Home Blog Page 2403

ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ – ირაკლი კობახიძე

„სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  „პირველი არხის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„ყველა შეხვედრაზე დაისვა საკითხი – სად არის მტკიცებულებები? ნული მტკიცებულება. საუბარია ღია წყაროზე დაყრდნობით. ღია წყაროა ან გაზეთი უნდა დაიწყო, ან ტელევიზორს უყურო. როგორ შეიძლება საჯარო ინფორმაცია, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი. ამას ხომ მოკვლევა, გამოძიება სჭირდება,რაც არ მომხდარა. რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სწორედ ამის გამო, რომ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ, ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია“, – აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

საჭიროა იმ მოსამართლეთა საუბრების ამოღება, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა – თაკო ჩარკვიანი

ხვალ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა დასანქცირებული მოსამართლეებისთვის საქმიანობის უფლების შეჩერება იქნება, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა, თუმცა ფიქრობს, რომ ეს პროცესი გაიწელება, ახლა კი ყველაფერი უფრო დაჩქარებული წესითაა გასაკეთებელი.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ახლა საჭიროა მათი საუბრების ამოღება და, როგორც ჩანს, უკვე არსებობს ეს ყველაფერი დამუშავებული.

„ჩემი ხმა, როგორც წესი, ოპოზიციის ინიციატივებს აქვს ხოლმე და ამჯერადაც ექნება, მაგრამ ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ. ეს პროცესი დროში გაიწელება. ჩემი აზრით, ახლა არის დრო, რომ ეს პირები განვარიდოთ, შეუჩერდეთ მუშაობის უფლება. ვემხრობი სხდომის ჩატარებას, მაგრამ ოპოზიციის ხელში არის იმ ადამიანების ბედ-იღბალი, რომლებისთვისაც ამ „კლანურ“ კორუფციაში მხილებული მოსამართლეებს აქვთ განაჩენი გამოტანილი“, – აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა.

ამ ფრაზის შემდეგ, მისი არცერთი სიტყვა მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით, დამაჯერებელი არაა – ბოკერია პრეზიდენტზე

მიმდინარე პროცესებში პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით, ბოკერია ამბობს, რომ მის გადამწყვეტ როლს ჯერჯერობით ვერ ხედავს და „ის შეზღუდული ინსტრუმენტებიც, რომელიც აქვს, არ გამოუყენებია”.

„პრეზიდენტმა თქვა, „ივანიშვილის წასვლის შემდეგ წავიდა საქმე ცუდად“. ამ ფრაზის შემდეგ, მისი არცერთი სიტყვა მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით, დამაჯერებელი არაა. თუ ვცდები, მოხარული ვიქნები. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ მის გადამწყვეტ როლს, გარდა პერიოდულად ადეკვატური განცხადებებისა, რომელსაც ადეკვატური ნაბიჯები არ მოჰყვება. ის შეზღუდული ინსტრუმენტებიც, რომელიც აქვს, არ გამოუყენებია. ხელისუფლებას მიმართავდა, არ შევწიროთ ქვეყანა იმ 4 ადამიანსო, მაგრამ ამავე დროს ამბობს, ყველანი გავერთიანდეთო. ვერ წავალთ წინ, ვერ გავერთიანდებით იმ ხალხთან, ვინც დასავლეთში მტერს ხედავს, შესაბამისად, პუტინში – მოკავშირეს. ამიტომ, საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ დემოკრატიული, დასავლური, ქართული მომავლის გარშემო. ამ გაერთიანების აუცილებელი პირობა კი ამ რეჟიმის დემოკრატიული გზით დამარცხებაა”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აშშ-ში წასვლის სურვილი არასდროს მქონია, თუშეთში არ ვარ ნამყოფი და მინდა წავიდე – დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ის აშშ-ში ნამყოფი არ არის და მოსამართლეების დასანქცირების  შემდეგ არ აქვს სურვილი ამერიკაში წავიდეს.

