მნიშვნელოვანია, უკრაინამ „გამარჯვების გეგმა“ თავის მოკავშირეებს მეორე სამშვიდობო სამიტის წინ წარუდგინოს. ამან შესაძლოა, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, უპირველეს ყოვლისა, ის უკრაინის გამარჯვების გეგმას განიხილავს თეთრი სახლის ხელმძღვანელთან ჯო ბაიდენთან, რადგან ეს დამოკიდებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე.
„პარტნიორები თუ მხარს დაუჭერენ გეგმას, უკრაინას გაუადვილდება, რომ აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი. რისთვის არის ეს გეგმა? ეს უკრაინას გააძლიერებს და, ჩემი აზრით, ამას ექნება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე პოლიტიკური გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე ამ ომის დასასრულებლად“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.