“პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება”

36
spot_img

ყველა მიმართულებით იმკიან იმას, რაც დათესეს. შესაბამისად, ახალ პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა ძალაუფლების განაწილების პროცესი მიმდინარეობს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სერიალი, ერთ სერიაში მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, ამ სერიაში მელია ცდილობს ხაბეიშვილის გადაყენებას.  დავით კეზერაშვილმა უკვე ისაუბრა, შემდეგ სერიაში როგორი სცენარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაცილებულია სერიოზულ საქმიან პოლიტიკას და წარმოადგენს შიდა ძალაუფლების განაწილებას, წარმოადგენს იმ დესტრუქციული პოლიტიკის შედეგს, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ყველაფერი მიიღო საკუთარ პარტიაში. რაც დათესეს, იმას იმკიან ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ახალ პარტიას შექმნიან, თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს და საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც პარტია ჯერ არ დაუტოვებია“. ამასთან, ხატია დეკანოიძემ არ გამორიცხა ახალი პარტიის შექმნა. ამავდროულად, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არ გამორიცხავს მათთან პარტნიორობას, ვინც მომავალი ბრძოლის ნაწილში მიაჩნია. „ლანდშაფტი შეიძლება შეიცვალოს. ნიკა ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამიტომ სამომავლო გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პარტნიორობას არ გამოვრიცხავ მათთან, ვინც მიმაჩნია მომავალი ბრძოლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი ადგილის მონახვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.