რუსეთის ელჩი აშშ-ისგან სერგეი ლავროვის დელეგაციისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, ვიზებს ითხოვს

80
spot_img

ვაშინგტონში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გასცეს ვიზები რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის, რომლებმაც, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

„მოვუწოდებთ ვაშინგტონს, არ გადადოს ვიზების გაცემა ჩვენი დელეგაციისთვის, მათ შორის ჩვენი ჟურნალისტებისთვის. ვიზების არგაცემა არღვევს შეერთებული შტატების, როგორც გაერო-ს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებებს, რაც აფერხებს მსოფლიო ორგანიზაციის გამართულ, სრულფასოვან ფუნქციონირებას“, – განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება არ თანხმდება რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლას.

„ველით, რომ ამერიკელები სასწრაფოდ გასცემენ ნებართვას თვითმფრინავზე (აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლისთვის) ყოველგვარი პირობებისა და შეზღუდვების გარეშე“, – აღნიშნა ანტონოვმა.

შეგახსენებთ, აპრილში რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში, მიმდინარე თვეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უნდა გაუძღვეს.