Home Blog Page 2386

“სამმა მოსამართლემ უარი განაცხადა აშშ-ში გამგზავრებაზე”- დიმიტრი გვრიტიშვილი

22-30 აპრილს დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი წერს.

როგორც გვრიტიშვილი აღნიშნავს, მისი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში, როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ.

„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.
ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.
ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“ – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ზე.

ნორვეგიის მთავრობა რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს გააძევებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები დაზვერვის ოფიცრები იყვნენ, რომლებიც დიპლომატიური პოზიციების საფარქვეშ მოქმედებდნენ.

„მთავრობის გადაწყვეტილება პასუხობს უსაფრთხოების შეცვლილ ვითარებას ევროპაში, რამაც რუსეთის მხრიდან სადაზვერვო საფრთხის გაზრდა გამოიწვია“, – აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ნორვეგია უახლოეს მომავალში უნდა დატოვონ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის დონის შესამცირებლად და ამ გზით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„ანალენა ბერბოკი რომ უკეთ გამოიყურებოდეს, ბიუჯეტი მინისტრის ვიზაჟისტს 137 ათას ევროს უხდის“

ავსტრიული გამოცემა „ექსპრესი“ (Exxpress) სარედაქციო სტატიაში სათაურით „ანალენა ბერბოკი რომ უკეთ გამოიყურებოდეს, ბიუჯეტი მინისტრის ვიზაჟისტს 137 ათას ევროს უხდის“ ასაჯაროებს გერმანიის მთავრობის დანახარჯებს სტილისტების, ვიზაჟისტების, ფოტოგრაფების და სხვათა მომსახურებისათვის, რაც გადასახადის გადამხელთა ფულის უყაირათოდ მოხმარებას და ხშირ შემთხვევაში „ქარს გატანებას“ ნიშნავს.

„მასმედიაში რომ მისი კარგი ფოტოსურათები გავრცელდეს, გერმანიის ვიცე-კანცლერს და ეკონომიკის მინისტრს რობერტ ხაბეკს პირადი ფოტოგრაფი ჰყავს დაქირავებული და მას წელიწადში 100 ათას ევროს უხდის. საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიერ დაქირავებული ვიზაჟისტს გერმანიის მთავრობამ 2022 წლის განმავლობაში 137 ათასი ევრო გადაუხადა. თვით ოლაფ შოლცი კი ფოტოსურათებისთვის ფოტოგრაფს – როგორც კანცლერს შეეფერება – უფრო მდიდრულ ხელფასს აძლევს – 510 ათასი ევროს.

გერმანიის „შუქნიშნური“ კოალიციური მთავრობა (მასში შემავალ პარტიათა ფერების მიხედვით) ფოტოგრაფებისა და ვიზაჟისტების მომსახურების მიზნით უამრავ საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს. 2022 წელს ამ მიზნით თითქმის 1,6 მილიონი ევრო იქნა გამოყოფილი. პატივმოყვარეობით და განდიდებით განსაკუთრებით „მწვანეები“ გამოირჩევიან.

გერმანიის გადასახადების გადამხდელთა კავშირმა ღრმად გაანალიზა მინისტრთა მომსახურების გარემოებები და „გერმანიის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის ეკონომიის წიგნში“ 30 კონკრეტული წინადადება შეიტანა ოლაფ შოლცის მთავრობის მაღალ და იმავდროულად არაფრისმომტან დანახარჯებთან დაკავშირებით.

მართალია, „ეკონომიის წიგნი“ ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ დაგეგმილი ფედერალური ხარჯებიდან ბევრი პუნქტი „გაუქმდება, შემცირდება, მათი შესრულება გადაიდება და გაჭიანურდება“.

ოლაფ შოლცის მთავრობის წევრები ერთგვარი მანიით არიან შეპყრობილები – მათ ძალიან სურთ, რომ ზედმეტად გალამაზდნენ და ელეგანტურად გამოიყურებოდნენ. პრინციპში, ეს შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ ამდენი ფული ფოტოგრაფებისა და პარიკმახერებისათვის?

