Home Blog Page 2383

“ახალგაზრდებო, ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ნებისმიერი”

ახალგაზრდებო, იზრდებით და ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, რომ ვიღაც მეტს მოგცემთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი თუ სხვა, ჩინელი, ამერიკელი, თურქი თუ ნებისმიერი, – ასე მიმართა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ახალგაზრდებს.

მან საზღვარგარეთ წასვლასა და უცხოეთის მხრიდან დახმარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები „პავლიკა მოროზოვებად“ არ უნდა იქცნენ.

„ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ ძლიერი, დამოუკიდებელი, თავისუფლების ღირსებით სავსე. ისე, რომ ჩვენი ღირსება დაინახონ და „პავლიკა მოროზოვებად“ არ გვიყურონ. ჩემთვის ისინი, ვინც უცხოეთში დარბიან, სხვა შორის, სახელებსაც მეუბნებიან, ამერიკელები არიან თუ ევროპელები, სამარცხვინოდ რომ იქცევიან ჩვენები, პავლიკა მოროზოვი იცით, რომ იდეოლოგიის მსხვერპლი იყო და ესენიც რაღაც იდეოლოგიის მსხვერპლი არიან“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, როცა უცხოელი ხედავს, რომ დასახმარებლად მასთან გარბიხარ, ის სხვაგვარად გიყურებს.

„შენს ქვეყანაში არ გინდა, რომ შენ გადაწყვიტო, მიდიხარ და ეუბნები, მოდი, დამეხმარე ხელისუფლებაში მოვიდეო. დემოკრატიის შუქურა ვიქნები, ის ვიქნები და ეს ვიქნებიო, როგორ შეგხედავს ის? რა თქმა უნდა, შაქარყინულსაც გაჭმევს, სხვა რაღაცას გამოგიწოდებს, ფულითაც დაგაფინანსებს, მაგრამ ვინ ხარ მისთვის? რაც საბჭოთა კავშირში „პავლიკა მოროზოვი“ იყო, იცოდეთ, რომ უცხოელებისთვის აბსოლუტურად იგივე ხართ. თქვენი ბრალი არ არის, ასე რომ იქცევით. საქართველოში არის 2 კატეგორიის ადამიანი, ბევრად მცირე არიან ის ადამიანები, რომლებიც მონები არიან და ვითომ სხვების თავისუფლებისთვის იბრძვიან. შენ თუ თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი იცი, ვინ ეკითხება უცხოელს რომ მითხრას, „ასე და ისე“ იცხოვრეო. მან როგორ უნდა მითხრას, ვინც თვითონ ვერ ცხოვრობს? რომელი ქვეყანაა წელში გამართული? თუმცა, მათშიც შეიძლება არჩევანი გააკეთო. ქართველები ისე ვართ, ღმერთის გარდა პატრონი არავინ გვყავს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს იმას, რაც რუსეთმა ძალით წაართვა. მეუფე იაკობმა, ასევე, სიცრუე უწოდა ბრალდებებს, თითქოს რუსეთს უჭერს მხარს.

„არავის მოვახდევინებთ შიგნით არეულობას, საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს. იმ დღეს ვქადაგებდი, გამოდიან უსინდისოდ და ამბობენ, რუსეთს უჭერს მხარსო. როგორ შეიძლება რუსეთს მხარი დავუჭირო? თან ამას ლაპარაკობენ ის ტელევიზიები, ვინც დღესაც რუსულ ფულს იღებენ. თავიდანვე ზოგიერთი რუსის აგენტი იყო, ვინც დღეს იმ ტელევიზიებშია. თუ ძალიან დააინტერესებთ, შემიძლია ხმამაღლა ვამხილო. არ ვურჩევ, რომ ასეთ რამეში დაგვიპირისპირდნენ. ჩემთვის არაფერს წარმოადგენს ევროპიდან მეტყვიან, ამერიკიდან, რუსეთიდან თუ აქ მეტყვის ვიღაც, რას ამბობ მასზეო. წესიერად მოიქცნენ და არავისზე არაფერს ვიტყვი. შემიტევენ და თვითონ დამარცხდებიან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარზე კიდევ ორი გამშვები ​​პუნქტის დახურვას გეგმავს