„მგონი შეშინებულის არაფერი მეტყობა. შეშინებული რომ ვიყო, მაშინ შემეშინდებოდა ძლევამოსილი ამერიკის ელჩის გაკრიტიკება და იმაზე საუბარი, რომ ზეწოლის და სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობაა – შეშინებული რომ ვიყო, ამაზე არ ვისაუბრებდი. არცერთი მოსამართლე შეშინებული არ არის, დამერწმუნეთ. აშშ-ში ნამყოფი არ ვარ და ამის მერე არანაირი სურვილი არ მაქვს წავიდე. წავალ ჩემს საქართველოში. თუშეთში არ ვარ ნამყოფი, თუშეთში  მინდა წავიდე“, – აცხადებს გვრიტიშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამერიკის ვიზა აქვს თუ არა? იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი პასუხობს:

„არ მაქვს, არასდროს მქონია სურვილი წავსულიყავი. მეუღლე არის მხოლოდ ამერიკაში ნამყოფი რამდენჯერმე“.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

მივმართავ ლევან ხაბეიშვილს, რიკოთი გახსნილია, ახლა ჯერი თქვენზეა – თამარ ჩიბურდანიძე

მივმართავ ლევან ხაბეიშვილს, რიკოთი გახსნილია, ახლა ჯერი თქვენზეა, ხვალ ველით მინიმუმ 200 000 მხარდამჭერს – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

“ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად გვესმოდა ლევან ხაბეიშვილის მუქარა ხელისუფლების მიმართ, რომ რიკოთის უღელტეხილი გამიზნულად ჩაკეტეს, რათა „წალენჯიხიდან წამოსული ხალხი არ ჩამოსულიყო დედაქალაქში“. თუმცა, ვერ ვხვდებოდით, რატომ არ შეეძლოთ მათ მხარდამჭერებს საჩხერის გზით ჩამოსვლა?

მივმართავ ხაბეიშვილს, რიკოთი გახსნილია, ახლა ჯერი თქვენზეა. ხვალ ველით მინიმუმ 200 000 მხარდამჭერს, რათა დაგვარწმუნოთ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა რაოდენობა შეინარჩუნეთ. სხვა შემთხვევაში, ისევ საკუთარ პარტიაში შეგექმნება პრობლემა. ვნახოთ, ხვალ იწყებთ საარჩევნო მარათონს, თუ ასრულებთ?

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც 7-8 მარტის აქციების მსგავსად იტყვიან, რომ ჩვენ არა „ნაცების“ აქციაზე, არამედ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად გამოვედით, მათ ხვალინდელი დღე ბოლომდე გააშიშვლებს.

და რაც ყველაზე მთავარია, 9 აპრილს, რუსთაველზე თქვენი, მკვლელი რეჟიმის მიერ ჩატარებული აქცია, დემოკრატიისა და თავისუფლების ლოზუნგით, დანაშაულია. თუ არ წაგიკითხავთ, გეტყვით, 1989 წლის 9 აპრილს, ჩვენ საბჭოთა რეჟიმს ვებრძოდით, თქვენმა სისხლიანმა რეჟიმმა კი რუსეთს აჩუქა საქართველოს ტერიტორიების 20%. არანაირი მორალური უფლება თქვენ რუსთაველზე 9 აპრილს მისვლის არა გაქვთ. მაგრამ, იცით კი საერთოდ მორალი რა არის?“, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

აშშ დაიწყებს ომს ჩინეთის წინააღმდეგ, თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება – ამერიკელი კონგრესმენი

აშშ დაიწყებს ომს ჩინეთის წინააღმდეგ, თუ პეკინი შეეცდება ტაივანის ძალით ხელში ჩაგდებას, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა.

მაკკოლი ტაივანში ჩავიდა სხვა ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად , რათა ჩინეთი შეეჩერებინა. მან გაიხსენა, რომ CIA-მ ადრე გააფრთხილა პეკინის გეგმების შესახებ ტაივანში 2027 წელს შეჭრაზე. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში კონგრესს ექნება სამხედრო ძალის გამოყენების უფლება.

