„ანალენა ბერბოკი რომ უკეთ გამოიყურებოდეს, ბიუჯეტი მინისტრის ვიზაჟისტს 137 ათას ევროს უხდის“

145
spot_img

ავსტრიული გამოცემა „ექსპრესი“ (Exxpress) სარედაქციო სტატიაში სათაურით „ანალენა ბერბოკი რომ უკეთ გამოიყურებოდეს, ბიუჯეტი მინისტრის ვიზაჟისტს 137 ათას ევროს უხდის“ ასაჯაროებს გერმანიის მთავრობის დანახარჯებს სტილისტების, ვიზაჟისტების, ფოტოგრაფების და სხვათა მომსახურებისათვის, რაც გადასახადის გადამხელთა ფულის უყაირათოდ მოხმარებას და ხშირ შემთხვევაში „ქარს გატანებას“ ნიშნავს.

„მასმედიაში რომ მისი კარგი ფოტოსურათები გავრცელდეს, გერმანიის ვიცე-კანცლერს და ეკონომიკის მინისტრს რობერტ ხაბეკს პირადი ფოტოგრაფი ჰყავს დაქირავებული და მას წელიწადში 100 ათას ევროს უხდის. საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიერ დაქირავებული ვიზაჟისტს გერმანიის მთავრობამ 2022 წლის განმავლობაში 137 ათასი ევრო გადაუხადა. თვით ოლაფ შოლცი კი ფოტოსურათებისთვის ფოტოგრაფს – როგორც კანცლერს შეეფერება – უფრო მდიდრულ ხელფასს აძლევს – 510 ათასი ევროს.

გერმანიის „შუქნიშნური“ კოალიციური მთავრობა (მასში შემავალ პარტიათა ფერების მიხედვით) ფოტოგრაფებისა და ვიზაჟისტების მომსახურების მიზნით უამრავ საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს. 2022 წელს ამ მიზნით თითქმის 1,6 მილიონი ევრო იქნა გამოყოფილი. პატივმოყვარეობით და განდიდებით განსაკუთრებით „მწვანეები“ გამოირჩევიან.

გერმანიის გადასახადების გადამხდელთა კავშირმა ღრმად გაანალიზა მინისტრთა მომსახურების გარემოებები და „გერმანიის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის ეკონომიის წიგნში“ 30 კონკრეტული წინადადება შეიტანა ოლაფ შოლცის მთავრობის მაღალ და იმავდროულად არაფრისმომტან დანახარჯებთან დაკავშირებით.

მართალია, „ეკონომიის წიგნი“ ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ დაგეგმილი ფედერალური ხარჯებიდან ბევრი პუნქტი „გაუქმდება, შემცირდება, მათი შესრულება გადაიდება და გაჭიანურდება“.

ოლაფ შოლცის მთავრობის წევრები ერთგვარი მანიით არიან შეპყრობილები – მათ ძალიან სურთ, რომ ზედმეტად გალამაზდნენ და ელეგანტურად გამოიყურებოდნენ. პრინციპში, ეს შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ ამდენი ფული ფოტოგრაფებისა და პარიკმახერებისათვის?

ერთადერთი მინისტრი, რომელიც ფულს არ ხარჯავს ფოტოგრაფ-სტილისტ-ვიზაჟისტებში, და მაინც ელეგანტურია, ფინანსთა მინისტრი ქრისტიან ლინდნერი გახლავთ, იგი კოლეგებს მუდმივად მოუწოდებს ეკონომიისაკენ, მაგრამ ჰერ ქრისტიანის თხოვნა „რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

ანალენა ბერბოკი თავის სტილისტ-ვიზაჟისტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 7,5 ათას ევროს უხდის იმ დროს, როცა გერმანია და ევროკავშირი ფაქტობრივად კრიზისში იმყოფება. უფრო მეტიც – ამას წინათ მთავარმა გერმანელმა დიპლომატმა, ლამაზმანმა ანალენამ კოსმეტიკის ექსპერტი წელიწადში 90 ათას ევროდ დაიქირავა“, – ნათქვამია ავსტრიული „ექსპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში.

წყარო