცხადა რომ მოხარულია სადაო კანონპროექტის უკან გაწვევით.

როგორც მითხრეს ის აღარ იქნება წარმოდგენილი. მაგრამ ამ ფაქტმა მოახდინა პოლიტიკური პოლარიზაციის ილუსტრაცია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ რომ პოლიტიკური დეპოლარიზაციის მიმართულებით პროგრესი არ არის. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით პროგრესი შედგეს. მოუთმენლად ველით ნატოს სამიტს რომელიც ივლისში ჩატარდება. ცხადია იქ ფართო სპექტრის საკითხები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ისიც როგორ ვითანამშრომლებთ საქართველოსთან, როგორ ვხედავთ უფრო ფართოდ ინტეგრაციის საკითხებს. ასეთი ტიპის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური სიგნალები ჩემთვის. არსებითად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩემთვის.

მამხნევებს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი რეფორმა წინ მიიწევს, თუმცა ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ერთობლივად. თქვენ ნახავთ მაღალი დონის ნატოს ვიზიტებს საქართველოში, რადგან ჩვენ ვრჩებით ერთგული ამ ქვეყნის მიმართ იმისათვის რომ მოხდეს თქვენი ალიანსთან დაახლოება,”- აცხადებს NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების გამოწვევების მიმართულებით ჯეიმს აპატურაი.

რაღაც ხდება რუსეთში, თუმცა კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კრემლზე დრონებით თავდასხმას და რუსეთის მიერ ინციდენტში უკრაინის დადანაშაულებას ეხმაურება, ის რამდენიმე სცენარზე საუბრობს და მიუთითებს, რომ შესაძლოა, რუსეთის ფართომასშტაბიან ტერორისტული თავდასხმისთვის ემზადებოდეს.

პოდოლიაკი უკრაინის მიმართ ბრალდებებს უარყოფს და ვარაუდობს, რომ სავარაუდო თავდასხმა რუსეთის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს.

„რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე,  ეს ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი აშკარად ამზადებს ფართომასშტაბიან ტერორისტულ თავდასხმას, სწორედ ამიტომ მან თავდაპირველად დააკავა სავარაუდო დივერსანტების დიდი ჯგუფი ყირიმში, შემდეგ კი კრემლის თავზე დრონების დემონსტრირებას ახდენს. პირველ რიგში, უკრაინა აწარმოებს ექსკლუზიურად თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რისთვის? ეს არ წყვეტს სამხედრო პრობლემას, მაგრამ ეს რუსეთის ფედერაციას საფუძველს აძლევს გაამართლოს თავისი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე.

მეორეც, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა კუთხეში მომხდარი ინციდენტებისა და ექსცესების ზრდას. უცნობი დრონების გამოჩენა ენერგეტიკულ ობიექტებზე ან კრემლის ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების პარტიზანულ ქმედებებზე მიუთითებს. მოგეხსენებათ, დრონების შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაში. პუტინის კლანის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების კონტროლის დაკარგვა აშკარაა. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთი მუდმივად საუბრობდა ჰაერზე ტოტალურ კონტროლზე. მოკლედ, რაღაც ხდება რუსეთის ფედერაციაში, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

“რეფორმები უნდა გაგრძელდეს, დიდი პროგრესია მიღწეული” – ჯეიმს აპატურაი

უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტის სამ ძირითად მიზანზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დემოკრატიულმა ქვეყნებმა უფრო აქტიურად იმუშაონ უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. აპატურაის განმარტებით, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მჭიდრო მუშაობა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ხვადასხვა სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაზრდაზე ისაუბრა.

„სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა, რომელსაც აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი არის ის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი და უფრო ფართოდ, ევროატლანტიკური არეალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობაში დარჩნენ, უფრო აქტიურად იმუშაონ ჩვენი უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დროში უფრო მჭიდროთ ვიმუშაოთ სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ამ კონტექსტში ვიმყოფები აქ. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებას. ასე რომ, თავს სახლში ვგრძნობ, როგორც ყოველთვის.

