“კიევს ჯერ კიდევ აქვს გავლენის გარკვეული ბერკეტები” – რას წერს უცხოური პრესა

72
spot_img

ჩინეთის ინგლისურენოვან გაზეთი „საუზ ჩაინა მორნინგ პოსტი“ (South China Morning Post – იბეჭდება ჰონკონგში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში მშვიდობის დამყარების ორპუნქტიანი გეგმა: კიევს ჯერ კიდევ აქვს გავლენის გარკვეული ბერკეტები“ (ავტორი – დენიელ კოვანი, ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, დაწერა წიგნი „სამხედრო სტრატეგია: ალექსანდრე მაკედონელის გაკვეთილები“).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„რუსეთთან ომის შედეგად უკრაინამ უამრავი ადამიანის მსხვერპლი გაიღო, დაკარგა ტერიტორიები და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურა. კიევი იმედგაცრუებული დარჩება, თუ ის დასავლეთის ქვეყნების სწრაფ დახმარებას ელოდება ქვეყნის აღდგენის მიზნით.

ერთი რამ მართლაც ჭეშმარიტებაა: კიევმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ დასავლეთის დახმარებით მრისხანე მოწინააღმდეგედ ითვლება და მას გამარჯვების რწმენა ამოძრავებს, იმედს უსახავს, მაგრამ ბრძოლის ველზე, როგორც ამბობენ ხოლმე, იმედი ყველაფერში ვერ დაგეხმარება.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აკლიათ საბრძოლო მასალები, დასავლეთის ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპანიები კი ვერ ასწრებენ ისეთი რაოდენობის იარაღის დამზადებას, რომ უკრაინას დროული და ქმედითი დახმარება გაეწიოს. რა თქმა უნდა, მოკავშირეებს შეუძლიათ გააგრძელონ უკრაინის მომარაგება, მაგრამ ბალანსი დარღვეულია – რუსეთს ამ საქმეში უპირატესობა აქვს, მოსკოვმა მათზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომზადება და გაძლიერება.

ომის პირველ დღეებში უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შესაძლებლობა უარყო – იმიტომ, რომ კიევი თავის დასავლელი მოკავშირეების დახმარების იმედი გაუჩნდა. თავის მხრივ, დასავლეთს ეგონა, რომ რუსეთს სანქციებით უკან დაახევინებდა, მაგრამ მოვლენების თანმიმდევრობა და ომის რეალიები კარგად ვერ გათვალა. დიდი ხნის განმავლობაში კიევი და მისი მოკავშირეები ამტკიცებდნენ, რომ ომის გაგრძელება და გამარჯვება აუცილებელია, რათა პერსპექტიული მოლაპარაკების დროს უკრაინას ძლიერი პოზიციები ჰქონდეს.

მაგრამ რეალურად მოხდა ის, რაც მოხდა – უკრაინამ მატერიალურად და ტექნიკურად ძალიან დაზარალდა. ქვეყანას აღარ ჰყავს სამუშაო ძალა. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არ შეწყდება და მომავალშიც გაგრძელდება. დადგება დრო, როცა კიევს არამარტო მარცხი დაემუქრება ომის ფრონტებზე, არამედ ის საკუთარ მდგომარეობასაც ძირს გამოუთხრის სავარაუდო მოლაპარაკების დროს.

ალბათ, უკრაინა ელოდება, რომ როცა აფეთქებებით გამოწვეული კვამლი გაიფანტება და მტვერი დაილექება, დასავლეთი გააგრძელებს დახმარებას, ამჯერად უკვე ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის მიზნით, მაგრამ კიევის მფარველები ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებენ, მათი ეკონომიკა სუსტდება.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტი რესურსი იქნება საჭირო აღსადგენად. დიახ, დასავლელი პოლიტიკოსები უკრაინას დახმარების გაგრძელებას ეფიცებიან, მაგრამ რას იზამენ ისინი, როცა ეკონომიკური პრობლემები მოემატებათ? ისინი ვეღარ გამოწერენ ისეთ ჩეკებს, რომლებსაც ვლადიმერი ზელენსკი ელოდება. დასავლელი ბიზნესმენები და კომპანიები არ მოისურვებენ ინვესტიციები ისეთ ქვეყნებში დააბანდონ, რომელთა ლიდერები თავიანთი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ და არ შეუძლიათ სიამაყე დასძლიონ, ზავის დადების მიზნით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სიტუაციის რეალური დარეგულირება ასეთი თანმიმდევრობით შეიძლება მოხდეს:
პირველი – უკრაინა აცხადებს თავს ნეიტრალურ სახელმწიფოდ და ახორციელებს დემილიტარიზებას – იმ დონემდე, რომ ნამდვილად ნეიტრალური იყოს და ჯარის შემცირების გამო სამხედრო მოქმედებების წარმოება აღარ შეეძლოს.
მეორე – რუსეთი იმ ტერიტორიებს, რომლებზეც კიევმა კონტროლი დაკარგა, იმ აქტივებით გამოისყიდის, რომლებიც დასავლეთის მიერ არის გაყინული. ამ ფულის ნაწილი და კიდევ სხვა დამატებითი თანხები გადავა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სპეციალურად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანოს განკარგულებაში, მკაცრი მრავალმხრივი კონტროლით, რათა ფინანსები კორუფციონერთა ჯიბეებში არ აღმოჩნდეს.

აშშ-ის ისტორიაში უკვე იყო მსგავსი პრეცედენტი: 1848 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებით, რომლითაც მექსიკისა და აშშ-ის ომი დასრულდა, პირველმა მეორეს ყველა ის სადაო ტერიტორია დაუთმო, რომლებიც დღეს აშშ-ის შემადგენლობაშია – ტეხასი, კალიფორნია, ნიუ-მექსიკო, არიზონა, ნევადა, იუტა, კოლორადო და ვაიომინგის ნაწილი. სამაგიეროდ, მექსიკამ ამერიკისაგან მიიღო 15 მილიონი დოლარი.

ამერიკის კონტინენტზე მომხდარი აღნიშნული ისტორიული კონფლიქტის მიზეზები საკმაოდ ჰგავს უკრაინა-რუსეთის ომის მიზეზებს და მიმდინარეობას. თუმცა სანამ მექსიკის მთავრობა სიტუაციას რეალურად გააცნობიერებდა, აზრზე მოვიდოდა და სამშვიდობო მოლაპარაკებას დათანხმდებოდა, აშშ-ის არმიამ უზარმაზარი ტერიტორიები დაიკავა. უკრაინას მსგავსი პრეცედენტები უნდა ახსოვდეს და ისტორიული კანონზომიერება გაითვალისწინოს. უკრაინელმა ლიდერებმა უნდა „გადაყლაპონ“ თავიანთი სიამაყე და მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ მანამდე, სანამ მათი ხელში კიდევ აქვთ დარჩენილი გავლენის რაღაც ბერკეტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კიევი ყველაფერს დაკარგავს, მას ხმის უფლებაც აღარ ექნება ომის შედეგების მიმართ.

წყარო