“ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით, ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობაა”“

188
spot_img

ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით. ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასზე აყოლილი ერთი-ორი საპარლამენტო პარტიის გაუთავებელი ბოიკოტობანა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც სამშაბათიდან ისედაც იქნება პარლამენტში სესიები, გაუგებარია, რატომ მიმართავდნენ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით.

„სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რატომ ვიწვევდით რიგგარეშე სხდომას და პრეზიდენტს რატომ ვთხოვდით სხდომის მოწვევას, როდესაც სამშაბათიდან ისედაც ჩვეულებრივი სესიები იქნება. ჩემთან რა დონის კომუნიკაციაც ჰქონდათ დანარჩენ ოპოზიციონერ კოლეგებს, მე და ქეთი თურაზაშვილმა თანხმობა განვაცხადეთ. შემდეგ იყო კომუნიკაცია, პრეზიდენტს გვინდა, მივმართოთო, არ ჩავძიებივართ, მაგრამ ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნა. არ მინდა, ხაბეიშვილთან და წითლიძესთან დაკავშირებით რაღაც დიდ შეთქმულებებში შევიდე. მე რაც წავიკითხე, სადაც არიან წასული, იმ ვიზიტს ერთ და ნახევარ დღეში ვერ დაგეგმავ. ამიტომ არ მინდა, მათ დავაბრალო. უბრალოდ, ასე არეულ-დარეულად მოხდა. გულახდილად რომ ვთქვა, ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ ერთი-ორი მასზე აყოლილი საპარლამენტო პარტიის გაუთავებელი ბოიკოტობანა. საგამოძიებო კომისიის საკითხზეც ყველანი უხერხულში აღმოვჩნდით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოიწვიოს.

როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა – ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.