მეორე მიზანი, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვედი, არის იმის განხილვა, რა შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ უფრო მეტად. უკვე მეტი ნატოა საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, მაგრამ ორივეს გვსურს მეტი. ასე რომ ამ დილით ინფორმაციული დღე იყო სამეცნიერო მშვიდობის პროგრამაში, ქართველი მეცნიერები ნატო-ს მეცნიერებთან თანამშრომლობენ, ვფიქრობ, ეს არის წარმატება და ინტერესის შემთხვევაში, უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი. შეხვედრებზე ვიმსჯელეთ ასევე სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობაზეც. ერთ-ერთი მიმართულებაა ენერგოუსაფრთხოება. რამდენადაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს დივერსიფიცირების გზების მოძებნა რუსული გაზისა და ნავთობისგან, საქართველო და ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს დაცული იქნება.

ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტებია გზაში, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მისი დაცულობისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პრაქტიკული თანამშრომლობის გაზრდაზე, როცა საქმე კიბერ თავდაცვას ეხება. ვიმყოფებოდი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ მიმართულებით მუშაობის კოორდინირებაში. ამ თემაზე საუბარი შედგა თავდაცვის სამინისტროშიც, რომ დავეხმაროთ საქართველოს პრაქტიკული მექანიზმების დანერგვაში, რომ თავადაც იმუშაოს კიბერუსაფრთხოებაზე, რომელიც ასევე ფართო კიბერუსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ასევე არის რეფორმების განხილვა. ჯეიმს აპატურაი აღნიშნავს, რომ დიდი პროგრესია მიღწეული, თუმცა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას.

„ვიყავი პარლამენტში, შევხვდი საპარლამენტო ჯგუფს, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გზავნილი, რომელიც გადავეცი, ძალიან მარტივია და საიდუმლოს არ წარმოადგენს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას. გასულ კვირას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრისასაც გამოხატა კმაყოფილება, რომ ძალიან კონტროვერსული კანონი გაწვეული იქნა. ბევრი ძველი მეგობარი ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პროგრესი განხორციელდეს, განსაკუთრებით, როდესაც ივლისში ნატო-ს სამიტს ველოდებით. ალიანსის დღის წესრიგში ბევრი საკითხი იქნება, მაგრამ ასევე როგორია ჩვენი ჩართულობა საქართველოსთან, როგორ ვუყურებთ ფართო ინტეგრაციის თემებს, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური სიგნალი იყოს აქედან გაგზავნილი. ასე რომ, არსებითი იყო ჩემთვის ეს შეხვედრები. ძალიან ბევრი უკვე განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერთად. ნატო-ს კიდევ ბევრ მაღალი დონის ვიზიტს იხალავთ საქართველოში, რადგან ჩვენ მოწოდებული ვართ, ეს ქვეყანა ნატო-ს უფრო მეტად დავუახლოვოთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

სპორტის სასახლესთან რუსულ ნომრიან ავტობუსს წითელი საღებავი შეასხეს

ხმაური და დაპირისპირება იყო სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე საათია,  ავტობუსია გაჩერებული რუსული სანომრე ნიშნებით. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად, სატრანსპორტო საშუალებას წითელი საღებავი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს.

მოქალაქეების განმარტებით, ავტობუსის საქარე მინაზე გაკრული იყო რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ემბლემა.

„წინ, საქარე მინაზე ავტობუსს ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის უსაფრთხოების სამსახურის სიმბოლი

კა და ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ჩვენ, ქართველები, დავხვდეთ შესაბამისად და გავუმასპინძლდეთ. მე თუ მკითხავთ, ახლა ეს ავტობუსი უფრო ლამაზად გამოიყურება. ამბობენ, ტურისტები გვყავსო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ტურისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ძალოვანი რუსეთიდან“, – აცხადებს “სამოქალაქო აქტივისტი, “შეცვალეს” წევრიტიტე გედენიძე TV პირველთან.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

“ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი”- აშშ-ს საელჩო

შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„სახელმწიფო დამნაშავის დაცვის აქციაში მონაწილეობა, ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი!“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ფრენსის ფუკუიამას განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ფრენსის ფუკუიამას 1992 წ. ბესტსელერი – “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი”. თბილისურ ვოიაჟში აღსრულებული წინასწარმეტყველება. ნაძარცვი ფულით ორგანიზებული, სახელმწიფო დამნაშავის დაცვის აქციაში მონაწილეობა, ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი!“, – წერს ხაინდრავა.

