Home Blog Page 26

დღეს აშშ-ს სენატში, საქართველოში რეპრესიებზე და დემოკრატიაზე მსჯელობა, ჩრ.კორეაში სახელმწიფო ჰუმანიზმზე წუხილის ტოლფასია! – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურის მომხსენებლად გამოსვლის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„NGO-ის საწინააღმდეგო კანონმდებლობა და დემოკრატიის რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები”- კაპიტანი გიგაური. სასაცილო! სატირალი რომ არ იყოს! დღეს აშშ-ს სენატში, საქართველოში რეპრესიებზე და დემოკრატიაზე მსჯელობა, ჩრ.კორეაში სახელმწიფო ჰუმანიზმზე წუხილის ტოლფასია!“ – წერს გოგა ხაინდრავა.

მთავრობის მიერ ქართული არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო პროგრამების დაფუძნება არის დროული და მისასალმებელი ინიციატივა

საზოგადოება „ქართული“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ ქართული არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო პროგრამების დაფუძნება არის დროული და მისასალმებელი ინიციატივა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების თაობაზე, ჩვენთვის ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპზე მიუთითებს.
დრო, როდესაც ეს სფერო გარე ძალების მიერ იყო მონოპოლიზებული, წარსულს ბარდება და მთავრობა თვითონ იწყებს ერის ინტელექტუალური ნაწილის სახელმწიფო მართვაში ჩართულობისა და ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხების მოგვარებაში მათი მონაწილეობისთვის ხელშეწყობას. ამ თვალსაზრისით, პრემიერის ინიციატივა არა მხოლოდ მისასალმებელია, არამედ- დროული.

პრემიერის განცხადებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საგრანტო პროგრამა სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სამთავრობო გრანტებს ის ორგანიზაციებიც მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ. ასეთი კი, მიუხედავად გარედან და შიგნიდან მასშტაბური ზეწოლისა, არასამთავრობოების მნიშვნელოვანი ნაწილი- 450-ზე მეტი აღმოჩნდა.

არასამთავრობო სექტორი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე კონტროლის ეფექტური და აუცილებელი დემოკრატიული პლატფორმაა დასავლეთში. სამწუხაროდ, საქართველოში იგი იმთავითვე გარედან მართულ ჩაკეტილ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა მკაცრი იერარქიითა და უცხოელ დონორებზე დამოკიდებულებით. ღრმა ფინანსური კრიზისისა და სუსტი სახელმწიფოებრიობის პირობებში, ეს ბუნებრივი იყო, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთ ფინანსურ წყაროებად უცხოური ფონდები მოგვევლინენ. მათ, პირველ ეტაპზე, პოზიტიური როლი შეასრულეს საბჭოთა საზოგადოების ევროპულად ტრანსფორმირებაში, მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. უფრო მნიშვნელოვანი ამ ორგანიზაციების მისია და მათი საქმიანობის შინაარსი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე დონორების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

არავისთვისაა დასამალი, რომ უცხოური ფონდები, რომლებიც საქართველოს არასამთავრობოების დონორები არიან, ძირითადად უცხოური ქვეყნების ბიუჯეტებიდან ფინანსდებიან და კონტროლდებიან იმ მმართველი ძალებისა და ხელისუფლებებისგან, რომელთაც კავკასიასა და საქართველოში კონკრეტული პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესები ჰქონდათ და აქვთ. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები ბუნებრივად იქცნენ უცხოური ქვეყნის ხელისუფლებების პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების იარაღად და მსოფლიოს ნეო ლიბერალური ძალების ნების აღმსრულებლებად.

ამ თვალსაზრისით, ყველაფერს თუ თავის სახელს დავარქმევთ, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები რეალურად არიან უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში.

აღნიშნულზე საოცარი ლუსტრაცია გააკეთა ამ დღეებში ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, რომელმაც პრემიერის ინიციატივის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქართული მთავრობის მიერ გაცემული გრანტით არასამთავრობო ორგანიზაცია დაკარგავს დამოუკიდებლობას და გახდება სამთავრობო. ამ ლოგიკით, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, არის თუ არა იმ ქვეყნის სამთავრობო ორგანიზაცია, რომლისგანაც ფინანსდება?! ერთი სიტყვით, კომენტარი ზედმეტია.