ლიეტუვის მთავრობა ბელარუსის საზღვარზე კიდევ ორი ​​გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრზე, აგნე ბილოტაიტეზე დაყრდნობით ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო წამოაყენებს წინადადებას კიდევ ორი ​​საგუშაგოს დახურვის შესახებ. ეს არის ლავორიშკესა და რაიგარდის სასაზღვრო პუნქტები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, კიდევ ორი ​​საგუშაგოს დახურვის გადაწყვეტილება საზღვარზე კონტრაბანდის რაოდენობის შემცირებისა და თანამშრომლების სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გაგზავნის მიზნით მიიღეს.

შეგახსენებთ, 18 აგვისტოდან ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორი დროებით დახურა.

ამასთან, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ კრიტიკული ინციდენტის“ შემთხვევაში ბელარუსთან საზღვარი მთლიანად დაიკეტება.

 “საპენსიო ფონდი თაღლითური სქემაა” – სანდრო რაქვიაშვილი

ხმაური რომ ატყდა, მერე გაახსენდათ, რომ კანონი აქვთ პირველი მოსმენით მიღებული, რომელიც საპენსიო პორტფელების არჩევის 2028 წლამდე ვადის გახანგრძლივებას ეხება – მთელი ამბავი ისაა, რომ თუ გაუვიდოდათ, იმ კანონს აღარ აამოქმედებდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადად საპენსიო ფონდი თაღლითური სქემაა და თუკი მას მოსახლეობა გააპროტესტებს, შესაძლებელია ფონდიდან საკუთარი თანხების ნაწილი მაინც დაიბრუნოს.

რაც შეეხება პორტფელების არჩევასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდში გამართულ ბრიფინგს, რაქვიაშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ გაიმართა ბრიფინგი მაშინ, როცა პირველი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი, რომლითაც პორტფელების არჩევის ვადად 2028 წელია განსაზღვრული. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, გეგმა იყო, ცვლილება, რომელიც პორტფელების არჩევის ვადის 2028 წლამდე გახანგრძლივებას ეხება, აღარ აემოქმედებინათ, თუმცა, ატეხილი ხმაურის გამო, ეს აღარ გამოუვიდათ.

„საპენსიო ფონდი არის ერთი დიდი თაღლითური სქემა, რომელიც გასაუქმებელია. იმის მთავარი ნიშანი, რომ ეს თაღლითური სქემაა, არის ის, რომ სავალდებულოა. ეს იმას ნიშნავს, მთავრობას, საპენსიო ფონდს იმედი არ აქვს, მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ ამ ფონდში ყოფნა მომგებიანია. ამიტომ იმის ნაცვლად, ადამიანს არჩევანი მისცეს, აიძულებს ფონდში ფულის შეტანას. მერე ეს ფული ან ბანკებშია, ან ისევ მთავრობაში ბრუნდება ვალის სახით, ახლა კიდევ უნდოდათ სხვადასხვა მიმართულებით დაეხარჯათ. საბოლოო ჯამში, ეს არის მოსახლეობის დაბეგვრის კიდევ ერთი ნაირსახეობა. ამის ნეგატიურ მხარეს შედეგის სახით გვიან დავინახავთ, იქამდე შეიძლება ათწლეული გავიდეს. ამიტომ პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია – ახლა ბეგრავ და პრობლემას შემდეგ მთავრობებს უტოვებ.

