უნგრეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების და მხარს ვუჭერთ ცალსახად საქართველოს მომავალ წევრობას ჩვენს ორგანიზაციაში, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ონდრაშ ლასლომ.
„დიდი იმედი მაქვს, უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს შევძლებთ საქართველოს დახმარებას, რათა გადადგას ქვეყანამ ნაბიჯები წევრობისკენ მიმავალ გზაზე. გვჯერა, რომ შედგება გულწრფელი საუბარი.
გაფართოება ყველასთვის პოპულარული თემა არაა, მაგრამ უნგრეთი ცდილობს ეს შეცვალოს. საქართველოს უნდა ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მაგრამ გაფართოება დიდი პოლიტიკური ბრძოლაა ბრიუსელში, წევრ ქვეყნებს შორის.
საქართველოს აქვს ჩვენი მხარდაჭერა. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ევროკავშირს. ახალი კომისია დაიწყებს ნოემბრიდან მუშაობას და ევროპარლამენტში ახალი შემადგენლობაც აქტიური იქნება, რაც საბოლოო ჯამში შემდგომ გაფართოებას ახალ ბიძგს მისცემს. ველოდებით თუ ვინ იქნება გაფართოების მიმართულებით ახალი ევროკომისარი. საქართველოსთვისაც არჩევნების შემდეგ კარგი შანსი იქნება ინტეგრაციის მიმართ ერთგულების დადასტურება, შეხვდეს ახალ კომისარს გაფართოების საკითხებში და მუდმივად საქართველო იყოს ჩვენს დღის წესრიგში. ვისაუბრეთ შეხვედრაზე ბევრ თემაზე. მესმის ხელისუფლების და მმართველი პარტიის მიერ გაწეული ძალისხმევა არჩევნებზე უცხო ძალების ჩარევის მინიმიზაციის მიზნით. არჩევნების პერიოდი ყველა ქვეყანაში მგრძნობიარე ეტაპია და არჩევანი მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ“, – აღნიშნა მან.