Home Blog Page 2408

“თუ რამდენიმე დღეში დავუბრუნდებით ცივი ომის მდგომარეობას, ამაზე მადლობა უნდა ვთქვათ“ – ისტორიკოსი რუსეთ-უკრაინის მოვლენებზე

”რუსეთი მზაკვრულად დაესხა ჩვენს სახელმწიფოს თავს დილით ადრე, ისევე – როგორც ნაცისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს” – ვლადიმერ ზელენსკი (უკრაინის პრეზიდენტი).

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და ამ დრომდე ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს.

ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. დასავლეთში მოსკოვის აგრესია დაგმეს  და ახალი სანქციები დაუწესეს.

უკრაინის ოფიციალური პირები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული ძალები კიევში იმყოფებიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი ობოლონის რაიონში იმყოფება.

უწყება ადგილობრივებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გაკეთებისკენ მოუწოდებს.

“გააკეთეთ „მოლოტოვის კოქტეილები”, გაანეიტრალეთ ოკუპანტი! მშვიდობიანო მოქალაქეებო – ფრთხილად, არ გახვიდეთ სახლებიდან!”- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე გამოეხმაურა.

– როგორ შეადარებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და 2008 წლის აგვისტოს ომს? იმავე სცენარით მოქმედებს რუსეთი?

– შესადარებელი არაფერია, ვაშლი რომ გაჭრათ შუაზე,  არის რამე შესადარებელი ერთი ნახევრისა და მეორესი?! ისინი ფაქტობრივად იდენტურია. აბსოლუტურად ერთი და იმავე მოვლენასთან  გვაქვს საქმე. იგივე სცენარი იქნა ჩაფიქრებული და განხორციელებული 2008 წელს.  ერთადერთი განსხვავება ამ ორ მოვლენას შორის ის არის, რომ მაშინ საქართველო აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდა ამ მოვლენის წინაშე. უბრალოდ, დეპარტამენტის კი არა, სენატის (პარლამენტის) დონეზე მაინც რომ გაკეთებულიყო დასავლეთის ქვეყნების, ან მსოფლიოს სხვა ქვეყნების განცხადებები, – ესეც კი არ იყო მაშინ.  მხოლოდ გაზეთებსა და მედიაში გამოხატული მხარდაჭერები იყო, რომლებიც, ფაქტობრივად არაფერს ნიშნავდა. პირისპირ დავრჩით ამხელა „ვეშაპთან“.

ამ 14 წლის მანძილზე მსოფლიო შედარებით მზად შეხვდა ამ მოვლენას, თუმცა, ცუდ სცენარებზე ვფიქრობ. თუ კარგად დამთავრდა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა.

უკრაინისადმი მხარდაჭერა დღეს საკმაოდ ეფექტურია. ქვეყნები იმუქრებიან სანქციებით და აუცილებლად გაატარებენ, მაგრამ ვშიშობ, ბრძოლის ველზე მიმდინარე ამბებს რომ ამან რამე უშველოს. სულაც არ მინდა, რომ საქმეში ნატო ჩაერიოს, ამას მოჰყვება მსოფლიო თუ არა, რეგიონული დაპირისპირება.  ეს მოვლენები მსოფლიოს გადაჩეხვაა სრულიად უცნობ მომავალში. რა უნდა ეშველოს? – ამას ჩვენზე უკეთ  ის ქვეყნები სჯიან, რომლებიც ჩარეულები არიან ამ პროცესში და მათ ამ უბედურების წინააღმდეგ საბრძოლველად რამე უნდა მოიფიქრონ.  თუ არ შეუძლიათ რუსეთის აგრესიის შეკავება, მაშინ ცხადი ყოფილა ყველაფერი. დასავლეთის იმედი არავის უნდა ჰქონდეს და აღარც ჩვენ.

– ექსპერტები ამ ომს ახალი ცივი ომის სახელით მოიხსენიებენ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

– ცივი ომი კაცობრიობამ თითქოს დასრულებულად ჩათვალა, მაგრამ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ის გრძელდებოდა. უბრალოდ განცხადება, რომ ცივი ომი დასრულებულია, ოპტიმისტური იყო  – ეს გახლდათ,  ხავსი, რომელსაც კაცობრიობა ეჭიდებოდა.  ხალხს არ უნდოდა ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა. მაგრამ, რასაც ფიქრობდა და ეშინოდა, ის დღეს ცხადად მოხდა. ეს უკვე ცივი ომი აღარ არის, რადგან ის იყო მაშინ, როდესაც ადამიანები, სახელმწიფოები, ქვეყნების ჯგუფები, სამხედრო – პოლიტიკური ბანაკები ერთმანეთს სიტყვით ეომებოდნენ. (ცივი იმიტომ ჰქვია, რომ ომი არ არის ბრძოლის ველზე.) უკრაინის ამბავი კი, სამწუხაროდ ცივი ომის მასშტაბს გასცდა. თუ რამდენიმე დღეში დავუბრუნდებით ცივი ომის მდგომარეობას, ამაზე მადლობა უნდა ვთქვათ.

რუსეთი  უკრაინისგან ითხოვს,  ოკუპირებული ტერიტორიების მისთვის გადაცემას და ნეიტრალიტეტზე ხელის მოწერას.  ნეიტრალიტეტი კი, რუსულად რომ გადავთარგმნოთ, არის ჩუმად ყოფნა და რუსეთის დირექტივების შესრულება. ეს არ არის შვეიცარიული, ან ავსტრიული ნეიტრალიტეტი. მასზე ხელისმოწერა ნიშნავს, რომ უკრაინამ ნატოზე უარი უნდა თქვას.

– როგორ უნდა შეწყდეს კონფლიქტი, რაშია გამოსავალი?

– თუკი დასავლეთი და მისი მხარდამჭერი ძალები მსოფლიოში მტკიცედ შეიკვრებიან, მეტს გაბედავენ და ძალიან მკაცრი სანქციები იქნება და არა –  გაწელილი მოლაპარაკებები, სატელეფონო საუბრები, შესაძლოა რაღაც გამოვიდეს. სანქციებზე საუბარს რამდენიმე თვეა ვისმენთ და ჯერ ვიხილეთ რამდენიმე გაუბედავი სანქცია, რომლისაც არავის ეშინია და მით უმეტეს რუსეთს. ამის რუსეთს ყველაზე ნაკლებად ეშინია, რადგან უზარმაზარი ქვეყანაა და აქვს რესურსები, რომ გაუძლოს. სანქციები უნდა იყოს რუსეთის აბსოლუტური იზოლაცია და არა რამდენიმე ასეული ადამიანის (რომ პარიზში ვერ ჩავიდნენ და ყავა ვერ დალიონ).  რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე ყველა ქვეყანამ უარი უნდა თქვას. ასეთი სანქციები ჭკუაზე მოიყვანს თვით რუსულ საზოგადოებას.  არისტოკრატიას იმდენი ფული აქვს დაგროვილი, ეს სანქციები არაფერს უზამს. ხალხი უნდა შეწუხდეს და გამოვიდეს ქუჩაში. აი, რუსი ხალხის გამოსვლა ქუჩაში კი… ღმერთმა დაიფაროს ყველა ის მთავრობა, რომელსაც რუსი ხალხი გადალეწავს. ეს სტიქიური უბედურებაა. რა მოხდა 1917-ში?! იმ რევოლუციამ წალეკა რუსული მონარქია. რამდენი მილიონი ადამიანი გაიქცა, მხოლოდ მთავრობა და ნიკოლოზ მეორე კი არა, მთელი სოციალური ფენები ამოწყვიტა.

თუ ამ სანქციებში მთელი რუსული საზოგადოება მოექცევა, აეკრძალება ურთიერთობა ევროპასთან, სამეზობლოსთან, ამერიკასთან და მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან, აი, მაშინ შეწუხდება მისი უმაღლესობა – რუსეთის მოსახლეობა.

