სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისა და განვითარებისთვის. ამ ინსტიტუტზე შეტევა ძალიან სახიფათოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას ახსოვს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.
„ნურავის დაგვავიწყდება, რომ კონსტიტუციური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ხელისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი ხელისუფლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისა და განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, გვქონდეს სუვერენული ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, ამ ინსტიტუტზე შეტევა, ორკესტრირებული შეტევა ძალიან სახიფათოა.
ძალიან კარგად ვიცით, გვახსოვს და ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორებსაც კარგად უნდა ახსოვდეთ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი მმართველობის დროს არ არსებობდა არანაირი ხელისუფლების დანაწილება, იყო ერთი ძალა, რომელსაც ერქვა ქვეყნის დაქცევის მოსურნე ხელისუფლება, რომელსაც ჯიბეში ჰქონდა ჩადებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. ასე ვთქვათ, დანაწილების სისტემა არ არსებობდა, მოშლილი იყო. არ არსებობდა არათუ კრიტიკული მედია, ცალკეული პირებიც კი ვერ ბედავდნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ. ყველაზე ნიშანდობლივი ინდიკატორი იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ამ მეცოცხეების პარტიის მმართველობის დროს საქართველოს ჰყავდა 120-ზე მეტი დაკავებული, ტყვეობაში მყოფი ადვოკატი. ისეთ დიდ ქვეყანაშიც კი, როგორიცაა, ჩინეთი, იმის ნახევარიც კი არ იყო. კომუნიზმი პიკში როცა იყო, ადამიანებს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ასამართლებდნენ და იყო ტერორი, იმ დროს არ ჰქონია ეს რეალობა ქვეყანას. ამიტომ როდესაც საუბარია ზოგადად, სასამართლოზე, სასამართლო არის მართლმსაჯულების განხორციელების ორგანო, რომლის შემადგენელი ნაწილია ადვოკატურა. ტესტი იმისა, როგორი მძიმე სურათი იყო არა მარტო კონკრეტული მოსამართლეების თვალსაზრისით, არამედ მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით, ამის კლასიკურ მაგალითად და ტესტად შეგვიძლია ავიღოთ, რამდენი ადვოკატი იყო გასამართლებული და ტყვეობაში ჩავარდნილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.