„ტაივანი სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინა. ჯერ ერთი, ისინი არ არიან საბრძოლო მზადყოფნაში და არ არიან მზად საბრძოლველად. ისინი არ არიან მზად ომისთვის“, – განმარტა კონგრესმენმა.

მაკკოლმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიწყოს დისკუსიები იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ფილიპინებთან და ავსტრალიასთან ომის თავიდან ასაცილებლად ჩინეთის შეკავების გზებზე.

2023 წლის მაისიდან, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის წესები იცვლება

ევროკავშირში მოგზაურობის წესები იცვლება და უფასო მოგზაურობის დრო სრულდება. 2023 წლის მაისიდან ამოქმედდება ETIAS-ის სავიზო პროგრამა. თუმცა, აქვე უნდა დავაკონკრეტოთ, რომ ETIAS არ არის იგივე, რაც ვიზა. ის უფრო სწრაფია, კეთდება ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას.

18 წლიდან 70 წლამდე ასაკის პირებისთვის მისი ღირებულება 7 ევრო იქნება.

ეს ცვლილება შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ სჭირდებოდა. მათ შორისაა საქართველო. არაფერი იცვლება მათთვის, ვისაც ადრეც სჭირდებოდა ვიზა კავშირში შესვლისთვის.

თბილისის მერია მოძრაობის დროებითი მარშუტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ზურაბ ჟვანიას მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდა.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.  8 აპრილს ტრანსპორტის გადაადგილება 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე შეიზღუდება.აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები ვეფხი და მოყმის ძეგლიდან იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით ვეღარ იმოძრავებენ; მარშალ გელოვანის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან მძღოლები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაადგილდებიან, ხოლო ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობას ლევან გოთუასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით შეძლებენ. რაც შეეხება პეკინის გამზირიდან მოძრავ ტრანსპორტს, გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ, იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით.შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშალ გელოვანის გამზირიდან სააკაძის მოედნამდე ლევან გოთუას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს“ – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთელი დღის განმავლობაში სახელისუფლებო მედიები ცდილობენ, რამე ხელჩასაჭიდი ნახონ, თითქოს მე ვგეგმავ რევოლუციას – ჯაფარიძე

 

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი  ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. საუბარია „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ  სიუჟეტზე სადაც ნათქვამია, რომ ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში რევოლუციას გეგმავს.

„რა ხდება იმედის იმ ვიდეოში:

დღეს მთელი დღის განმავლობაში იმედი, პოს ტვ და რუსთავი ცდილობდნენ ახალგაზრდული ბანაკიდან, სადაც მეც ვიყავი სპიკერად მიწვეული, წამოეღოთ რამე ხელჩასაჭიდი რომ თითქოს მე ვგეგმავ რევოლუციას.

რამდენიმე კამერით გადაიღეს ჩემი ლექცია სრულად, მაგრამ ვერაფერი იპოვეს მოსაწონი. ამის შემდეგ აშეარებენ ამ სკანდალურ ვიდეოს და აყოლებენ მდინარაძის, კალაძის და სხვა კობახიძეების კომენტარებს.

აქ ერთ-ერთი მოწვეული სპიკერი, რომლის თემაც იყო უკრაინის ომი, ატარებს სავარჯიშოს შესაძლო სცენარებზე, რა შეიძლება მოხდეს რუსეთში, მას შემდეგ რაც ის დამარცხდება უკრაინაში.

ეს სცენარები აქვს ჩამოწერილი ფლიპჩარტზე და დამსწრეების მხარდაჭერის შესაბამისად (ვინ რომელ სცენარს განიხილავს რეალურად) აკეთებს მონიშვნებს.

ერთ-ერთი სცენარი არის რუსეთში ხელისუფლების ცვლილება. იმ ვიდეოში ჩანს მომენტი როდესაც მოსე მხარს უჭერს ამ ვერსიას და ერთ-ერთი მონაწილე ამატებს „სისხლიანი“, რაზედაც მერე ვიცინით (ეს ნაწილი მოჭრეს) ესაა სულ. მოგ**ყანთ უსინდისო დედები“, – წერს ზურაბ ჯაფრიძე.