უბრალოდ, ახლა, რადგან მორიგი ნაბიჯი, რომ ეს ფული სწრაფად დაეხარჯათ გაუგებარი მიზნებისთვის, არ გამოუვიდათ და ხმაური ატყდა, გაახსენდათ, რომ კანონი აქვთ მიღებული (პირველი მოსმენით), რომლითაც 2028 წლამდე პორტფელების არჩევა გადავადდება, თუმცა, ამ კანონის არსებობის თაობაზე საპენსიო ფონდში იცოდნენ და გაუგებარია, რა ბრიფინგებს აწყობდნენ?!

ამ კანონპროექტზე როცა პირველი მოსმენისას ვსაუბრობდით, „ქართული ოცნება“ ხედავდა, რომ პოტენციურად ძალიან დამაზიანებელია საარჩევნოდ ასეთი ცვლილებები, ამიტომ გადაწყვიტეს 2028 წლამდე გადაევადებინათ. მიუხედავად იმისა, რომ საქმის კურსში იყო ყველა, საპენსიო ფონდმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. მთელი ამბავი მე მგონი, ის იყო, რომ თუ ამის გაკეთება ჩუმად გაუვიდოდათ, მაშინ იმ კანონს აღარ აამოქმედებდნენ, ჩუმად არ გამოუვიდათ ამის გაკეთება, ხმაური ატყდა და გაახსენდათ, რომ კანონი აქვთ მიღებული და თქვეს, არაფერი ხდება, 28 წლისთვის გადავადდებაო.

შესაბამისად, თუ მოსახლეობა აქტიური იქნება, თეორიულად შესაძლებელია ამ ფულის დაბრუნება. მთლიანის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან ეს ფული დახარჯულია, მაგრამ მომავალში არ დაიბეგრება ხალხი და დაგროვებულის ნაწილს მაინც დაიბრუნებს,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.

ქურციკიძის განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვები ხევის კალაპოტისკენ დაწესდება, რომელიც, როგორც სასულიერო პირებს, ასევე, ტურისტებს შეეხებათ. მისივე თქმით, უახლოეს საათებში, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

„ყველაფერი დაკვირვების პროცესშია. რა თქმა უნდა, კვლევა გაგრძელდება. ვაკვირდებით, შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებებს ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. დაცლის საშიშროება ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გარკვეული შეზღუდვა უნდა მოხდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ხევი ჩამოდის და სწრაფად უნდა დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა ქურციკიძემ.

“უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება.

მოლდოვის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას მალე მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა ქვეყანამ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და „ჩვენ ამ გიჟური ომის დასასრული ვნახოთ“.

შეგახსენებთ, მოლდოვა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყანა უკრაინას ესაზღვრება და რუსეთთან სერიოზული დაძაბულობა აქვს, განსაკუთრებით პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც რუსული ჯარები არიან განლაგებული.

“თუ მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ მასთან მივიდე და ვაზიარო ან სხვა საიდუმლო შევასრულო, მზად ვარ” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მზად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ნებისმიერ დროს მოინახულოს, თუ მას ამის სურვილი ექნება.

მისივე თქმით, ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრების დროს პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავს.

„ჩემი ძირითადი ურთიერთობა, მისი შინაარსი იყო საეკლესიო საიდუმლოების შესრულება მასთან და არავითარი პოლიტიკური საკითხების განხილვა არ ხდებოდა. [კიდევ როდის შევხვდები], მთლიანად მასზეა დამოკიდებული და როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე და ვაზიარო, თუ სხვა საიდუმლო შევასრულო, მე მზად ვარ.

[რაც შეეხება მოსკოვში წასვლას], დარწმუნებული ვარ, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და მარტო ყურმოკვრით გაგონილს არავითარ შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევს. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა, იმიტომ, რომ მე ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრეც აღმივლენია წირვა პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

“ეს ომი დამთავრდება როცა ამას ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ” – მეუფე იაკობი რუსეთ-უკრაინის ომზე

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. მეუფე იაკობმა ქადაგებისას, რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ომი მალე დასრულდება.