ერთადერთი მინისტრი, რომელიც ფულს არ ხარჯავს ფოტოგრაფ-სტილისტ-ვიზაჟისტებში, და მაინც ელეგანტურია, ფინანსთა მინისტრი ქრისტიან ლინდნერი გახლავთ, იგი კოლეგებს მუდმივად მოუწოდებს ეკონომიისაკენ, მაგრამ ჰერ ქრისტიანის თხოვნა „რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

ანალენა ბერბოკი თავის სტილისტ-ვიზაჟისტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 7,5 ათას ევროს უხდის იმ დროს, როცა გერმანია და ევროკავშირი ფაქტობრივად კრიზისში იმყოფება. უფრო მეტიც – ამას წინათ მთავარმა გერმანელმა დიპლომატმა, ლამაზმანმა ანალენამ კოსმეტიკის ექსპერტი წელიწადში 90 ათას ევროდ დაიქირავა“, – ნათქვამია ავსტრიული „ექსპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში.

წყარო

“მოხსნილი ხართ რეისიდანო”… – მამუკა ხაზარაძე

 “უცებ პოლიციის 5 ოფიცერი წრეში გვიქცევს და პასპორტის რუტინულ შემოწმებას იწყებს, ლამის დაგვაპატიმრონ..”- “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გერმანიის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე სოციალურ ქსელში წერს.
“გერმანიაში, აეროპორტში რეგისტრაციაზე ვდგავართ მე და ნიკა, შოტლანდიაში მივფრინავთ საინტერესო ხალხთან შესახვედრად. უცებ პოლიციის 5 ოფიცერი წრეში გვიქცევს და პასპორტის რუტინულ შემოწმებას იწყებს, ლამის დაგვაპატიმრონ. დამატებითი ჯგუფი უერთდება, დახმარება ხომ არ გჭირდებათო, ოფიცერს ეკითხება.
ამის შემდეგ ავიაკომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ჩვენ მათი კომპანიის ბორტზე ვერ აგვიშვებენ, ჩემს კითხვაზე – რატომ? პასუხი იყო, საქართველოს პასპორტებით ბევრი ცდილობს ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევას და ამიტომო, შესაბამისად, მოხსნილი ხართ რეისიდანო.
ალბათ, მიხვდებით, რა რეაქცია მექნებოდა ამაზე. განსაკუთრებით “თქვენი ქვეყნის პასპორტის” ასე ხსენებამ გამაგიჟა. უკვე მივფრინავთ, თუმცა, ეს შეურაცხმყოფელი განცდა არ მტოვებს. ქართველები გარბიან და ყველა მეთოდს მიმართავენ ქვეყნის დასატოვებლად. ქვეყნისა და პასპორტის იმიჯი დიდი პრობლემაა, ისევე როგორც დაცარიელებული ქვეყნის. უნდა შევცვალოთ ეს, თან სასწრაფოდ!”- წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე

“ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ და არა ვიღაცის მონები ვიყოთ” – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ აზროვნება ისწავლონ და ზომბებივით ნუ იქნებიან.

„ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, ქრისტეს საქმეს ვაკეთებო, მაგრამ სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე და რუსულ სიტყვას ვიტყვი – „ურაპატრიოტი” იყო. ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობისა და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების სადარაჯოზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ სადმე ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ, კარგად ვიყოთ და არა ვიღაცის მონები ვიყოთ. რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად. ყველამ იცოდეს – ევროპამაც, ამერიკამაც, რუსმაც, თურქმაც, ირანელმა, ჩინელმა და ა.შ. – ქართველი კაცი არავის მონა არ გახდება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

“BBC-ის გამოძიება უკვე ტორტზე მარწყვია” – იაგო ხვიჩია

ევროპელი პენსიონერების ასეთი ფორმით გაძარცვა ტეხავს, რადგან ძარცვა მორალურად მძიმე ამბავია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, BBC-ის გამოძიება აჩვენებს, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ საფუძვლიანი კითხვები არსებობს.

„ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, მანამდე მგონია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა აქტიური პარტნიორობისგან, რასაც პარტნიორობას ეძახიან და ფულის აღება ჰქვია, თავი უნდა შეიკავონ. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დააზიანა კეზერაშვილის ფაქტორმა. მგონი, რაც ეს ფაქტორი გაჩნდა „ნაცმოძრაობაში“, უფრო და უფრო ზიანდება. ახლა რომ იტყვიან, ტორტზე მარწყვიო, ასე გამოუვიდათ. ევროპელი პენსიონერების ასეთი ფორმით გაძარცვა ტეხავს, რადგან ძარცვა მორალურად მძიმე ამბავია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