–  როგორია საქართველოს როლი ამ კონფლიქტში? რა უნდა გავაკეთოთ?

– ქართულმა საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, უნდა გამოვიდეს ქუჩაში, გამოხატოს უკრაინისადმი მხარდაჭერა. მაგრამ, ხელისუფლებას ვურჩევ, რომ მაინც ფრთხილად იყოს, დაელოდოს მსოფლიოს რეაგირებას. თუ ახლა დასავლეთის რეაგირება ნახევრად იქნება, მაშინ ის ხელებს დაიბანს, თავისთვის შებრუნდება და განაგრძობს მშვიდ ცხოვრებას, მაშინ ჩვენ ისევ რუსეთს პირისპირ დავრჩებით. ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების სიფრთხილე საღია და ამას მივესალმები. უნდა დააკვირდეს,  რა ხდება გარშემო და როცა მსოფლიო რეაგირება ძლიერი იქნება, მაშინ მათთან ერთად უნდა გამოჩნდეს. რამდენიმე დღე და კვირა უნდა მოვითმინოთ.

/ ნინო ოთარაშვილი /

“ადვილი წარმოსადგენია, რომ დასუსტებული რუსეთი ჩინეთის სამიზნე გახდეს“

რუსეთ – უკრაინის ომის 23-ე დღე. უკრაინის ქალაქებში ისევ განუწყვეტლივ ისმის თავდასხმის სიგნალებისა და აფეთქებების ხმა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 18 მარტის მდგომარეობით, უკვე 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.

დაბომბვისა და ავია იერიშის შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათგან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი დაზიანდა დონეცკში – 126, ხარკოვში – 77, ნიკოლაევში – 39, სუმიში – 32, კიევში – 41, ხერსონის რაიონი კი – 21 (უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაცია).

ეს მონაცემები კი საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ზოგიერთი ადგილის დათვალიერება ვერ ხდება.  უკრაინიდან კი  სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით მილიონობით ლტოლვილი გავიდა.

ამ ომმა მსოფლიო პოლიტიკა შეცვალა. დასავლეთის დაწესებული სანქციები რუსეთს ვერ აჩერებს. მსოფლიო ლიდერები კი აცხადებენ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ელექტროშოკი იყო ნატო-სთვის, რამაც ახალი სტრატეგიული სიცხადე შესძინა ალიანსს, რომლის დანაკლისსაც განიცდიდა.

„მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „მკვლელი დიქტატორი, სუფთა ავაზაკი“ უწოდა, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

წავიდა თუ არა მოსკოვი დიდ რისკზე, როდესაც უკრაინასთან ომი დაიწყო? ომის პოლიტიკურ მიმართულებაზე, ჯორჯიან თაიმსს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

– მოსკოვი ძალიან დიდ რისკზე წავიდა. მას აფრთხილებდნენ კიდეც, რომ სანქციები იქნებოდა, თუ  უკრაინის საზღვრებს გადალახავდა. მოსკოვს ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ უკრაინა, სამამულო ომის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ საბჭოთა კავშირს თითქმის 10 წელი ებრძოდა. ეს ისეთი ფაქტია, რომ სხვას თუ არა, პუტინს მაინც უნდა სცოდნოდა. რუსეთს უნდა განესაზღვრა, რომ უკრაინაში შესვლა არ იქნებოდა „იოლი გასეირნება“. მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს შევლა და საომარი მოქმედებების დაწყება. მგონია, რომ მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს და ახლა შედეგებს იმკიან. ჯარები ისევ იმ პოზიციებზეა განლაგებული, რაც ომის დაწყებამდე იყო, როგორც დონეცკის, ასევე ლუგანსკის მიმართულებით.

– როგორ ფიქრობთეს ცივილიზებული მსოფლიოს მაქსიმუმიარასაც ის  უკრაინაში მშვიდობისთვის აკეთებს?

– დასავლეთმა უპრეცედენტოდ მოკლე დროში რუსეთის მიმართ ძალიან ბევრი შეზღუდვა მიიღო. დღევანდელი დასავლეთი იმ ჩვენ „ნაცნობ დასავლეთს“ ნამდვილად არ ჰგავს. 3 კვირის განმავლობაში ამდენი სანქციის მიღება  და უკრაინის, მოლდოვასა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატად წარდგენა, წარმოუდგენელი იყო ომის დაწყებამდე. დასავლეთის ერთიანობაში სუსტი წერტილი აღმოსავლეთისა და რუსეთის მიმართ, გერმანია იყო. თუმცა, მოხდა უპრეცედენტო რამ, დღეს  უკვე გერმანიაც ჩართულია იარაღის მიწოდებაში.

ვფიქრობ, პროცესი ისე მიდის, უნდა იყოს დამატებითი სანქციები და რაღაც ეტაპზე, არ გამოვრიცხავ, რომ ნატო იქნება, თუ ნატოს წევრი ქვეყნები უშუალოდ ჩაერევიან ამ კონფლიქტში.

– როგორ შეიძლება მოგვარდეს კონფლიქტიმოლაპარაკებებით ეს შესაძლებელია?

– როგორც ამბობენ, ყველა ომი  მოლაპარაკებებით სრულდება, ოღონდ ეს, ხანდახან კაპიტულაციასაც ნიშნავს. დასავლეთისა და განსაკუთრებით ბაიდენის რიტორიკა იმდენად მკაცრდება პერსონალურად პუტინის მიმართ, რომ მან რომც გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან და აღადგინოს უკრაინის დამოუკიდებლობა, როგორიც იყო 2014 წელს, მაინც არ მგონია, რომ სანქციები მოიხსნას. დასავლეთი, როცა ქვეყნის პრეზიდენტს უწოდებს სამხედრო დამნაშავესა და დიქტატორს, მერე მასთან ურთიერთობა ნამდვილად გაჭირდება. ამისთვის, ან ბაიდენის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს,  ან  – პუტინის.

– მედიის ინფორმაციით, რუსეთს ნელ-ნელა ხელიდან ეცლება როგორც მატერიალური (საბრძოლო) ასევე, ადამიანური რესურსი. მას ზურგი აქცია მსოფლიომაც, – მათ შორის, დახმარების ნაკლები შანსი აქვს ჩინეთიდანაც. თქვენი აზრით, ხომ არ შეიძლება, რომ  პუტინი მარტო დარჩენილი ვიხილოთ?

– სახელმწიფოები პრაგმატულად უყურებენ ამ მოვლენებს. თუ ჩინეთს და მის  ეკონომიკურ განვითარებას რამე აკლია დღეს, ესაა ნედლეული და თავისუფალი ტერიტორია, რომ საკუთარი მოსახლეობა განათავსოს. ეს კი  რუსეთს გააჩნია. ჩინეთს ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა და როგორც ჩანს, ახლაც აქვს რუსეთის მიმართ. ადვილი წარმოსადგენია, რომ დასუსტებული რუსეთი ჩინეთის სამიზნე გახდეს. ჩინეთისთვის სუსტი რუსეთი გაცილებით მომგებიანია, ასევე, ნედლეულით სავსე რუსეთიც (რომელმაც აღარ იცის სად წაიღოს ნავთობი და გაზი). არანაირად ხელს არ აძლევს ჩინეთს რუსეთის ფეხზე დადგომა, მითუმეტეს, – „გამარჯვებული რუსეთი“. ასევე არიან დანარჩენი სახელმწიფოები. რუსეთი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაში შეიძლება იყოს.

– რამდენად სწორი  პოზიცია აქვს ამ მოვლენებთან მიმართებით საქართველოს?