ცნობისათვის, ფრენსის ფუკუიამამ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა: “ვფიქრობ, რომ რაც ძალუძთ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში არ მიიღონ. ვფიქრობ, ამიტომ ეკიდებიან ასე აგდებით მიშა სააკაშვილის საკითხს – თუ ის მათ ტყვეობაში მოკვდება, ეს ევროპელების რისხვას გამოიწვევს, ეს იქნება ბარიერი ევროპისკენ გზაზე“.

 

 

 

“პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება”

ყველა მიმართულებით იმკიან იმას, რაც დათესეს. შესაბამისად, ახალ პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა ძალაუფლების განაწილების პროცესი მიმდინარეობს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სერიალი, ერთ სერიაში მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, ამ სერიაში მელია ცდილობს ხაბეიშვილის გადაყენებას.  დავით კეზერაშვილმა უკვე ისაუბრა, შემდეგ სერიაში როგორი სცენარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაცილებულია სერიოზულ საქმიან პოლიტიკას და წარმოადგენს შიდა ძალაუფლების განაწილებას, წარმოადგენს იმ დესტრუქციული პოლიტიკის შედეგს, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ყველაფერი მიიღო საკუთარ პარტიაში. რაც დათესეს, იმას იმკიან ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ახალ პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს და საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც პარტია ჯერ არ დაუტოვებია“. ამასთან, ხატია დეკანოიძემ არ გამორიცხა ახალი პარტიის შექმნა. ამავდროულად, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არ გამორიცხავს მათთან პარტნიორობას, ვინც მომავალი ბრძოლის ნაწილში მიაჩნია. „ლანდშაფტი შეიძლება შეიცვალოს. ნიკა ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამიტომ სამომავლო გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პარტნიორობას არ გამოვრიცხავ მათთან, ვინც მიმაჩნია მომავალი ბრძოლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი ადგილის მონახვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უცხოური ვალუტის კურსი 4 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4887 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4887 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4911 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7463 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7295 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0168 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“წყალწაღებული ხაბეიშვილი ისე ამოაპანღურა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, რომ თავისუფალ ვარდნაშია”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ქადაგიძის თქმით, ყველაზე სანდო და ლეგიტიმური კვლევა არჩევნებია, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ ჩატარდა და თვალნათლივ აჩვენა რეალური განწყობები საქართველოში.

„წყალწაღებულ ხაბეიშვილს, ქვა აღმართში დაეწიაო, ისე ამოაპანღურა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, რომ თავისუფალ ვარდნაშია ეს საცოდავი… ისე, როგორი პარადოქსია, როდესაც „IRI“ ერთ ვერსიას გვთავაზობს და „NDI“ მეორეს. ცოტა ახლო ახლოს, რომ დაეწერათ ციფრები ვერა? ჰო და… თუ კი მაგ კვლევებით საზრდოობთ რადიკალები,

დაკმაყოფილდით 5%-ს. ყველაზე სანდო და ლეგიტიმური კვლევა კი არჩევნებია, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ ჩატარდა და თვალნათლივ აჩვენა რეალური განწყობები საქართველოში,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%.

“ჩემთვის გაცილებით უფრო სანდოა IRI-ის კვლევები, ვიდრე NDI-ის”

ჩემთვის გაცილებით უფრო სანდოა IRI-ის კვლევები, ვიდრე NDI-ის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მისთვის ნაკლებად სარწმუნოა „ქართულ ოცნების“ 20 პროცენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ 5 პროცენტი.

„როგორი კვლევაც არ უნდა იყოს, ვეცნობი, მაგრამ ამხელა აცდენა არაადეკვატურად მიმაჩნია. სოციოლოგიური კვლევის დროს ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მათ შორის კითხვას, რიგითობას, კითხვის შინაარს და ა.შ. ოდნავ სხვაგვარად ფორმულირებული კითხვა რეალობას ცვლის და აცდენას იძლევა. ალბათ ამასთან გვაქვს საქმე, თორემ ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთსა და იმავე პერიოდში კვლევებს ასეთი რადიკალური სხვაობა რომ ჰქონდეს, დაუჯერებელია. ჩემთვის ნაკლებად სარწმუნოა „ქართულ ოცნებას“ – 20 პროცენტი, 5 პროცენტი – „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ „რუსულ ოცნებას“ საქართველოში კლება აქვს ე.წ რეიტინგში”

NDI-ის კვლევაში 86 პროცენტი რომ სატელეფონო გამოკითხვის დროს არ ამბობს, ვის აძლევს ხმას და რა პოლიტიკური განწყობები აქვს, ეს არის ნორმალური ისეთ ქვეყანაში, სადაც მამაოებსაც, პედაგოგებსაც უსმენენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ „რუსულ ოცნებას“ საქართველოში ყოველდღიური კლება აქვს.