„მოვა დრო და უკრაინის ომი დამთავრდება. პირდაპირ გეტყვით, ამას კაცობრიობის განადგურება არ მოჰყვება, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია რომ ვინმე იყოს. რუსეთის დამარცხება რომ უნდოდეთ, ალბათ სხვა ძალისხმევას დაატანდნენ და არც გაუჭირდებოდათ. აქ დამარცხებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ერთმანეთის გამოფიტვაზე. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს დამთავრდება და მორჩება – უფრო დიდი მიზანი ხომ არ არის და უფრო სხვაგან ხომ არ შეიძლება მერე კიდევ ველოდოთ რაღაცას. იმედია, ეს ომი დამთავრდება როცა ამას ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

“მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს” – ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას მტკიცებით, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს, თუმცა, „ამ მიმართულებით მცდელობები მიმდინარეობს“.

„ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება იყო – იყო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია. შეძლებენ თუ არა გაგრძელებას, ამაზე დარწმუნებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეტყობა, მოუწევთ. მოგეხსენებათ, მათაც არ აქვთ ალტერნატივა – საქართველო ვერც ერთ ომს, ვერც საბრძოლო მოქმედებას ვერ მოიგებს“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო გზით შეუძლებელია, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ სოხუმი მზად არის „მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“.

„ამ კუთხით, სამხედრო გზით ვერანაირი მიზნის მიღწევა ვერ მოხდება. დროა გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მითუმეტეს კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის. ეს არ გვაშინებს. გვინდა ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში – ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ არ აპირებენ ვინმეს გადასცენ ის, რაც მათ ეკუთვნით.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობის გამეფებით. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ, ვინმეს გადავცეთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის“, – განაცხადა ბჟანიამ.

მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები ყოველწლიურად ტარდება. ბჟანიას მტკიცებით, “დანამდვილებით იცის”, რომ წვრთნების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამერიკული ტექნიკის ნაწილი „გროვდება“.

„საქართველოში ყოველწლიურად ტარდება 10-მდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, საქართველოს ტერიტორიაზე რჩება, ეს ყველაფერი გროვდება, ეს ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ და ვგეგმავთ რეაგირებას“, – აღნიშნა ბჟანიამ.

საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო, ავტომაგისტრალი და სარკინიგზო ხაზი გადაიკეტა

საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო ავტომაგისტრალი და სარკინიგზო ხაზი გადაიკეტა.

ამის შესახებ France Bleu იუწყება.

მთის ფერდობიდან კლდის ნაწილი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 17:15 საათზე ჩამოვარდა.

როგორც მედია წერს, უცნობია, როდის გახსნება საფრანგეთსა და იტალიას შორის, მაურიენის გავლით სარკინიგზო ხაზი.

“ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში”- მეუფე ნიკოლოზი

მინდა გითხრათ, რომ ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში – არ გამოვრიცხავ, რომ ესეც რაღაც სახის დივერსია იყოს, ისევ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების მიმართ ეჭვები გაგვიჩინონ, – ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის პოლიტიკაში ვერ ერკვევა და არც პოლიტიკოსების განცხადებების სჯერა.

„მინდა გითხრათ, რომ ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში. მაინცდამაინც ნუ გამოეკიდებით ამ დასკვნებს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სარწმუნო არ არის. ეს ჩვენთან მხოლოდ ინფორმაციულად აღწევს. არ ვიცი, თქვენ როგორ მოისმინეთ, მე არ მომისმენია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში ვართ და ასეთი არის რუსეთის სახელმწიფო, ჩვენ მათთან უკვე დიდი ხანია ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს გაწყვეტილი, საომარი ვითარება გვაქვს ამ ქვეყანასთან, უბრალოდ მშვიდობიანი პერიოდია, ვითომ და მშვიდობიანი. არ გამოვრიცხავ, რომ ესეც რაღაცა სახის დივერსია იყოს, ისევ იმიტომ, რომ ჩვენი ამ ხელისუფლების მიმართ ეჭვები გაგვიჩინონ. არ გამოვრიცხავ, ომია და ესეც ერთგვარი საომარი მოქმედებაა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას, ესეც, ალბათ, იგივე იქნება. მე პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მე მათ არანაირ განცხადებას არ ვენდობი. საერთოდ არ ვენდობი არავითარ განცხადებებს იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანასთან ვართ ომის ვითარებაში“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, ხოლო, როგორც მან RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ.