BBC-მ  ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

“კიევს ჯერ კიდევ აქვს გავლენის გარკვეული ბერკეტები” – რას წერს უცხოური პრესა

ჩინეთის ინგლისურენოვან გაზეთი „საუზ ჩაინა მორნინგ პოსტი“ (South China Morning Post – იბეჭდება ჰონკონგში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში მშვიდობის დამყარების ორპუნქტიანი გეგმა: კიევს ჯერ კიდევ აქვს გავლენის გარკვეული ბერკეტები“ (ავტორი – დენიელ კოვანი, ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, დაწერა წიგნი „სამხედრო სტრატეგია: ალექსანდრე მაკედონელის გაკვეთილები“).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„რუსეთთან ომის შედეგად უკრაინამ უამრავი ადამიანის მსხვერპლი გაიღო, დაკარგა ტერიტორიები და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურა. კიევი იმედგაცრუებული დარჩება, თუ ის დასავლეთის ქვეყნების სწრაფ დახმარებას ელოდება ქვეყნის აღდგენის მიზნით.

ერთი რამ მართლაც ჭეშმარიტებაა: კიევმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ დასავლეთის დახმარებით მრისხანე მოწინააღმდეგედ ითვლება და მას გამარჯვების რწმენა ამოძრავებს, იმედს უსახავს, მაგრამ ბრძოლის ველზე, როგორც ამბობენ ხოლმე, იმედი ყველაფერში ვერ დაგეხმარება.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აკლიათ საბრძოლო მასალები, დასავლეთის ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპანიები კი ვერ ასწრებენ ისეთი რაოდენობის იარაღის დამზადებას, რომ უკრაინას დროული და ქმედითი დახმარება გაეწიოს. რა თქმა უნდა, მოკავშირეებს შეუძლიათ გააგრძელონ უკრაინის მომარაგება, მაგრამ ბალანსი დარღვეულია – რუსეთს ამ საქმეში უპირატესობა აქვს, მოსკოვმა მათზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომზადება და გაძლიერება.

ომის პირველ დღეებში უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შესაძლებლობა უარყო – იმიტომ, რომ კიევი თავის დასავლელი მოკავშირეების დახმარების იმედი გაუჩნდა. თავის მხრივ, დასავლეთს ეგონა, რომ რუსეთს სანქციებით უკან დაახევინებდა, მაგრამ მოვლენების თანმიმდევრობა და ომის რეალიები კარგად ვერ გათვალა. დიდი ხნის განმავლობაში კიევი და მისი მოკავშირეები ამტკიცებდნენ, რომ ომის გაგრძელება და გამარჯვება აუცილებელია, რათა პერსპექტიული მოლაპარაკების დროს უკრაინას ძლიერი პოზიციები ჰქონდეს.

მაგრამ რეალურად მოხდა ის, რაც მოხდა – უკრაინამ მატერიალურად და ტექნიკურად ძალიან დაზარალდა. ქვეყანას აღარ ჰყავს სამუშაო ძალა. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არ შეწყდება და მომავალშიც გაგრძელდება. დადგება დრო, როცა კიევს არამარტო მარცხი დაემუქრება ომის ფრონტებზე, არამედ ის საკუთარ მდგომარეობასაც ძირს გამოუთხრის სავარაუდო მოლაპარაკების დროს.

ალბათ, უკრაინა ელოდება, რომ როცა აფეთქებებით გამოწვეული კვამლი გაიფანტება და მტვერი დაილექება, დასავლეთი გააგრძელებს დახმარებას, ამჯერად უკვე ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის მიზნით, მაგრამ კიევის მფარველები ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებენ, მათი ეკონომიკა სუსტდება.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტი რესურსი იქნება საჭირო აღსადგენად. დიახ, დასავლელი პოლიტიკოსები უკრაინას დახმარების გაგრძელებას ეფიცებიან, მაგრამ რას იზამენ ისინი, როცა ეკონომიკური პრობლემები მოემატებათ? ისინი ვეღარ გამოწერენ ისეთ ჩეკებს, რომლებსაც ვლადიმერი ზელენსკი ელოდება. დასავლელი ბიზნესმენები და კომპანიები არ მოისურვებენ ინვესტიციები ისეთ ქვეყნებში დააბანდონ, რომელთა ლიდერები თავიანთი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ და არ შეუძლიათ სიამაყე დასძლიონ, ზავის დადების მიზნით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სიტუაციის რეალური დარეგულირება ასეთი თანმიმდევრობით შეიძლება მოხდეს:
პირველი – უკრაინა აცხადებს თავს ნეიტრალურ სახელმწიფოდ და ახორციელებს დემილიტარიზებას – იმ დონემდე, რომ ნამდვილად ნეიტრალური იყოს და ჯარის შემცირების გამო სამხედრო მოქმედებების წარმოება აღარ შეეძლოს.
მეორე – რუსეთი იმ ტერიტორიებს, რომლებზეც კიევმა კონტროლი დაკარგა, იმ აქტივებით გამოისყიდის, რომლებიც დასავლეთის მიერ არის გაყინული. ამ ფულის ნაწილი და კიდევ სხვა დამატებითი თანხები გადავა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სპეციალურად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანოს განკარგულებაში, მკაცრი მრავალმხრივი კონტროლით, რათა ფინანსები კორუფციონერთა ჯიბეებში არ აღმოჩნდეს.