– საქართველოს ხელისუფლება, პოლიტიკურად გაცილებით მეტ ზიანს იღებს, მისი დაუფიქრებელი და უადგილო განცხადებების გამო, ვიდრე ეს რეალურად ეხება იმ სანქციებს, რაზეც საუბარია. ყველაზე დიდი უბედურება, ყველა ხელისუფლების არის ის, რომ იწყებენ გამართლებას. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, რადგან მთლიანად ვართ დამოკიდებული (როგორც უსაფრთხოებით, ასევე ეკონომიკური განვითარებით) დასავლეთზე, ჩვენს პარტნიორებთან უნდა შევათანხმოთ. როდესაც ჟურნალისტი კითხვას სვამს, თუნდაც სანქციებთან დაკავშირებით, მარტივი პასუხია: „ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯს, თუ არ შევუთანხმდებით პარტნიორებს.“ ასე ხმამაღლა  რომ აცხადებ – „რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გამოვიყენებო“, – რა თქმა უნდა, ეს  ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

ხელისუფლებამ პირველ რიგში, უნდა ისწავლოს პოლიტიკურად საუბარი, დიალოგი ოპონენტებთან და საზოგადოებასთან. არსებობს კითხვები და საფრთხე. რუსეთმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა ვეფეროთ, თუ ის გადაწყვეტს, რომ შემოვიდეს საქართველოში – შემოვა. დასავლეთი უფრო მეტ სანქციებს დაუწესებს, თუ ნატო ჩაებმება საომარ მოქმედებებში?! ამიტომ, მას წინაღობა აღარ აქვს, – შემოვა თუ არა ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, ღირს კი ასეთი ორჭოფული პოზიციის დაკავება?! ამაზეც უნდა იფიქროს ხელისუფლებამ. ვფიქრობ, რომ მათ ანალიზის დეფიციტი აქვთ, ისინი უფრო პრაგმატულები უნდა იყვნენ. 

/ ნინო ოთარაშვილი /

“ათასობით რუსი ჯარისკაცის ცხედარი მინდორში უპატრონოდ ყრია” – რას ჰყვება “ჯორჯიან თაიმსთან” უკრაინაში მცხოვრები ქართველი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს, დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი” ცნო. მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად  უკრაინის ხელისუფლება დაასახელა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს რუსეთი სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს.

მაგრამ… 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში მაინც შეიჭრა. დღეს უკვე ომის 27-ე დღეა.  ვითარება კვლავაც დაძაბულია, იბომბება უკრაინის ქალაქები; იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. ქვეყნიდან უკვე გასულია 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი.  როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, მტრის მხარესაც დიდი დანაკარგები აქვს. 

როგორ დაიწყო ომი და რა გამოსცადა საკუთარ თავზე უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა, – ალექსანდრე ქურთაულმა, ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა:

 

– დონეცკის ოლქში – გორლოვკაში ვცხოვრობდი, როცა  იქ რუსები შემოვიდნენ და სროლა დაიწყო.

ყველაფერი კი, 2013 წლის რევოლუციის შემდეგ, თებერვალში მოხდა. მახსოვს, როგორ შემოვიდნენ რუსი ფორმიანი ჯარისკაცები და პიკეტებაც დაიწყო. ძირითადად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იდგნენ, რუსული დროშით. უბრალოდ იდგნენ, იარაღიც არ ჰქონდათ. ერთხელ ვკითხე კიდეც, – რამდენს უხდიდნენ – მიპასუხეს, რომ  დღეში 4 დოლარს აძლევდნენ. რამდენიმე კვირაში კი, უკვე შეიარაღებული ხალხიც გამოჩნდა.  ეს მაშინდელი ხელისუფლების დიდი დანაშაული იყო.  მაშინ ძალოვნებმა ამ პროცესს წინააღმდეგობა არ გაუწიეს, რადგან კიევიდან ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ უნდა ამოეღოთ.

ერთ მშვენიერ/უბედურ დღეს კი, შემოვიდნენ რუსები და ის შეიარაღება, რაც ჰქონდათ,  აიღეს. პოლიციის 60% იმათ მხარეს გადავიდა და დონეცკი ჩააბარეს. შემდეგ, რომ გამოფხიზლდა ხალხი და ხელისუფლება, უკვე ჯარიც აღარ ჰყავდათ.

ასევე, რეფერენდუმიც ჩაატარეს, რომელიც არავის დაუთვლია. ვითომ, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა რუსეთში უნდა შესულიყო. ახლა იქაური მოსახლეობის  90% მაინც წინააღმდეგია, რადგან თვლიან, რომ მოატყუეს.

დონეცკში, ლუგანსკსა და დონბასში ძირითადად შახტები მუშაობდა, ნახშირს მოიპოვებენ.  ამჟამად ნახშირი მხოლოდ ლუგანსკში მოიპოვება, დანარჩენ ქარხნებში წყალია ჩამდგარი, დაჭრეს რკინა და  ჯართში ჩააბარეს. ახლა მიხვდა ხალხი ამას და უკვე გვიანია. ეშინიათ, თუ ვინმე ხმას ამიღებს, მიჰყავთ, ხვრეტავენ და შახტებში ყრიან.

ინტელიგენცია ვინც იყო, ყველა წამოვიდა. მოსახლეობა მოატყუეს, ყველაფერი დაინგრა…

– თქვენ როდის წამოხვედით იქიდან და რა გზა გაიარეთ დღემდე?

– ჩემს სახლს დღეს მეზობელი უვლის. ქართული ბაღი და ვენახი მქონდა. სახლს არ შეეხნენ,  მაგრამ  საძირკველში 7 მეტრიანი რაკეტა ჩაერჭო, რომელიც, საბედნიეროდ, არ აფეთქდა. მე შემომთავაზეს თანამდებობა, რადგან, გარკვეული დამსახურება მქონდა, მაგრამ 2014 წელის  მარტში, ოჯახთან ერთად იქიდან წამოვედი.  3 წლის წინ, ქალაქ ელპინში ვიყიდე სახლი, გავარემონტეთ. თუმცა,  უკვე ერთი კვირაა იქიდანაც წამოვედით. ელპინი 10 დღე ინტენსიურად იბომბებოდა თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით, რომ წამოვედით, მაშინაც გვესროდნენ.

სხვა გამოსავალი არ იყო, უნდა წამოვსულიყავით. ჩავსვი მანქანაში ოჯახი და იმ იმედით, რომ გადავრჩებოდით, წამოვედით. რომ მოვდიოდით, ჩემს უკან მანქანა აფეთქდა და ყველა დაიღუპა. ხოცავენ ბავშვებს, ქალებს, არავის ინდობენ…

ახლა ჩეხეთში ვარ. ველოდებით, რომ სიტუაცია დაწყნარდეს და დავბრუნდეთ. ჩემი სახლი დანგრეულია და უნდა დავიწყო თავიდან აშენება. აქ არ მინდა დარჩენა.

 როგორი სიტუაცია იყო თქვენს ქალაქშიროცა რუსეთმა  ომი დაიწყო?

– პირველ დღეს რომ შემოვიდნენ ირპენი, ბუჩა რომ გამოიარეს, ხიდები უკვე აფეთქებული იყო. იმდენად უჭკუოები არიან რუსები, რომ დადგნენ იქ და ჩვენებმაც არ დააყოვნეს, – დაუშინეს და გაანადგურეს.  ორი დღის შემდეგ წამოვიდა ასე 118 ბრონირებული ტექნიკა და ჩვენს ქალაქამდე შემოვიდნენ. ჩვენებმა ტექნიკის მეოთხედი ნაწილი  ქუჩაში ააფეთქეს, დანარჩენი კი – ჩვენს ქალაქში. ზუსტად ნახევარ საათში ეს ტექნიკა აღარ იყო უკვე.  ხალხმაც  გააჩერა კოლონა და  მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, დაახლოებით 1 000 კაცი, იქვე ჩახოცეს და რამდენი ხანია ასე  ყრიან გარდაცვლილები. ეს მოხდა 27 თებერვალს.