“მედვედევის განცხადებებს არჩევნებს ვუკავშირებ, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ დარჩეს ძალაუფლებაში”- ხატია დეკანოიძე

მედვედევის განცხადებებს არჩევნებს ვუკავშირებ – რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხელისუფლება დარჩეს ძალაუფლებაში. დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ, როგორც ჩვენი ხელისუფლება, ისე კრემლი ბევრ ასეთ მუქარას გამოიყენებს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს საქართველოში კიდევ უფრო ფართო ექსპანსია სურს.

„ეს არის კრემლის ამბიცია, რომ უკრაინაში ყოველდღიური მარცხის შემდეგ, მას ჰქონდეს წარმატების ფორმულა, რაც უნდა იყოს უფრო ფართო ექსპანსია რბილი ძალის გამოყენების შედეგად საქართველოსა და მოლდოვაში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა რუსეთი ამას მოლდოვაში და ვხედავთ, როგორ ცდილობს საქართველოში. სამწუხაროა, რომ საქართველოში რბილი ძალის გაფართოებაში რუსეთს საქართველოს ხელისუფლება ეხმარება. ვფიქრობ, მედვედევის, პუტინის, კრემლის მუქარა უკავშირდება იმას, რომ მათი სურვილია უფრო ეფექტური იყოს რბილი ძალა საქართველოში და არის კიდეც, მას შემდეგ რაც ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. მე ამას განსაკუთრებით დავუკავშირებ არჩევნებს, არჩევნებამდე, იცით, რომ ერთი წელი დარჩა. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ ეს ხელისუფლება დარჩეს ძალაუფლებაში, რაც არის პრაქტიკულად შეუძლებელი. დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ როგორც ჩვენი ხელისუფლება, ისე კრემლი გამოიყენებს ექსპანსიის ბევრ ასეთ მუქარას,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, ამიტომაც “მათთან ურთიერთობები ვითარდება”.

მედვედევმა ქართულ კულტურაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული კულტურა მსოფლიოში რუსული კულტურის ნაწილად აღიქმება.

„თუ ინტერნეტში მოძებნით მწვადს ან სხვა რაიმეს, ქვეყნების უმეტესობაში ეს აღიქმება არა როგორც კავკასიური, არამედ რუსული სამზარეულოს ნაწილად“, – განაცხადა მედვედევმა.

“უკრაინამ F-16-ების გამოყენება, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყოს” – ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენება, შესაძლოა, 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია წვრთნებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების დრო.

„ვიტყოდი, რომ F-16-ების ფრონტზე გამოჩენა მომავალ გაზაფხულზე შეიძლება მოხდეს, რადგან დავიწყეთ ჩვენი მფრინავების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადების კურსები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინაში თვითმფრინავების გამოყენებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მომზადება.

„ამას მინიმუმ ექვსი თვე და შესაძლოა, ცოტა მეტიც დასჭირდეს“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ F-16-ების ფრონტზე გამოჩენას ომში „თამაშის წესების შეცვლა“ შეუძლია.

„ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის დომინირება ცაში, ბრძოლის ველზე. F-16-ები თვითმფრინავი გახდება საჰაერო თავდაცვის ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები ცაზე, რათა დავიცვათ საჰაერო სივრცე ანუ ჩვენი ქალაქები. ჩვენთვის ეს დიდი გარღვევა იქნება, ძალიან დიდი“, – განმარტა რეზნიკოვმა.