„IRI-ის კვლევა, რომელიც იგივე თვის არის, ამბობს, რომ 74-მა პროცენტმა უპასუხა, აქ მხოლოდ 14-მა პროცენტმა უპასუხა და 86 პროცენტი რომ არ ამბობს, სატელეფონო გამოკითხვის დროს ვის აძლევს ხმას, რა პოლიტიკური განწყობები აქვს, ეს არის ნორმალური ისეთ ქვეყანაში, სადაც მამაოებსაც, პედაგოგებსაც უსმენენ. ამასობაში ეს კვლევა, რომ აღვიქვათ, მაგალითად IRI-ის კვლევით, სადაც „მთავარ არხს“ 14 პროცენტი ენდობოდა, 11 პროცენტი ენდობოდა „ტვ პირველს“, ამ კვლევით არის, რომ 8 პროცენტი ენდობა „მთავარ არხს“ და 3 პროცენტი ენდობა „ტვ პირველს“ და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ 14 პროცენტი არის გამოკითხულო და 86 პროცენტმა ბოლომდე ინტერვიუზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება პრობლემებს ოპოზიციაში, ცხადია, ჩვენ მეტი მუშაობა გვმართებს, მაგრამ ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ „რუსულ ოცნებას“ საქართველოში ყოველდღიური კლება აქვს ე.წ რეიტინგში, მე კი საერთოდ მგონია, რომ მათ რეიტინგი საერთოდ არ აქვთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსი და დაშინებული ადამიანები, რომლებიც მათ შორის ტელეფონზე პირდაპირ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს და ესეც მხოლოდ 20 პროცენტი ყველა გამოკითხვით. ამიტომ, დიდი უმრავლესობაა, რაზეც მუშაობა შეიძლება და დარწმუნებული ვარ პროდასავლური პარტიები ამ მიმართულებით იმუშავებენ. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურ მუშაობას გააგრძელებს და დარწმუნებული ვარ, რომ „რუსული ოცნება“ არის დასრულებული. ერთადერთი, რაც ამას სჭირდება – ძალა ერთობაშია და უნდა გავიგოთ, რომ ამ ქვეყნის მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს რუსეთში მიაქანებს,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

უკრაინამ კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა სცადა (ვიდეო)

უკრაინამ ღამით კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა სცადა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

„კრემლისკენ ორი უპილოტო საფრენი აპარატი იყო მიმართული. სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები ჩამოაგდეს. მათი ჩამოვარდნისა და ფრაგმენტების მიმოფანტვის შედეგად მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა”,-ნათქვამია განცხადებაში

რუსეთმა მომხდარი „ტერაქტად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მომხდარის შედეგად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაშავებულა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, ინციდენტის დროს, რუსეთის პრეზიდენტი, კრემლში საერთოდ არ იმყოფებოდა.

კრემლი, უკრაინის მხრიდან თავდასხმის მცდელობას ტერორისტულ აქტად და რუსეთის პრეზიდენტის ლიკვიდაციის მცდელობად აღიქვამს.

„კრემლმა ეს ქმედებები განიხილა, როგორც დაგეგმილი ტერორისტული აქტი და პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა გამარჯვების დღის, 9 მაისის აღლუმის წინ. ტერაქტის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა, სამუშაო განრიგი არ შეცვლილა, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.

„რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები, სადაც და როცა მიზანშეწონილად ჩათვლის“, – წერს რია ნოვოსტი.

მოსკოვის  მერის სერგეი სობიანინის განცხადებით,  3 მაისიდან მოსკოვში დრონების  გაშვება აკრძალულია. გამონაკლისი იქნება დრონები, რომლებიც გამოიყენება ხელისუფლების გადაწყვეტილებით.

მანამდე მოსკოვის ტელეგრამის არხები წერდნენ, რომ 3 მაისის ღამეს კრემლის მიდამოებში ორი აფეთქება გაისმა. სანაპიროზე მდებარე სახლის მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ მათ დაინახეს ნაპერწკლები ცაში და ხალხი ფანრებით კრემლის კედელთან.