უკრაინა ეუბნება, – წაიღეთ ეს თქვენი მიცვალებულებიო, რაზეც, არავინ რეაგირებს. შეაგროვეს უკრაინელებმა, ვაგონ-მაცივრები და დაახლოებუთ 10 000 კაცი იმაში უყრიათ. ჯამში დაახლოებით 30 000 სამხედროა მოკლული, როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან და წარმოიდგინეთ, ასე მინდორში ყრია ცხედრები…

ოფიციალური მონაცემები შეგიძლიათ სულ შეკრიბოთ და გაამრავლოთ 10-ზე. აი, ამხელა მსხვერპლია. ფეხით ხომ მოდიან, ტანკში 3 კაცი ზის, ბრონირებულ ტექნიკაში 10-12, დიდ მანქანებშიც ჯარისკაცები სხედან. რუსი სამხედროები ამბობენ, რომ ისინი სპეცოპერაციაზე გამოუშვეს. სახლებს რომ ანგრევ, ხალხს რომ ესვრი პირდაპირ, რა სპეცოპერაციაა?!  ძალიან დიდი მსხვერპლია მტრის ჯარში.

ჩვენთანაც დიდი მსხვერპლია, თუმცა, უკრაინა ამაზე არ საუბრობს. მარიუპოლი განადგურებულია. ნანგრევებში შიმდენი ხალხია დარჩენილი, რომ მათი გამოყვანაც შეუძლებელია, რადგან, არც გზაა და თან მუდმივად ისვრიან. ხარკოვშიც ასეა.

–  რა მოლოდინები გაქვთროგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი?

– უკრაინამ პრაქტიკულად უკვე მოუგო ომი რუსეთს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელში ჩაუბარდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების გეგმა. პუტინი კი გაგიჟებულია. უკრაინა ახლა კიდევ ერთ შეტევას ელოდება და მაგით მორჩება ყველაფერი, თუ, რა თქმა უნდა, ატომური ბომბი არ გამოიყენეს.

ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა ამ სიტუაციაში ძალიან სწორ პოზიციას იკავებს, რადგან 2008-ში დავინახეთ, თუ რისი თავი გვქონდა. ეს ყველაფერი რომ მორჩება, რუსები თვითონვე გავლენ ცხინვალიდან და აფხაზეთიდან. რუსეთის დაშლის პროცესი უკვე დაიწყო. კურდღლებივით არიან რუსი სამხედროები, ამერიკული იარაღი – ჯაველინი ძალიან დაეხმარა უკრაინას. ერთადერთი, ცა დარჩა და ეს თუ დაკეტეს, – კარგი იქნება. შეიძლება ბევრი ტანკი აქვს რუსეთს, მაგრამ არ მუშაობს, ტექნიკა ძალიან ძველია. ახლა ცოტა ბელარუსია საშიში, ჯარის 60%-მა კი განაცხადა ომში ჩართვაზე უარი, მაგრამ, მაინც ჩართულები არიან, რადგან  თვითმფრინავები იქიდან მოდის.

კიევის აღების შანსი არ არსებობს. დედაქალაქში  3 კი არა, 7 მილიონი ცხოვრობს. ახლა ჩაწერები აღარ კეთდება და შესაბამისად, ბევრია მოსახლეობაც, თან  ძალიან მაგრადაა შეიარაღებული.  ხალხი გამწარებულია, ქალია თუ ბავშვი, ყველა იბრძვის. ამ ომმა ერი გააერთიანა. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. ამით კი, საქართველოსაც ეშველება და მსოფლიოსაც!

– დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მშვიდობას და გამარჯვებულ ქვეყანაში მალე დაბრუნება გისურვებთ!

 

“საქართველოს საკითხი ამჟამად წამყვანი არც ევროპისთვისაა, არც უკრაინისთვის და არც რუსეთისთვის” – რამაზ საყვარელიძე „ჯორჯიან თაიმსთან“

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, უახლოეს პერიოდში, ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის შეფასებას ელის. ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და  გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს ადგენს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად ეკუთვნის.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს გამომდინარე იქიდან, რომ სამართლიანად თუ განიხილება ეს საკითხი, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ერთი, რომ გვეკუთვნის, მეორე — გვეკუთვნის უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად. ესაა რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა რეზოლუციას – საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ- კენჭი უყარა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “დესტრუქციულ როლს” თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა “ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით”.

აღნიშნულმა ფაქტმა მმართველ გუნდში აღშფოთება გამოიწვია.

“ჩემთვის მთავარია, რომ დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, რომლის 80 პროცენტი მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების – ეს არის აღმაშფოთებელი. მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების მიმართ,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიის მტრების გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და სანქცირებას ითხოვს ივანიშვილის, რომელმაც ხალხს დემოკრატია დაუბრუნა.

ამ ფონზე, როგორია პოლიტიკური ვითარება საქართველოში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ჯორჯიან თაიმსი გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან.

– როგორ შეაფასებდით ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს რეზოლუციასთან დაკავშირებითმათი მხრიდან რამდენად მისაღები მსგავსი განცხადებების კეთება და იმოქმედებს თუ არა ეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე?

 

– ვფიქრობ, ბუნებრივი რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა ბრალს გვდებენ იმაში, რაშიც ბრალული არ ვართ. ასეთი რეაქცია ჰქონდათ კობახიძესა და ღარიბაშვილსაც. დღეს, უკრაინა ძალიან მკვახედ ესაუბრება დასავლეთს და საკითხავია, გაურთულა მას ასეთმა საუბარმა ურთიერთობა დასავლეთთან?!  „ის ფაქტი, რომ თუ ადამიანს დუყვავებ, ის შენთვის კარგს მოისურვებს და თუ შეეკამათები, მაშინაც კი, როცა მართალი ხარ, – შეიძლება სახიფათო იყოს“,  – ეს არგუმენტი დიდ პოლიტიკაში სწორი არ არის. რადგან პოლიტიკაში ხშირად პატივისცემაც ჩნდება მაშინ, როცა  მეტოქე იგრძნობს, რომ შენს ღირსებას იცავ და ამის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ხშირია.

სწორედ ეს რეაქციაა შედეგი კობახიძე – ღარიბაშვილის პასუხებისა. ნახეთ, ზელენსკი და უკრაინელი პოლიტიკოსები, როგორი უხეშები არიან დასავლეთის მიმართ. მათ მართლაც სჭირდებათ შეიარაღება. ისინი ფაქტობრივად მოითხოვენ ამას და ევროპული მენტალიტეტის ათას ხარვეზზე მიუთითებენ, თუკი შეიარაღებამ დაიგვიანა. ამიტომ აწვდის ევროპაც იარაღს. მოდით, შეფასების დროს ამ გამოცდილებითაც ვიხელმძღვანელოთ. შეიძლება არ იყოს გამართლებული ყველაფერზე იმ პოზიციის ჩვენება, რომ კმაყოფილი ხარ, თუკი  რეპლიკა უსამართლოა.

– ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებსრომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთათქვენი აზრით, ეს ასეა?

– საქართველო კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას 2024 წელს აპირებდა. ამ შემთხვევაში, განაცხადის გაკეთება უკრაინის ფონზე სიტუაციამ მოიტანა. შესაძლებელია ევროპელები იმ დრომდე დარჩენილი პრობლემების მოგვარებას კიდევ თვლიდნენ საჭიროდ. ამ სამეულში:  უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, საქართველოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული – ამბობენ სპეციალისტები. უკრაინა ომის რეჟიმშია და ომში საომარი/სამხედრო ცენზურა შემოდის, იკრძალება პარტიებისა და მედიის თავისუფლება. ამ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენთან დემოკრატიის სტანდარტები უფრო დაცულია და კორუფციის საკითხიც უკეთესადაა. მსოფლიოს უნდა, რომ ხელი გაუწოდოს უკრაინას, მიუხედავად იმისა, იქ ევროპული სტანდარტები დაცულია თუ არა. საქართველოს საკმარისი პირობები აქვს შესრულებული, რომ მისაღებში შეგვიშვან, სუფრაზე მიგვიწვევენ თუ არა, ეს სხვა საკითხია. ასე მისაღებში ათეული წლებია უკვე თურქეთი დგას.