აშშ-ის ისტორიაში უკვე იყო მსგავსი პრეცედენტი: 1848 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებით, რომლითაც მექსიკისა და აშშ-ის ომი დასრულდა, პირველმა მეორეს ყველა ის სადაო ტერიტორია დაუთმო, რომლებიც დღეს აშშ-ის შემადგენლობაშია – ტეხასი, კალიფორნია, ნიუ-მექსიკო, არიზონა, ნევადა, იუტა, კოლორადო და ვაიომინგის ნაწილი. სამაგიეროდ, მექსიკამ ამერიკისაგან მიიღო 15 მილიონი დოლარი.

ამერიკის კონტინენტზე მომხდარი აღნიშნული ისტორიული კონფლიქტის მიზეზები საკმაოდ ჰგავს უკრაინა-რუსეთის ომის მიზეზებს და მიმდინარეობას. თუმცა სანამ მექსიკის მთავრობა სიტუაციას რეალურად გააცნობიერებდა, აზრზე მოვიდოდა და სამშვიდობო მოლაპარაკებას დათანხმდებოდა, აშშ-ის არმიამ უზარმაზარი ტერიტორიები დაიკავა. უკრაინას მსგავსი პრეცედენტები უნდა ახსოვდეს და ისტორიული კანონზომიერება გაითვალისწინოს. უკრაინელმა ლიდერებმა უნდა „გადაყლაპონ“ თავიანთი სიამაყე და მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ მანამდე, სანამ მათი ხელში კიდევ აქვთ დარჩენილი გავლენის რაღაც ბერკეტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კიევი ყველაფერს დაკარგავს, მას ხმის უფლებაც აღარ ექნება ომის შედეგების მიმართ.

წყარო

რუსეთის ელჩი აშშ-ისგან სერგეი ლავროვის დელეგაციისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, ვიზებს ითხოვს

ვაშინგტონში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გასცეს ვიზები რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის, რომლებმაც, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

„მოვუწოდებთ ვაშინგტონს, არ გადადოს ვიზების გაცემა ჩვენი დელეგაციისთვის, მათ შორის ჩვენი ჟურნალისტებისთვის. ვიზების არგაცემა არღვევს შეერთებული შტატების, როგორც გაერო-ს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებებს, რაც აფერხებს მსოფლიო ორგანიზაციის გამართულ, სრულფასოვან ფუნქციონირებას“, – განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება არ თანხმდება რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლას.

„ველით, რომ ამერიკელები სასწრაფოდ გასცემენ ნებართვას თვითმფრინავზე (აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლისთვის) ყოველგვარი პირობებისა და შეზღუდვების გარეშე“, – აღნიშნა ანტონოვმა.

შეგახსენებთ, აპრილში რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში, მიმდინარე თვეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უნდა გაუძღვეს.

“ანა ფოტიგას განცხადებაში არსებობს რამდენიმე განგებ დაშვებული შეცდომა”

ანა ფოტიგას განცხადებაში არსებობს რამდენიმე განგებ დაშვებული შეცდომა, ხუთდღიან ომზე კარგად უნდა იცოდეს, რომ აბსოლუტურად სხვა იყო რჩევა და სერიოზული იყო ამერიკისა და ევროკავშირის ძალისხმევა, რომ საქართველოსთვის არათუ ომი აერიდებინათ, არამედ კონფლიქტის მოგვარების პროცესიც განევითარებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამას დაუპირისპირდა და ყველაფერი გააკეთა ვითომ რუსეთის საწინააღმდეგოდ და ამ დროს რუსეთს ყველა პირობა შეუქმნა, რომ ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა.