მაკრონისა და სი ძინპინის შეხვედრა, შესაძლოა, უკრაინაში მშვიდობისაკენ მიმავალი გზის დასაწყისი იყოს – Bloomberg

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეხვედრა, შესაძლოა, უკრაინაში მშვიდობისაკენ მიმავალი გზის დასაწყისი იყოს, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.

ფრანგმა მაღალჩინოსანმა, ასევე, აღნიშნა, რომ პარიზი არ ელის ჩინეთის ხელმძღვანელობისგან კონფლიქტში მხარის მთლიანად შეცვლას.

მისივე თქმით, შეხვედრის დასასრულს ჩინეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა მაკრონს რიგი საკითხების გარკვევისთვის.

ფრანგი ოფიციალური პირი, ასევე, დარწმუნებულია, რომ მაკრონისა და სიის მიერ გამართულმა თითქმის ხუთსაათიანმა ერთობლივმა მოლაპარაკებებმა მოამზადა საფუძველი შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.

სი ძინპინმა ვიზიტის დროს თავი შეიკავა რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის საჯაროდ ხსენებისგან, რაც საფრანგეთშიც კარგი ნიშანია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გზაზე.

სერიოზულად აღიქვამენ მეორე ფრონტის თემას, ფრთხილობენ, ეშინიათ – ჯემალ გამახარია ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე

ოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს, რომ ენგურის ხიდი თბილისში 9 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო ჩაკეტეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემას სერიოზულად აღიქვამენ და ეშინიათ.

„არ ვფლობ ინფორმაციას, რომ რაიმე მოლაპარაკება წარმოებდეს ახლა აფხაზურ მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებული უნდა იყოს 9 აპრილთან. იქითა მხარეს არის ძალიან დიდი მზადება, ოღონდ რისთვის – ჩვენ არ ვიცით. ისინი ძალიან სერიოზულად აღიქვამენ ამ ე.წ მეორე ფრონტის თემას. ფრთხილობენ, ეშინიათ“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.

 

შეგახსენებთ, აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდზე შეზღუდვები დააწესა. ე.წ. მესაზღვრეები გალის რაიონიდან ზუგდიდში მოსახლეობას არ ატარებენ. გალის რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ შეზღუდვების მიზეზი და მათი მოქმედების ვადა უცნობია.

,,გვითხრეს, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო ვართ” – დიმიტრი ხუნდაძე სტოლტენბერგის განცხადებაზე

„გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას მიმართა, ჯერ მოიგეთ ომი რუსეთთან და შემდეგ ვისაუბროთ ნატოში გაწევრიანებაზეო. ისმის კითხვა, უკრაინას ნატოში გაწევრიანება რუსეთთან ომის პროცესში სჭირდება თუ გამარჯვების შემდეგ?“ – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, სტოლტენბერგის განცხადება საქართველოსთვისაც საყურადღებოა.

„ნატოს გენერალური მდივნის ეს მიმართვა არის მკვეთრი მესიჯი ჩვენს მიმართაც, რომ ჯერ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და შემდეგ ვიფიქროთ ნატოში გაწევრიანებაზე. ანუ, გვითხრეს, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო ვართ.

ქართველებისთვის ეს დამოკიდებულება დიდი ხანია უკვე ცხადია. ცხადია ისიც, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ისევ ოკუპანტთან ურთიერთობისკენ მიგვითითებენ. ჩვენ კი ნატოს წევრობა სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გვსურდა. რადგან ყველა კრიტიკულ სიტუაციაში საბოლოოდ მარტო ვრჩებით ჩრდილოელ მეზობელთან, ამიტომ ჩვენვე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შევძლოთ საქართველოს გამთლიანება.

დღეს მიმდინარე გლობალური პროცესები ამაზე რეალური ფიქრისა და ქმედების საბაბს გვაძლევს“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.