 „არავინ ღირს ევროპული მომავლის ფასად – არც სააკაშვილიარც გვარამია და არც ივანიშვილი“- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადათქვენი აზრითრამდენად მართებულია ქვეყნის პრეზიდენტისგან მსგავსი ტიპის განცხადებები?

– ცოტა ღიმილის მომგვრელი მეჩვენება  და ბევრისგან ისმის ანალოგიური ტიპის მოსაზრებები, თუმცა პრეზიდენტისგან ასეთ განცხადებას სხვა წონა ენიჭება. ღიმილის მომგვრელია, რადგან ამ განცხადების მიღმა სხვა ვარაუდი იმალება.  „ერთ კვირაში/10 დღეში  ევროპული მომავალი წყდება და ვინც ამას ხელს შეუშლის (ჩამონათვალი), ყველა გადასაყრელია, ოღონდ ჩვენ ევროპაში შევაღწიოთო,“-სწორედ ეს თქვა მან. მაგრამ, მეეჭვება რომ რეალობა ასეთი მკაცრი იყოს. ჩვენ ისედაც 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის შეტანას, ამით არ მთავრდება ცხოვრება და ევროპისკენ სწრაფვა. ამიტომ, 10 დღის ფარგლებში ამის სასწორზე დადება, ადამიანების შეურაცხყოფა და იმ დიაგნოზის დასმა, რომ ეს ადამიანები ხელს უშლიან ევროპასთან საქართველოს დაახლოებას – სერიოზულ განცხადებად არ მეჩვენება.  „10 დღეში საქართველო თუ ევროპას არ დაუახლოვდა, ე.ი. რუსეთისკენ მივდივართ“ – რატომ მივდივართ?! 30 წელიწადი რუსეთისკენ არ წავსულვართ და ახლა მივდივართ?! მითუმეტეს, როცა დღეს რუსეთის დაშლაზეა საუბარი. პირიქით, რუსი მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში  და ჩვენ რუსეთისკენ რატომ უნდა წავიდეთ?! ეს რეაქცია გაუგებარია.

იმის გამო, რომ რუსეთი ემუქრება უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ევროპას არ უნდა, რომ საკუთარი გავლენის გამო ეს ქვეყნები დაკარგოს. დღესდღეობით ევროპისთვისაც რთული მდგომარეობაა და იქ წინა პლანზე საქართველო ნამდვილად არ არის, ეს ერთ-ერთი წყნარი თემაა. რა შედარებაა უკრაინასთან, რომელსაც შეიარაღება სჭირდება. საქართველოს საკითხი ამჟამად წამყვანი არც ევროპისთვისაა, არც უკრაინისთვის და არც რუსეთისთვის. ამ დროს კი, ქართველები ერთმანეთს ხოცავენ, ევროპასთან რიგში ჩამდგრები, – ცოტა ღიმილისმომგვრელია.  სინამდვილეში, გაცილებით უფრო რთული პრობლემები უნდა მოგვარდეს, რომ ეს თემა მსოფლიო მასშტაბით რეალური გახდეს.  ეს ჩვენი „პროვინციული ორღობის ჭიდაობა“ არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ გვესმის, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში.

– საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უთხრა პრეზიდენტს  ევროპაში და უკრაინაში სამუშაო  ვიზიტით წასვლაზეროგორ ფიქრობთრატომ აკეთებს ამას მთავრობა?

– არის რაღაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა არსებული ფაქტორები. დღეს საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, თუმცა იქამდე საპრეზიდენტო ვიყავით. კონსტიტუციაში ბევრი რამ საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუციიდანაა შემონახული. მაგალითად: პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს და არცაა ჩართული აღმასრულებელ სტრუქტურებში. მაგრამ, პარლამენტის წინაშე მოხსენებით პრეზიდენტი მაინც გადის. რატომ გადის, რა შუაშია, რა ანგარიში უნდა ჩააბაროს, როცა არაფერი შეუძლია?! ესეც საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუციიდან დარჩა და საგარეო პოლიტიკის დატვირთვებიც. საპარლამენტო რესპუბლიკის ლოგიკით კი, პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს საგარეო ურთიერთობებში მთლიანი პოლიტიკური ელიტის მოლაპარაკებების შედეგად.  შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრი წავიდეს უცხოეთში ისე, რომ არ იყოს შეთანხმებული? ასეთი რანგის ფიგურაა პრეზიდენტიც, რომელიც საკუთარი ვიზიტით ხელს შეგვიწყობს, მაგრამ  სტრატეგია ერთობლივად უნდა დაიგეგმოს. პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი იდეით ამის კეთება სახიფათოა. ზურაბიშვილი აპირებდა ჩასვლას უკრაინაში. უკრაინასთან ურთიერთობაში კი, თითოეულ სიტყვას ვწონით. ძალიან დიდი ალბათობით, მოსალოდნელი იყო, რომ  ზელენსკი ეტყოდა რაღაც ისეთს, რაც საქართველოსთვის მომავალში სირთულე გახდებოდა.

ვფიქრობ, ასეთი მწვავე მიმართულებებით  ნაბიჯების გადადგმა მიზანშეწონილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ქართული მხარის მიმართ უკმაყოფილება იყო, ჩვენმა მთავრობამ არ შეიმჩნია  და უკრაინაში მაინც ჩავიდა. ამის შემდეგ კი, ჩვენს მიმართ უკრაინული მხარისგან საყვედურები და პრეტენზიები მაინც გაგრძელდა.

– 20 ივნისს „სირცხვილიას“ მიერ აქციაა დაორგანიზებული – „შინ ევროპისკენ“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთდებაროგორ ფიქრობთ, გავა ამ აქციაზე მოსახლეობა?

– ასეთი კითხვები ხშირად ისმის… შეიძლება შევაბრუნოთ კითხვა: რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის განსხვავებულ რეაქციას ველოდოთ? არის ასეთი რეპლიკები – თუკი ევროკავშირის კანდიდატობაზე უარი გვითხრეს, მხოლოდ ჩვენ, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოვა და ხელისუფლების შეცვლას ძირითადი ოპოზიციური პარტიით მოითხოვს, ანუ „ნაციონალური მოძრაობით“, რომელიც მომხრე იყო იმისა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო. ანუ ხალხს უნდა ომში ჩართვა?!

აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლობაც საკითხს ამ ლოგიკით მიუდგება. ახლა საზოგადოება ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით ქუჩაში რომ გავიდეს, მერე ხელში ის ჯგუფი შერჩება, რომელიც ომს წამოიწყებს. როგორ ფიქრობთ, გავა ეს ხალხი აქციაზე? – არა.

მითუმეტეს, კარგად თუ დავუკვირდებით, ევროპისკენ წინსვლა ივნისის ბოლოს არ მთავრდება. ევროპაც იარსებებს, საქართველოც და დაახლოების პროცესი გაგრძელდება.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ვირუსით ინფიცირების 5-ჯერ გაზრდილი სტატისტიკა – დგას თუ არა კოვიდრეგულაციების შემოღების აუცილებლობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკებში კოვიდინფიცირებულების მიმართვიანობამ იმატა. სპეციალისტები შემთხვევების ზრდას ზაფხულის პერიოდს და ხალხმრავალი ღონისძიებების მატებას უკავშირებენ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით,  ბოლო 4-5 დღეა, რაც კლინიკებში მომართვიანობა გაზრდილია.