„ყველაფერი იმდენად ზედაპირზე დევს, რომ არ მგონია, ანა ფოტიგას ეს ინფორმაცია არ ჰქონდეს და მხოლოდ ემოციების საფუძველზე საუბრობდეს. მან ზუსტად იცის, რაც მოხდა და როგორ მოხდა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების ხელში ჩაგდება. მან ზუსტად იცის, როგორ მოხდა სამოქალაქო პირების დაღუპვა, რომლებიც არ გამოიყვანეს საომარი მოქმედებებიდან. ისიც უნდა იცოდეს, რომ აგვისტოს ომის დაწყებამდე სააკაშვილი და მისი კაბინეტი ამტკიცებდა, რომ რუსეთს საერთოდ არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი და გაკვირვებული იყვნენ იმ პროვოკაციით, რასაც ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება ჩადიოდა. არც ანა ფოტიგას და არც სააკაშვილის გარემოცვას არ გაუკეთებიათ მნიშვნელოვანი განცხადება და არ მიუმართავთ სააკაშვილისთვის, რომ მკურნალობას დაემორჩილოს და თავი დაანებოს თვითდაზიანებას, როცა ზუსტად იციან, რომ ადგილი აქვს თვითდაზიანებას და არავითარ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. ისეთ სურათს ქმნიან, რომ საქართველო დააზიანონ. ვინც საქართველოს აზიანებს განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ არ უნდა იყოს დადებითად შეფასებული და ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯილდოს, გია ვოლსკის თქმით, იმდენად წარმოუდგენელია სააკაშვილის დაჯილდოვება „პრომეთეს“ ჯილდოთი, რომელმაც სიმართლე შემოიტანა, რომ ყველაფერი შეიძლება, იფიქრო – დაინტერესება, ლობიზმი, რაც სააკაშვილის გარემოცვისთვის უცხო არ არის და რაშიც უშველებელი თანხები დაიხარჯა.

„ყველაზე დასანანია, რომ სააკაშვილის ბიოგრაფიაში არცერთი ფაქტი დაკავშირებული არ არის არანაირ პოზიტივთან, გარდა იმისა, რომ მმართველობის პირველ წლებში რაღაც ნაბიჯები გადადგა, რათა სახელმწიფო სტრუქტურები შექმნილიყო. აქაც დიდი იყო ფინანსური დახმარება, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასწია და არავის არაფერი დააყვედრა. სახელმწიფოს მშენებლობის პერიოდში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა საკმარისია იმისთვის, რომ მას არანაირი ჯილდო არ გადაეცეს, რადგან ეს არის სულში ჩაფურთხება უამრავი ადამიანისთვის, ვინც შეეწირა გესტაბოს ტიპის სადამსჯელო სისტემას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“რამდენი ინტელექტუალი კარისკაცი ჰყოლია ევროსკავშირს!” – გოგა ხაინდრავა

ფრანგმა ინტელექტუალმა პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა და მწერალმა ბერნარ-ანრი ლევიმ ქართველ ხალხს მიმართა: -თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება ქვეყანა ევროკავშირში ვერ შევა! – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა twitter-ში პოსტს აქვეყნებს.

„რამდენი ინტელექტუალი კარისკაცი ჰყოლია ევროსკავშირს. ნეტა რა ჯდება პოლიტიკური ფალოსოფია?“, – წერს გოგა ხაინდრავა.

” BBC-ს მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია”-კელი დეგნანი

„ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა,  თავად გამოიძიოს მათ მიერ წარდგენილი ბრალდებები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩს კითხვა დაუსვეს, თუ განიხილავს აშშ დავით კეზერაშვილის დასანქცირებას და რამდენად სანდოა „ბიბისის“ ინფორმაცია აშშ-თვის.

კელი დეგნანის განცხადებით, აშშ წინასწარ არ აცხადებს სანქციებს.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის. ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ ზედმიწევნით პროცესს, რომ შევაფასოთ ის, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ. „ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს მათ მიერ წარდგენილი ბრალდებები, როგორიც ესაა. ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელიც, შესაძლოა, ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს“, – განაცხადა დეგნანმა.

„ბიბისიმ”  ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს.

„განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.