ხაზგასასმელია ერთი ნიუანსიც, ფაქტია, რომ არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბება საქართველოში რეალურად წინა ხელისუფლების კონტროლითა და ხელშეწყობით წარიმართა. უფრო მეტიც, გარედან კარნახით, იდეოლოგიურ ბრძოლაში მათ ქართული საზოგადოების საპირწონედ, არასამთავრობოებს დაარქვეს „სამოქალაქო საზოგადოება“ და შერაცხეს ისინი ყველაზე პროგრესულ ნაწილად, რომელზეც მოსახლეობის დანარჩენ მასას სწორება უნდა გაეკეთებინა.

ეს პროცესი მიმდინარეობდა ტრადიციულ ქართულ საზოგადოებაზე ორკესტრირებული იდეოლოგიური იერიშის ფონზე. ნეო ლიბერალურ პროკრუსტეს სარეცელზე ყველაფერი ქართული და ტრადიციული გოიმობად, სირცხვილად, ჩამორჩენილობად და ლამის მტრულად გამოცხადდა, არენიდან გააქრეს ავტორიტეტები, მოსახლეობა დაყვეს ასაკობრივ კატეგორიებად და ქართული საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილს „ჩარეცხილები“ უწოდეს.

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მონოპოლია არასამთავრობოებზე, რადგან სწორედ მათი გუნდი უწევდა კოორდინაციას უცხოური გრანტების გადანაწილებას. მეტიც, მათ დააფუძნეს „ენჯეოები“ და შემდეგ დაიწყეს მათი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება.

ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ეს „სამოქალაქო საზოგადოება“ აქტიურად აღმოჩნდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში როგორც მხარე და არა როგორც შუამავალი ან დამოუკიდებელი ძალა. მაგალითისთვის, მხოლოდ 2022 წლიდან დღემდე არასამთავრობოები უშუალოდ აწარმოებდნენ და ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკურ აქციებს რათა გახსნილიყო მეორე ფრონტი, 2022 წელს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა შეეცვალათ ნინო ლომჯარიას-ეკა გიგაურის ტექნიკური მთავრობით; 2023 წელს მარტში და 2024 წლის აპრილ-მაისში აქციებით ჩაეგდოთ „გამჭვირვალობის კანონი“. დღეს უკვე 26 ოქტომბრისთვის მიდის ანალოგიური სამზადისი.

ეროვნული ერთიანობისთვის არანაკლებ დამაზიანებელი არის არასამთავრობოების ნაწილის ნეო ლიბერალური მიზნები და ბრძოლა ქართული იდენტობის განმსაზღვრელ ინსტიტუტებთან, ღირებულებებთან და ფასეულობებთან, მათ ნაცვლად საზოგადოებისთვის სიძულვილის, დაშინების და ფსიქოლოგიური ტერორის ატმოსფეროსა და გენდერული იდეოლოგიის თავსმოხვევის ცდები.

არადა, დონორი ორგანიზაციები კანონით მკაცრად კრძალავენ პოლიტიკურ პროცესებში მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მონაწილეობას, თუმცა, აღმოჩნდა, მხოლოდ- ქაღალდზე, რადგან ამ წლებში ვიხილეთ დონორო ორგანიზაციებისა და მათი ხელისუფლებების უხეში ჩარევები ქვეყნის შიდა საქმეებში და არაერთი არამეგობრული ნაბიჯი, რაც სამწუხაროა. არასამთავრობოების პოლიტიკაში მონაწილეობას კრძალავს „პოლიტიკური პარტიების“ შესახებ ქართული კანონიც.

პრემიერის ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ უფრო მეტს ვხედავთ, ვიდრე საგრანტო პროგრამაა. ჩვენთვის იგი სახელმწიფოებრივი სიმწიფის ნიშანია და იმის დასტური, რომ ქართულ პოლიტიკაში დასრულდა მიამიტი და გულუბრყვილო პოლიტიკური აღქმების დრო, როცა ყველა უცხოელის საქმიანობაში მხოლოდ ჰუმანისტურ ზრახვებს ვხედავდით. ეს არც საწყენია და არც გასაბრაზები, ყველა ქვეყანას, მოკავშირე იქნება იგი, მეზობელი თუ გაერთიანება, თავისი ინტერესები აქვს. მთავარია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა დაიწყო რეალური პოლიტიკის კეთება და უპირველესად, ქვეყნის ინტერესების წინ დაყენება.

ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძის ინიციატივა აჩენს შანსს, რომ საქართველოში რეალურად ჩამოყალიბდეს ძლიერი ქართული არასამთავრობო სექტორი, რომელიც იმუშავებს არა სხვისი ქვეყნების ინტერესებზე და ხელისუფლების რყევაზე, არამედ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, კულტურაზე, დემოგრაფიაზე, ენერგეტიკაზე, საქართველოსთვის რეალურად მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლასა და მოგვარებაზე, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებასა და კონტროლზე.

რა თქმა უნდა, ისმის კითხვა – იქნება თუ არა დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო სექტორი მთავრობისგან და როგორ დავიცვათ თავი ვიწროპარტიული ინტერესებისგან?

ჩვენი აზრით, გამოსავალი არის – გრანტების გაცემის ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს იმ ინსტიტუტებისა და საზოგადოების წარმომადგნელებით, რომელთა საქმიანობა და ბიოგრაფია საზოგადოების ნდობით სარგებლობს. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გასაგები უნდა გახდეს. და რაც მთავარია, საზოგადოება თავად დიდი დოზით უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში.

მხოლოდ ასე იქცევა ეს ინიციატივა მყარ სახელმწიფო პროგრამად, რომელიც მომავალში ქვეყანას ბევრ სიკეთეს მიუტანს“, – საუბარია განცხადებაში.

უკრაინელებმა ერთ დღეში რუსული თვითმფრინავი და 73 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 630 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 1 270 ოკუპანტი, 1 თვითმფრინავი, 11 ტანკი და 73 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 8 653 ტანკს, 16 955 ჯავშანტექნიკას, 18 009 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 369 საბრძოლო თვითმფრინავს და 328 ვერტმფრენს, 24 481 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 28 გემს/ნავს, 15 033 უპილოტო საფრენ აპარატს, 3 061 ერთეულ სპეცტექნიკას და 2 591 ფრთოსან რაკეტას.

ავსტრიის საელჩო საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ალბანეთთან გამარჯვებას ულოცავს

საქართველოში ავსტრიის საელჩო სოციალურ ქსელში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ალბანეთთან გამარჯვებას ეხმაურება და გულშემატკივარს გამარჯვებას ულოცავს. საელჩო განსაკუთრებით ხაზს უსვამს ოთარ კიტეიშვილის შთამბეჭდავ თამაშს, რომელიც ავსტრიული „შტურმის“ ნახევარმცველიცაა.

„ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს და ყველას მის გულშემატკივარს ერთა ლიგის ფარგლებში ზედიზედ მეორე ბრწყინვალე გამარჯვებას. განსაკუთრებით ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით – ავსტრიის ეროვნული ჩემპიონი კლუბის, გრაცის „შტურმის“ ქართველი ჯადოქარი ნახევარმცველით და 2023-2024 წლების სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელით, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. წარმატებები სამომავლო შეხვედრებში“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 სექტემბერს ქუთაისში +34 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში იწვიმებს. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +17, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

ბათუმში 16 წლის მოზარდს მეხი დაეცა

ბათუმში 16 წლის მოზარდს მეხი დაეცა, – ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ცნობით, არასრულწლოვანი, სხეულის დამწვრობით კლინიკაშია გადაყვანილი.

„დღეს ბათუმში ელჭექის დროს დაფიქსირდა მეხის ჩამოვარდნის ფაქტი თევზის რესტორან “ფიშლანდიასთან”, რომელიც სამწუხაროდ დაეცა 16 წლის მოზარდს, ის მუშაობდა მიმტანად, მიიღო სხეულის ნაწილობრივი დამწვრობა, გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ დღის ბოლოს ბათუმში ლოკალურად ამინდი მკვეთრად გაუარესდა, აღინიშნა ქარის შკვალური გაძლიერება, ძლიერი ელჭექი და ხანმოკლე წვიმა“, – წერს ფარტენაძე.

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სანამ იმ ნივთს შეიძენთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები და გაუგებრობები. გირჩევთ, მეტი მოუსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ – დღეს თქვენი იდეებით ვერავის გააოცებთ. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას, ეცადეთ კომპრომისი მოძებნოთ.

კურო

ბევრი ვალდებულება გაქვთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანების ინტერესები გაითვალისწინოთ და კომპრომისებს დათანხმდეთ. ეცადეთ, საღამომდე ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ, რადგან საღამო მთლიანად დასვენებას და ძალების აღდგენას უნდა დაუთმოთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ბედნიერი გახდება.