„4-5 დღეა, რაც მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. 2-ჯერ მეტი პაციენტი გვიწევს კლინიკაში, ვიდრე გამოყოფილი საწოლების რაოდენობაა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ საშუალო და მძიმე პაციენტები ჭარბობს. განსაკუთრებით მაღალი მომართვიანობაა ორსულებსა და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანების მხრიდან. გამოხატულია კოვიდისთვს დამახასიათებელი სიმპტომები და დაავადებები, მათ შორის, პნევმონია, მაგრამ განსხვავებით წინა შტამისგან, ეს შტამი ნეიროტოქსიკური თვისებით გამოირჩევა. კოვიდინფიცირებულებს ახასიათებთ მსუბუქი ენცეპალოპატია, რაც წინა პერიოდში არ იყო გამოვლენილი,” – განმარტავს რატიანი.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით კი, ორი კვირის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.

„5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ალბათ, მოგვიწევს ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა და არა ყოველკვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი მართლაც საგანგაშოა.

შემოდგომაზე კი, პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული – ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ამ მოლოდინის სიმძაფრეს ასახავს, რომ შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა ცუნამის მსგავსი. ბევრი ფაქტია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში, „ომიკრონის“ ახალი მუტაციები მეოთხე და მეხუთე, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად არის გადამდები და მათ წინააღმდეგ დაცვითი ძალა ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს,” – განაცხადა ჩხაიძემ.

რამდენად საგანგაშოა 2 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა?

ამ საკითხზე ჯორჯიან თაიმსს“ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ესაუბრა. მისი თქმით, ყველა სპეციალისტი ინფიცირების ზრდას ვარაუდობდა.

– ბოლო ტალღიდან 3-4 თვის გასვლის შემდეგ, ასეთი პერიოდი დგება ხოლმე. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ ახალი ტალღა მოსალოდნელი იყო. რამდენად ძლიერი იქნება, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ კარგია ის ფაქტი, რომ ადამიანები უმეტეს წილად გარეთ ატარებენ დროს და შემოდგომამდე, სანამ აცივდება, შესაძლოა, ეს საკითხი პრობლემატური არ იყოს.

თუმცა, ვისურით ინფიცირების მატება მოსალოდნელი იყო, გადატანილი ინფექციიდან 3-4 თვის მერე, ომიკრონის შემთხვევაში, სისხლში ანტისხეულების დონე ეცემა და ადამიანი უფრო მოწყვლადი ხდება. ჩვენთან კი, მოსახლეობის მცირე ნაწილია ვაქცინირებული, რაც ძალიან პრობლემატურია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც 50 წლის ზემოთაა და ქრონიკული დაავადება აქვს.  ამიტომაც, ვურჩევდი მათ, რომ ხალხმრავალ ადგილებში მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადეები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს სავალდებულო არ არის.

 ნაადრევი ხომ არ იყო პირბადის ტარების  რეგულაციის მოხსნა?

– ნაადრევი ნამდვილად არ იყო, მთელმა მსოფლიომ იგივე გააკეთა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ დაავადებასთან ერთად, ეს ნათელია. ჩემი აზრით, ისეთი საგანგაშო მდგომარეობა აღარ იქნება, როგორც ადრე იყო ხოლმე. თუ კიდევ ამ ვირუსის მუტაცია არ მოხდა, გვექნება დაახლოებით ისეთი სიტუაცია, როგორიც სეზონური გრიპის დროს გვაქვს. ენდემურში გადავა და სეზონურად დაგვჭირდება რისკჯგუფების აცრა, კონკრეტულ შტამზე, რომელიც იქნება დომინირებული.  

– რეგულაციების შემოღება თუ დაგვჭირდება ისევ?

– საგანგაშო მდგომარეობა თუ არ იქნება, სავარაუდოდ – არა. მაგალითად, აშშ-ში ძალიან ბევრი შემთხვევაა და ბოლო შტამები დომინირებს, მაგრამ რეგულაციები არ შემოუღიათ. ჩვენთანაც, ვფიქრობ, რეგულაციების შემოღება საჭირო არ გახდება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 3 წლის განმავლობაში ამ ვირუსმა კეთილგონიერება და სიფრთხილე გვასწავლა.  აუცილებელია მოვუფრთხილდეთ 50 წლის ზემოთ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით მათ, ვინც აცრილები არ არიან, რადგან მათთვის ძალიან საფრთხილოა ეს ყველაფერი.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

“თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს” – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

თვითდაზიანებაზე ცალსახად პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმარზე სათანადო ზრუნვა, რასაც შესაბამისი დაწესებულებები სრულად უზრუნველყოფენ, ხოლო, თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახს ეკისრებათ.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სათანადო ზრუნვა, რასაც აკეთებენ 100 პროცენტით და 1000 პროცენტით სასჯელაღსრულების დაწესებულება, „ვივამედი“, იუსტიციის სამინისტრო. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. თვითდაზიანებას რაც შეეხება – დაბალი კალორაჟის საკვების შეტანა და ა.შ. – ამაზე პასუხისმგებელია მარტო სააკაშვილი და მისი ოჯახი 100 პროცენტით. ყველგან ასეა, მარტო საქართველოში არა“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა ბელგიის ციხეში საქართველოს მოქალაქის შიმშილობის შედეგად გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსად, ბელგიის სასჯელაღსრულების სისტემაც, თვითდაზიანების ფაქტებზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას.

„ახლა გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, ქართველი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა ბელგიის ციხეში, შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული სამი კვირის განმავლობაში – ესეც არის თვითდაზიანებით. იგივე ხდება საქართველოში და სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ბელგიის სასჯელაღსრულების სისტემის დამოკიდებულება არის ის, რომ თვითდაზიანებაზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ თავი ამოვწურე, პარტიაში დაპირისპირება გრძელდება”

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი რომან გოცირიძე განმარტავს, რა გახდა მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი. როგორც გოცირიძე ამბობს, მან ამ პარტიაში, პოლიტიკური საქმიანობის კუთხით, საკუთარი თავი ამოწურა.

რომან გოცირიძის თქმით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღემდე გრძელდება გაუგებრობები, მათ შორის საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით.

„მე „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში უკვე ამოვწურე საკუთარი თავი. შეიძლება, ეს პროცესი კარგა ხნის დაწყებული იყო. იყო განცხადებები იდეოლოგიური კუთხით, ტაქტიკასთან დაკავშირებით, იგივე არათანმიმდევრულობა, რაც პარლამენტში პარტიის მუშაობას ეხებოდა და დღემდე ვერ გავრკვეულვართ, საერთოდ, პარლამენტში უნდა შემოვსულიყავით თუ არა, ბოიკოტში უნდა ვყოფილიყავით თუ ბოიკოტს გარეთ. სამწუხაროდ, ეს გაუგებრობა დღემდე გრძელდება და კარგია, რომ უკვე განცხადებები ისმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეწყვეტს ბოიკოტს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფრაქციაში უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში. ვინაიდან ოპოზიციის ხმა არ ისმის პარლამენტში, ეს ნიშნავს, რომ სრულ კომფორტშია უმრავლესობა და ძალიან ბევრ ისეთ კანონს იღებენ, რომლებიც მათ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს ემსახურება.

სამწუხაროდ, პარტიაში კვლავ გრძელდება დაპირისპირება და ჩემს თავში ვერც ის რესურსი დავინახე, რომ ვყოფილიყავი გარკვეული მედიატორი, თუნდაც ამ ვითარების განმუხტვის. მრავალი წელი ვიყავი ამ პარტიაში, მისი დაფუძნების დღიდან, ბევრი მეგობარი და თანამებრძოლი შევიძინე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის გამარჯვების ერთ-ერთი გზა „ნაციონალური მოძრობის“ გაძლიერებაა. თუ კრიზისი არ გაგრძელდება და კრიზისიდან გამოვლენ კონსენსუსის გზით, ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 17 თებერვალს დატოვა.

