ზურაბ ჟვანიას მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 8 აპრილს ტრანსპორტის გადაადგილება 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე შეიზღუდება.აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები ვეფხი და მოყმის ძეგლიდან იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით ვეღარ იმოძრავებენ; მარშალ გელოვანის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან მძღოლები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაადგილდებიან, ხოლო ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობას ლევან გოთუასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით შეძლებენ. რაც შეეხება პეკინის გამზირიდან მოძრავ ტრანსპორტს, გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ, იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით.შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშალ გელოვანის გამზირიდან სააკაძის მოედნამდე ლევან გოთუას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს“ – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.