ტყუპები

მიმდინარე საკითხების მოგვარების გარდა, ამ დღეს საქმიანი თვისებების გამოვლენა და შემოქმედებითი მიდგომის დემონსტრირება მოგიწევთ. ვარსკვლავების აზრით, ამ დღეს სასარგებლო გამოცდილებას და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ჩიხური ვითარებაა ეს დღე მისგან გათავისუფლების შანსს მოგცემთ. საღამო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს – ეს დაგამშვიდებთ და დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ. ეს როგორც ახლობლებს, ისე უცნობ ადამიანებს ეხებათ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას, ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

ლომი

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღე გელით. ამ დღეს ენერგიით სავსე და აქტიური ხართ და ცდილობთ, ყველა სირთულეს ერთად და სწრაფად გაუმკლავდეთ. ეს არასწორი სტრატეგიაა, რადგან შეიძლება სიჩქარეში ის ვერ შენიშნოთ, რაც სანანებლად გექცევათ. ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ცვლილებების ეტაპი, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს. მოსალოდნელია სიურპრიზები და იღბლიანი დამთხვევები. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ინტუიციას უსმინოთ და საყვარელ ადამიანებთან უფრო დამთმობი იყოთ.

ქალწული

თუ თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ, გირჩევთ ის საკუთარ საჭიროებებს დაუთმოთ: სილამაზის სალონს ეწვიოთ ან სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტაროთ. თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ.

სასწორი

უჩვეულო და საინტერესო დღეა. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. თუ რამე დაკარგეთ, დღეს არსებობს შანსი, რომ ის ყველაზე მოულოდნელ ადგილას იპოვოთ. საკუთარ წარმატებებზე ლაპარაკი და თვითრეკლამა არ მოგერიდოთ – შესაძლოა ვიღაცამ მოგებიანი წინადადება შემოგთავაზოთ. ყურადღება მიაქციეთ რა ხდება თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ.

მორიელი

ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. დროა მათი პრობლემების გადაჭრას და მხარდაჭერას მეტი დრო დაუთმოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. გირჩევთ, თავდაპირველ გეგმას არ გადაუხვიოთ და დანიშნული შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ გააუქმოთ. ამ დღეს სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ. საღამოს პაემნისთვის საუკეთესო დროა.

მშვილდოსანი

დაგროვილმა სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უსმინეთ საკუთარ სხეულს და საჭიროების შემთხვევაში საჭირო გამოკვლევები ჩაიტარეთ. კოლეგების დახმარებით საქმეების სწრაფად და წარმატებით დასრულებას შეძლებთ. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. პრობლემების გადაჭრითა და სირთულეების გადალახვით სასარგებლო გამოცდილებას შეიძენთ.

თხის რქა

ამ დღეს გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ, წესები არ დაარღვიოთ და დადგენილ საზღვრებს არ გასცდეთ. თუ მტკიცედ და თავდაჯერებულად იმოქმედებთ, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თანამოსაუბრე უმიზეზოდ არ აკრიტიკოთ.

მერწყული

დღეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობები დაინახოთ, რომლებიც აქამდე არ იყო. ეცადეთ, მომენტით ისარგებლოთ და გარემოებებს მოერგოთ. შანსი მოგეცემათ, რომ მენეჯმენტზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. გირჩევთ, არგუმენტები მოამზადოთ, სტრატეგია მოიფიქროთ და მიზანი დაისახოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციური ქმედებები ზიანს მოგიტანთ.

თევზები

კარგი განწყობა და ოპტიმიზმი საქმის ნახევარია, ამიტომ ბნელი ფიქრები მოიცილეთ და გამხიარულდით. შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ახალი გეგმა წინაზე უკეთესი იქნება. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ.

,,ეს აიძულებს რუსეთს დიპლომატიურად დაასრულოს ომი”- ზელენსკი „გამარჯვების გეგმაზე“

მნიშვნელოვანია, უკრაინამ „გამარჯვების გეგმა“ თავის მოკავშირეებს მეორე სამშვიდობო სამიტის წინ წარუდგინოს. ამან შესაძლოა, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, უპირველეს ყოვლისა, ის უკრაინის გამარჯვების გეგმას განიხილავს თეთრი სახლის ხელმძღვანელთან ჯო ბაიდენთან, რადგან ეს დამოკიდებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე.