“ასეთი გაუნათლებელი “დასავლური ორიენტაციის” ხალხი, როგორც საქართველოშია, სხვაგან ძნელი საპოვნელია”

ასეთი გაუნათლებელი “დასავლური ორიენტაციის” ხალხი, ჩლუნგები, უზრდელები და არაფრისმაქნისები, – როგორც საქართველოშია, სხვაგან ძნელი საპოვნელია! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძე წერს.

მისი თქმით, დასავლური ორიენტაცია (მისი კლასიკური გაგებით) -ეს არის განათლება, მეცნიერება, ინტელექტი, ყველა ერთნაირ მდგომარეობაში კანონის წინაშე, გახსნილობა და საჯარო სფეროში ნორმები, რომლებიც არეგულირებს ადამიანებს შორის ურთიერთობას, ჩამოყალიბებული თანხმობის შედეგად!

“რა აქვთ ამ “ორიენტირებულებს” დასავლური კულტურის?

“რუსების კანონი არაო” – ინიციატივაზე ატეხეს და ტეხენ ერთ ამბავს! რომელია რუსების კანონი? “უცხოურ აგენტებად” გამოცხადება? ჰა,ჰა,ჰა!

ეს ხომ ამერიკული კანონია! მაკარტიზმის ეპოქა იცით?  მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ რაიმე იცოდეთ!

სწორედ უცხოური დაფინანსების პრაქტიკული აკრძალვა და გამჭვირვალობა, სხვა ქვეყნის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების გამოცხადება იყო მიზანი.

ამერიკული კანონი რუსებზე 60 წლის ადრე იყო მიღებული!” – წერს დემურ გიორხელიძე.

“2 წლის წინ, ალბათ ეს იყო მომენტი, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავით გარდატეხასთან”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მისი დაკავების 2 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ იმ დროს დაკარგული ცვლილების შანსი იყო. 

„2 წლის წინ 23 თებერვალი…. გამოწვევებით სავსე დრო, იყო კრიზისი, მაგრამ იყო შესაძლებლობა, ერთობლივი ბრძოლა და ერთიანობის დაკარგვასთან ერთად დაკარგული ცვლილების შანსი.

რა შეგვეძლო ერთად და რა შევძელით ცალ-ცალკე, ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ.

სანამ ვიყავით ერთად:

საპარლამენტო ბოიკოტს ჰქონდა ძალა, ხოლო „ქართული ოცნების“ პარლამენტს არ ჰქონდა ლეგიტიმაცია.

გადადგა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერი.

საქართველოში მოლაპარაკებებზე ევროკავშირის პრეზიდენტი ჩამოდიოდა.

ალბათ ეს იყო მომენტი, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავით გარდატეხასთან, იმ დროს როდესაც მე ვიყავი ციხეში.

არავის ვადანაშაულებ შეცდომის დაშვებაში – არც მას ვინც პირველი შევიდა პარლამენტში და არც მას ვინც მეორე შევიდა;

თუმცა თუ გამარჯვება გვინდა – პირველ რიგში საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ; დაყოფა და ბატონობა არის „ქართული ოცნების“ მართვის სტილი, მათი ძალაუფლების წყარო, რასაც ვერ სჯობნიან ანაწევრებენ რომ აჯობონ!

სადაც წარმატებით ხორციელდება დანაწევრება და დაშლა, იქ ნებსით თუ უნებლიეთ ხდება „ქართული ოცნების“ ანტიქართული ინტერესის გატარება.

ზუსტად ამიტომ მხოლოდ ღირსებითა და სიმართლით უნდა ვიბრძოლოთ – სხვანაირად გამარჯვება არასოდეს დადგება! ძალა განსხვავებულთა ერთობაშია…“, – წერს ნიკა მელია. 

“ის, რაც დასაშვებია ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, რატომაა კატეგორიულად მიუღებელი საქართველოში?!”

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი კანონები მოქმედებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში უცხოური გავლენისა და ჩარევის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და წერს,-„ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ „გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები დაცული იყვნენ ფარული გავლენისგან, კანადის მთავრობა „აგრძელებს ახალი და ინოვაციური გზების ძიებას იმ ზომების გასაძლიერებლად, რაც აქვს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ“. მოკლედ ყველას შეუძლია დაცული იყოს საქართველოს გარდა?“

ექსპერტი აღნიშნავს, თუ უკრაინის ოფიციალური პირები მოგვიწოდებენ ომში ჩართვას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკური სუბიექტები, არასამთავრობოები ამ ხაზს გააგრძელებენ ჩვენ უნდა დავსხდეთ და წყნარად ვუყუროთ?

„ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ რადიკალების მიერ ახალი კივილ-წივილის საგანი, რომ გახდებოდა ისედაც ცხადი იყო. ამის მიზეზი კი ბევრია: არ უნდათ უცხო ქვეყნის აგენტის თუ ჯაშუშის სახელი მიეკრათ: არ უნდათ ისე შემოსავლები დაკარგონ, რასაც უცხოეთიდან იღებენ; არ უნდათ დაკარგონ ის „დიდი სახელი“, რაც აქამდე გააჩნიათ: არასამთავრობო ან ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი. რეალურად კი საქმე იმაშია, რომ ამ ხალხს სთხოვენ თქვან სიმართლე ვინ არიან, ვისგან და საიდან ფინანსდებიან, და რეალურად რაში ხარჯავენ ამ ფულს! მაგალითად, რომ ავიღოთ ერთი „ჩვეულებრივი“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, ეს სუბიექტი სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლების შეცვლის, ტექნიკური მთავრობისა და პოლიტიკური აქციების ლიდერად გვევლინებოდა-ვინ არის? NGO-სექტორს წარმოადგენს თუ ჩვეულებრივი რევოლუციონერია, მითუმეტეს აკერმანის ტრენინგიც აქვს გავლილი ამ მიმართულებით (ასეთები კიდევ რამდენი არიან?!) ასე, რომ ღიად უნდა ვიცოდეთ ვინ არიან და რა უნდათ ჩვენი ქვეყნისგან. ახლა ავიღოთ შემდეგი მაგალითი ის რაც, დასაშვებია აშშ, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, რატომაა კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში?!

თურმე „როდესაც უცხო სახელმწიფო ცდილობს მოახდინოს გავლენა ახალი ზელანდიის ინტერესებზე, დაარღვიოს ან ძირი გამოუთხაროს მათ ფარული, მცდარი, კორუფციული ან მუქარის შემცველი საშუალებებით, ეს განიხილება უცხოურ ჩარევად“ – ეს ზელანდიაში ნორმალურად ითვლება, უფრო მეტიც კანონითაა გამაგრებული. ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ „გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები დაცული იყვნენ ფარული გავლენისგან და საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული ჩვენს პოლიტიკურ საქმეებში უცხოური გავლენის ბუნებისა და მასშტაბის შესახებ!” კანადის მთავრობა „აგრძელებს ახალი და ინოვაციური გზების ძიებას იმ ზომების გასაძლიერებლად, რაც აქვს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ“. მოკლედ ყველას შეუძლია დაცული იყოს საქართველოს გარდა? ე.ი. თუ უკრაინის ოფიციალური პირები მოგვიწოდებენ ომში ჩართვას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკური სუბიექტები, არასამთავრობოები ამ ხაზს გააგრძელებენ ჩვენ უნდა დავსხდეთ და წყნარად უყუროთ ? არა, არ გამოვა ასე ბატონებო. კანონიც იქნება მიღებული, და შესაბამის აღსრულებაც მოჰყვება-ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს უცხოელების დაკრულზე „პრორუსული“ იქნება ეს „პროდასავლური“ თუ „პროაზიური“ ცუნდრუკ-თამაში!“- წერს ნიკოლეიშვილი.