„პარტნიორები თუ მხარს დაუჭერენ გეგმას, უკრაინას გაუადვილდება, რომ აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი. რისთვის არის ეს გეგმა? ეს უკრაინას გააძლიერებს და, ჩემი აზრით, ამას ექნება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე პოლიტიკური გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე ამ ომის დასასრულებლად“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

,,როცა უკრაინა თავისი და ევროპის თავისუფლებისათვის იბრძვის, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ხალხი მის გვერდით დგას”- სალომე ზურაბიშვილი

რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრიდან და მისი უკანონო ანექსიიდან 10 წელი გავიდა და უკვე 900 დღეზე მეტია, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს აწარმოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმის“ მეოთხე სამიტზე მიმართვისას განაცხადა.

„დამთხვევაა, რომ ეს სამიტი 11 სექტემბერს იმართება? რომ 23 წლის წინ ტერორმა თავისუფლებისა და დემოკრატიის შუაგულს დაარტყა, მოკლა და დააზარალა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, და რომ დღეს, ტერორმა ისევ იფეთქა, მაგრამ ამჯერად ევროპის შუაგულში – ლვოვსა თუ პოლტოვაში? ეს გვახსენებს, რომ ჩვენ [ამ ტერორს] არ შევეგუებით, რომ თავისუფლებისთვის, ადამიანის ღირებულებებისთვის, ადამიანის ღირსებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა უკომპრომისოა. მხოლოდ ამის მიღწევის შემდეგ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ გრძელვადიან მშვიდობას მივაღწევთ.

უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსული აგრესიის ნამდვილი სახის წინაშე დაგვაყენა – სასტიკი, დაუნდობელი კამპანია, რომელსაც არამხოლოდ ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცები ჰყავს მიზანში ამოღებული, არამედ განსაკუთრებით, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და უკრაინული საზოგადოება მთლიანობაში.

ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არაა; ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს – იქნება ეს პირდაპირი ტრადიციული ომის მეთოდები, სამხედრო ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, თუ დეზინფორმაციის კამპანიები, რათა თავის იმპერიალისტურ ამბიციებს მიაღწიოს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, „ამ ბარბაროსობის წინაშე, უკრაინამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა საოცარი სიმამაცე და სიმტკიცე და მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინელების სიძლიერისა და გამძლეობის შემსწრე, რომელიც შეიძლება მხოლოდ გმირობად შეფასდეს, ეს ჩვენთვის, ყველასთვის შთამაგონებელია“.

„უკრაინამ ყოვლისშემძლე რუსული არმიის სახე დაამსხვრია და დაამტკიცა, რომ რუსეთის დაუმარცხებლობა მითი იყო, რომ რუსეთმა ვერ შეძლო კიევის დაპყრობა ვერც სამ და ვერც 900 დღეში. ვერ შეძლო უკრაინული საზოგადოების დასუსტება, ან უკრაინის დაშორება ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერისგან. ეს იმიტომ, რომ ყველანი ვაცნობიერებთ – უკრაინელები არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან.

უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს – არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში. ძალიან დიდი ხანია მოსკოვი უგულებელყოფს საერთაშორისო ნორმებს, ცდილობს ძალისმიერად საზღვრების შეცვლას და მისი მეზობლების სუვერენიტეტის ძირის გამოთხრას. ამგვარი საქციელის დაშვება აღარ შეიძლება.

როგორც ყველამ ვიხილეთ, შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის და კონტინენტისთვის გადამწყვეტია, რადგან ის სავაჭრო, ენერგეტიკულ და კომუნიკაციის მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს. ის ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, და მისი [შავი ზღვის] სტაბილურობა პირდაპირ დაკავშირებულია მთლიანი კონტინენტის უსაფრთხოებასთან. ამიტომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსია აფხაზეთის ოკუპაციიდან ყირიმის ანექსიამდე, ან მის ბოლოდროინდელ ნაბიჯებამდე – ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიღებული“,- აღნიშნა ზურაბიშვბილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს ომი მართლაც ეხება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას, საზღვრების პატივისცემასა და ერების უფლებების დაცვას იცხოვრონ მშვიდობიანად.

„და იმ დროს, როცა უკრაინა თავისი და ევროპის თავისუფლებისათვის ბრძოლას განაგრძობს, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ხალხი თქვენს გვერდით დგას, მსოფლიო დგას თქვენს გვერდით და ჩვენ ერთად დავანახებთ, რომ თავისუფალ მსოფლიოს ვერ შეაშინებს ის, ვისაც დაყოფა, განადგურება და დაპყრობა სურს. Slava Ukraini!“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს.

,,უნგრეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების”-ვროპარლამენტარი ონდრაშ ლასლო

უნგრეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების და მხარს ვუჭერთ ცალსახად საქართველოს მომავალ წევრობას ჩვენს ორგანიზაციაში, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ონდრაშ ლასლომ.

„დიდი იმედი მაქვს, უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს შევძლებთ საქართველოს დახმარებას, რათა გადადგას ქვეყანამ ნაბიჯები წევრობისკენ მიმავალ გზაზე. გვჯერა, რომ შედგება გულწრფელი საუბარი.

გაფართოება ყველასთვის პოპულარული თემა არაა, მაგრამ უნგრეთი ცდილობს ეს შეცვალოს. საქართველოს უნდა ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მაგრამ გაფართოება დიდი პოლიტიკური ბრძოლაა ბრიუსელში, წევრ ქვეყნებს შორის.

საქართველოს აქვს ჩვენი მხარდაჭერა. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ევროკავშირს. ახალი კომისია დაიწყებს ნოემბრიდან მუშაობას და ევროპარლამენტში ახალი შემადგენლობაც აქტიური იქნება, რაც საბოლოო ჯამში შემდგომ გაფართოებას ახალ ბიძგს მისცემს. ველოდებით თუ ვინ იქნება გაფართოების მიმართულებით ახალი ევროკომისარი. საქართველოსთვისაც არჩევნების შემდეგ კარგი შანსი იქნება ინტეგრაციის მიმართ ერთგულების დადასტურება, შეხვდეს ახალ კომისარს გაფართოების საკითხებში და მუდმივად საქართველო იყოს ჩვენს დღის წესრიგში. ვისაუბრეთ შეხვედრაზე ბევრ თემაზე. მესმის ხელისუფლების და მმართველი პარტიის მიერ გაწეული ძალისხმევა არჩევნებზე უცხო ძალების ჩარევის მინიმიზაციის მიზნით. არჩევნების პერიოდი ყველა ქვეყანაში მგრძნობიარე ეტაპია და არჩევანი მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ“, – აღნიშნა მან.

„პასუხი იქნება შესაბამისი“ – კრემლი დასავლეთს აფრთხილებს

უკრაინისთვის დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მიცემა გააღრმავებს აშშ-ისა და ევროპის პირდაპირ ჩართულობას ომში და მოსკოვის მხრიდან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენი პასუხი იქნება შესაბამისი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში პირდაპირია და ყოველი ახალი ნაბიჯი ზრდის ამ ჩართულობის ხარისხს“, – დასძინა პესკოვმა.

 ,,სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის”- პრემიერი

სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის, არავითარი სირთულე არ არის, ოპოზიციას იმდენად არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე, ოპოზიციას ექვსჯერ ჰქონდა შანსი, რომ გამართულიყო საპარლამენტო დებატები, თუმცა ექვსივეჯერ გაექცნენ.

„დებატებში არავითარ პრობლემას არ ვხედავ, პირიქით ისინი გაურბიან დებატებს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას კონსტიტუცია არ აძლევს უფლებას, რომ საერთოდ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში. ის ამ შემთხვევაშიც არღვევს კონსტიტუციას, მათთან დებატებს არავითარი არც ფასი აქვს, არც სირთულე აქვს, რაღაც დებატები უნდა იყოს ცოტა რთული მაინც, იმისათვის, რომ იქ მონაწილეობა ღირდეს.

ჩვენი დღევანდელი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამ პირობებში ხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს არავითარი შანსი არ აქვს. მთელ ოპოზიციას, ვინც დღეს ლახავს ბარიერს, აქვს 20 პროცენტამდე. 60/20-ზე თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს რომ არჩეული იყოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ის „ნაცმოძრაობამ“ დატოვა პრეზიდენტის პოსტზე, მას შემდეგ, რაც მან დაარღვია კონსტიტუცია, არის დღეს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მეორედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი ვერ გახდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, დაჯდება თუ არა ოპოზიციასთან დებატებში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თავად მზად არის, თუმცა ოპოზიცია გაურბის დებატებს.

„პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე, მათ ჰქონდათ შანსი თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, შემდეგ იყო ივნისი, ახლა არის უკვე სექტემბერი. ექვსჯერ ჰქონდათ შანსი, რომ ჩემთან გამართულიყო საპარლამენტო დებატები, ექვსივეჯერ გაექცნენ. რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, კი ბატონო, ჩემთვის არავითარი პრობლემა არ არის, არავითარი სირთულე არ არის, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ“, – განაცხადა პრემიერმა.