“სამწუხარო რეალობაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ”

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმწიფრობას და უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ, მათ შორის „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე,“ – წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უმეტესობას არც აქვს წაკითხული, არც იცის მასში რამდენი მუხლია და რა განმარტებებია. სამაგიეროდ, ვითომ პოლიტიკურ ბონ ტონად მიაჩნიათ მისი „რუსულად“ შერაცხვა.

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკიდეგანო უმწიფრობას და უმეცრებას ავლენს ნებისმიერი ცვლილებების მიმართ, მათ შორის „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტზე. იმის ნაცვლად, რომ ინიციატივაზე, თუნდაც ოპონენტისთვის მიუღებელზე, მიმდინარეობდეს საგნობრივი დისკუსია, კვლავ მოქმედებს სლოგანური საზეპიროების ტირაჟირება. არცერთი კანონპროექტია დახვეწილი. ნებისმიერ ინიციატივაში არსებულ ხარვეზებზე საქმიანი სჯა-ბაასია დემოკრატიული პროცესი და არა უშინაარსო, არაფრისმომცემი ფსევდო-აქტივისტობა.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უმეტესობას არც აქვს წაკითხული, არც იცის მასში რამდენი მუხლია და რა განმარტებებია. სამაგიეროდ, ვითომ პოლიტიკურ ბონ ტონად მიაჩნიათ მისი “რუსულად” შერაცხვა. თუმცა, ნაცოპოზიცია “მაღალი საზოგადოება” რომ არაა, ბავშვისთვისაც ცნობილია. წარმოდგენილი ინიციატივის შინაარსს არ იცნობენ და ბუნებრივია, არც წამყვან ქვეყნებში არსებულ შესაბამის კანონმდებლობას. ვინც დაინტერესებულია ამ საკითხის გაცნობით და არა ტრაგიკომიკური ფეხების ბაკუნით, გირჩევთ გაეცნოთ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში მოქმედ შესაბამის წესებს უცხოურ გავლენაზე,“ – წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

“საქართველოც ისრაელის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მსგავსად უსაფრთხოებაზე ზრუნავს ამ კანონით”

საქართველოც, ისრაელის მსგავსად, ომშია; ბრიტანეთის მსგავსად ზრუნავს, პასუხგაუცემელი კითხვების ველი არ დატოვოს უცხოური გავლენების აქტივობების მიმართ და დიახ, საქართველო აუცილებლად მიიღებს ამ სფეროს მარეგულირებელ და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე მორგებულ ეროვნულ კანონს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მსგავს კანონებს ერთი მეორის მიყოლებით იღებენ და ამას საკუთარი ქვეყნების დასაცავად აკეთებენ, ამ გზას ადგას საქართველოც.

„ერთი მეორის მიყოლებით, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური პროტექტორატის ქვეშ მყოფი: კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია – საკუთარ ქვეყნებში იღებენ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონებს. რატომ? მსოფლიო შესაძლოა მესამე და უკანასკნელი გამანადგურებელი ომის პირასაა! ჰიბრიდული, საინფორმაციო, სადაზვერვო, პოლიტიკური, დიპლომატიური ომი მძვინვარებს მთელს პლანეტაზე და თუნდაც ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს, რომელთა უსაფრთხოებაზე MI-6-ის დონის სპეცსამსახურები ზრუნავენ – არ სურთ „შავი ხვრელების“ უმართავი, უკონტროლო, დახურული უცხოური გავლენები დაუშვან საკუთარ ქვეყნებში – გამჭვირვალობა სურთ. თვით დიდი ბრიტანეთი დაადგა ამ გზას – ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტში“ მთავრობამ ცვლილებები დააინიციირა, „საგარეო გავლენის რეგისტრაციის სქემის“ (FIRS) შემოღების აუცილებლობის სახით. აღნიშნული ორსაფეხურიანი სქემის საერთო მიზანია, შეაჩეროს უცხოეთიდან ქვეყნის ხელისუფლებისათვის რაიმე სახის უცნობი, გასაიდუმლოებული შეთანხმებების, აქტივობებისა და შემსრულებლების გამოყენება.

ეს ყოველივე განპირობებულია უცხოური გავლენების მიმართ უფრო მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნით. ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს უცხოეთის აღნიშნულ გავლენებს – ის კვლავ მიესალმება უცხოური მთავრობებისა და ორგანიზაციების მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში, ოღონდ ღია და გამჭვირვალე თამაშების წესების საფუძველზე. ბრიტანეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება გადამწყვეტ როლს ითამაშებს გამჭვირვალობის წახალისებაში, და შეაკავებს იმ უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ თავიანთ მიზნებს ფარულად მიაღწიონ.

MI-6-ზე არანაკლებად ძლიერია ისრაელის „მოსსადი“, მაგრამ იქაც 2016 წლიდან მოქმედებს „არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის“ კანონი. ისრაელი პერმანენტულ ომშია გახვეული! მის გოგო-ბიჭებს, ღამის კლუბების მაგივრად ბავშვობიდან ავტომატებთან ჩახუტებულებს სძინავთ და მთავრობას არ სურს, რომელიმე მხრიდან მისთვის გაურკვეველი მიზნებისთვის ომში გახვეულ ქვეყანაში შემოედინებოდეს უკონტროლო ფული ქვეყნისთვის უცნობი პროგრამების სარეალიზაციოდ! რა არის ამაში მრავალუჯრედიანი ტვინისთვის გაუგებარი ან მიუღებელი?

მტკნარი სიცრუეა, რომ ამერიკული FARA-ს შემოღებას ანტინაცისტური პრევენციის ხასიათი ჰქონდა 1938 წელს. ამ კანონმა წინამორბედის როლი ითამაშა შემდგომი კანონის მისაღებად: „იმ პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელთა საქმიანობა აშშ-ს ტერიტორიაზე კონტროლდება უცხოეთიდან“ – და ამ კანონის მიღებისთანავე არა „კუ-კლუქს-კლანი“ ან რომელიმე ნაცისტურ-რასისტული დაჯგუფება დასაჯეს, არამედ „კომინტერნის“ ხაზით დაფინანსებული ორი პარტია აკრძალეს: კომუნისტური და ამერიკის მუშათა პარტია.

FARA-ს კანონმა გადაასწრო ფაშიზმის და კომუნიზმის დამარცხებას და შემდგომ წლებში არა თუ არ გაქრა ამერიკული სამართლებრივი ჰორიზონტიდან, არამედ არაერთგზის შესწორდა კიდეც და უკვე თანამედროვე ეპოქაში დგას ქვეყნის სადარაჯოზე, უცხოური ჯაშუშების გამოვლენის მიზნით, როგორც ეს განხორციელდა რუსეთის მოქალაქე-სტუდენტის, მარია ბუტინას მიმართ, რომელსაც სწორედ FARA-ს დარღვევის გამო 18-თვიანი ციხე მიუსაჯეს.

ქართული, ეროვნული კანონპროექტი არავის არ ემუქრება ციხით, როგორც ამას, FARA-ს მსგავსად, ბრიტანული კანონპროექტიც აპირებს და 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს ჯარიმებთან ერთად. ქართული კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს: პუბლიცისტებს, პოლიტოლოგებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მხატვრებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს.

საქართველოც, ისრაელის მსგავსად, ომშია; ბრიტანეთის მსგავსად ზრუნავს, პასუხგაუცემელი კითხვების ველი არ დატოვოს უცხოური გავლენების აქტივობების მიმართ და დიახ, საქართველო აუცილებლად მიიღებს ამ სფეროს მარეგულირებელ და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე მორგებულ ეროვნულ კანონს“, – წერს დავით ქართველიშვილი.